Facebook Twitter

საქმე №ას-1242-1162-2017 29 დეკემბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ვ. თ-ე, დ. კ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ბ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

დ. ბ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. თ-ის, დ. კ-ისა და ნ. დ-ის (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტები, მფლობელები, ვ.თ-ე და დ.კ-ი, ასევე წოდებული, როგორც კერძო საჩივრის ავტორები) მიმართ მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი, ქ.ბათუმში, ს-ს ქ, #...-ში მდებარე უძრავი ქონების გამოთხოვის მოთხოვნით.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მარტივი შესაგებლით მოპასუხებს დავის გადაწყვეტისათვის სადავო ფაქტები სადავოდ არ გაუხდიათ, მათ მიუთითეს იმ გარემოებაზე, რომ სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ და მოითხოვეს არსებული სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე დავალიანების გადასახდელად ვადის განსაზღვრა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მფლობელებმა, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებების სარეზოლუციო ნაწილები:

5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა აპელანტ დ.დ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე;

5.2. ამავე სასამართლოს 2016 (2017) წლის 10 აპრილის განჩინებით საქმის წარმოება განახლდა, უფლებამონაცვლეობის დაუდგენლობის გამო, ნ.დ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხოლო, ვ.თ-ესა და დ.კ-ს გაუგრძელდათ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა ხუთი დღით;

5.3. 2016 (2017) წლის 22 მაისის განჩინებით, ხარვეზის ნაწილობრივ გამოუსწორებლობის გამო სააპელაციო პალატამ კვლავ გაუგრძელა აპელანტებს საპროცესო ვადა ხუთი დღით;

5.4. 2017 წლის 13 ივნისის განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა, მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა მოითხოვეს.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2017 წლის 10 მაისს მათ ნაწილობრივ გამოასწორეს ხარვეზი _ წარადგინეს სააპელაციო საჩივრის ელ.ვერსია და სახელმწიფო ბაჟის ნახევრის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე, იშუამდგომლეს დარჩენილი ნაწილის გადახდის გადავადებაზე. სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა მხარეს, რომ ხარვეზის გამოსწორების ვადა გაუგრძელდა ხუთი დღით და განჩინება შეეძლო, ჩაებარებინა ფოსტაში. ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება მხარემ ფოსტის მეშვეობით ჩაიბარა 2017 წლის 28 მაისს და გადასცა იურისტს, რომელმაც საპროცესო ვადა აითვალა სწორედ განჩინების ჩაბარების დღიდან, სააპელაციო სასამართლომ კი, საპროცესო ვადის გამოთვლა დაუკავშირა სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ ვ. თ-ისა და დ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მხრიდან ხარვეზის სრულყოფილად გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება. ამ თვალსაზრისით კერძო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების საფუძლიანობის შემოწმების მიზნით პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:

1.2.1. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მფლობელებმა და ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, იშუამდგომლეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების თაობაზე. რაიმე მტკიცებულება, რაც შუამდგომლობაში მითითებულ ფაქტს დაადასტურებდა, აპელანტებს სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ;

1.2.2. 2016 წლის 8 აგვისტოს განჩინებით, დაუსაბუთებლობის მოტივით არ დაკმაყოფილდა აპელანტების ხსენებული შუამდგომლობა, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს განჩინების ჩაბარებიდან 7-დღიანი ვადის დაცვით დაევალათ:

ა) სახელმწიფო ბაჟის _ 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა;

ბ) ნაბეჭდი სახით შედგენელი სააპელაციო საჩივრის ელ.ვერსიის წარდგენა;

გ) ამომწურავად განიმარტა ხარვეზის გამოუსწორებლობის შედეგები;

1.2.3. 2016 წლის 31 აგვისტოს განჩინებით პალატამ დააკმაყოფილა აპელანტთა შუამდგომლობა და საპროცესო ვადა გაგრძელდა 15 დღით;

1.2.4. 2016 (2017) წლის 22 სექტემბრის განჩინებით აპელანტ ნ. დ-ის გარდაცვალების გამო, შეჩერდა მოცემული საქმის წარმოება შვიდი თვით, ამასთან, ამავე პალატის 2016 (2017) წლის 10 აპრილის განჩინებით, ვინაიდან ვერ იქნა დადგენილი გარდაცვლილი აპელანტის უფლებამონაცვლე, მისი მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, ხოლო ვ.თ-ესა და დ.კ-ს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ვადა განესაზღვართ 5 დღით. დადგენილ ვადაში სასამართლოს განცხადებით მიმართა ვ.თედორაძემ, წარადგინა გარდაცვლილი აპელანტის ქონებაზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა, სააპელაციო საჩივრის ელ.ვერსია და სახელმწიფო ბაჟის ნახევრის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ამავე განცხადებით მხარემ იშუამდგომლა ბაჟის დარჩენილი ნაწილის მთავარ სხდომამდე გადავადება. ქონებრივი მდგომარეობის განმსაზღვრელი რაიმე დოკუმენტი არც ამჯერად ყოფილა წარდგენილი სასამართლოში;

1.2.5. სააპელაციო პალატამ 2017 წლის 22 მაისის განჩინებით აპელანტებს გაუგრძელა საპროცესო ვადა 5 დღით, სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის - 80 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარსადგენად;

1.2.6. საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ვ.თედორაძეს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2017 წლის 25 მაისს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის კონტექსტში უდავოა ის ფაქტი, რომ ვ.თ-ე დ.კ-ის ოჯახის ქმედუნარიანი წევრი _ ბებიაა;

1.2.7. სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ფოსტას ჩაბარდა 2017 წლის 31 მაისს.

1.3. საკასაციო პალატა ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას იმის თაობაზე, რომ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, რადგანაც მხარეს საპროცესო მოქმედება სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ განუხორციელებია, კერძოდ, ხსენებული ნორმის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, ასევე, მე-2−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ სააპელაციო საჩივრის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს, ან თუ სააპელაციო საჩივარს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში ხარვეზის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს ჩაბარებულად ითვლება.

1.3.1. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივარში მითითებულ გარემოებას საპროცესო ვადის უშუალოდ განჩინების ფოსტის მეშვეობით ჩაბარების დღიდან ათვლის თაობაზე და განმარტავს, რომ ზემოხსენებული ნორმის საფუძველზე სასამართლო შეტყობინება ადრესატისათვის/მისი ოჯახის ქმედუნარიანი წევრისათვის ჩაბარებულად ითვლება საპროცესო მოქმედების განხორციელების დღეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2. მუხლის შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 26 მაისს და ამავე კოდექსის 61.1. მუხლის შესაბამისად, ამოიწურა 2017 წლის 30 მაისს, მხარემ კი, ხარვეზის გამოსწორების მიზნით საფოსტო განყოფილებას მიმართა მომდევნო დღეს _ 2017 წლის 31 მაისს, რაც საპროცესო ვადის დარღვევით წარდგენილი მტკიცებულებების განუხილველად დატოვების საფუძველია (იხ. სსსკ-ის 63-ე მუხლი).

1.3.2. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილ სატელეფონო შეტყობინების აქტზე, რომელიც რაიმე მითითებას არ შეიცავს საპროცესო ვადის არა ამ შეტყობინების განხორციელების, არამედ, ფოსტის მეშვეობით ჩაბარების დღიდან ათვლის თაობაზე, ამასთანავე, საგულისხმოა, რომ არც მხარეს წარუდგენია მტკიცებულება/არ უშუამდგომლია სატელეფონო შეტყობინების ციფრული ჩანაწერის გამოთხოვის თაობაზე, რაც დაადასტურებდა კერძო საჩივარში გამოთქმულ პრეტენზიას, ასეთ ვითარებაში კი, მოქმედებს საქმეში წარმოდგენილი, კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი აქტის კანონიერების პრეზუმფცია.

1.4. კერძო საჩივრის ავტორები არაერთ განცხადებაში აპელირებენ ქონებრივ მდგომარეობაზე, რომელიც შეიძლება საფუძვლიანიც იყოს, თუმცა, სასამართლოს არაერთი აქტით განემარტათ, რომ ქონებრივ მდგომარეობაზე მითითების შემთხვევაში მატერიალური უსახსრობის უტყუარად დადასტურება მხარეს ეკისრება. ამ მხრივ პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:

1.4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილი მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა დასაშვებია ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე, გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი), აგრეთვე, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მათი გადახდა (სსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და შეიძლება ექვემდებარებოდეს შეზღუდვას, ვინაიდან ხელმისაწვდომობის უფლება თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას, ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ იქნება გაუარესებული და რომ გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს და არ ამცირებს მხარის ხელმისაწვდომობის უფლებას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია, გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ.

1.4.2. მართალია, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური. ამ უფლების შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი. თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრულია, რომ სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

1.5. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტებს სრულყოფილად არ გამოუსწორებიათ რა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, ხოლო ქონებრივი მდგომარეობა სათანადო მტკიცებულებებით არ დაუდასტურებიათ, პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რადგანაც არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების წინაპირობა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივრის ავტორებს არ წარმოუდგენიათ იმგვარი შედავება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლების შესაბამისად, ამ განჩინების გაუქმებას გამოიწვევდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. თ-ისა და დ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე