Facebook Twitter

საქმე №ას-980-912-2017 17 ნოემბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ. ლ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. გ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის მიღება და არსებითად განხილვა

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

თ. ლ-მა (შემდგომში _ მოსაჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. გ-ის (შემდგომში _ მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 30 ივნისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა და აღსასრულებელი ვალდებულების შემდეგი სახით განსაზღვრა: სესხის ძირი თანხა _ 6 500 ლარი; პირგასამტეხლო, ნაცვლად 0,7%-ისა _ 0,05% და მისი გამოთვლა 6 500 ლარიდან 19 დღის მანძილზე; ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტის ჩათვლა გადახდილად.

2. მოპასუხის პოზიცია:

სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი სესხის ძირი თანხისა და პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნის ნაწილში ცნო, ხოლო პროცენტის გადახდილად მიჩნევის მოთხოვნის ნაწილში არ დაეთანხმა მოთხოვნას.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნოტარიუს მერი მერაბიშვილის მიერ 2016 წლის 30 ივნისს გაცემულ #160715462 სააღსრულებო ფურცელში შევიდა ცვლილება: ძირითადი თანხის ოდენობა - 13 000 ლარი შემცირდა 6 500 ლარით და გადასახდელი ძირი თანხა განისაზღვრა 6 500 ლარით; ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს განაკვეთი _ 0,7% შემცირდა 0,05%-მდე და მისი ოდენობა განისაზღვრა 107,25 ლარით, ხოლო სახელშეკრულებო სარგებლის (პროცენტის) გადახდილად ჩათვლის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი ნაწილობრივ, პირგასამტეხლოს განსაზღვრის ნაწილში გაუქმება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება, სააპელაციო საჩივრის მიღება და არსებითად განხილვა.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: გასაჩივრებული განჩინება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს, შესაბამისად, რადგანაც იგი მიღებულია 2017 წლის 2 ივნისს, სააპელაციო საჩვრის წარდგენის 14-დღიანი საპროცესო ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 3 ივნისს და იწურება 2017 წლის 16 ივნისს. ამ ვადის დაცვით მხარემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად, ქვემდგომ სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლზე მითითებით არ უნდა დაეტოვებინა იგი განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ლ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებით დადასტურებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

1.2.1. რუსთავის საქალაქო სასმართლოს მიერ საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2017 წლის 2 მაისს. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თაობაზე ინფორმირებული იყო მოსარჩელე, უფრო მეტიც, სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ მისი უფლებამოსილი წარმომადგენლები (იხ. მინდობილობა, ს.ფ. 88);

1.2.2. უდავოა, რომ მოსარჩელე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილის სუბიექტს არ წარმოადგენს;

1.2.3. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას მხარეს განემარტა მისი გასაჩივრების წესი და ვადა;

1.2.4. სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 2017 წლის 22 მაისი, 30-ე _ 1 ივნისი, ამ ვადის განმავლობაში გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის სასამართლოსადმი მიმართვის ფაქტი არ დასტურდება, საქმეში წარმოდგენილი განცხადების თანახმად, მოსარჩელის წარმომადგენელმა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება ითხოვა 2017 წლის 16 ივნისს (იხ. ს.ფ. 108), უფრო მეტიც, მხარე თავადვე მოითხოვს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ჩაბარებას;

1.2.5. საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის თანახმად, იგი შედგენილი და სასამართლოს კანცელარიაში რეგისტრირებულია 2017 წლის 16 ივნისს.

1.3. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

1.4. დასახელებული ნორმის ანალიზით დასტურდება, რომ კანონმდებელი სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენის დასაწყისს უკავშირებს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტს, რომელიც, ერთი მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით განსაზღვრული ვადის განმავლობაში მხარის გამოცხადებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების შედეგად იწყება, ხოლო, მეორე მხრივ, როდესაც გასაჩივრების მსურველი მხარე არ ცხადდება კანონით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დენის დასაწყისი კანონის ძალით, აითვლება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

1.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლები და საკასაციო სასამართლო ამოწმებს მას საკასაციო (კერძო) საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების გათვალისწინებით. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა, მოცემულ შემთხვევაში, მხარეს არ მიუთითებია იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მიიყვანდა დასკვნამდე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან ვერ იქნა დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადება უზრუნველყოფილი.

1.6. პალატა დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი, აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (იხ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება). მოცემულ შემთხვევაში, პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის უკანასკნელ დღეს წარმოადგენდა 2017 წლის 15 ივნისი, ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოში 2017 წლის 16 ივნისსაა რეგისტრირებული.

1.7. ამდენად, უდავოა, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 59-ე მუხლების, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 63-ე მუხლის საფუძველზე მისი განუხილველად დატოვების საფუძველი იყო, ხოლო კერძო საჩივარი არ შეიცავს იმგვარ დასაბუთებულ პრეტენზიას (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები), რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას დაედებოდა საფუძვლად.

1.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა გასაჩივრებული განჩინებისა და თბილისის სააპელაცო სასამართლოს გზავნილის ასლები. ვინაიდან ზემოაღნიშნული საპროცესო დოკუმენტები საქმეში წარმოდგენილია დედნის სახით, პალატა მიიჩნევს, რომ აღარ არსებობს მათი საქმისათვის განმეორებით დართვის წინაპირობა, შესაბამისად, წარმოდგენილი ასლები უნდა დაუბრუნდეს კერძო საჩივრის ავტორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. თ. ლ-ს დაუბრუნდეს კერძო საჩივარსა და 08.08.2017წ. #ა-3...-17 განცხადებაზე დართული გასაჩივრებული განჩინებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს გზავნილის ასლები 7 (შვიდი) ფურცლად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე