Facebook Twitter

საქმე №ას-1037-2018 5 ოქტომბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ა. ლ–ი, ლ. ლ–ი, ი. ლ–ი, ი. ვ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ც. ა–ი (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - ა. ლ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ც. ა–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ლ–ის, ლ. ლ–ის, ი. ლ–ის, ი. ვ–ის და ა. ლ–ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

მოპასუხეებმა ა. ლ–მა, ლ. ლ–მა, ი. ლ–მა და ი. ვ–მა სარჩელი არ ცნეს, ა. ლ–ს შესაგებელი არ წარუდგენია.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. ლ–მა, ლ. ლ–მა, ი. ლ–მა და ი. ვ–მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ა. ლ–მა, ლ. ლ–მა, ი. ლ–მა და ი. ვ–მა წარადგინეს საჩივარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაზეც საკასაციო საჩივარი წარადგინეს ა. ლ–მა, ლ. ლ–მა, ი. ლ–მა და ი. ვ–მა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განჩინებით ა. ლ–ს, ლ. ლ–ს, ი. ლ–ს და ი. ვ–ს დაევალათ, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი; ბ) ი. ვ–ის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი; გ) სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში საკასაციო საჩივრის ავტორებმა განცხადებით მომართეს საკასაციო სასამართლოს და იშუამდგომლეს ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის გაგრძელების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინებით ა. ლ–ის, ლ. ლ–ის, ი. ლ–ის და ი. ვ–ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა 3 (სამი) დღით.

სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორებმა მომართეს უზენაეს სასამართლოს განცხადებით და კვლავ მოითხოვეს დამატებითი დრო ხარვეზის შესავსებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინებით ა. ლ–ის, ლ. ლ–ის, ი. ლ–ის და ი. ვ–ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა. კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა და დაევალათ, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი; ბ) ი. ვ–ის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი; გ) სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორებს გაეგზავნათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებებით დგინდება რომ, ი. ვ–ის სახელზე გაგზავნილი გზავნილი 2018 წლის 26 სექტემბერს ჩაბარდა პირადად ადრესატს. იმავე დღეს ი. ვ–მა ასევე ჩაიბარა ა. ლ–ის და ლ. ლ–ის სახელზე გაგზავნილი გზავნილი, როგორც მათმა რძალმა, ხოლო ი. ლ–ის სახელზე გაგზავნილი გზავნილი, როგორც მისმა მეუღლემ (ტ. 2 ს.ფ. 210-213).

ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში კასატორებმა შუამდგომლობით მომართეს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს დამატებითი დრო სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის იმ საფუძვლით, რომ აქვთ მძიმე ეკონომიური მდგომარეობა, თუმცა მათ სასამართლოსთვის არ წარმოუდგენიათ რაიმე დოკუმენტი, რაც განცხადებაში მითითებულ გარემოებას დაადასტურებდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარეს გაუგრძელოს მის მიერ დადგენილი ვადა ობიექტური გარემოებების არსებობისას. კასატორმა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, უნდა დაადასტუროს თავისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია შეავსოს ხარვეზი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ.

განსახილველ შემთხვევაში კასატორები სასამართლოს წინაშე შუამდგომლობენ საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე ისე, რომ მათ არ წარმოუდგენიათ სასამართლოსათვის მათი ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გაეგრძელებინა მის მიერ დანიშნული საპროცესო ვადა. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იმსჯელა კასატორების შუამდგომლობაზე საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე და 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინებით დააკმაყოფილა იგი და კასატორებს გაუგრძელა საპროცესო ვადა ხარვეზის შევსებისათვის. ამავე განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ, თუ მითითებულ ვადაში ხარვეზი სრულყოფილად არ გამოსწორდებოდა, საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის შესაბამისად და დარჩებოდა განუხილველი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულებელყოფა.

ამრიგად, სასამართლო თვლის, რომ შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა. ლ–ის, ლ. ლ–ის, ი. ლ–ის და ი. ვ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და ამავე სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განჩინებაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნინო ბაქაქური