Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ა-1198-შ-24-2018 20 სექტემბერი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – საკრედიტო-სამომხმარებლო კოოპერატივი ''п-" (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ა-ი (მოპასუხე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის, მოსკოვის ოლქის ვოლოკოლამსკის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება N2-653-/15

დავის საგანი – სესხის ხელშეკრულების შეწყვეტა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საკრედიტო-სამომხმარებლო კოოპერატივს ''п-" (შემდეგში: მოსარჩელე, კოოპერატივი, კრედიტორი, გამსესხებელი ან შუამდგომლობის ავტორი) და ზ. მ-ის ძე ა-ს (შემდეგში: მოპასუხე, მოვალე, მსესხებელი ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის, 2013 წლის 4 ივლისს, გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #1-0004201, რომლის თანახმადაც მოპასუხემ, როგორც კოოპერატივის მეპაიემ სესხის სახით 2 500 000 რუბლი მიიღო 2016 წლის 4 ივლისამდე.

2. 2013 წლის 4 ივლისის #778 საგადახდო დავალების მიხედვით გამსესხებელმა უნაღდო ანგარიშსწორების გზით მსესხებლის ანგარიშზე 1 789 650.39 რუბლი გადარიცხა.

3. ხელშეკრულების პირობების თანახმად მსესხებელმა იკისრა ვალდებულება, სესხის თანხა სესხის სარგებლობისათვის გათვალისწინებულ ყოველთვიურ პროცენტთან ერთად დაებრუნებინა, გადასახადების დაბრუნების გრაფიკის შესაბამისად, ფიქსირებულად - 1.667 % თვეში.

4. ხელშეკრულებით დადგენილი გადახდის გრაფიკის დარღვევით თანხის გადახდის შემთხვევაში მოვალეს ჯარიმის სახით პირგასამტეხლო დაერიცხებოდა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტების გადახდის მიუხედავად, წლიური 80 %-ის ოდენობით.

5. სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გამსესხებელმა ლ. ა-სა (შემდეგში: პირველი თავდები ან მეორე მოპასუხე) და ო. ვ-ასთან (შემდეგში: მეორე თავდები ან მესამე მოპასუხე) თავდებობის ხელშეკრულებები გააფორმა, რომელთა თანახმადაც თავდებებმა იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა იმ ვალდებულების სრულად შესრულებისათვის, რაც მსესხებელმა იკისრა გამსესხებლის წინაშე.

6. მსესხებელმა დავალიანება ნაწილობრივ - 170 000 რუბლის ოდენობით დაფარა, ხოლო 2014 წლის 5 თებერვლიდნ მან თანხის გადახდა შეწყვიტა.

7. მოპასუხის დავალიანებამ მოსარჩელის წინაშე 2 431 223.43 რუბლი შეადგინა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა - 1 703 000.39 რუბლი, პროცენტი - 483 485.93 რუბლი, ჯარიმა კი 244 737.11 რუბლია.

8. გამსესხებელმა სარჩელი აღძრა მსესხებლისა და თავდებების წინააღმდეგ და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულება, კერძოდ, მოპასუხეთათვის კრედიტორის სასარგებლოდ 2 431 223.43 რუბლისა და სასამართლო ხარჯების დაკისრება მოითხოვა.

9. რუსეთის ფედერაციის, მოსკოვის ოლქის ვოლოკოლამსკის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება) დადგენილია, რომ სასამართლო განხილვას მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

10. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, რაც გამსესხებლის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

11. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით გამსესხებლის სარჩელი დაკმაყოფილდა:

11.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2013 წლის 4 ივლისს დადებული სესხის ხელშეკრულება შეწყდა;

11.2. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ 2 431 223.43 რუბლის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ, მათ შორის სესხის ძირითადი თანხა - 1 703 000.39 რუბლი, პროცენტი - 483 485.93 რუბლი და ჯარიმა - 244 737.11 რუბლი;

11.3. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 6 785.37 რუბლის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ;

12. მოსარჩელემ, 2018 წლის 14 მარტს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება ითხოვა, მსესხებლის მიმართ.

13. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 მარტის განჩინებით გამსესხებლის შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.

15. შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების ასლი შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების ასლებთან ერთად მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა (ორჯერ ფოსტის მეშვეობით, ასევე, გამოყენებული იქნა სასამართლოს დავალება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული საუბნო სამსახურის მეშვეობით მოპასუხისათვის გზავნილის (განჩინების) ჩაბარების შესახებ.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 მაისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მოწინააღმდეგე მხარისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება დაევალა, თუმცა, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის განმარტებით, ადრესატი მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 აგვისტოს განჩინებით მსესხებელს საჯარო შეტყობინების გზით ეცნობა გამსესხებლის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის თაობაზე და განემარტა, რომ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში აქვს აზრის გამოთქმის უფლება, ასევე, მას შეუძლია, მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე („საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის /შემდეგში: სპეციალური კანონი/ 71.3-ე მუხლი).

18. აღნიშნული შეტყობინება უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2018 წლის 2 აგვისტოს განთავსდა, მხარისათვის ჩაბარებულად კი მისი საჯაროდ გავრცელებიდან 7 დღის შემდეგ ითვლება. მსესხებლს მის წინააღმდეგ წარმოდგენილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით მოსაზრება არ გამოუთქვამს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა აკმაყოფილებს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდეგში - „მინსკის კონვენცია“) და წინამდებარე განჩინების მე-17 პუნქტში მითითებული სპეციალური კანონის მოთხოვნებს, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულ უნდა იქნეს და აღსრულდეს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება.

19. საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საფუძველზე ირკვევა, რომ გამსესხებლის მიერ წარდგენილ სარჩელს ფაქტობრივ საფუძვლად დაედო ის გარემოებები, რომ:

19.1. შუამდგომლობის ავტორმა მოწინააღმდეგე მხარეს ასესხა 2 500 000 რუბლი, 04.07.2016 წლამდე;

19.2. მოპასუხეს მოსარჩელისათვის ვალი სრულად არ დაუბრუნებია.

20. საქართველოს ტერიტორიაზე საცნობ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დროისა და თარიღის შესახებ, ის სხდომაზე არ გამოცხადებულა, თუმცა, სხდომას ესწრებოდა და მოპასუხის ინტერესებს იცავდა ამ უკანასკნელის უფლებამოსილი წარმომადგენელი, რაც სავსებით საკმარისი საფუძველია საკასაციო სასამართლოს დასარწმუნებლად, რომ მოპასუხე უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ ჯეროვნად და სათანადო წესით იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის ადგილის, დროის, მხარეებისა და დავის საგნის შესახებ.

21. „მინსკის კონვენციის“ პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილით კი, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.

22. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა და არ მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილების ხელმეორედ არსებით განხილვას.

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შუამდგომლობას ერთვის „მინსკის კონვენციის“ 53-ე მუხლით დადგენილი ყველა ის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების აღიარებისა და აღსრულების წინაპირობების შემოწმების საკითხის გადასაწყვეტად, ასევე, არ არსებობს ამავე კონვენციის 55-ე მუხლით დადგენილი რომელიმე წინაპირობა წარმოდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილი სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებისა და მის აღსრულებაზე უარსაყოფად.

24. საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს „მინსკის კონვეციის“ ზემოხსენებული ნორმებით და აკმაყოფილებს გამსესხებლის შუამდგომლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ კონვენციის 51-55 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საკრედიტო-სამომხმარებლო კოოპერატივის ''п-" შუამდგომლობა ზ. ა-ის მიმართ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს რუსეთის ფედერაციის, მოსკოვის ოლქის ვოლოკოლამსკის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის N2-653-/15 გადაწყვეტილება, რომლითაც:

2.1. საკრედიტო-სამომხმარებლო კოოპერატივსა ''п-" და ზ. მ-ის ძე ა-ს შორის 2013 წლის 4 ივლისს დადებული სესხის ხელშეკრულება შეწყდა;

2.2. ზ. ა-ს ლ. ა-სა და ო. ვ-ასთან ერთად საკრედიტო-სამომხმარებლო კოოპერატივის ''п-" სასარგებლოდ 2 431 223.43 რუბლის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ, მათ შორის სესხის ძირითადი თანხა - 1 703 000.39 რუბლი, პროცენტი - 483 485.93 რუბლი და ჯარიმა - 244 737.11 რუბლი;

2.3. ზ. ა-ს ლ. ა-სა და ო. ვ-ასთან ერთად საკრედიტო-სამომხმარებლო კოოპერატივის ''п-" სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 6 785.37 რუბლის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე