Facebook Twitter

საქმე №ას-1180-1100-2017 10 ნოემბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ს. ს. დ. ცენტრის“ უფლებამონაცვლე სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს სადაზღვევო კომპანია „ტ.“ (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)

მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე _ შპს „ს. ს. დ. ც.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ქვემდგომი სასამართლოს დავალდებულება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების თაობაზე

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის/შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნა:

1.1. შპს „ს. ს. დ. ც.“ (უფლებამონაცვლე სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ შემდგოში _ მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს სადაზღვევო კომპანია „ტ.“ (შემდგომში _ მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით.

1.2. სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა მოპასუხემ თავდაპირველი მოსარჩელისა და შპს „ს. ს. დ. ც.“ (შემდგომში _ თანამოპასუხე შეგებებულ სარჩელზე) მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. თავდაპირველმა მოპასუხემ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის გამო;

2.2. მოპასუხეებმა (შეგებებულ სარჩელზე) შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ ცნეს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს (შეგებებულ სარჩელზე) შეგებებული სარჩელის ავტორის სასარგებლოდ დაეკისრათ 2012 წლის 30 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, პირგასამტეხლოსა და 2012 წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება.

3.2. ამავე სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის საოქმო განჩინებით თავდაპირველი მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ქვემდგომი სასამართლოს დავალდებულება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების თაობაზე.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონოა, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი ადგენს სააპელაციო საჩივრის წარდგენის წესსა და ვადას, ამავე კოდექსის 288-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასამართლო სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს ცნობები გადაწყვეტილებისა და განჩინების გამოცხადების შესახებ. ამ ნორმათა შესაბამისად, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა (#3კ-568-03; #3კ-1356-02), რომ სხდომის ოქმში უნდა იქნას აღნიშნული სასამართლო დასაბუთებულ განჩინებას აცხადებს თუ მხოლოდ მის სარეზოლუციო ნაწილს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმში აღნიშნულია მხოლოდ გადაწყვეტილების გამოცხადების შესახებ, ხოლო რაიმე მითითება მისი დასაბუთებული სახით გამოცხადების თაობაზე, არ არის, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მითითება, რომ დასაბუთებული განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა მხარე, სასამართლო სხდომის ოქმის მიხედვით არ დასტურდება. საქალაქო სასამართლოს სხდომაზე, სათათბირო ოთახში გაუსვლელად განმარტა მოსამართლემ, რომ არ იზიარებდა საჩივარზე დართულ ცნობას კანონთან მისი შეუსაბამობის გამო და არ იზიარებდა საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რის გამოც ძალაში ტოვებდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, თუმცა, სხდომაზე არ განუმარტავს, რომ აცხადებდა დასაბუთებულ განჩინებას, რის გამოც მხარე მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეცვა საკუთარი ინტერესები, ამასთანავე, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება არ შეესაბამებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს. ამ ვითარებაში, კერძო საჩივრის ავტორმა საქალაქო სასამართლოს განჩინება სასამართლო სხდომის ოქმის ჩაბარებიდან კანონით დადგენილ 14-დღიან ვადაში გაასაჩივრა, რის გამოც, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა მასზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. საკასაციო პალატის შეფასების საგანს აპელანტების მხრიდან სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დაცვის კანონიერება წარმოადგენს. საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებით დადასტურებულ, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

1.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2017 წლის 1 მაისს დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა თავდაპირველი მოსარჩელე, რომელიც ამავდროულად შეგებებულ სარჩელზე წარმოადგენდა მოპასუხეს. საქალაქო სასამართლომ მხარის გამოუცხადებლობა მიიჩნია არასაპატიოდ, დააკმაყოფილა გამოცხადებული მხარის შუამდგომლობა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე-230-ე მუხლების შესაბამისად, გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც თავდაპირველი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად;

1.2.2. დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ საჩივარი წარადგინა გამოუცხადებელმა მხარემ, რომლითაც მოთხოვნილია ამ გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 2 ივნისის სხდომაზე განიხილა საჩივრის საფუძვლიანობა და იგი არ დააკმაყოფილა. საქმეში წარმოდგენილი სხდომის ოქმის შესავლით ირკვევა, რომ მასში მითითებულია მიღებული განჩინების გასაჩივრების წესი (სსსკ-ის 240-ე (3) მუხლის თანახმად, სასამართლოს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრდება სააპელაციო წესით);

1.2.3. კერძო საჩივარში გამოთქმული შედავების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო სრულად გაეცნო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 ივნისის სხდომის ოქმს და არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ სასამართლოს არ გამოუცხადებია დასაბუთებული განჩინება, 15:24:57 საათზე მოსამართლე განმარტავს, რომ ცხადდება საოქმო განჩინების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილი და განმარტავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების, როგორც ფაქტობრივ, ისე _ სამართლებრივ წინაპირობებს, ხოლო 15:32:46 საათზე სასამართლო განმარტავს მიღებული განჩინების გასაჩივრების წესს: საოქმო განჩინება დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით საოქმო განჩინების გამოცხადების მომენტიდან (იხ. სხდომის ოქმი);

1.2.4. 2017 წლის 16 ივნისს სასამართლოს განცხადებით მიმართა სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ წარმომადგენელმა და იმავე დღეს ჩაიბარა ხსენებული საოქმო განჩინება, ხოლო, საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის თანახმად, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2017 წლის 23 ივნისს (შედგენის თარიღად მითითებული 22 ივნისი).

1.3. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმადაც, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ნორმის მეორე ნაწილით დადგენილია ქცევის შემდეგი წესი: თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

1.3.1. განსახილველი ნორმა ადგენს სააპელაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადის დენის დასაწყისს და იგი, ერთ შემთხვევაში, უკავშირდება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას და იმას, აპელანტი წარმოადგენს თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის სუბიექტს, ხოლო, მეორე შემთხვევად კანონმდებელი განიხილავს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას, ამ შემთხვევაში 14-დღიანი ვადის დენა იწყება სწორედ გამოცხადების მომენტიდან თუ სასამართლო სხდომას გასაჩივრების უფლების მქონე პირი ესწრებოდა.

1.4. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქალაქო სასამართლომ სხდომაზე გამოაცხადა დასაბუთებული განჩინება და მიუთითა მისი გასაჩივრების წესზე, უდავოა ისიც, რომ სხდომას ესწრებოდა აპელანტის უფლებამოსილი წარმომადგენელი, რის გამოც, ზემოხსენებული საპროცესო ნორმის მე-2 ნაწილისა და მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 3 ივნისს და ამოიწურა 2017 წლის 16 ივნისს, პარასკევს, სააპელაციო საჩივარი კი, მხარემ 2017 წლის 23 ივნისს წარადგინა სასამართლოში.

1.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, სწორად განაცხადა უარი სააპელაციო საჩივრის მიღებაზე. კერძო საჩივარი კი, არ შეიცავს ამ განჩინების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული გაუქმების საფუძვლებზე მითითებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს. ს. დ. ც.“ უფლებამონაცვლე სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი