საქმე №ას-1216-2018 5 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ო-ი“ (შემდგომში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს-ი“ (შემდგომში – მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „ს-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე, აპელანტი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ო-ის“ (შემდგომში – მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ 2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდისთვის დარიცხული დავალიანების – 52 344 ლარის გადახდის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2006 წლის 23 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გასატარებლად გამოყოფილ სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობისთვის ერთ ადგილზე ყოველ სრულ და არასრულ 1 კმ 15მმ დიამეტრის კაბელზე იხდიდა 70 ლარს დღგ-ს ჩათვლით. ხელშეკრულების 3.5 პირობის თანახმად, ტარიფის ცვლილება უნდა მომხდარიყო მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებით, რის შესახებაც მხარეები ერთმანეთს აცნობებდნენ წერილობით 30 დღით ადრე. ხელშეკრულება დაიდო 20 წლის ვადით.
3. 2011 წლის 18 მარტს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მოსარჩელის ახალი ოფერტი, რომლითაც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 15მმ-მდე დიამეტრის კაბელის დაშვების ტარიფი შეადგენდა 70 ლარს დღგ-ს ჩათვლით, რაც ემთხვეოდა მანამდე მოქმედი ოფერტით გამოქვეყნებულ ტარიფებს. აღნიშნული ოფერტის №1 დანართი ითვალისწინებდა მომსახურების მიმღები ოპერატორის უპირობო აქცეპტის ვალდებულებას. ოფერტის თანახმად, მოპასუხეს გაეგზავნა მიმართვა თანდართული ხელშეკრულებით, რაზეც მოპასუხეს ხელი არ მოუწერია, არც შენიშვნები გაუგზავნია და მოსარჩელემ დაიწყო მომსახურების გაწევა აღნიშნული ოფერტით დადგენილი ტარიფით.
4. 2012 წლის 8 ნოემბერს კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მოსარჩელის ელექტრონული კანალიზაციის არხებთან დაშვების ახალი მოწვევის ოფერტი, რომლის №2 დანართის შესაბამისად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 15მმ-მდე დიამეტრის კაბელის დაშვების ტარიფს შეადგენდა 266,4 ლარი დღგ-ს. აღნიშნული ოფერტიც ითვალისწინებდა მომსახურების მიმღები ოპერატორის უპირობო აქცეპტის ვალდებულებას, ხოლო მათი დუმილი (წერილობითი უარის არარსებობა) ითვლებოდა ახალი მოწვევის ოფერტით გათვალისწინებული პირობების თანხმობად.
5. მიუხედავად აღნიშნულისა მოპასუხის მიერ მოსარჩელესთან ანგარიშსწორება ხდებოდა 2006 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 70-ლარიანი ტარიფით. შესაბამისად, 2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის სექტემბრამდე პერიოდისთვის მოპასუხის დავალიანებამ მოსარჩელის მიმართ შეადგინა 52344 ლარი.
მოპასუხის პოზიცია:
6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2010 წლის 12 მარტის წერილით ეცნობა, რომ მას მომსახურებას გაუწევდა მოსარჩელე. აღნიშნული წერილით და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე მოპასუხემ განაგრძო სახელშეკრულებო ურთიერთობა მოსარჩელესთან. მომსახურების მიღება და ანგარიშსწორება გაგრძელდა 2006 წლის 23 ივნისის სახელშეკრულებო პირობებით. ამდენად, მოხდა ხელშეკრულების სხვა მხარის ჩანაცვლება მოსარჩელით.
7. 2014 წლიდან მოსარჩელე პერმანენტულად ცდილობდა, მომსახურების ღირებულების თვითნებურად, ცალმხრივად შეცვლას, რაზეც მოპასუხემ წერილობით ატყობინებდა, რომ მხარეებს შორის მოქმედი ხელშეკრულებით მომსახურების ღირებულის შეცვლა ანდა ნებისმიერი ცვლილება დასაშვები იყო მხოლოდ ორმხრივი შეთანხმებით.
8. 2016 წლის 18 თებერვალს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა, განემარტოს მოპასუხეს რომ, თუ სურს ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების მომსახურების მიღება, იგი ვალდებულია, უპირობოდ დაეთანხმოს მოსარჩელის მოწვევის ახალ ოფერტს და გააფორმოს დაშვების ახალი ხელშეკრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეუწყდება დაშვების მომსახურების მიწოდება. კომისიის 2016 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სასამართლოში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ დაკმაყოფილდა, შეჩერდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული საქმის წარმოება (საქმე №2ბ/2582-18; მოწინააღმდეგე მხარე – მოპასუხე, დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებულ სამოქალაქო №3/2227-16 საქმეზე, სადაც მოსარჩელეა ამჟამინდელი მოპასუხე, ხოლო მოპასუხეა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, დავის საგანი –ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, მითითებულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 372-ე მუხლის, 215-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტისა და 281-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა ის გარემოება, რომ საქართველოს კომუნიკაციის ეროვნულმა კომისიამ განიხილა და გადაწყვიტა მხარეთა შორის დავა ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების წინადადების (ოფერტის) პირობების დაუცველობისა და მომსახურების შეწყვეტასთან დაკავშირებით. კომისიის 2016 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა ადმინისტრაციული წესით.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
13. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს განეკუთვნება, მასზე ვრცელდება სპეციალური კანონის – „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაციები. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობას არეგულირებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომლის ერთერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში (იხ. კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი).
14. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა ურთიერთობის დარეგულირებაზე კანონით უფლებამოსილ ორგანოს ნამსჯელი აქვს განსახილველი დავისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხებზე და ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ დავაზე საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
15. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ შუამდგომლობა საფუძვლიანიდ ჩათვალა და დააკმაყოფილა.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
17. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სსსკ-ის 380-ე მუხლი ზღუდავს მხარის უფლებას, მიუთითოს ახალ ფაქტებზე და წარადგინოს ახალი მტკიცებულებები სააპელაციო ინსტანციაში, თუ მას ჰქონდა ამის შესაძლებლობა პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას.
18. მოცემულ შემთხვევაში საქმის წარმოების შეჩერებას სააპელაციო პალატამ საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ მხარის მიერ გასაჩივრებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც კომისიამ განიხილა და გადაწყვიტა დავა მხარეებს შორის. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 1 მარტის №125/16 გადაწყვეტილება მოპასუხემ სასამართლოში გაასაჩივრა 2016 წლის 23 მარტს. სარჩელის წარმოებაში მიღებულ იქნა 2016 წლის 25 მაისს. საქმეში მესამე პირად ჩაება მოსარჩელე, რომელმაც 2016 წლის 17 ივნისს ადმინისტრაციულ სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, ამდენად, ამ დროისათვის მისთვის ცნობილი იყო მიმდინარე დავის შესახებ. სამოქალაქო სარჩელი მოსარჩელემ წარადგინა 2017 წლის 25 აპრილს, ხოლო მოპასუხეს საქმის წარმოების შეჩერება არ მოუთხოვია. შესაბამისად, მხარის შუამდგომლობა დაუშვებელი და დაუსაბუთებელია.
19. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ საქმის წარმოება შეაჩერა მხოლოდ აპელანტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილისა და ადმინისტრაციული ორგანოს აქტის საფუძველზე, თუმცა პალატას არ გააჩნდა რაიმე მტკიცებულება, თუ რას ემყარებოდა მოსარჩელის მოთხოვნა აქტის უკანონობისა და ბათილად ცნობის შესახებ, რა ფარგლებში იმსჯელებდა ადმინისტრაციული სასამართლო და რამდენად შეეძლო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ზეგავლენა მოეხდინა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის შედეგზე.
20. მხარის მითითებით, ადმინისტრაციული სარჩელის უმთავრესი საფუძველია ის გარემოება, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია არ იყო უფლებამოსილი, განეხილა მხარეთა შორის მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კერძოდ, ადმინისტრაციულ სარჩელში მოპასუხემ იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-11 და 36-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ გააჩნდა უფლებამოსილება, დაედგინა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მოქმედების ან შეწყვეტის ფაქტი, მით უფრო ფინანსური ვალდებულებანი. კომისიისათვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების საფუძველზე მხარეებს შორის არსებული სამოქალაქო-სამართლებრივი ქონებრივი დავების გადაწყვეტა არ არის მისი ფუნქცია. უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის მითითება მხარეთა შორის არსებული სპეციალური კანონის („ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“) გავრცელების გამო, კომისიის გადაწყვეტილების მნიშვნელობის თაობაზე. მხარეთა შორის დავა გამომდინარეობს სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობიდან. ის გარემოება, რომ სპეციალური კანონით დადგენილია რეგულაციები, არ გულისხმობს მხარეებს შორის სადავო ურთიერთობის კერძოდან საჯარო-სამართლებრივ სივრცეში გადასვლას.
21. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატის მიერ საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი გახდა არა სხვა დავის გამო მოცემული საქმის განხილვის შეუძლებლობა, არამედ სასამართლომ აპელანტს საშუალება მისცა, მოეპოვებინა დამატებითი მტკიცებულება ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილების სახით, რაც დაშვებელია და ეწინააღმდეგება მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებს. თუ მხარე საკუთარი ძალებით ვერ ახერხებდა მტკიცებულების მოპოვებას, მას პირველი ინსტანციის სასამართლოში უნდა ეშუამდგომლა მისი გამოთხოვის თაობაზე.
22. ამასთან, მხარემ აღნიშნა, რომ სამოქალაქო სარჩელი აღძრა მოსარჩელემ და სარჩელის მართლზომიერების მტკიცება მისი ვალდებულება იყო. თუკი არსებობდა საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი, ეს შეიძლებოდა ადმინისტრაციულ სასამართლოში მომხდარიყო.
23. კერძო საჩივრის ავტორმა ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის მხრიდან წარდგენილ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 ივლისის განჩინებაზე, რომელიც შეეხებოდა ამავე მოპასუხის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით სხვა შპს-ს მიერ აღძრულ სარჩელს. წინამდებარე სარჩელში მოყვანილი გარემოებები იდენტურია. მოსარჩელე უთითებდა, რომ ახალი მოწვევის ოფერტმა შეცვალა მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა და მოპასუხე ვალდებული იყო, ანგარიშსწორება მოეხდინა ახალი ტარიფით. სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი და განმარტა, რომ როდესაც მხარეთა შორის არსებობს წერილობითი სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც არ ითვალისწინებს მასში ცალმხრივად ცვლილების შეტანას, ნებისმიერი ცვლილება უნდა განხორციელდეს ორმხრივი წერილობითი შეთანხმებით.
24. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ გაუმართლებლად საქმის წარმოების შეჩერებით სააპელაციო პალატამ ხელი შეუწყო აპელანტს დაუსრულებელი და დროში განუსაზღვრელი სახე მიეცა განსახილველი საქმისათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
25. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
26. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერების კანონიერება.
27. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების პროცესში შესაძლებელია, შეიქმნას იმგვარი ფაქტობრივი ვითარება, რომელთა არსებობის პირობებში შეუძლებელია ან არ არის მიზანშეწონილი დავის განხილვა და გადაწყვეტა.
29. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა გამოყოფს შემთხვევებს, როდესაც სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება, საპროცესო კოდექსით პირდაპირ განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას და როცა სასამართლო არ არის ვალდებული, მაგრამ უფლებამოსილია, შეაჩეროს საქმის წარმოება.
30. საქმის წარმოების შეჩერების ფაკულტატური შემთხვევებისას სასამართლოს მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, რომ ობიექტური შეფასების საფუძველზე, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ესა თუ ის საპროცესო ინსტიტუტი.
31. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო ხასიათი მდგომარეობს შემდეგში:
32. სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე შესაძლებელია, პარალელურად მიმდინარეობდეს სხვა საქმის განხილვა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით, რომლის გადაწყვეტამდე შეუძლებელი იყო მოცემული საქმის განხილვა.
33. ნორმატიული დათქმა – საქმის განხილვის შეუძლებლობა სხვა საქმის გადაწყვეტამდე, გამომდინარეობს სასამართლო დავის განხილვის სამართლებრივი ბუნების ლოგიკიდან, კერძოდ, ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების, ანუ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.
34. მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია ისეთ საპროცესო ინსტიტუტთან, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, ასევე, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის – საპროცესო ეკონომიის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა.
35. სხვა სამართალწარმოებით (წარმოებით) საქმის განხილვისას სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა რიგ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას, რამდენადაც ფაქტები, რომლებიც უნდა დადგინდეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით განხილვისას, ვერ იქნება გამორკვეული, შეფასებული და დადგენილი კონკრეტული საქმის წარმოებისას, ამავდროულად, ამ ფაქტების დადგენამდე შეუძლებელი უნდა იყოს საქმის განხილვა (სუსგ 9.10.2014წ. საქმე №ას-212-197-2014).
36. ამდენად, სხვა სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავის განხილვამდე საქმის წარმოების შეჩერება დაკავშირებულია მითითებულ საქმეზე გამოსაკვლევი იდენტური ფაქტობრივი გარემოებების დადგენასა და არა ფაქტების სამართლებრივ შეფასებასთან.
37. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა და მხარეები სადავოდ არ ხდიან ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ საქართველოს კომუნიკაციის ეროვნულმა კომისიამ განიხილა და გადაწყვიტა მხარეთა შორის დავა ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების წინადადების (ოფერტის) პირობების დაუცველობისა და მომსახურების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
38. აღნიშნული კომისიის 2016 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
39. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
40. განსახილველი სამოქალაქო დავა გამომდინარეობს მხარეებს შორის არსებული სწორედ იმ ხელშეკრულების პირობებიდან და შესასრულებელი ფინანსური ვალდებულებებიდან, რომელიც ზემოაღნიშნული კომისიისა და შემდგომ ადმინისტრაციული სასამართლოს მსჯელობის საგანი გახდა. აღნიშნული კი ექცევა სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საპროცესო-სამართლებრივ რეგულირების სფეროში და საქმის წარმოების შეჩერების საჭიროებას განაპირობებს.
41. იურიდულად დასაბუთებულია სააპელაციო პალატის პოზიცია, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს განეკუთვნება, რომელიც, თავის მხრივ, რეგულირდება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ სპეციალური კანონის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში კომისიამ ზემოაღნიშნულ ნორმატიულ ბაზაზე განიხილა მხარეთა დავა, რა დროსაც დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება კი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მიმდინარეობს.
42. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარში დასმული საკითხი იმის შესახებ, გააჩნდა თუ არა საქართველოს კომუნიკაციის ეროვნულ კომისიას მხარეებს შორის მოცემული დავის განხილვის კომპეტენცია და უფლებამოსილება, სადავოდ შეიძლება გახდეს სასამართლოში მიმდინარე ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში.
43. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატას არ გააჩნდა მოცემული საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ წარუდგინა ისეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ადმინისტრაციული დავის დასრულებამდე მოცემული სამოქალაქო საქმის განხილვის შეუძლებლობას. ასევე უსაფუძვლოა მოპასუხის არგუმენტი, რომ საქმის წარმოების შეჩერებით სააპელაციო სასამართლო დაეხმარა მოსარჩელეს მისი სასარგებლო მტკიცებულების მოპოვებაში.
44. კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება მოპასუხის მოსაზრება, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მიმდინარე დავის შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, შესაბამისად, სსსკ-ის 380-ე მუხლის თანახმად, მის მიერ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის წარდგენა სააპელაციო პალატისათვის კანონდარღვევით მოხდა.
45. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 380-ე მუხლი ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ახალი მტკიცებულების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც საპატიო მიზეზის არსებობის დადასტურებისას, თუმცა მითითებული კანონის დანაწესი შეეხება სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ ახალ ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენის საპროცესო-სამართლებრივ შეზღუდვებს. რაც შეეხება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობასა და მის დასასაბუთებლად წარდგენილ მტკიცებულებებს, აღნიშნული შუამდგომლობით მხარეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.
46. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
47. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ო-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე