საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-159-149-2017 31 ივლისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ვ. რ-ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ჯ-ე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – quTaisis saapelacio sasamarTlos სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 wlis 9 noembris gadawyvetileba
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, უარი ეთქვას ნ. ჯ-ეს 8025 აშშ დოლარის დაკმაყოფილების ნაწილში, ალიმენტის ოდენობა შემცირდეს 100 ლარით და ბავშვის ნახვის დღედ განისაზღვროს ყოველი კვირის შაბათი დღე
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება, არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის დადგენა და თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ. ჯ-ე (შემდეგში: მოსარჩელე ან ბავშვის დედა) და ვ. რ-ი (შემდეგში: ბავშვის მამა, მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) 2012 წლის 18 აპრილიდან 2015 წლის 28 მაისამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში (იხ. ქორწინებისა და განქორწინების მოწმობები, ტ. 2, ს.ფ. 16; 122).
2. მოსარჩელესა და მოპასუხეს 2012 წლის 25 ივლისს შეეძინათ შვილი - ნ. რ-ი (შემდეგში: არასრულწლოვანი ან ბავშვი; იხ. დაბადების მოწმობა, ტ.2, ს.ფ.17).
3. მხარეების დაშორების შემდეგ, ბავშვი დედასთან ერთად ცხოვრობს.
4. სსიპ ,,ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა“ და სსიპ ,,საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში“ მოპასუხე სალექციო კურსს კითხულობს. იგი შპს ,,აჭარა ინვესტმენთ გრუპის“ 33.34 %-იანი წილის მფლობელი და საწარმოს დირექტორია (იხ. ტ.2, ს.ფ. 34-35, 44, 88-91).
5. არასრულწლოვანის მამასა (მოპასუხესა) და ლ. გ-ეს შორის, 2014 წლის 17 თებერვალს, ოთხი თვის ვადით - 2014 წლის 17 ივნისამდე გაფორმდა ხელშეკრულება ქ. ბათუმში, ჰ. ა-ის ქ, №72/40 ბ. 21-ში მდებარე უძრავი ქონების ნასყიდობაზე გამოსყიდვის უფლებით. ხელშეკრულების მიხედვით, ლ. გ--ემ, მოპასუხეს გამოსყიდვის უფლებით 16 050 აშშ დოლარად მიჰყიდა კუთვნილი ქონება. ლ. გ-ემ 2014 წლის 17 ივნისამდე ქონება ვერ გამოისყიდა. 2015 წლის 9 თებერვალს, მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, ლ. გ-ეს 2015 წლის 18 აპრილამდე გაუგრძელდა უძრავი ქონების გამოსყიდვის ვადა. ამასთან, მოპასუხეს ხელშეკრულებაში ვ. დ-ი ჩაენაცვლა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გამოსასყიდი თანხა 16 050 აშშ დოლარის ნაცვლად იქნებოდა 16 625 აშშ დოლარი, ხოლო შესრულების მიღებაზე უფლებამოსილი პირი - ვ. დ-ი (იხ. ტ. 2, ს.ფ. 26-33).
6. ბავშვის მამამ 2014 წლის ივლისის თვეში, ი. ჯ-ისაგან ისესხა 6 000 აშშ დოლარი, ხოლო ვ. დ-ისაგან - 7 500 აშშ დოლარი (იხ. ტ. 2, ს.ფ. 69-70).
7. მოპასუხესა და მ. წ-ეს შორის, 2014 წლის 22 ივლისს, ოთხი თვის ვადით - 2014 წლის 21 ნოემბრამდე გაფორმდა ხელშეკრულება ქ. ბათუმში, ა. ა-ის ქ, №22-ში მდებარე უძრავი ქონების ნასყიდობაზე გამოსყიდვის უფლებით. ხელშეკრულების მიხედვით, მ. წ-ემ კუთვნილი ქონება 13 260 აშშ დოლარად მიჰყიდა მოპასუხეს, გამოსყიდვის უფლებით. აღნიშნული ქონება მ. წ-ემ 2015 წლის 15 იანვარს გამოისყიდა (იხ. ტ. 2, ს.ფ. 18-25).
8. სარჩელის საფუძვლები
8.1 არასრულწლოვანის დედამ 2015 წლის 8 აპრილს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაჰკისრებოდა ყოველთვიური ალიმენტის - 700 ლარის გადახდა ბავშვის სრულწლოვანებამდე. ასევე, მოითხოვა მეუღლეთა თანაცხოვრების დროს დაგროვილი თანხიდან კუთვნილი წილი - 14 942 აშშ დოლარი.
8.2 მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მეუღლესთან დაშორების შემდეგ, ის მშობლებთან ცხოვრობდა და შვილს მარტო ზრდიდა, მოპასუხე შვილის აღზრდა-განვითარებაში არ მონაწილეობდა.
8.3 მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხემ შეიძინა უძრავი ქონება, რომელიც შემდეგ 13 260 აშშ დოლარად გაასხვისა. გარდა ამისა, მოპასუხემ გამოსყიდვის უფლებით შეიძინა უძრავი ქონება, რომელიც ასევე გაასხვისა 16 625 აშშ დოლარად. ორივე ხელშეკრულებით განკარგული ქონების შემოსავალმა შეადგინა 29 885 აშშ დოლარი. მოსარჩელის განმარტებით, ქონების შეძენისა და გასხვისებისას მოსარჩელე და მოპასუხე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ, ამიტომ ქონების გასხვისების შედეგად მიღებული თანხა არის თანასაკუთრება, შესაბამისად თანხის ნახევარი მოსარჩელეს ეკუთვნოდა.
9. მოპასუხის შესაგებელი
9.1. მოპასუხემ მხოლოდ ალიმენტის - 150 ლარის დაკისრების ნაწილში ცნო სარჩელი, ხოლო სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებით განმარტა:
9.1.1. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს წელიწადში 10 თვის განმავლობაში და თვეში 390 ლარი ერიცხება; საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს წელიწადში 10 თვის განმავლობაში და თვეში 962 ლარი ერიცხება. სულ მისი შემოსავალი თვეში 1400 ლარამდეა, რასაც უნდა გამოაკლდეს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექციის წაკითხვისათვის თბილისში გამგზავრებისათვის გაწეული ხარჯები;
9.1.2. საწარმო, სადაც მოპასუხეს წილი აქვს და დირექტორადაა გაფორმებული, არ ფუნქციონირებს, ხოლო რაიმე სახის კომერციული ფართები, რაზედაც მოსარჩელე მიუთითებს, ბავშვის მამას არ გააჩნია;
9.1.3. თანაცხოვრების პერიოდში უძრავ ქონებებზე დადებულ გარიგებებში გამოყენებული თანხის ნაწილი არ იყო მისი საკუთრება, ნაწილი კი მოსარჩელესთან დაქორწინებამდე ჰქონდა;
9.1.4. მ. წ-ესთან 2014 წლის 22 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, სინამდვილეში სესხის ხელშეკრულებას წარმოადგენდა, რომლის საფუძველზეც მან, მ. წ-ეს ასესხა 13 200 აშშ დოლარი. 13 200 აშშ დოლარიდან 7 500 აშშ დოლარი - ვ. დ-ს, ხოლო 6 000 აშშ დოლარი ი. ჯ-ეს ეკუთვნოდა. მ. წ-ემ უძრავი ქონება გამოისყიდა;
9.1.5. მეორე ნასყიდობის ხელშეკრულება ლ. გ-ესთან დაიდო. ეს ხელშეკრულებაც სინამდვილეში სესხთან დაკავშირებული გარიგება იყო. ამ უკანასკნელმა შეთანხმებულ ვადაში თანხა ვერ დაუბრუნა, თუმცა, იმ მიზეზით, რომ მას გააჩნდა ვ. დ-ისა და ი. ჯ-ის ვალი, ამ ვალის გასტუმრების მიზნით, გამოსყიდვის ხელშეკრულებაში ჩაენაცვლა ვ. დ-ი, რომელმაც ი. ჯ-ეს პირადად გადაუხადა თანხა. შესაბამისად, უძრავი ქონების განკარგვიდან მიღებული თანხები არ წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას და ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლო იყო.
10. შეგებებული სარჩელის საფუძვლები
10.1. ბავშვის მამამ შეგებებული სარჩელი წარადგინა და მოითხოვა განსაზღვროდა არასრულწლოვანი შვილის ნახვის დღეები - კვირაში ორი დღე, ღამე დარჩენის უფლებით, ასევე, წელიწადში ერთხელ, ზაფხულის პერიოდში, ბავშვის დასასვენებლად წაყვანის უფლება მინიჭებოდა.
10.2. ბავშვის დედამ შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ ცნო და დაეთანხმა მამის მოთხოვნას, რომ ამ უკანასკნელს დედის თანდასწრებით მოენახულებინა შვილი, კვირაში ერთხელ - 12:00 -დან 15:00 საათამდე.
11. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
11.1 ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით არასრულწლოვანის დედის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, მოპასუხეს ყოველთვიურად გადასახდელად დაეკისრა ალიმენტი - 300 ლარი, ხოლო მეუღლეთა თანასაკუთრებიდან - 8 025 აშშ დოლარი; ამავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ბავშვის მამის (მოპასუხის) შეგებებული სარჩელი და მას ბავშვის ნახვისათვის დაუდგინდა დღეები: 6 წლის ასაკის მიღწევამდე - ყოველ კვირის ხუთშაბათს -17:00 საათიდან 20:00 საათამდე; შაბათს - 13:00 საათიდან 18:00 საათამდე; 6 წლიდან 10 წლამდე - ყოველ კვირის ხუთშაბათს, 17:00 საათიდან 20:00 საათამდე; ასევე ყოველი კვირის შაბათს - საღამოს 18:00 საათიდან კვირის 17:00 საათამდე, ღამით დარჩენის უფლებით; სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მამას შეუძლია 6 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ ბავშვი ყოველი წლის ზაფხულში დასასვენებლად წაიყვანოს ერთი თვით. თუ მხარეები ვადაზე ვერ შეთანხმდებიან ეს ვადა განისაზღვროს 15 ივლისიდან 15 აგვისტომდე პერიოდით; მამის შვილთან ურთიერთობის საკითხი, ბავშვის 10 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ გადაწყდეს მხარეთა შეთანხმებით. ასეთი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, დავა გადაწყდეს სასამართლო გადაწყვეტილებით, დაინტერესებული პირის სარჩელის საფუძველზე.
11.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1212-ე, 1202-ე, 1214-ე, 1230-ე, 1234-ე, 1158-ე, 1161-ე, 1164-ე, 1165-ე, 1197-ე, 1198-ე, 1199-ე მუხლებით, ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციით და განმარტა, რომ ალიმენტის გადახდევინების მიზანია არასრულწლოვანი ბავშვების დაცვა. მათთვის იმ სარჩოს მიღების გარანტიის შექმნა, რაც კანონით ერგებათ მშობლებისაგან. ბავშვის ინტერესების უპირატესობის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს იმ ოდენობის თანხა, რაც უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების მინიმუმს მაინც. ალიმენტის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, როგორც მშობლების ეკონომიკური მდგომარეობა, ისე - შვილის რჩენისათვის საჭირო თანხის გონივრული ოდენობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილებით განსაზღვრული 300 ლარი შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფდა არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალურ განვითარებას, რაც მოიცავდა მის განათლებას, უცხო ენის შესწავლას, ხელოვნების დარგებში მეცადინეობას, სპორტის დაუფლებასა და სხვა აუცილებელ ღონისძიებებს. სასამართლოს შეფასებით, ამ შედეგის მიღწევა, მოპასუხის მიერ მითითებული ალიმენტით- 150 ლარით შეუძლებელი იქნებოდა.
11.3 მტკიცებულებათა ანალიზით სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის თებერვლის თვეში, მოპასუხესა და ლ. გ-ეს შორის გამოსყიდვის უფლებით გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რეალურად პროცენტის გადახდის პირობით 16 050 აშშ დოლარზე დადებული სესხის ხელშეკრულება იყო. გ-ისათვის სესხად გადაცემული 16 050 აშშ დოლარი მხარეთა თანაცხოვრების პერიოდის დანაზოგი და მეუღლეთა თანასაკუთრება იყო (სსკ-ის 1158-ე მუხლი), რაც მოპასუხემ დამოუკიდებლად განკარგა. შესაბამისად, ამ თანხის ნახევრის დაკისრების თაობაზე ძირითადი მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 1164-ე მუხლის საფუძველზე დასაბუთებულად იქნა მიჩნეული და დაკმაყოფილდა.
11.4 სასამართლომ განმარტა, რომ დაუშვებელია, მეუღლეებს თანასაკუთრებად ჩაეთვალოთ ის თანხა, რომელიც ნასესხებია და ექვემდებარება დაბრუნებას (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი). ამიტომ, ძირითადი სარჩელი 13 200 აშშ დოლარიდან წილის მიკუთვნების თაობაზე უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული და არ დაკმაყოფილდა.
11.5 ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბავშვი მცირეწლოვანია, საქმის განხილვის მომენტისათვის სამი წლის და 5 თვისაა. საკითხის გადაწყვეტისას გათვალისწინებული იქნა მისი ასაკი, ოჯახის წევრებთან მიჩვევის, თანატოლებთან ურთიერთობის, ღამე დედის გარეშე სხვაგან დარჩენისას ფსიქოლოგიური განცდები და სხვა აუცილებელი საკითხები (შესაძლებელია დედის გარეშე ბავშვის სხვაგან დარჩენამ გამოიწვიოს ნეგატიური შედეგი), ამიტომ არასრულწლოვანის ნახვის დღეები შეზღუდულად იქნა გადაწყვეტილი.
12. მხარეთა სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
12.1 საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით თავდაპირველი სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
12.2 მოსარჩელის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა მოპასუხის მიერ ვ. დ-თან და ი. ჯ-ესთან სესხის ხელშკრულების დადების ფაქტი; მოწმეთა განმარტებებით დადასტურდა, რომ ორივე ხელშკრულება ფიქტიური ხასიათის იყო. სასამართლომ არასწორად დაადგინა იმ თანხის ოდენობა, რომელიც მოპასუხემ მ. წ-ეს გადასცა და შემდეგ დაიბრუნა მისგან, არ წარმოადგენდა მეუღლეთა თანაცხოვრების დროს დაგროვილ დოვლათს;
12.3 მოსარჩელის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ მოპასუხესა და ლ. გ-ეს შორის არა ნასყიდობის, არამედ სესხის ხელშეკრულება დაიდო, ამას ადასტურებდა წერილობითი მტკიცებულება - ნასყიდობის ხელშეკრულება და ამონაწერის საჯარო რეესტრიდან, შესაბამისად, გაურკვეველია, რა მტკიცებულებებს დაეყრდნო გასაჩივრებული გადაწყვეტილება;
12.4 მოსარჩელის მტკიცებით, სასამართლომ ჯეროვნად არ შეაფასა მოპასუხის შემოსავლები და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათ შორის, შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაცია.
12.5 მოპასუხის სააპელაციო პრეტენზიით, არასრულწლოვანს მასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ფაქტობრივად ბავშვს მამა ზრდიდა, ყოველთვის და ყველგან მის გვერდით იყო. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ ბავშვთან ურთიერთობის შესაძლებლობა მოპასუხეს ფაქტობრივად მოუსპო და თვეების განმავლობაში არ ჰქონდა საშუალება შვილთან შეხვედრის, სასამართლოს ჩარევის შემდეგ, ბავშვმა შეხვედრისას განსაკუთრებული სიყვარული გამოხატა მამისადმი და მასთან ღამისთევით დარჩენა მოითხოვა;
12.6 მოპასუხის მითითებით, მას შემოსავალთან ერთად, გააჩნია აუცილებელი ხარჯები, როგორიცაა თბილისში ტექნიკურ უნივესიტეტში ლექციების წასაკითხად მგზავრობის, ღამისთევისა და კვების ხარჯები, რაც ყოველთვიურად დაახლოებით 300 ლარს შეადგენს.
12.7 აპელანტის განმარტებით, გაუგებარია, რატომ მიიჩნია სასამართლომ მხარეები 16 050 აშშ დოლარის თანამესაკუთრედ, რადგან აღნიშნული თანხა ლ. გ-ესთან ხელშეკრულებაში ჩანაცვლებით გაიქვითა.
12.8 მოპასუხის მტკიცებით, სასამართლომ არ შეაფასა ის ფაქტი, რომ მას ქორწინებამდე უდავოდ გააჩნდა ბანკში საკუთარ ანგარიშზე თანხა და ასევე საკუთრებაში ჰყავდა ავტომანქანა, რომელიც 2012 წელს გაასხვისა. აპელანტის განმარტებით, ეს ქორწინებამდე არსებული თანხებია, რომლებსაც მოპასუხე იყენებს დამატებითი შემოსავლის მისაღებად, ხოლო სტაბილური შემოსავლით არჩენს ოჯახს.
12.9 აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ 2015 წლის 14 დეკემბერს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 7 500 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა, ხოლო წერილობით დასაბუთებული გადაწყვეტილებით კი მას 8 025 აშშ დოლარი აქვს დაკისრებული. ამდენად, ზეპირად გამოცხადებული გადაწყვეტილება და მხარისათვის გადაცემული გადაწყვეტილების წერილობითი ვერსია განსხვავდება ერთმანეთისაგან.
13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
13.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ძირითადი მოსარჩელის (ბავშვის დედის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით, მოპასუხის (ბავშვის მამის) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში გაუქმდა, რომლითაც მამას თავის არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის 6 წლის ასაკის მიღწევამდე დაუდგინა ნახვის დღეები და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხის დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა ღამისთევით ბავშვის წაყვანის ნაწილში დაკმაყოფილდა; მამას არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის 6 წლის ასაკის მიღწევამდე დაუდგინდა ნახვის დღეები, ყოველი კვირის ხუთშაბათი - 17:00 საათიდან - 20:00 საათამდე ასევე, ყოველი თვის პირველი შაბათი -13:00 საათიდან - კვირა დღის 15:00 საათამდე; სხვა ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
13.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ, წინამდებარე გადაწყვეტილების 11.2-11.5 პუნქტებში მითითებული ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი). სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტმა, ბავშვის ღამისთევით მასთან წაყვანის თაობაზე სააპელაციო საჩივარში დაყენებული მოთხოვნის დაზუსტების მიზნით განმარტა, რომ თანახმაა ღამისთევით, თვეში ერთხელ წაიყვანოს თავისთან მცირეწლოვანი შვილი.
13.3. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, 2016 წლის 19 ოქტომბერს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის ტერიტორიული სამსახურიდან კონსულტაციის გასაწევად მოწვეულმა სპეციალისტმა - ფსიქოლოგმა თამარ ქამადაძემ განმარტა, რომ 2012 წლის 25 ივლისს დაბადებული არასრულწლოვანის ერთი ღამით მამასთან დარჩენა მის ჯანმრთელობასა და ფსიქიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად არ აისახება და ასეთი ურთიერთობა არ ნიშნავს ბავშვისთვის რადიკალურ ცვლილებას, რაც ასახულია მის წერილობით დასკვნაში (იხ. სხდომის ოქმი, 18:45:12, 18:54:01-18:54:35).
13.4. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარდგენილი არ არის რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა არასრულწლოვანის 6 წლის ასაკამდე თვეში ერთი ღამით მამასთან დარჩენის გამო, მისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას. შესაბამისად მოპასუხის მოთხოვნა, მასთან ბავშვის ღამისთევით დარჩენის ნაწილში დაკმაყოფილდა.
13.5. სსკ-ის 1212-1214-ე მუხლებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრების სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება, ამასთან, თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. საქართველოს საერთო სასამართლოებში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, გონივრულად ითვლება ალიმენტის დაკისრება მხარის საერთო შემოსავლების 25%-დან 50%-მდე ოდენობით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 20 იანვრის განჩინება საქმეზე № ა-1283-შ-73-03; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 8 ივნისის განჩინება საქმეზე № ა-781-შ-31-04). იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში განთავსებული მტკიცებულებებით, შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობისა და საინფორმაციო დანართის მიხედვით, მოპასუხის შემოსავალი 2014 წელს საშუალოდ ყოველთვიურად შეადგენდა 1338,16 ლარს, ხოლო 2015 წელს -1023,73 ლარს, მამისთვის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის - 300 ლარის დაკისრება გონივრულია და ვერ გახდება ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
13.6. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები, მართებულად დაადგინა, რომ მოპასუხის მიერ 2014 წლის 17 თებერვალს ლ. გ-ისათვის გადაცემული 16 050 აშშ დოლარი სსკ-ის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენდა და არა - აპელანტის ინდივიდუალურ საკუთრებას. ვინაიდან, მოპასუხემ ამ თანხიდან მიღებული სარგებელით (ლ. გ-ის უძრავი ქონება) მოსარჩელესთან შეუთანხმებლად ი. ჯ-ისა და ვ. დ-ის წინაშე არსებული პირადი ვალი გაისტუმრა, სსკ-ის 1160.3-ე მუხლის შესაბამისად, თავდაპირველი მოსარჩელის მოთხოვნა მისი წილი ქონების (ფულადი თანხის) განკარგვით მიღებული სარგებლის - 8 025 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია, რაც დააკმაყოფილა კიდეც პირველი ინსტანციის სასამართლომ. ის გარემოება, რომ სესხის სახით ი. ჯ-ისა და ვ. დ-ისაგან აღებული, ხოლო შემდეგ მ. წ-ისათვის სესხად გადაცემული თანხები არ წარმოადგენდა მეუღლეთა საერთო ვალს, გამომდინარეობდა თავად მოპასუხის სააპელაციო საჩივრიდანაც, სადაც აღნიშნულია, რომ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებები წარმოადგენდა მისთვის დამატებით შემოსავალს, ხოლო ოჯახს - მეუღლეს და ბავშვს არჩენდა სტაბილური შემოსავლით.
14. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
14.1 სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ძირითადი მოსარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებული მოთხოვნის - 8 025 აშშ დოლარის - ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება დაკმაყოფილებაზე, ასევე - ალიმენტის შემცირება 100 ლარით და ბავშვის ნახვის დღედ ყოველი კვირის შაბათი დღის განსაზღვრა.
14.2 საკასაციო საჩივრის პრეტენზიები წინამდებარე გადაწყვეტილების 12.2-12.6 პუნქტებში მითითებული გარემოებების იდენტურია.
14.3. კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მდგომარეობა გააურესა იმგვარად, რომ მამას შვილის ნახვისათვის თვეში მხოლოდ ერთი შაბათი გამოუყო მაშინ, როცა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მამას ბავშვის ნახვა თვის ყველა შაბათ დღეს შეეძლო, აღნიშნული კი არც ერთი მხარის მიერ არ გასაჩივრებულა, რაც სააპელაციო სასამართლოს არ აძლევდა შესაძლებლობას, რომ ამ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეეცვალა.
15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
15.1 მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 თებერვლის განჩინებით სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
15.2 მოპასუხის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 მაისის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ დასაბუთებულია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
16. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასატორს ნაწილობრივ დასაბუთებული შედავება აქვს წარმოდგენილი.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის პრეტენზიები შეეხება შემდეგ საკითხებს - უარი ეთქვას მოსარჩელეს 8 025 აშშ დოლარის დაკმაყოფილების ნაწილში, ალიმენტის შემცირდეს 100 ლარით და ბავშვის ნახვის დღედ განისაზღვროს ყოველი კვირის შაბათი დღე.
18. საკასაციო სასამართლო მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფის საკითხთან დაკავშირებით იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების შეფასებებსა და დასკვნას და დამატებით აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ, 2014 წლის 17 თებერვალს, ლ. გ-ისათვის გადაცემული 16 050 აშშ დოლარი, სსკ-ის 1158-ე მუხლის თანახმად, კასატორისა და მოსარჩელის თანასაკუთრებას წარმოადგენდა და არა - მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებას. აღნიშნულის გათვალისწინებით თანხა მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის უნდა გაიყოს სსკ-ის 1164-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, ესე იგი თანხის ნახევარი მოსარჩელეს უნდა მიეკუთვნოს (იხ. ამ გადაწყვეტილების 11.3-11.5 და 13.6 პუნქტები).
19. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოთა შეფასებას, რომ 16 050 აშშ დოლარი მეუღლეთა თანასაკუთრებაა, თუმცა, მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით აღნიშნულს ვერ აბათილებს. ის ფაქტი, რომ აღნიშნული თანხა მოპასუხემ მოსარჩელესთან რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში მიიღო, დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებებით, რის გამოც საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ეს თანხა მეუღლეთა თანასაკუთრება იყო და მისი ნახევარი მოსარჩელეს ეკუთვნოდა (იხ. ამ გადაწყვეტილების 5-7 პუნქტები, სსკ-ის 1158-ე, 1164-ე მუხლები).
20. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას ალიმენტის შემცირებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო საქმის გარემოებებიდან და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე მოპასუხისათვის ალიმენტის სახით მისი არასრულწლოვანი შვილისათვის ყოველთვიურად 300 ლარის დაკისრებას გონივრულად და სამართლიანად მიიჩნევს. საკასაციო სასამართლო ამ ნაწილშიც იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასებებს (იხ. ამ გადაწყვეტილების 11.2 და 13.5 ქვეპუნქტები).
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობები განეკუთვნება კერძო-სამართლებრივი ურთიერთობების სფეროს, მაგრამ ამ ურთიერთობებიდან და დავების განხილვის თავისებურებებიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს ის გარემოებანი, რომელთა აუცილებლობა განაპირობებს არასრულწლოვანის ინტერესებისათვის ყველაზე კეთილსაიმედო გადაწყვეტილების მიღებას (სუსგ №ას-53-51-2016, 2016 წლის 6 ივლისი), კერძოდ, სსსკ-ის 354-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საოჯახო საქმეთა განხილვისას სასამართლოს შეუძლია, თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აღნიშნული ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე - მამას, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან, თუ მათ შორის ქორწინება უკვე შეწყვეტილია. მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლებთან ერთ ოჯახად ცხოვრების პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. სსკ-ის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. გაეროს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2 მუხლი განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. ზემოაღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას ალიმენტის შემცირებასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და ბავშვის უპირატესი, საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, შვილის ცხოვრებისათვის ნორმალური პირობების უზრუნველსაყოფად, ალიმენტის - 300 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება ადეკვატური და სამართლიანია (შდრ. სუსგ ას-42-38-2017, 10.07.17 წ.).
22. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომელიც წინამდებარე გადაწყვეტილების 14.3 ქვეპუნქტშია დასახელებული და დადგენილად მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აპელანტის მდგომარეობა გაუარესდა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის დედას საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში არ გაუსაჩივრებია, რომლითაც მამას მიენიჭა უფლება ყოველ შაბათს 13:00 საათიდან 18:00 საათამდე ენახა თავისი შვილი (იხ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტი, ტ. 3, ს.ფ. 64 და მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი, ტ. 3, ს.ფ. 85-98). აქედან გამომდინარე, კასატორის ეს პრეტენზია დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხეს არ უნდა წაერთვას იმის უფლება, რაც მას სასამართლოს გადაწყვეტილებით მიენიჭა და რაშიც მოწინააღმდეგე მხარე არ შედავებია. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ აპელანტმა სასარჩელო მოთხოვნა დააზუსტა და სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ ამ ნაწილში შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვის მამა სააპელაციო საჩივრით დაეთანხმა იმას, რომ არასრულწლოვანი შვილი თვეში მხოლოდ ერთხელ წაეყვანა ღამისთევით, რაც მისი ნების იმგვარი განმარტების საშუალებას არ იძლევა, რომ მან ბავშვის ნახვისათვის თვის მეორე და ყოველი შემდეგი შაბათის, 13:00 საათიდან 18:00 საათამდე, გამოყოფაზე (ღამისთევით წაყვანის გარეშე) უარი განაცხადა. ამ ნაწილში პრეტენზია ბავშვის დედასაც არ გამოუთქვამს.
23. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“. მოხმობილი საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს, ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს, აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სსკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სსკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ. სუსგ # ას- 458-440-2016, 15.07.2016წ.).
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
25. ზემოხსენებული მოტივაციით, საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, მოპასუხეს თავის არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის, 6 წლის ასაკის მიღწევამდე დაუდგინდეს ნახვის დღეები: ყოველი კვირის ხუთშაბათი დღე - 17:00 საათიდან 20:00 საათამდე; ყოველი თვის პირველი შაბათი დღე 13:00 საათიდან კვირა დღის 15 საათამდე პერიოდი, ღამისთევით დარჩენით; ყოველი თვის მეორე და შემდეგი შაბათი დღეები - 13:00 საათიდან 18:00 საათამდე; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
26. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა იმ ნაწილში, რომელშიც მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან (სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი) არ არსებობს მხარეთა შორის საპროცესო ხარჯების განაწილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ვ. რ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ვ. რ-ს თავის არასრულწლოვან შვილთან, ნ. რ-თან (პირადი # 6-) ურთიერთობისათვის, 6 წლის ასაკის მიღწევამდე დაუდგინდეს ნახვის დღეები:
3.1. ყოველი კვირის ხუთშაბათი დღე - 17:00 საათიდან 20:00 საათამდე;
3.2. ყოველი თვის პირველი შაბათი დღე 13:00 საათიდან კვირა დღის 15 საათამდე პერიოდი, ღამისთევით დარჩენით;
3.3. ყოველი კვირის მეორე და შემდეგი შაბათი დღეები - 13:00 საათიდან 18:00 საათამდე;
4. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე