საქმე №ას-753-704-2017 4 მაისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „კ. ა.“ 26%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი მაია წილოსანი (საარბიტრაჟო მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ჩ-ე (საარბიტრაჟო მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების აღსრულების შეჩერების შესახებ განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს „კ. ა.“ 26% წილის მესაკუთრე მ. წ-მა და მოითხოვა, საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის მიზნით, შპს „კ. ა-ს“ პარტნიორ ზ. ჩ-ის სხვა პარტნიორებთან შეუთანხმებლად კომპანიის წესდების 7.3.7 მუხლით სარგებლობის შეზღუდვა, კერძოდ, სხვა პარტნიორებთან შეთანხმების გარეშე, ზ. ჩ-ეს შეეზღუდოს უფლება, როგორც კომპანიის პარტნიორმა, უყაროს კენჭი (დაუჭიროს მხარი) შპს „კ. ა.“ გენერალური დირექტორის დანიშვნასა და გამოწვევას, შრომის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტას და მიმართოს სამეწარმეო რეესტრს შესაბამისი ცვლილების განხორციელების მიზნით.
1.1. განმცხადებელი თავის მოთხოვნას ამყარებს შემდეგ გარემოებებზე:
1.1.1. შპს „კ. ა.“ დარეგისტრირდა 2007 წელს და კომპანიაში წილები გადანაწილდა შემდეგი სახით: ზ. ჩ-ე - 53.4%, ზ. ჩ-ე - 13.3%, ა. ს-ე - 13.3% და მ. წ-ი - 20%. 2014 წლის ბოლოს ზ. ჩ-ემ მიმართა იურიდიულ კომპანია „ნ., უ. და პ.“ და დაიწყო სამართლებრივი დავა ძმებს შორის, ასევე, კომპანიის ყოფილი დირექტორის, ა. ს-ის მიმართ. შეიცვალა „კ. ა.“ დირექტორი და ზ. ჩ-ემ დანიშნა ბ. ჯ-ი. 2015 წლის 26 ივნისს პარტნიორებსა და ყოფილ დირექტორს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ დავები დასრულებულიყო მორიგებით. მიუხედავად იმისა, რომ ძმებ ჩ-ებს თანხა უკანონოდ და კომპანიის წესდების იგნორირებით ჰქონდათ გატანილი, ხოლო განმცხადებელს არც დივიდენდისა, და არც სხვა ფორმით არ მიუღია კუთვნილი მოგება, ეს უკანასკნელი დასთანხმდა დავების მორიგებით დასრულებას მხოლოდ იმ პირობით, რომ მიყენებულ ზიანს აუნაზღაურებდნენ პარტნიორობიდან გასული ს-ისა და ზ. ჩ-ის წილებიდან და მისი წილი გახდებოდა 26%, კომპანიის დირექტორად დარჩებოდა ბ. ჯ-ი და კომპანიის დირექტორს არ შეცვლიდნენ/დანიშნავდნენ მომავალში მისგან დამოუკიდებლად. 2015 წლის 26 ივნისს შპს „კ. ა.“ პარტნიორთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება, კომპანიიდან თანხების უკანონოდ გატანის გამო წარმოშობილი ვალდებულებების გაქვითვის მიზნით, შესაბამისი ოდენობის დივიდენდის განაწილების თაობაზე. დივიდენდი განაწილდა მხოლოდ ზ. ჩ-ზე, ზ. ჩ-ესა და ა. ს-ზე ვალდებულების გასაქვითად, რათა კომპანიიდან უკანონოდ გატანილი თანხა სწორად აღრიცხულიყო კომპანიის საბუღალტრო დოკუმენტებში. სანაცვლოდ კომპანიას მოუწია დივიდენდზე გადასახადის გადახდა, რაც დამატებითი ზარალი იყო კომპანიისა და განმცხადებლისთვის, რომელსაც დივიდენდი არ მიუღია. მორიგების დამტკიცების შემდგომ წილები გადანაწილდა შემდეგი პროპორციით: ზ. ჩ-ეს - 73%, მ. წ-ს - 26%, შპს „ნ. და პ.“ – 1%. დამტკიცდა კომპანიის წესდება ახალი რედაქციით. 2016 წლის თებერვალში ზ. ჩ-ემ მოითხოვა შპს „ნ. და პ-ის“ მმართველ პარტნიორ ლ. ნ-ს დაეთმო კომპანიაში კუთვნილი 1% წილი, რათა ზ. ჩ-ეს მისცემოდა კომპანიის ერთპიროვნული მართვის შესაძლებლობა. ბ. ჯ-ის მიერ მიწოდებული ინფორმაციით განმცხადებლისათვის ცნობილი გახდა, რომ დავების მორიგებით დასრულებიდან რამდენიმე დღეში ისედაც მაღალი საიჯარო ქირა კიდევ უფრო გაიზარდა (5 546 აშშ დოლარიდან 6 655 აშშ დოლარამდე თვეში), მაშინ, როცა, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ფასი შეადგენს 2 892 აშშ დოლარს. ზ. ჩ-ემ კომპანიიდან ფაქტობრივად დივიდენდის სახით წესდების მოთხოვნათა დარღვევით გაიტანა ჯამში 81 779 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი და 386 693.81 ლარი. შპს „კ. ა.“ პარტნიორებს 2015 წლის 26 ივნისის შემდეგ არ მიუღიათ გადაწყვეტილება დივიდენდის განაწილების შესახებ. ზ. ჩ-ის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინებით შეჩერდა შპს „კ. ა.“ წესდების 7.6 და 7.7 მუხლების მოქმედება და ზ. ჩ-ეს მიეცა საშუალება, კომპანიის დირექტორი დანიშნოს შპს „კ. ა.“ 2015 წლის 26 ივნისის წესდებით შეთანხმებული პროცედურის იგნორირებითა და ერთპიროვნულად, რაც ცალსახად აზიანებს მ. წ-ის ინტერესებს. ზ. ჩ-ე ცდილობს შეცვალოს კომპანიის დირექტორი მისთვის სასურველი კანდიდატურით. მ. წ-ი, როგორც შპს „კ. ა.“ 26% წილის მესაკუთრე პარტნიორი, აპირებს სარჩელი აღძრას კომპანიის 73% წილის მესაკუთრე პარტნიორ ზ. ჩ-ის მიმართ შემდეგი მოთხოვნებით:
ა) ზ. ჩ-ეს დაევალოს, საბაზრო ფასთან შედარებით მეტი ოდენობით მიღებული ქირის, ასევე, ხელფასისა და მივლინების ხარჯების სახით ფარულად გატანილი დივიდენდების დაბრუნება შპს „კ. ა.“(2016 წლის 26 ივნისის შემდეგ მიღებული თანხების ნაწილში);
ბ) გაუქმდეს შპს „კ. ა.“ წესდების 7.5 მუხლის პირველი დებულება, კერძოდ, ამ მუხლის შემდეგი ჩანაწერი: წესდების 7.3 პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა დამსწრე ხმის უფლების მქონე პარტნიორთა ხმების 50%-ს პლუს 1 ხმის მფლობელთა თანხმობა“;
გ) გაუქმდეს შპს „კ. ა.“ პარტნიორთა გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება 2017 წლის 03 იანვრის შემდეგ დირექტორის გამოწვევა-დანიშვნის შესახებ იმ პერიოდში, სანამ შეჩერებულია შპს „კ. ა.“ წესდების 7.6 და 7.7 მუხლების მოქმედება;
1.1.2. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა და გადაუდებლობა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: თუ ზ. ჩ-ე კომპანიის დირექტორს ერთპიროვნულად დანიშნავს, გარდა იმისა, რომ ზ. ჩ-ე გააგრძელებს კომპანიიდან თანხის უკანონოდ გატანას, ხელს შეუშლის განმცხადებლის მიერ დაყენებული საარბიტრაჟო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მათი აღსრულების შესაძლებლობას. ახალი დირექტორი უარს იტყვის კომპანია ა. სახელით ზ. ჩ-ის მიმართ მოთხოვნაზე, დაეთანხმება საიჯარო ხელშეკრულების მოშლას შპს „დ.“ იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილდება განმცხადებლის საარბიტრაჟო მოთხოვნა და დაეკისრება ზ. ჩ-ეს საიჯარო ქირის საბაზრო ფასთან შედარებით მეტი ოდენობით გატანილი თანხის კომპანიისთვის უკან დაბრუნება. იმ შემთხვევაში, თუ არ დაკმაყოფილდება მისი მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, დაირღვევა მხარეთა თანაბარ პირობებში ჩაყენების პრინციპი, ვინაიდან ზ. ჩ-ესთან მისი ხელშეკრულება (წესდება) ითვალისწინებდა დირექტორის გადაყენებას და ახალი დირექტორის დანიშვნის პროცედურას, მათ შორის პირველ კრებაზე პარტნიორთა 100%-ის თანხმობის საჭიროებას (წესდების 7.6 მუხლი) და ამ მუხლის შეჩერების პირობებში განმცხადებელი რჩება არათანაბარ პირობებში, თუკი ზ. ჩ-ეს მიეცემა შესაძლებლობა მისი თანხმობის გარეშე შეცვალოს (გამოიწვიოს ან დანიშნოს) დირექტორი. გარდა მხარეთა თანასწორობისა, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ხელს შეუწყობს სამომავლოდ საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 იანვრის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა, შპს „კ. ა.ს“ პარტნიორ ზ. ჩ-ეს (პ/ნ 6-) შეეზღუდა სხვა პარტნიორებთან შეთანხმების გარეშე კომპანიის 2015 წლის 26 ივნისის წესდების 7.3.7 მუხლით სარგებლობის უფლება, კერძოდ, სხვა პარტნიორებთან შეთანხმების გარეშე ზ. ჩ-ეს შეეზღუდა უფლება, როგორც კომპანიის პარტნიორმა, უყაროს კენჭი (დაუჭიროს მხარი) შპს „კ. ა.“ გენერალური დირექტორის დანიშვნასა და გამოწვევას, შრომის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტას და მიმართოს სამეწარმეო რეესტრს შესაბამისი ცვლილების განხორციელების მიზნით. ამ განჩინების საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
3. სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა ზ. ჩ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება, ასევე, საჩივრის საბოლოოდ გადაწყვეტამდე გასაჩივრებული განჩინების აღსრულების შეჩერება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 იანვრის განჩინებით ზ. ჩ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შეჩერდა ამავე სასამართლოს 2017 წლის 9 იანვრის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების აღსრულება ამავე განჩინებაზე ზ. ჩ-ის მიერ წარდგენილ საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. განჩინებაზე გაიცა შესაბამისი სააღსრულებო ფურცელი.
5. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 იანვრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა განმცხადებელმა, რმოლითაც მოითხოვა გასაჩვრებული განჩინების გაუქმება. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5.1. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, არსებობს მთელი რიგი გარემოებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულებამ შეიძლება, ხელყოს არა მხოლოდ შუამდგომლობის ავტორის, არამედ, სხვა პირთა უფლებები. შუამდგომლობის ავტორი საჩივარში ძირითადად უთითებს მას და შპს „ნ., უ. და პ.“ შორის არსებულ ურთიერთობაზე და ეს უაკანასკნელი არ წარმოადგენს მხარეს. სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში არ მიუთითებია, რა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით შეცვალა მის მიერვე მიღებული განჩინება უზრუნველყოფის თაობაზე და რომელ პირთა უფლებები შეიძლება შეზღუდულიყო გამოყენებული ღონისძიების შედეგად;
5.2. სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით ხელყო მხოლოდ განმაცხადებლის უფლებები, მან უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულების შეჩერებით ზ. ჩ-ეს მისცა შესაძლებლობა, მოიწვიოს პარტნიორთა კრება და მიიღოს მოქმედი დირექტორის გადაყენების გადაწყვეტილება. ამგვარად ხელყოფილია, როგორც მაია წილოსანის, ისე, კომპანიის კრედიტორებისა და თანამშრომლების უფლებები;
5.3. დაზუსტებულ საჩივარში ზ. ჩ-ემ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების გაუქმებასთან ერთად მოითხოვა მისი აღსრულების შეჩერება. საჩივარში საუბარია ორ პარტნიორს: ზ. ჩ-ესა და შპს „ნ., უ. და პ.“ შორის ურთიერთობაზე და წარმოდგენილია ამ ურთიერთბის ამსახველი დოკუმენტაცია, ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს მხარეს იმ დავისა, რომელიც მიმდინარეობს არბიტრაჟში კერძო საჩივრის ავტორსა და ზ.ჩ-ეს შორის. მიუხედავად შუამდგომლობის დაუსაბუთებლობისა, სასამართლო მაინც დაეყრდნო მას და ფაქტობრივად გააუქმა მის მიერვე მიღებული განჩინება. გარდა იმისა, რომ განჩინება უკანონოა, სასამართლომ დაარღვია კანონი: მიღებული განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით და მას არ ჰქონდა უფლება, გაეცა სააღსრულებო ფურცელი; დარღვეულ იქნა მხარეთა თანასწორობის პრინციპი; სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით დაირღვა მესამე პირთა უფლებები; უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების აღსრულების შეჩერებით ფაქტობრივად გაუქმდა ეს განჩინება. ეჭვს აღძრავს ის გარემოება, რომ სადავოდ გამხდარი საპროცესო მოქმედება მცირე ვადებში განხორციელდა: საჩივარი წარდგენილ იქნა 18 იანვარს, 12:10 საათზე, იმავე დღეს მიღებულ იქნა განჩინება და 17:00 საათზე ჩაბარდა მარეგისტრირებელ ორგანოს.
5.4. გასათვალისწინებელია, რომ ზ. ჩ-ის მოთხოვნის ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეაჩერა შპს „კ. ა.“ წესდების გარკვეული პუნქტების მოქმედება, მათ შორის იმისა, რომლის თანახმადაც მხარეთა შორის დავები შპს „დ. გ. ც.“ უნდა განიხილოს. ამ დავის მხარეებს წარმოადგენენ ზ. ჩ-ე და შპს „ნ., უ-ი და პ.“. პირველი ინსტანციის სასამართლოს ამგვარი ქმედება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს და ზიანს აყენებს დავაში ჩაუბმელ მ. წ-ს. საარბიტრაჟო შეთანხმების პირობებში საკითხი არა თბილისის საქალაქო, არამედ სააპელაციო პალატის განსახილველი იყო, ამასთანავე, სამმხრივი საარბიტრაჟო შეთანხმების მოქმედების შეჩერება მიზნად ისახავს მ.წ-ის მიერ არბიტრაჟისათვის მიმართვის შესაძლებლობის შეჩერებას. სააპელაციო სასამართლომ, ერთი მხრივ, აღიარა არბიტრაჟის კომპეტენცია, ხოლო, მეორე მხრივ, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ უფლებამოსილი იყო, განეხილა დავა, რაც არაკანონიერია. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულების შეჩერებით სააპელაციო სასამართლომ დაარღვია მხარეთა თანასწორობის პრინციპი. სამართლიანი სასამართლო მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოსათვის მიმართვას, არამედ, საქმის არსებითად გადაწყვეტამდე მხარეთა უფლებრივი კონკურენციის დაბალანსებასაც.
5.5. კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა გასაჩივრებულ განჩინებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერების თაობაზე კერძო საჩივრის გადაწყვეტამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „კ. ა.“ 26%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი მ. წ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძო საჩივრის საფუძვლიანობის პარალელურად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხზე:
1. კერძო საჩივრის დასაშვებობა:
1.1. განსახილველ შემთხვევაში, შეფასების საგანს წარმოადგენს საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ღონისძიების/განჩინების აღსრულების შეჩერების კანონიერება. ამ თვალსაზრისით კი, უპირველესად, უნდა შეფასდეს მსგავს სამართლებრივ საკითხზე მიღებული განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობა.
1.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის თანახმად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით. არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 35618 მუხლის თანახმად კი, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია, საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ კოდექსის XXIII თავი აწესრიგებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხს და ზემოხსენებული გამონაკლისის გარდა, დასაშვებია, სასამართლომ საკითხი მოაწესრიგოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმებზე დაყრდნობით.
1.3. საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაზე წარდგენილი საჩივრით მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა საკითხის გადაწყვეტამდე განჩინების აღსრულების შეჩერება. ამ საკითხს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის თანახმადაც, საჩივრის შეტანა ვერ შეაჩერებს უზრუნველყოფის შესახებ განჩინების აღსრულებას, მაგრამ სასამართლოს შეუძლია, გარკვეული დროით შეაჩეროს აღსრულება ან გააუქმოს უზრუნველყოფისათვის უკვე მიღებული ღონისძიებები. მითითებული ნორმა არ შეიცავს საკითხის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს, რაც, ერთი შეხედვით, შეიძლება განჩინების გასაჩივრების დაუშვებლობაზე მიუთითებდეს, როგორც ეს გასაჩივრებული განჩინებითაც განმარტა სასამართლომ, თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თავად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე მიღებული განჩინება, ამავე კოდექსის 195-ე მუხლის თანახმად, აღსრულდება დაუყოვნებლივ, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის დადგენილი წესით. ამ ნორმათა ერთობლივი ანალიზის შედეგად საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებული ღონისძიების აღსრულების შეჩერების საკითხის გადაწყვეტის პროცესუალურ წესს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-4 ნაწილთან ერთად, ამავე კოდექსის 2671 მუხლი წარმოადგენს, რომლის პირველი ნაწილი პროცედურულია, ხოლო მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ გადაწყვეტილება მიიღება განჩინების ფორმით. გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
1.4. ამდენად, შეიძლება დავასკვნათ, რომ სარჩელის (მათ შორის საარბიტრაჟო სარჩელის) უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულების შეჩერების საკითხზე მიღებული განჩინება შეიძლება, გასაჩივრდეს, რომლის სახესაც წარმოადგენს კერძო საჩივარი (იხ. სსსკ-ის 414.1 მუხლი, კერძო საჩივრის დასაშვებობა), ხოლო, განხილვის პროცესუალურ საფუძველს _ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე-420-ე მუხლები.
2. კერძო საჩივრის საფუძვლიანობა:
2.1. სააპელაციო სასამართლომ შუამდგომლობის საფუძვლიანობა დაუკავშირა რამდენიმე ფაქტობრივ გარემოებას: მოპასუხის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაზე წარდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა კანონის თანახმად, 2 თვის ვადაში განიხილება და ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელია, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებამ, მისმა აღსრულებამ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს, როგორც მოპასუხეს, ასევე მესამე პირებს, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნებსა და პრინციპებს. ამასთან, უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განჩინების აღსრულების შეჩერება არ ხელყოფს მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) უფლებებს, ვინაიდან აღსრულების შეჩერების საკითხის არსებობა დამოკიდებულია საქმეზე წარმოდგენილი საჩივრის არსებით გადაწყვეტაზე და იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს ალბათობა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა, იმავდროულად განახლდება აღსრულების წარმოება და მოსარჩელეს შესაძლებლობა მიეცემა, დაიცვას და უზრუნველყოს მის სასარგებლოდ მისაღები, სავარაუდო გადაწყვეტილების აღსრულება.
2.2. საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ არც გასაჩივრებული განჩინება და არც თავად ზ. ჩ-ის საჩივარი არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შეჩერების აუცილებლობის თაობაზე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-4 ნაწილი წარმოადგენს სასამართლოს დისკრეციას და ამ დისკრეციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების მართლწინააღმდეგობრიობის მტკიცება ეკისრება მხარეს, რომლის წინააღმდეგაცაა მიმართული განჩინება. ამ მხრივ, დასაბუთებულ პრეტენზიას, კერძო საჩივარი არ შეიცავს, არამედ შემოფარგლება განჩინების ზოგადი კრიტიკით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 9 იანვრის განჩინებით აღსრულების შეჩერების შედეგად ზიანის მიყენების ფაქტი კერძო საჩივრის ავტორმა ვერაფრით დაამტკიცა.
2.3. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო საერთოდ უარყოფს მ.წილოსანის იმ პრეტენზიებს, რომლებიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ზ. ჩ-ის მოთხოვნის ფარგლებში გამოყენებულ უზრუნველყოფას უკავშირდება და განმარტავს, რომ სხვა საქმეზე მიმდინარე სამართალწარმოებისას განხორციელებული საპროცესო მოქმედებების კანონიერებას საკასაციო სასამართლო წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში ვერ შეისწავლის, თუმცა, ზოგადად აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის კონტექსტში, უზრუნველყოფის ღიონისძიების გამოყენების წინაპირობები არა საქმის მასალების არსებით, არამედ მოთხოვნის ფორმალური საფუძვლიანობის კვლევას ემყარება. წინამდებარე საქმე საარბირტაჟო სამართალწარმოების დაწყებას ემსახურება, თუმცა, როგორც კერძო საჩივრის ავტორი თავადვე ადასტურებს, საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული ზ. ჩ-ის სარჩელის ფარგლებში, როგორც უზრუნველყოფის ღონისძიება, შპს „კ. ა.“ პარტნიორთა საარბიტრაჟო შეთანხმების მოქმედებაა შეჩერებული. ამგვარ ვითარებაში კი, მეტად ბუნდოვანია საკითხი იმის შესახებ, რამდენად არის შესაძლებელი საარბიტრაჟო წარმოება და მისაღები გადაწყვეტილების სამომავლო დაცვა.
2.4. პალატა უარყოფს კერძო საჩივრის ავტორის ეჭვს ზ.ჩ-ის შუამდგომლობის დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე და განმარტავს, რომ არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-4 ნაწილი და არც 2671 მუხლი აღსრულების საკითხებთან დაკავშირებით განხილვის ვადებს არ ადგენს, აღნიშნული სასამართლოს წარმოუშობს ვალდებულებას, საკითხის სიმწვავის გათვალისწინებით იგი გონივრულ ვადაში გადაწყვიტოს, თავის მხრივ, მსგავსად უზრუნველყოფოს ღონისძიების შესახებ განჩინების აღსრულებისა (სსსკ-ის 195-ე მუხლი), მისი აღსრულების შეჩერებაც დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს, შესაბამისად, სააღსრულებო ფურცლი, მიუხედავად იმისა, რომ განჩინებაზე კერძო საჩივარი დაიშვება, უაკნონოდ არ გაცემულა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს იმ საპროცესო მოქმედების შესრულებას, რომელიც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით იყო გათვალისწინებული.
2.5. რაც შეეხება მხარეთა თანასწორობისა თუ სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ უზრუნველყოფის ღონისიძიების აღსრულების შესახებ განჩინების დროებით შეჩერება არ შეიძლება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის დარღვევად იქნეს მიჩნეული, ხოლო ის გარემოება, რომ მ. წ-ს არ გააჩნია სამართლიან სასამართლოზე ხელმისაწვდომობა, წინამდებარე პროცესის ფარგლებში არ დგინდება. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ პრეცედენტული სამართლის თანახმად, წინასწარი სამართალწარმოება [სარჩელის უზრუნველყოფა], მსგავსად დროებითი ღონისძიებებისა, ჩვეულებრივ არ მიიჩნევა სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განმსაზღვრელად და, შესაბამისად, მე-6 მუხლიც ვერ იცავს მას (იხ. inter alia, Wiot v. France, (dec.), no. 43722/98, 15 მარტი 2001; APIS a.s. v. Slovakia, (dec.), no. 39794/98, 13 იანვარი 2002; Verlagsgruppe News GMBH v Austria, (dec.), no. 62763/00, 16 იანვარი 2003; და Libert v Belgium, (dec.), no. 44734/98, 8 ივლისი 2004). აღნიშნულიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სასამართლო მე-6 მუხლს იყენებს მხოლოდ საქმის არსებითი მხარის განხილვისას და არა ამგვარი ღონისძიებების პირველადი მოთხოვნის მომენტიდან (იხ. Jaffredou v. France (dec.), no. 39843/98,15 დეკემბერი 1998, და Kress v. France [GC], no. 39594/98, § 90, ECHR, 2001-VI). წინასწარი სამართალწარმოების მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის გამოყენება, მართალია, არაერთ საქმეზე დასაშვებადაც კი იქნა მიჩნეული, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, პალატა ითვალისწინებს იმას, რომ დავა საარბიტრაჟო სასამართლოს გასჯადობიდან გამომდინარეობს და მხოლოდ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მხარისათვის სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევა შეუძლებელია.
3. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
3.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
3.2. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორს გასაჩივრებული განჩინების წინააღმდეგ არ მიუთითებია იმგვარ ფაქტებსა და გარემოებებზე, რაც მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათავლისწინებული წინაპირობა გახდებოდა.
4. შუამდგომლობის განუხილველად დატოვების დასაბუთება:
4.1. მაია წილოსანი სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს გასაჩივრებულ განჩინებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერებაზე.
4.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 418-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის თანახამად, მართალია, დასაშვებია მსგავს საკითხზე საპროცესო მოქმედების აღსრულების შეჩერების შესაძლებლობა, თუმცა, ამ კუთხით დასაბუთებას კერძო საჩივარი არ შეიცავს, ასეც რომ არ იყოს, საქმის მასალებით დგინდება, რომ 2017 წლის 6 თებერვლის განჩინებით სააპელაციო პალატამ დააკმაყოფილა ზ. ჩ-ის საჩივარი და გააუქმა ამავე სასამართლოს 2017 წლის 9 იანვრის განჩინება, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლის თანახად, საჩივრდება 5 დღის ვადაში. წინამდებარე საქმე საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 7 ივნისს გადმოეცა და განხილვის დასრულებამდე განვლილი საკმაოდ ხანგრძლივი დროის მიუხედავად, საკასაციო სასამართლოსათვის არავის მოუმართავს საჩივრით, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ 2017 წლის 9 იანვრის განჩინების გაუქმებით, მისი აღსრულების შეჩერებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერების მიმართ კერძო საჩივრის ავტორს არ გააჩნია ინტერესი, რაც ამ შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „კ. ა.“ 26%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის მ. წ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერების შესახებ დარჩეს განუხილველად.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე