საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-507-474-2017 28 ივლისი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს "ს-ა" (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ლ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ვალდებულების შესრულებულად აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქუთაისის აბრეშუმკომბინატში მუშაობის დროს, 1976 წლის 16 მაისს, ნ. ლ-მა (შემდეგში: მოპასუხე ან დაზარალებული) საწარმოო ტრავმა მიიღო და შრომისუნარიანობის 80% დაკარგა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 8 ივნისის განჩინება, ს/ფ 16-24).
2. აბრეშუმკომბინატმა 1996 წელს შეიცვალა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და ჩამოყალიბდა, როგორც სს „კ-ი“, ხოლო შემდეგ ის გაიყო ნატურით და მის ბაზაზე ჩამოყალიბდა სამი სამართალმემკვიდრე: სს „კ-ი“, სს „ს-ა“(შემდეგში: კომპანია, მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) და სს „ხ-ა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 8 ივნისის განჩინება, ს/ფ 16-24).
3. სს „კ-ს“, მოსარჩელესა და სს „ხ-ას“ დაზარალებულის სასარგებლოდ დაეკისრათ სოლიდარულად, ერთჯერადად, 5 490 ლარის და ყოველთვიურად - 260 ლარის გადახდა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 8 ივნისის განჩინება, ს/ფ 16-24).
4. კომპანიას 2002 წლიდან 2016 წლის მაისის ჩათვლით მოპასუხისათვის 49 926 ლარი აქვს გადახდილი.
5. სარჩოს გადახდის უზრუნველსაყოფად კომპანიის ქონება დაყადაღებულია და მოსარჩელე მოვალეთა რეესტრშია აღრიცხული, რის გამოც იგი კუთვნილი ქონებით ვერ სარგებლობს.
6. სარჩელის საფუძვლები
6.1. მოსარჩელემ 2016 წლის 3 აგვისტოს სარჩელი აღძრა მოპასუხის (დაზარალებულის) წინააღმდეგ ვალდებულების შესრულებულად აღიარებისა და აღნიშნული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად მოსარჩელის ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გამოყენებული ყადაღის გაუქმების მოთხოვნით.
6.2. მოსარჩელის განმარტებით, სარჩო სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს იმის კომპენსაციას, რომ პირმა საწარმოო ტრავმის შედეგად დაკარგა შესაძლებლობა ემუშავა და მიეღო ანაზღაურება, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებით დამტკიცებული კანონმქვემდებარე ნორმატიული აქტი „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესი“ არ განსაზღვრავს განმარტებას იმის შესახებ, თუ რა ვადას მოიცავს სარჩოს დაკისრების ვალდებულება. ტერმინი „უვადო“ ნიშნავს სარჩოს გადახდის ვალდებულებას დაზარალებულის მთელი დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე, თუ როგორც უზენაესმა სასამართლომ განმარტა იმ პერიოდამდე სადამდეც პირი იმუშავებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებული გარემოება, ხოლო ასეთ ასაკად საპენსიო ასაკი განისაზღვრა, როგორც პრეზუმირებული გარემოება (სუსგ # ას- 789-746-2015, 22.06.2016 წ.).
6.3. საპენსიო ასაკის შემდეგ ისპობა ხელფასის მიცემის ვალდებულება, შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა სარჩოს გადახდის ვალდებულების შესრულებულად აღიარება მოპასუხის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევის დღიდან.
7. მოპასუხის შესაგებელი
7.1. მოპასუხემ მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნო.
7.2. მოპასუხემ განმარტა, რომ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება თანხის გადახდევინების შესახებ, რაც მიქცეულია აღსასრულებლად. ამიტომ განსახილველი სასარჩელო მოთხოვნა წარმოადგენს დავას იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე, რაც დაუშვებელია.
7.3. მოპასუხემ აღნიშნა, რომ ის კანონით დადგენილი წესის შესაბამისად იღებს პენსიას და შემწეობას მარტოხელობისათვის, თუმცა, ეს გარემოებები მოსარჩელეს სარჩოს გადახდის ვალდებულებისგან ვერ გაათავისუფლებს.
8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
8.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით კომპანიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8.2. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-10 მუხლით, საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 317-ე, 427-ე, 434-ე, 442-ე, 452-454-ე, 361-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე, 992-ე, 996-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნულ შემთხვევაში მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს სარჩო, როგორც მიყენებული ზიანის ანაზღაურების თანხა, მიუღებელი და შესაბამისად მომავალში მისაღები პენსია, სარჩო და არა - ერთჯერადი კომპენსაცია.
8.3. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს აქვს ვალდებულება შეასრულოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება - სარჩოს გადახდა, მოპასუხის მიმართ მთელი სიცოცხლის მანძილზე (გარდაცვალებამდე). მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სარჩოს გაცემის შესრულებულად აღიარების ან შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.
9. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
9.1. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
9.2. სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 408-ე, 412-ე მუხლები და 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესი“;
9.3. სარჩო არ არის პენსია და მისი გადახდის ვალდებულება უნდა დაუკავშირდეს დროის იმ მონაკვეთს, რომლის დროსაც პირს ექნებოდა ვარაუდი, რომ მიიღებდა ხელფასს ანუ შემოსავალს, რომ არა საწარმოო ტრავმა.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
10.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10.2. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს ფაქტობრივსამართლებრივი მსჯელობა და მიუთითა მათზე (სსსკ-ის 390.3-ე მუხლი).
10.3. სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა დელიქტიდან - ჯანმრთელობის დაზიანების გამო წარმოშობილი ურთიერთობიდან გამომდინარეობს. მოსარჩელეს სარჩოს გადახდა დაეკისრა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების საფუძველზე, რომელიც ამ დროისათვის ძალადაკარგულია და მის ნაცვლად, ასეთი სახის სამართალურთიერთობებზე ვრცელდება სსკ-ის 992-ე და 408-ე მუხლები.
10.4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დაზიანებულია მოპასუხის ჯანმრთელობა და თუკი მისი აღდგენა შეუძლებელია, მოსარჩელე ვალდებულია მთელი სიცოცხლის მანძილზე მოპასუხეს ყოველთვიური სარჩო გადაუხადოს.
11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
11.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კომპანიამ გასაჩივრებული გაანჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
11.2. კასატორმა გაიმეორა ის პრეტენზიები, რაც სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში ჰქონდა მითითებული (იხ. წინამდებარე განჩინების 6.2-6.3 და 9.2-9.3 ქვეპუნქტები).
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ივნისის განჩინებით სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ კომპანიის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14.საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
16.საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა)განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
18. საკასაციო სასამართლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებაზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე # ას-664-635-2016, 02.03.2017წ. პუნქტები 231-232) მიუთითებს, სადაც სასამართლომ იმსჯელა აღიარებითი სარჩელის სამართლებრივ ბუნებაზე და განმარტა, რომ „სსსკ-ის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი შემდეგი კრიტერიუმები: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (იხ. სუსგ # ას-838-802-2014, 19.03.2015წ.). დიდი პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ, 10.11.2015, საქმეზე #ას-937-887-2015; (იხ. სუსგ-ები # ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; # ას-773-730-2015, 08.09.205წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; # ას-323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).
19. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე აცხადებს, რომ მის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი იმაში მდგომარეობს, რომ მოპასუხის მიმართ დაკისრებული ვალდებულების შესრულებულად აღიარებით მოსარჩელე შეძლებს ყადაღისაგან გაათავისუფლოს კომპანიის კუთვნილი ქონება, რადგან ყადაღა დაზარალებულის მიმართ შესასრულებელი ვალდებულების უზრუნველსაყოფად ადევს ქონებას.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის ინტერესი სარჩელის მიმართ დასაბუთებულია, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. მოსარჩელე თავისი მოთხოვნის საფუძვლად უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე [საქმე #ას-789-746-2015], სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მართებულად შეფასდეს, თუ როდემდე იქნებოდა ვალდებული მარჩენალი, ერჩინა მის კმაყოფაზე მყოფი პირები, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. სსკ-ის 1006-ე მუხლის საფუძველზე, საწარმომ - ზიანის მიმყენებელმა - სარჩოს მიცემის ვალდებულება უნდა შეასრულოს მანამდე, ვიდრე, საწარმოს ბრალით დაზარალებული თანამშრომელი იქნებოდა ვალდებული, ერჩინა მის კმაყოფაზე მყოფნი, ანუ ეხადა სარჩო სარჩენი პირებისათვის. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, როგორც უკვე აღინიშნა, იგი იმუშავებდა საპენსიო ასაკამდე და სწორედ ამ პერიოდამდე იქნებოდა ვალდებული, ერჩინა მის კმაყოფაზე მყოფი პირები.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა და ისინი უნდა შესრულდეს. აქედან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს იმგვარად, როგორც ამავე გადაწყვეტილებითაა დადგენილი და მოსარჩელე ვერ შეძლებს ახალი სარჩელის წარდგენით ცვლილება შეიტანოს მის წინააღმდეგ მიღებულ სხვა გადაწყვეტილებაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც წინამდებარე განჩინების მე-20 პუნქტშია მითითებული, გავლენას ვერ მოახდეს კომპანიის ვალდებულებაზე დაზარალებულს სიცოცხლის ბოლომდე გადაუხადოს სარჩო.
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების წესს სსსკ-ის LII თავი ადგენს. ამასთან, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წარდგენაზე საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია სპეციალური ვადები (სსსკ-ის 426-ე მუხლი).
23.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კომპანიის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
24. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, კასატორს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული ჰქონდა და საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 30 %-ის გადახდა დაეკისრება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს "ს-ას" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „ს-ას" (ს/კ 2-) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის განჩინებით (საქმე № ას-507-474-2017) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 468 ლარის 30 %-ის 140.4 ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე