საქმე №ას-468-436-2017 23 ივნისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ფ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ალავ დანადგარების მწარმოებელი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ალავ დანადგარების მწარმოებელმა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ფ.“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან მოვალე) მიმართ მიწოდებული საქონლის ღირებულების _ 25 532 აშშ დოლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, 3 500 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში ცნო, დანარჩენ ნაწილში კი, მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით მოითხოვა, რომ მიწოდებული პროდუქცია იყო ნაკლიანი და მხარეთა შეთანხმებით შემძენს მისი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება არ გააჩნდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა 25 532 აშშ დოლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოვალემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
6.2. კერძო საჩივრის თანახმად, სასამართლოს შეტყობინება, ადრესატისათვის გადაცემის მიზნით, ჩაიბარა სხვა პირმა, რომელიც არ არის კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი. მან გზავნილი შეინახა ოფისის ერთ-ერთ ოთახში და ადრესატისათვის მისი გადაცემა ვერ მოხერხდა, მოვალე ვალდებულების შესრულებას თავს არ არიდებს და თანახმაა, კრედიტორს მოურიგდეს გონივრული ოდენობით თანხის გადახდაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ფ.“ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო (კერძო) საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება წარმოადგენს.
1.3. კერძო საჩივარში გადმოცემული პრეტენზიების საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საკითხის სწორად შეფასებისათვის მნიშვნელობის მქონე რამდენიმე ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ:
1.3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, იმ საფუძვლით, რომ აპელანტს ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულება არ ჰქონდა წარდგენილი, არ გაიზიარა მისი შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე, ამასთანავე, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნებს, საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 2716,60 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის, დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და მისი ელექტრონული ვერსიის წარდგენა. საპროცესო მოქმედების განხორციელების ვადა სასამართლომ განსაზღვრა 10 (ათი) დღით და აპელანტს განუმარტა ხარვეზის გამოუსწორებლობის შედეგები;
1.3.2. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტის უფლებამოსილ წარმომადგენელს (იხ. რწმუნებულება, ტ. II. ს.ფ. 51) სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაგეგზავნა ორჯერ, თავდაპირველად შეტყობინების ჩაბარება ვერ მოხერხდა მისამართზე ადრესატის არყოფნის გამო, ხოლო განმეორებით გაგზავნილი შეტყობინება, საქმეში წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილის თანახმად, პირადად ჩაიბარა ადრესატმა 2017 წლის 21 იანვარს;
1.3.3. უდავოა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარეს არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
1.4. პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ შეტყობინება არაუფლებამოსილ პირს ჩაბარდა, რომლის ბრალითაც ვერ მოხდა უშუალოდ ადრესატის ინფორმირება. ამ თვალსაზრისით პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომელიც არა მხოლოდ უწყების, არამედ, სასამართლოს ნებისმიერი კორესპოდენციის ჩაბარების წესს აწესრიგებს და განსაზღვრავს, რომ მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.
1.5. იმ პირობებში, როდესაც ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება პირადად ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს 2017 წლის 21 იანვარს, საპროცესო მოქმედების თაობაზე ინფორმირებულად მიიჩნევა უშუალოდ მხარეც, რაც დაკისრებული მოქმედების შესულების აუცილებლობაზე მიუთითებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, ხარვეზის გამოსწორების 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 22 იანვარს და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამოიწურა ამავე წლის 31 იანვარს, 24:00 საათზე.
1.6. იმ პირობებში, როდესაც აპელანტმა დაარღვია სასამართლოს მიერ დაკისრებული საპროცესო მოქმედება (იხ. სამოტივაციო ნაწილის 1.3.3. პუნქტი), პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლისა და 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
1.7. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს განჩინება არსებითად სწორია, ხოლო კერძო საჩივრის ავტორს ამ განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია არ შემოუთავაზებია სასამართლოსათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ფ.“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე