Facebook Twitter

საქმე №ას-732-685-2017 15 სექტემბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სს „თ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ო-ი, ბ. კ-ე, გ. ჯ-ი, მ. გ-ე, ა. წ-ი, გ. ლ-ე, ზ. ც-ი, ლ. გ-ე, ა. ც-ი, ა. ხ-ი, ზ. მ-ე, გ. ხ-ე, მ. თ-ე, ო. ყ-ი, გ. ა-ი, დ. ჯ-ი, დ. შ-ი, თ. გ-ე (მოსარჩელე)

დაინტერესებული პირები: ზ. ა-ი, ა. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ო-ის, ბ. კ-ის, გ. ჯ-ის, მ. გ-ის, ა. წ-ის, გ. ლ-ის, ზ. ი-ის, ზ. ც-ის, ლ. გ-ის, ა. ც-ის, ა. ხ-ის, ზ. მ-ის, გ. ხ-ის, მ. თ-ის, ო. ყ-ის, გ. ა-ის, დ. ჯ-ის, დ. შ-ისა და თ. გ-ის სარჩელი სს „თ.“ მიმართ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, დაკავებულ თანამდებობაზე მოსარჩელეთა აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „თ.“.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 ნოემბრის განჩინებით სს „თ.“ საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის (5) შესაბამისად, როგორც დაუშვებელი, დატოვებულ იქნა განუხილველად.

4. აღნიშნულ საქმეზე სხვადასხვა დროს მოპასუხემ, ასევე, მესამე პირებმა მოითხოვეს კანონიერ ძალაში შესული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, თუმცა ეს მოთხოვნები სასამართლოს მხრიდან არ დაკმაყოფილდა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 აპრილის განჩინებით:

ა) სს „თ.“ განცხადებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 და 27 სექტემბრის განჩინებების ბათილად ცნობის შესახებ, შეწყდა საქმის წარმოება;

ბ) სს „თ.“ განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ივნისის განჩინებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ (რომლითაც, სს „თ.“ განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ივნისის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა), დარჩა განუხილველად;

გ) სს „თ.“ განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე (რომლითაც სს „თ.“ კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინება განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე და 2016 წლის 27 სექტემბრის განჩინება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) არ დაკმაყოფილდა.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს „თ.“, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების საფუძლიანობა, კერძო საჩივრის დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სს „თ.“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო (კერძო) საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო სასამართლოს იმ საპროცესო მოქმედებებზე, რომელთა კანონიერებაც სადავოდაა გამხდარი წინამდებარე კერძო საჩივრით, კერძოდ:

1.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 მარტის განჩინებით ზ. ა-ისა და ა. მ-ის განცხადება ამავე სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, განმცხადებელთა ძირითად არგუმენტს წარმოადგენდა ის, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყეტილებით სასამართლომ დაადგინა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის არამართლზომიერი ქმედება, კერძოდ, განმცხადებლების მხრიდან დასაქმებულთა მიმართ განხორციელებული იძულება. განმცხადებლები მიიჩნევდნენ, რომ სასამართლოს, ამ ფაქტის დადგენის მიზნით, ისინი უნდა მიეწვია საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 422-ე მუხლის (2) „გ“ ქვეპუნქტი), სს „თ.“ სარჩელით მიმართა სასამართლოს განმცხადებლების მიმართ და მათი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

1.2.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ივნისის განჩინებით ა. მ-ისა და ზ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო საქალაქო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, შესაბამისად, კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის განჩინება.

1.2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინებით განუხილველად დატოვა სს „თ.“ განცხადება ამავე სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე. განცხადების ძირითად არგუმენტს ამ შემთხვევაში, წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლით გათვალისწინებული რეგულაცია და გასაჩივრებული განჩინების დასკვნა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არამართლზომიერი ქმედებები დადგინდა არა ზ.ა-ისა და ა.მ-ის, არამედ სს „თ.“ მხრიდან. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ განცხადების მის დაუსწრებლად განხილვით სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის (1) „გ“ ქვეპუნქტი. ამავე სასამართლოს 2016 წლის 27 სექტემბრის განჩინებით სს „თ.“ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამ შემთხვევაში სასამართლომ არ გაიზიარა საქმის წარმოების განახლების საფუძვლად განმცხადებლის მიერ მიჩნეული გარემოება, რომ საქალაქო სასამართლოს ერთი და იგივე შემადგენლობა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით განსხვავებულად აფასებდა ერთსა და იმავე ფაქტს და ერთ შემთხვევაში, მიიჩნევდა, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედება მომდინარეობდა ზ.ა-ისა და ა.მ-ის, ხოლო, მეორე შემთხვევაში _ სს „თ.“ მხრიდან.

1.2.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განჩინებით სს „თ.“ კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 და 27 სექტემბრის განჩინებები დარჩა უცვლელად.

1.2.5. სააპელაციო პალატას განცხადებით მიმართა სს „თ.“ და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 და 27 სექტემბრის განჩინებების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. ამ განცხადებაზე სააპელაციო პალატამ იმ მოტივით შეწყვიტა წარმოება, რომ არსებობდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება, რომელიც გამოტანილი იყო იმავე დავაზე, იმავე მხარეებს შორის და იმავე საფუძვლით (სსსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი), კერძოდ, პალატამ მიუთითა ამავე სასამართლოს 2017 წლის 9 თებერვლის განჩინებაზე, რომლითაც განცხადებაში გამოთქმული პრეტენზიები მან კერძო საჩივრის ფარგლებში შეაფასა. საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების ამ სამართლებრივ დასაბუთებას და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე (3) მუხლის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 9 თებერვლის განჩინება წარმოადგენდა საბოლოო გადაწყვეტილებას სადავო საკითხთან მიმართებით და მის გასაჩივრებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. სს „თ.“ კი, ცდილობს საპროცესო საშუალებათა გაუმართლებელი გამოყენების გზით კიდევ ერთხელ გაასაჩივროს სასამართლო აქტი, რაც დაუშვებელია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის წარმოების განახლების ინსტიტუტი (სსსკ-ის თავი LII) არ წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყეტილების გასაჩივრების საპროცესო წესს, არამედ, იგი საგამონაკლისო საპროცესო წარმოების სახეა, რომელიც სამართალწარმოების დროს შესაძლო დაშვებული ხარვეზის გამოსწორებას უზრუნველყოფს და მხარეს აძლევს არა თვითნებობის, არამედ, სამართლიანი სასამართლოს კონცეფციით სარგებლობის შესაძლებლობას. ამ მიზანს კი, კერძო საჩივარი არ ემსახურება, არამედ, ორიენტირებულია სამართლებრივი არგუმენტაციისაგან შორს მყოფი, უსაფუძვლო საჩივრებით საქმის წარმოების გაჭიანურებაზე.

1.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა სს „თ.“ და მოითხოვა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ივნისის (იხ. სამოტივაციო ნაწილის 1.2.2. პუნქტი) განჩინების ბათილად ცნობა იმ ძირითადი არგუმენტით, რომ სასამართლოს ზურაბ არსოშვილისა და ავთანდილ მეტივიშვილის კერძო საჩივრის განხილვაზე სს „თ.“ არ მიუწვევია, შესაბამისად, იგი მიიჩნევდა, რომ არსებობდა ამ განჩინების ბათილად ცნობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წინაპირობები.

1.3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 9 თებერვლის განჩინებით არ დააკმაყოფილა ზემოხსენებული განცხადება იმ ძირითადი დასაბუთებით, რომ იგი არ წარმოადგენდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლით განსაზღვრულ იმგვარ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელზეც საქმის წარმოების განახლებაც დაიშვებოდა.

1.3.2. სააპელაციო პალატას განცხადებით მიმართა სს „თ.“ და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2016 წლის 8 ივნისისა და 2017 წლის 9 თებერვლის განჩინებების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. ამ განცხადების დაშვებაზე სასამართლომ უარი იმ საფუძვლით განაცხადა, რომ განცხადების წარდგენის დროისათვის 2017 წლის 9 თებერვლის განჩინება შესული არ იყო კანონიერ ძალაში, არამედ, მასზე დაიშვებოდა კერძო საჩივრის შეტანა, შესაბამისად, არსებობდა განცხადების განუხილველად დატოვების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები.

1.3.3. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას და დამატებით განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 8 ივნისის განჩინებით არ დააკმაყოფილა ზ. ა-ისა და ა. მ-ის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის განჩინებაზე (იხ. სამოტივაციო ნაწილის 1.2.1. პუნქტი). ამ განჩინებით რაიმე ახალი გარემოება არ დადგენილა, ეს განჩინება არ ეხება სს „თ.“ უფლება-მოვალეობებს არც მოსარჩელეებისა და არც კერძო საჩივრის ავტორების მიმართ, არამედ ამ განჩინებით სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს, რომ არ არსებობდა ზ.ა-ისა და ა.მ-ის მოთხოვნის საფუძველზე საქმის წარმოების განახლების საფუძველი, შესაბამისად, საერთოდ მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ განჭვრეტადობას სს „თ.“ მცდელობა, მოითხოვოს ამ განჩინებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, უფრო მეტიც, ეს განჩინებები არ წარმოადგენენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის ობიექტებს, რის გამოც, ამავე კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, არ არსებობდა სს „თ.“ განცხადების განსახილველად დაშვების წინაპირობები. ამ ნაწილში კერძო საჩივრის არგუმენტები დაუსაბუთებელია და საკასაციო პალატა უარყოფს მათ.

1.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განჩინებით სს „თ.“ კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 და 27 სექტემბრის განჩინებები (იხ. სამოტივაციო ნაწილის 1.2.3. პუნქტი) დარჩა უცვლელად.

1.4.1. სს „თ.“ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2017 წლის 9 თებერვლის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

1.4.2. სააპელაციო პალატამ გასაჩვრებული განჩინებით დაადგინა, რომ სს „თ.“ განცხადება ამავე სასამართლოს 2017 წლის 9 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე იყო უსაფუძვლო და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების წინაპირობები (სსსკ-ის 430-ე (2) მუხლი).

1.4.3. საკასაციო პალატა იზიარებს აღნიშნულ მსჯელობას და ყურადღებას გაამახვილებს იმ საკითხზე, რომ სს „თ.“ განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე არ შეიძლება ყოფილიყო იურიდიულად საფუძვლიანი, რამდენადაც 28 მარტის განჩინებით ზ.ა.სა და ა.მ.ს უარი ეთქვათ საქმის წარმოების განახლებაზე და სწორედ ამ განჩინების ბათილად ცნობას მოითხოვდა სს „თ.“ იმ საფუძვლით, რომ განცხადების განხილვაზე ისიც უნდა მიეწვია სასამართლოს, თუმცა უდავოა, რომ ამ განცხადებით თელასს რაიმე უფლება-მოვალეობა არ წარმოშობია, რაც ფორმალურადაც კი გამორიცხავს მხარის ინტერესს საკითხის მიმართ, ხოლო 2016 წლის 27 სექტემბრის განჩინებით საქალაქო სასამართლომ სს „თ.“ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დააკმაყოფილა იმ დასაბუთებით, რომ მხარე ვერ მიუთითებდა საქმის განახლების კონკრეტულ საფუძველს (სსსკ-ის 423-ე მუხლი). ამ განჩინებების წინააღმდეგ წარდგენილი კერძო საჩივრები სააპელაციო პალატამ 2017 წლის 9 თებერვლის განჩინებით სავსებით მართებულად არ დააკმაყოფილა, ხოლო ამ უკანასკნელი განჩინების გაუქმების შესახებ განცხადებაში სს „თ.“ ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულ, ქვემდგომი სასამართლოების მიერ არაერთხელ შეფასებულ გარმოებებზე მითითებით სავსებით ცდება სამართალწარმოების მიზნებს.

1.5. საკასაციო პალატა ხაზგასმით არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას, რომ ქვემდგომ სასამართლოს უნდა აეცილებინა საქმის განხილვა, რადგანაც კოლეგიას, შემადგენლობის უმრავლესობით, ჩამოყალიბებული ჰქონდა საკუთარი პოზიცია. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ერთსა და იმავე საკითხზე მხარის მხრიდან საჩივრების დაუსრულებლად წარდგენა ერთი და იმავე საფუძვლებით, ბუნებრივია, სასამართლოს შინაგან რწმენაზე გავლენას ვერ იქონიებს და სამართლის ნორმის განსხვავებული ინტერპრეტაციის საშუალებას არ მისცემს სასამართლოს. ამგვარი საფუძველი მოსამართლის აცილებისა თუ თვითაცილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე-34-ე მუხლებით გათვალისწინებულ არც ერთ წინაპირობას არ ქმნის. ეს საკითხი შეფასებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განჩინებითაც, რომლის დასაბუთებას იზიარებს საკასაციო პალატაც. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მხარის სუბიექტური ეჭვი არ დასტურდება საქმის მასალებით, ამასთანავე, დაუსაბუთებელი საჩივრებითა და განცხადებებით მხარე თავად არღვევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით უზრუნველყოფილი სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლებას, რის გამოც საკასაციო პალატა უარყოფს მის პოზიციებს.

1.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „თ.“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე