საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ა-1670-შ-37-2018 20 სექტემბერი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი. ს-ი (კ-ი) (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. კ-ი (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – აშშ-ის, ნიუ იორკის კინგზის ოლქის სასამართლოს, 2008 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება N46671-07
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. აშშ-ის, ნიუ იორკის კინგზის ოლქის სასამართლოს, 2008 წლის 22 აპრილის N46671-07 გადაწყვეტილებით გაუქმდა ი. კ-სა (შემდეგში: მოსარჩელე, განმცხადებელი ან შუამდგომლობის ავტორი) და ა. კ-ს (შემდეგში: მოპასუხე) შორის რეგისტრირებული ქორწინება. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია განაახლოს ადრინდელი გვარის - ს-ი - გამოყენება.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2018 წლის 10 აპრილს, შუამდგომლობით მომართა განმცხადებელმა და მოითხოვა განქორწინების თაობაზე აშშ-ის, ნიუ იორკის კინგზის ოლქის სასამართლოს, 2008 წლის 22 აპრილის N46671-07 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული სასამართლოს გადაწყვეტილებითა და თავად შუამდგომლობის ავტორის განცხადებით, დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2008 წლის 25 აპრილიდან.
4. აშშ-ის, ნიუ იორკის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით განქორწინების თაობაზე სასამართლომ იმსჯელა და გადაწყვეტილება მიიღო ზეპირი განხილვით, მოპასუხის დაუსწრებლად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 აპრილის განჩინებით განმცხადებელს შუამდგომლობაზე ხარვეზი დაუდგინდა და განჩინების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საკასაციო სასამართლოში, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა დაევალა.
6. ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი შუამდგომლობის ავტორს 2018 წლის 16 ივნისს ჩაჰბარდა, ხარვეზის გამოსწორების შესახებ განცხადებით კი 2018 წლის 21 ივნისს მომართა საკასაციო სასამართლოს.
7. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ივლისის განჩინებით განმცხადებლის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, აშშ-ის, ნიუ იორკის კინგზის ოლქის სასამართლოს, 2008 წლის 22 აპრილის N46671-07 გადაწყვეტილებას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
8. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ სარჩელი აღძრა მოსარჩელემ მეუღლის წინააღმდეგ და მოპასუხეს სარჩელის საწინააღმდეგო მოსაზრება არ გამოუთქვამს.
9. აშშ-ის, ნიუ იორკის კინგზის ოლქის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სასამართლო უწყება გადაეცა მოპასუხეს, თუმცა, ის სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც წერილობით გამოუთქვამს პრეტენზია სარჩელის წინააღმდეგ.
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
11. ამ განჩინების მე-10 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.
12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. კ-ის (ს-ი) შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს აშშ-ის, ნიუ იორკის კინგზის ოლქის სასამართლოს, 2008 წლის 22 აპრილის N46671-07 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე:
2.1. გაუქმდა ი. კ-სა და ა. კ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება;
2.2. ი. კ-ი უფლებამოსილია განაახლოს ადრინდელი გვარის -ს-ი - გამოყენება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე