საქმე №ას-1070-2018 1 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ე., შ. და ნ. ძ–ები (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ძ–ი (მოპასუხე)
მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ლ. ვ., ო. ძ–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – უძრავი ქონების მესაკუთრეებად აღიარება, სამკვიდროს გაყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ე., შ. და ნ. ძ–ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ვ. ძ.–ის მიმართ უძრავი ქონების მესაკუთრეებად აღიარების და სამკვიდროს გაყოფის თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 დეკემბრის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა და საქმეში მესამე პირებად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მოპასუხის მხარეზე ჩაებნენ ლ. ვ. და ო. ძ–ი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით ე., ნ. და შ. ძ–ების სარჩელი დაკმაყოფილდა, არ დაკმაყოფილდა ე. და შ. ძ–ების სარჩელი სამკვიდროს გაყოფის შესახებ.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განჩინებით ე. ძ–ს, შ. ძ–ს და ნ. ძ–ს დაევალათ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი; ბ) ნ. ძ–ის მიერ ლ. ქ-ის სახელზე სათანადო წესით გაცემული მინდობილობის დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი ან ნ. ძ–ის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი; გ) საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და მასში მითითებული ღირებულების 5%-ის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განჩინებით ე. ძ–ს, შ. ძ–ს და ნ. ძ–ს დაევალათ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი; ბ) ნ. ძ–ის მიერ ლ. ქ-ის სახელზე სათანადო წესით გაცემული მინდობილობის დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი ან ნ. ძ–ის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი; გ) საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და მასში მითითებული ღირებულების 5%-ის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორებს გაეგზავნათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართებზე. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებებით დგინდება რომ, ნ. ძ–ის სახელზე გაგზავნილი გზავნილი ჩაბარდა ადრესატს პირადად 2018 წლის 14 აგვისტოს, ე. ძ–ის სახელზე გაგზავნილი გზავნილი ჩაიბარა ასევე ნ. ძ–მა, როგორც ე. ძ–ის დედამ, 2018 წლის 14 აგვისტოს (ტ. 4, ს.ფ. 366-368), ხოლო შ. ძ–ის სახელზე გაგზავნილი გზავნილი ჩაიბარა ასევე ნ. ძ–მა, როგორც შ. ძ–ის დედამ, 2018 წლის 15 სექტემბერს (ტ. 4, ს.ფ. 374).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ხუთდღიანი ვადის დენა ნ. და ე. ძ–ებისათვის დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2018 წლის 15 აგვისტოს და ამოიწურა 2018 წლის 19 აგვისტოს, ვინაიდან 19 აგვისტო იყო არასამუშაო დღე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ნ. და ე. ძ–ებისათვის ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა მომდევნო სამუშაო დღეს, 20 აგვისტოს, ხოლო შ. ძ–ისათვის ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 16 სექტემბერს და ამოიწურა 2018 წლის 20 სექტემბერს. ამ დროის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 374-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ე., შ. და ნ. ძ–ების საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნ. ბაქაქური