საქმე №ას-678-632-2017 27 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ზ--ო“ (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების, ასევე, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის/შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა და სარჩელის/შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე, აპელანტი, კასატორი ან შემკვეთი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ზ--ოს“ (შემდგომში _ მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მენარდე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ავანსად მიცემული თანხის _ 21 192 ლარისა და პირგასამტეხლოს _ 10 673,69 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
1.1.1. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 26 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #177 ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა სოფლების: ბ-ისა და ს-ის სასმელი წყლის რეზერვუარებისა და სოფლის შიდა ქსელის სისტემების პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოების შესრულება თანდართული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 395 321,97 ლარით, ხოლო შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა _ 2015 წლის 18 მაისით. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად გათვალსიწინებულ იქნა საბანკო გარანტიის წარდგენა, რომელიც მოპასუხემ მოსარჩელეს წარუდგინა 2014 წლის 31 დეკემბერს. საბანკო გარანტიის წარდგენის საფუძველზე შემკვეთმა მენარდეს წინასწარ ჩაურიცხა 118 596,60 ლარი. კომისიის 2015 წლის 20 თებერვლის აქტის თანახმად, მოპასუხეს არ ჰქონდა დაწყებული სამუშაოების შესრულება, რის გამოც, 2015 წლის 28 მაისის წერილით მენარდე გაფრთხილდა ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებაზე ვადაგადაცილების თითოეული დღისათვის თანხის 0,1%-ის ოდენობით. მიუხედავად გაფრთხილებისა, მოპასუხემ არ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. 2015 წლის 12 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე შემკვეთმა ჩაიბარა 38 106,52 ლარის ღირებულების სამუშაოები და 2015 წლის 16 ივნისის წერილით 15 ივნისიდან შეწყვიტა მოპასუხესთან ხელშეკრულება.
1.2. მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს შემკვეთის მიმართ და მოითხოვა ვალდებულების ურთიერთგაქვითვის გზით თავდაპირველი მოსარჩელისათვის 45 488,67 ლარის დაკისრება.
1.2.1. შეგებებული სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებისას აღმოჩნდა, რომ არსებული რეალობა არ შეესაბამებოდა პროექტის, ხარჯთაღრიცხვისა და მოცულობის მონაცემებს. აღნიშნულის შესახებ შემკვეთს ეცნობა 2015 წლის 11 მაისს, რომელმაც დაადასტურა ხარვეზის არსებობა და დაპირდა მენარდეს პროექტის შესწორებასა და ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებას, თუმცა, დაპირება არ შეუსრულებია, მან ჩაიბარა მხოლოდ 38 106,52 ლარის ღირებულების სამუშაოები, ხოლო, 16 583,24 ლარის ღირებულების შესრულების ჩაბარებზე განაცხადა უარი. მენარდემ შეასრულა მათ შორის ის სამუშაოები, რომლებიც არ იყო გათვალისწინებული პროექტით. სამუშაოების შესრულების ღირებულებას ადასტურებს სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 24 სექტემბრის დასკვნა.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხემ თავდაპირველი სარჩელი არ ცნო და მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი წარადგინა, რომელშიც მითითებულია პროექტით გათვალისწინებული სამუშაოებისა და ფაქტობრივი ვითარების ურთიერთშეუსაბამობის შესახებ. მიუხედავად დაპირებისა, შემკვეთმა არ შეიტანა ცვლილებები ხელშეკრულებაში და შეწყვიტა იგი, ასევე, უარი განაცხადა შესრულებული სამუშაოების ნაწილის ჩაბარებაზე. შემკვეთმა ავანსად გადაცემული თანხის ნახევარი დაიბრუნა საბანკო გარანტიის საფუძველზე, ასევე, მოითხოვა დამატებით 10 000 ლარი, რისი უფლებაც არ გააჩნდა, რადგანაც მენარდეს ვალდებულება არ დაურღვევია, გარდა ამისა, მოპასუხემ უსაფუძვლოდ მიიჩნია პირგასამტეხლოს დაკისრებაც;
2.2. შემკვეთმა ასევე არ ცნო შეგებებული სარჩელი და განმარტა, რომ მენარდემ დაარღვია ვალდებულების შესრულების ვადა, მან სამუშაოების წარმოება დაიწყო დაგვიანებით. შეგებებულ სარჩელზე მოპასუხემ მართლაც გამოთქვა თანხმობა, ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე იმ პირობებში, თუ მენარდე წარადგენდა ვადაგაგრძელებული ხელშეკრულების უზრუნველყოფისა და საავანსო ანგარიშსსწორების საბანკო გარანტიებს. შემკვეთის განმარტებით, ხელშეკრულება ითვალისწინებდა შეთანხმებული თანხის, ასევე _ გაუთვალისწინებელი ხარჯის ანაზღაურებას, რომელიც ხელშეკრულების ღირებულების 3%-ს შეადგენდა. ვინაიდან ხელშეკრულების ღირებულების ზემოთ შესრულებულ იქნა 38 106,52 ლარის სამუშაოები, რაც აღემატება შეთანხმებულ 3%-ს, ამ თანხას შემკვეთი ვერ გადაიხდის. რაც შეეხება 59 298,30 და 10 000 ლარს, ის სწორად იქნა მოთხოვნილი თავდაპირველი მოსარჩელის მხრიდან, რადგანაც ეს თანხა განსაზღვრული იყო ხელშეკრულების უზრუნველყოფისათვის.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მენარდეს შემკვეთის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს _ 5 890,5 ლარის (27 დღის ვადაგადაცილებისთვის, თითოეულ დღეზე _ შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0,07%) გადახდა, ამავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი და შემკვეთს მენარდის სასარგებლოდ დაეკისრა 45 488,67 ლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შემკვეთმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე, მენარდისათვის აპელანტის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს _ 10 673,69 ლარის დაკისრება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
აღნიშნული საქმე განხილულ იქნა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ. თავდაპირველად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, შემკვეთის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მენარდეს მის სასარგებლოდ დაეკისრა 21 192 ლარის, ასევე, პირგასამტეხლოს _ 1 067 ლარის გადახდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რა შპს „ზ-ოს“ საკასაციო საჩივარი, სრულად გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საბოლოოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: შპს „ზ-ოს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის სახით დაეკისრა 32,01 ლარის გადახდა, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, შპს „ზ-ოსათვის“ პირგასამტეხლოს სახით 1 067 ლარის გადახდევინების, ასევე - შპს „ზ-ოს“ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. თავდაპირველ მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 1 364,66 ლარის გადახდა, შპს „ზ-ოს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა ზედმეტად გადახდილი 635,74 ლარი, ხოლო, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 3 512 ლარის გადახდა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი, ასევე, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. სააპელაციო პალატამ მიუთითა ამავე სასამართლოს 2016 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 დეკემბრის განჩინებაზე და აღნიშნა, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება შპს „ზ-ოსთვის“ 1 067 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდევინების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში; ეს გადაწყვეტილება, პირგასამტეხლოს სახით 5 890,5 ლარის გადახდევინების ნაწილში, შპს „ზ-ოს“ სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია; ამდენად, იგი საკასაციო წესით ვეღარ იდავებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით მისთვის პირგასამტეხლოს სახით 1 067 ლარის გადახდის დაკისრებაზე, შესაბამისად, უნდა ჩაითვალოს, რომ მხარეთა შორის 2014 წლის 26 დეკემბრის ხელშეკრულების შეწყვეტაში შპს „ზ-ოს“ ბრალეულობა და მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლების არსებობა უდავოა;
1.2.2. შპს „ზ-ოს“, მხარეთა შორის 2014 წლის 26 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, გამგეობის სასარგებლოდ უნდა შეესრულებინა 395 321,97 ლარის სოფელ ბ-ისა და ს-ის სასმელი წყლის რეზერვუარებისა და სოფლის შიდა ქსელის სისტემების პირველი ეტაპის სამუშაოები 2015 წლის 18 მაისამდე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ვადის დარღვევის გამო, შემსრულებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით. ამასთან, შემკვეთი აკონტროლებდა სამუშაოების წარმოებას (მათ შორის - ხარისხს) თავის მიერვე შექმნილი ჯგუფის მეშვეობით, ხოლო შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება უნდა მომხდარიყო ექსპერტიზის დადებითი დასკვნის, მიღება-ჩაბარების აქტისა და სათანადო საბუთების წარდგენიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში. გამგეობამ შპს „ზ-ოს“ 2014 წლის 31 დეკემბერს ავანსის სახით გადაუხადა 118.596 ლარი. შპს „ზ-ომ“, გამგეობის სასარგებლოდ, ფაქტობრივად შეასრულა 94 786,37 ლარის ღირებულების სამუშაოები, საიდანაც გამგეობამ მიიღო მხოლოდ 38 106,52 ლარის ღირებულების სამუშაოები. თავად გამგეობის მიერ სამუშაოთა წარმოების პროცესზე ზედამხედველად დანიშნულმა პირმა - მერაბ ზაბახიძემ დაადასტურა, რომ შპს „ზ-ოს“ მიერ შესრულებული სამუშაოები, მართალია, ხარჯთაღრიცხვითა და პროექტით არ იყო განსაზღვრული, თუმცა, ისინი მოიაზრებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებში და შესრულებულია სრული მოცულობით, მაღალი ხარისხით, რის გამოც ექვემდებარება ანაზღაურებას. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „ზ-ოს“ მიერ ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილ იქნა სს „ს-ის“ მიერ 2014 წლის 19 დეკემბერს გაცემული #ADV34723-14 (200 000 ლარის ოდენობით, გაიცა შპს „ზ-ოსათვის“ წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსის) უზრუნველყოფისათვის) და #PE34722-14 (უზრუნველყოფილ იქნა შპს „ზ-ოს“ მიერ უშუალოდ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება) საბანკო გარანტიებით, ამასთან, #ADV34723-14 საბანკო გარანტიაში მითითებულია, რომ იგი ძალაში შედიოდა ბენეფიციარის (ანუ გამგეობის) დავალებით სს „ს-ში“ პრინციპალის (ანუ შპს „ზ-ოს“) #GE81- საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხის პროპორციულად. შპს „ზ-ოსთვის“ ავანსად გადახდილი 118 596 ლარიც სწორედ ამ საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა;
1.2.3. გამგეობამ 2015 წლის 15 ივნისიდან ცალმხრივად შეწყვიტა 2014 წლის 26 დეკემბრის ხელშეკრულება. სს „ს-ის“ 2015 წლის 25 ივნისის საგადახდო დავალებების თანახმად, გამგეობისათვის, საბანკო გარანტიების საფუძველზე, გადახდილ იქნა 59 298,3 ლარი და 10 000 ლარი, ამდენად, ავანსის სახით ჩარიცხული 118 596 ლარიდან გამგეობამ უკან დაიბრუნა 69 298,3 ლარი, რის შემდეგაც, დღეის მდგომარეობით, შპს „ზ-ოს“ საბანკო ანგარიშზე, ავანსის თანხიდან დარჩენილია 49 297,7 ლარი;
1.2.4. მხარეთა შორის სადავო იყო, თუ რა ღირებულების სამუშაო შეასრულა შპს „ზ-ომ“, იყო თუ არა ეს სამუშაოები ხელშეკრულებით (ხარჯთაღრიცხვით) გათვალისწინებული და ექვემდებარებოდა თუ არა ის ანაზღაურებას სრულად. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #005671815 დასკვნის (სსსკ-ის 380-ე (2) მუხლის შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება აღნიშნული დასკვნის დაგვიანებით წარმოდგენის შესახებ, რადგან აპელანტს ამ გარემოებაზე რაიონულ სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში არ მიუთითებია), ფარული სამუშაოს აქტებისა და მერაბ ზაბახიძის განმარტებების (რომელიც, ხელშეკრულების შესაბამისად, იყო გამგეობისაგან დანიშნული სამუშაოთა წარმოების პროცესზე ზედამხედველ პირად და ასევე სასამართლოში საქმის განხილვისას იყო გამგეობის წარმომადგენელი) თანახმად, მენარდემ შემკვეთის სასარგებლოდ ფაქტობრივად შეასრულა 94 786,37 ლარის ღირებულების სამუშაოები, რომლებიც შეთანხმებული და მოწონებულიც იქნა შემკვეთის მიერ, შესაბამისად, ავანსის თანხიდან შპს „ზ-ოს“ განკარგულებაში დარჩენილი თანხის - 49.297,7 ლარის გათვალისწინებით, გამოდის, რომ მენარდის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან (94.786,37 ლარი) აუნაზღაურებელია სწორედ შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი თანხა - 45.488,67 ლარი (94.786,37 – 49.297,7).
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:
1.4.1. როგორც პირველი ინსტანციის, ისე - სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მენარდემ მნიშვნელოვნად გადააჭარბა ხარჯთაღრიცხვას და ეს შეთანხმებული არ ყოფილა შემკვეთთან, ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბებას ითვალისწინებდა ხელშეკრულება, მენარდისათვის 2014 წლის 26 დეკემბერსვე იყო ცნობილი, რომ გადაჭარბების შემთხვევაში, მას შემკვეთისაგან შეეძლო მოეთხოვა არა უმეტეს შესყიდვის ობიექტის ღირებულების 3%-ის - 5 757 ლარის ანაზღაურება;
1.4.2. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მენარდეს პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 5 890,5 ლარის გადახდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, მუნიციალიტეტის გამგეობის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, შპს „ზ-ოსათვის“ პირგასამტეხლოს - 1 067 ლარის გადახდევინების, ასევე - შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, შესაბამისად, გაუგებარია, როგორ შეიცვალა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს განსაზღვრის ნაწილში.
1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორების ზემოხსენებულ პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოების დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მიღებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. პალატა დამატებით რამდენიმე საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას:
1.5.1. შემკვეთის საკასაციო მოთხოვნას წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. პალატა აღნიშნავს, რომ 21 192 ლარის მენარდისათვის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად, ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და ამავე კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, იგი საკასაციო განხილვის საგანი ვერ გახდება.
1.5.2. რაც შეეხება ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების საკითხს, პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლზე, რომელიც არეგულირებს მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების შედეგებს და დადგენილია, რომ (1) თუ მენარდე მიახლოებით ხარჯთაღრიცხვას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, მას შეუძლია, მოითხოვოს მხოლოდ შეთანხმებული საზღაური, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გადახარჯვების წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო. (2) მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის ისეთი გაზრდის შესახებ, რომლის გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო ხელშეკრულების დადებისას, მენარდემ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს შემკვეთს. თუ შემკვეთი წყვეტს ხელშეკრულებას ხარჯთაღრიცხვის გაზრდის გამო, მაშინ იგი ვალდებულია, აანაზღაუროს შესრულებული სამუშაო მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის წინასწარ გაუთვალისწინებელი მნიშვნელოვანი გადაჭარბების დროს კანონი მენარდეს ავალდებულებს, წინასწარ აცნობოს შემკვეთს, რომელსაც, თავის მხრივ, ხარჯთაღრიცხვის გაზრდის გამო, უფლება აქვს, უარი თქვას ხელშეკრულებაზე და აანაზღაუროს მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, ხოლო, თუკი მენარდე არ დაიცავს წინასწარი ინფორმირების ვალდებულებას, ის კარგავს უფლებას, მოითხოვოს გადაჭარბებული ანაზღაურება. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და კასატორს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ შემკვეთის უფლებამოსილი პირისათვის ცნობილი იყო გაუთვალისწინებელი ფარული სამუშაოების არსებობის შესახებ, მან ეს სამუშაოები მოიწონა და ხელშეკრულება ამ საფუძვლით არ შეუწყვეტია, შესაბამისად, ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბებული ოდენობის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად ვეღარ იქნება განხილული მხარის მითითება სახელშეკრულებო 3%-იან განაკვეთზე.
1.5.3. სასამართლო ასევე არ იზიარებს მხარის პრეტენზიას მენარდისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და განმარტავს, რომ სწორედ შემკვეთის სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შეამცირა სააპელაციო სასამართლომ 2015 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით რაიონული სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლო 0,07%-დან 0,01%-მდე, გადაწყვეტილების ეს ნაწილი გამგეობას, რომლის წინააღმდეგაც იქნა იგი გამოტანილი, საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, შესულია კანონიერ ძალაში და როგორც ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.5.1. პუნქტშია აღნიშნული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ვერ იქნება გადასინჯული საკასაციო სასამართლოს მიერ.
1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების, ასევე, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი