საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-608-567-2017 28 ივლისი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს ''ს-ა'' (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდეგში: მოპასუხე ან სამინისტრო) კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ვ. ლ-ის 2011 წლის 5 სექტემბრის №1091672 წერილით სს ,,ს- ას” (შემდეგში: საწარმო, მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) ეცნობა, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, ქუთაისიდან ბეტონის ფილების ტრანსპორტირებისათვის თბილისში შესაბამისი ტვირთმზიდი ვაგონების გამოყოფის მოთხოვნის შესახებ. მხარეებმა, 2011 წლის 7 სექტემბერს, №257590 მოთხოვნა გააფორმეს ტვირთის გადაზიდვაზე, რომლის საფუძველზეც საწარმომ ტვირთი გადაზიდა და სამინისტროს მომსახურება გაუწია. კვლავაც სამინისტროს №392349 წერილით ამ უკანასკნელსა და საწარმოს შორის, 2012 წლის 27 მარტს, №288237 მოთხოვნა გაფორმდა, გამოიყო 2 ვაგონი სადგურ ბათუმიდან თბილისის სადგურ ლილომდე 100კბ/მ ხის ნარჩენების გადასაზიდად (იხ. ს/ფ 22-25).
2. სამინისტროს 2012 წლის 27 მარტის №392349 წერილის თანახმად, საწარმოს ეცნობა 100 კბ/მ ნარჩენების გადასაზიდად სადგურ ბათუმიდან თბილისის სადგურ ლილომდე 2 ვაგონის გამოყოფის მოთხოვნის შესახებ. 2012 წლის 27 მარტს მხარეებს შორის №288237 მოთხოვნა გაფორმდა და საწარმომ ტვირთი გადაზიდა (იხ. ს/ფ 34-39).
3. სამინისტროს 2012 წლის 2 აპრილის №422346 წერილით, ხის ნარჩენების გადასაზიდად, საწარმოს ეცნობა სადგურ ბათუმიდან თბილისის სადგურ ლილომდე 3 ვაგონის გამოყოფისა და ტვირთის გადაზიდვის მოთხოვნის შესახებ. საწარმომ ტვირთი გადაზიდა(იხ. ს/ფ 42-43).
4. სამინისტროს წარმომადგენლების ზეპირი მოთხოვნის საფუძველზე, ამ უკანასკნელს, 2012 წლის 1 ოქტომბერს, საწარმომ 12 ვაგონი გამოუყო. ვაგონები 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 7 ოქტომბრამდე სადგურ ვაზიანში დატვირთვის მოლოდინში იდგა. საწარმოს ვაგონები არ დაუტვირთავს, რაზეც სადგურის მომსახურებისა და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვროს საფუძველზე, №009222 დარიცხვის ბარათით სამინისტროს დაერიცხა, როგორც გამგზავნი სადგურის მომსახურების, ასევე - 6 დღე-ღამის განმავლობაში 24 საათზე მეტი მომსახურების საფასური 11 173.09 ლარი (იხ. ს/ფ 51-52).
5. საწარმოს 2014 წლის 29 ივნისის №3270 წერილით სამინისტროს ეცნობა მოსარჩელის მიმართ არსებული დებიტორული დავალიანების - 26 857.94 ლარის არსებობის თაობაზე, რომელიც წარმოშობილი იყო 2011 წელს 6 ვაგონის გადაზიდვის სარკინიგზო მომსახურებისა (10 662.48 ლარი) და 2012 წელს 17 ვაგონის გადაზიდვის სარკინიგზო მომსახურების (16 195.46 ლარი) შედეგად. საწარმომ მოპასუხეს დავალიანების დაფარვა მოსთხოვა, თუმცა - უშედეგოდ (იხ. ს/ფ 53-55).
6. სარჩელის საფუძვლები
6.1. საწარმომ 2016 წლის 19 თებერვალს სარჩელი აღძრა სამინისტროს წინააღმდეგ და, ამ უკანასკნელისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, ტვირთის გადაზიდვისა და 24 სთ-ზე მეტი მომსახურების შედეგად დარიცხული საფასურის 26 857.94 ლარის გადახდა მოითხოვა.
6.2. მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებზე მითითებით აღნიშნა, რომ ვინაიდან სამინისტროს საწარმოს წინაშე არსებული დავალიანება არ დაუფარავს, ეს უკანასკნელი ვალდებული იყო მოსარჩელისათვის მომსახურების საფასური გადაეხადა.
7. მოპასუხის შესაგებელი
7.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ ეთანხმებოდა სასარჩელო მოთხოვნას. მოსარჩელის მითითებით კანონი იმპერატიულად განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მოთხოვნის უფლების მფლობელს ისე შეუძლია დააყენოს მოთხოვნა და მოახდინოს მისი რეალიზაცია, რომ ვერავინ შეიტანოს ეჭვი მოთხოვნის ნამდვილობაში, ხოლო შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ, მოთხოვნა ვადაგასული ხდება და, სადავოობის შემთხვევაში, სასამართლო უარს ამბობს მის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, სამინისტროს არ აქვს ასეთი დავალიანება, თუ მაინც დადასტურდება დავალიანების არსებობა, მაშინ ფაქტია, რომ საწარმომ სამინისტროს მომსახურება 2011-2012 წლებში გაუწია, ხოლო სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2016 წლის 18 თებერვალს, ეს გარემოება, კი სარჩელის ხანდაზმულობაზე მიუთითებდა, რის გამოც მოპასუხეს წარმოეშვა უფლება, უარი თქვას ხანდაზმული ვალდებულების შესრულებაზე და, შესაბამისად, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით საწარმოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8.2. საქალაქო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 128-130-ე, 144-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 668-ე, 672-ე მუხლებით, საქართველოს სარკინიგზო კოდექსის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით, მე-12 მუხლით, 22-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 23-ე მუხლის პირველი ნაწილით, 36-ე მუხლის მე-10 ნაწილით იხელმძღვანელა და განმარტა, რომ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა. სსკ-ის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე, ხოლო 672-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულება ფორმდება ზედნადების (ან სხვა დოკუმენტის) სახით. სარკინიგზო კოდექსის მე-2 მუხლის „ო” ქვეპუნქტის თანახმად კი «ზედნადები» - გადაზიდვის ხელშეკრულებაა, რომელიც წერილობით ფორმდება რკინიგზასა და ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) შორის, თან ახლავს ტვირთს მისი მსვლელობის მთელ გზაზე და შეიცავს სსკ-ითა და სარკინიგზო კოდექსით გათვალისწინებულ მონაცემებს ტვირთის გადაზიდვის შესახებ. იმავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად კი ზედნადების საფუძველზე რკინიგზა ვალდებულებას კისრულობს‚ ტვირთგამგზავნის მიერ მისთვის გადაცემული ტვირთი მიიტანოს დანიშნულების რკინიგზის სადგურამდე და გადასცეს ტვირთი მიმღებს, ხოლო ტვირთგამგზავნი ვალდებულია‚ გადაიხადოს ტვირთის გადაზიდვის და სხვა მომსახურების გაწევის დადგენილი საფასური.
8.3. სარკინიგზო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რკინიგზის მიერ ტვირთგამგზავნისათვის (ტვირთმიმღებისათვის) ან ექსპედიტორისათვის ვაგონის (კონტეინერის) დასაცლელად ან დასატვირთად გამოყოფის მომენტიდან მისი უკან დაბრუნების მომენტამდე ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ან ექსპედიტორი ვალდებულია გადაიხადოს ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასური და რკინიგზას აუნაზღაუროს ვაგონის (კონტეინერის) დაგვიანებით დაბრუნების გამო გაწეული ტვირთის შენახვის ხარჯი.
8.4. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ ხანდაზმულია, რადგან მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი გამომდინარეობდა სარკინიგზო მომსახურებისათვის გათვალისწინებული ფულადი ვალდებულებიდან, შესაბამისად, უნდა გამოყენებულიყო სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.
8.5. სასამართლომ სარკინიგზო კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 16 აპრილის № 26-ე ბრძანებით დამტკიცებულ ,,რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების” 68-ე მუხლის პირველსა და მე-3 პუნქტებზე, 157-ე მუხლის პირველ პუნქტზე მიუთითა და განმარტა, რომ 24 საათზე მეტი მომსახურების საფასურის დარიცხვისას დროის ათვლა უნდა დაიწყოს იმ დღის 24 საათიდან, როდესაც ტვირთი მიწოდებულ იქნა ადგილზე. შემდეგი 24 საათი კი არის ტვირთის გადმოტვირთვისათვის დადგენილი დრო, რომელზეც რაიმე საფასური არ არის დადგენილი. იმ შემთხვევაში, თუ 24 საათზე მეტი მომსახურების საფასურის დარიცხვისას დროის ათვლა დაიწყება ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად, მოსარჩელის სადგურ ,,ვაზიანში” 2012 წლის 7 ოქტომბრის №00922 დარიცხვის ბარათში (ს/ფ 52) მითითებული მონაცემებით, ვაგონების მოცდენას ადგილი ჰქონდა 6 დღე-ღამის ვადით, რის გამოც სამინისტროს 24 საათზე მეტი მომსახურების საფასური დაერიცხა.
8.6. სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში სს-ას დავალიანების მოთხოვნის უფლება მოპასუხის მიმართ 2012 წლის 8 ოქტომბრიდან წარმოეშვა, ანუ იმ დღიდან, როცა მოპასუხემ დავალიანება არ გადაიხადა და ამით უფლების დარღვევის თაობაზე შეიტყო. შესაბამისად, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა იწყებოდა ამ დროიდან. უდავოა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილება არ უცდია 2016 წლის 19 თებერვლამდე (სარჩელის სასამართლოში წარდგენის თარიღი). სახელშეკრულებო მოთხოვნის ვადა გავიდა 2015 წლის 9 ოქტომბერს, რის გამოც ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გათვალისწინებით სარჩელი ხანდაზმულია.
9. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
9.1. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
9.2. აპელანტმა სრულად გაიმეორა ის პრეტენზიები, რაც სარჩელში ჰქონდა მითითებული (იხ. წინამდებარე განჩინების 6.2 ქვეპუნქტი).
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
10.2. სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს ფაქტობრივ- სამართლებრივი მსჯელობა და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 390.3-ე მუხლი).
10.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 130-ე მუხლის მოთხოვნა - „უნდა სცოდნოდა“ მნიშვნელოვანი დანაწესია და სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს პრეზუმფციით, რომ მოსარჩელეს მისი უფლებების დარღვევების შესახებ უნდა შეეტყო 2012 წლის 8 ოქტომბერს, ანუ მას შემდეგ რაც მან სადგურის მომსახურებისა და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამსახსოვროს საფუძველზე სამინისტროს დაარიცხა, როგორც გამგზავნი სადგურის მომსახურების, ასევე 6 დღე-ღამის განმავლობაში 24 საათზე მეტი მომსახურების საფასური და წარმოეშვა შესაბამისი მოთხოვნის უფლება. სარჩელი კი აღძრულია 3 წლისა და 4 თვის გასვლის შემდეგ, შესაბამისად გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.
10.4. სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია, ხოლო მოპასუხე ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად ხანდაზმულობის ვადის გასვლას მიუთითებს, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარისი წინაპირობაა.
11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
11.1. აპელანტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
11.2. კასატორმა იმავე ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა, რომელიც წარდგენილი ჰქონდა სააპელაციო საჩივარში და არ შედავებია სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნას მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით (იხ. წინამდებარე განჩინების 9.2 ქვეპუნქტი).
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 18 მაისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32)
15. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
16. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იმსჯელა ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით და მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად მიიღო დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით, რაც გულისხმობს ფაქტობრივი გარემოებებისა და მათ დამამტკიცებელ ან გამაქარწყლებელ მტკიცებულებებზე მითითებას სწორედ მხარეთა მიერ. სასამართლოში საქმის წარმოებისას მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, წარადგინონ მოწინააღმდეგის პოზიციის გამაბათილებელი მტკიცებულებები და გაამყარონ საკუთარი მტკიცება. სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარემ არა მხოლოდ მიუთითა მოთხოვნის განუხორციელებლობაზე, არამედ წარადგინა მოსარჩელის (კასატორის) მოთხოვნის ხანდაზმულობის დამადასტურებელი მტკიცებულება. კასატორს, თავის მხრივ, უფლება ჰქონდა დაეცვა თავი და მიეთითებინა მისი მოთხოვნის განხორციელების ხანდაზმულობის გამომრიცხავ მტკიცებულებებზე, რაც მას არ გაუკეთებია. შესაბამისად, უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებათა ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს: „ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ნორმის აღწერილობითი ნაწილის მითითება - როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად, ერთმანეთის თანხვედრია და ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. ამასთანავე, მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორზე - უნდა შეეტყო, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა“ (იხ. სუსგ #ას-547-515-2012, 11.06.2012 წ.).
19. საქმის მასალებში წარმოდგენილია სადგურის მომსახურების და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვროები და ტვირთის გადაზიდვის საგზაო უწყისები, რომელთა საფუძველზე დასტურდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მომსახურება 2011-2012 წლებში გაუწია.
20. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის ათვლა 2012 წლის 8 ოქტომბრიდან დაიწყო (სსსკ-ის მე-60 მუხლი), რადგან 2012 წლის 7 ოქტომბრის დარიცხვის ბარათით დასტურდება, რომ სს-ამ სამინისტროს დავალიანება დაარიცხა. შესაბამისად, ამ დღის მეორე დღიდან სარჩელის წარდგენამდე სამი წელი გასული იყო (იხ. წინამდებარე განჩინების 10.3-10.4 ქვეპუნქტები, ს/ფ 52, 54-55).
21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.„ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება და დაცვა. ხანდაზმულობის ვადის არსებობა აიძულებს სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს დროულად იზრუნონ თავიანთი უფლებების განხორციელებისა და დაცვისათვის (იხ. სუსგ # ას-368-349-2012, 05.04.2012წ).
22.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
23. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს "ს-ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „ს-ას" (ს/კ 2-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1342.9 ლარის (საგადახდო დავალება N1431, გადახდის თარიღი 2017 წლის 2 მაისი), 70% – 940.03 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე