საქართველოს უზენაესი სასამართლო
დ ა მ ა ტ ე ბ ი თ ი გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ა-2401-შ-65-2018 1 ოქტომბერი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა. ტ-ი (ქალიშვილობის გვარი ნ-ა) (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი. ტ-ი (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – პოლონეთის რესპუბლიკის, ქალაქ პოზნანის საოლქო სასამართლოს XVIII სამოქალაქო განყოფილების 2016 წლის 20 დეკემბრის C 617/15 განაჩენი
დავის საგანი – განქორწინება, ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. პოლონეთის რესპუბლიკის, ქალაქ პოზნანის საოლქო სასამართლოს XVIII სამოქალაქო განყოფილების 2016 წლის 20 დეკემბრის C 617/15 განაჩენით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს განაჩენი) გაუქმდა ა. ტ-სა (ქალიშვილობის გვარი ნ-ა; შემდეგში: მოსარჩელე, განმცხადებელი ან შუამდგომლობის ავტორი) და ი. ტ-ს (შემდეგში: მოპასუხე) შორის ქ. პოზნანის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, 2010 წლის 16 ნოემბერს, რეგისტრირებული ქორწინება #2969/2010. ამავე განაჩენით მოპასუხეს მეურვის უფლებები შეეზღუდა და მისი უფლება ბავშვის ჯანმრთელობასა და განათლებასთან დაკავშირებული ზოგადი გაცნობის შესაძლებლობით შემოიფარგლა, ასევე, მას ბავშვის ნახვის დღეები განესაზღვრა და, მოსარჩელის სასარგებლოდ, არასრულწლოვანი შვილის - ა. ე. ტ-ის (დაბ. 27.03.11წ.) რჩენისათვის ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ზლოტის გადახდა დაეკისრა. არასრულწლოვანის მეურვეობა დედას დაუწესდა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2018 წლის 24 მაისს შუამდგომლობით მომართა განმცხადებლის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა და უცხო ქვეყნის სასამართლოს განაჩენის, განქორწინებისა და არასრულწლოვანზე დაწესებული მეურვეობის ნაწილში, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მოითხოვა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული სასამართლოს განაჩენითა და თავად შუამდგომლობის ავტორის განცხადებით დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული 2017 წლის 31 ივლისიდან.
4. შუამდგომლობაზე დართული პასპორტების ასლებით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი და მისი არასრულწლოვანი შვილი საქართველოს მოქალაქეები არიან.
5. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის განჩინებით განმცხადებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა პოლონეთის რესპუბლიკის, ქალაქ პოზნანის საოლქო სასამართლოს XVIII სამოქალაქო განყოფილების 2016 წლის 20 დეკემბრის C 617/15 განაჩენი იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა 2010 წლის 16 ნოემბერს ქ. პოზნანის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, ა. ტ-სა (ქალიშვილობის გვარი ნ-ა) და ი. ტ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება #2969/2010.
6. 2018 წლის 28 სექტემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა და განმარტა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის განჩინებაში დაშვებულია ტექნიკური უსწორობა და განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს განაჩენი, მხოლოდ განქორწინების ნაწილში იქნა ცნობილი, მოსარჩელე კი უცხო ქვეყნის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას ითხოვდა როგორც განქორწინების, ასევე - არასრულწლოვან შვილზე მეურვეობის დადგენის ნაწილში. შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა მისი შუამდგომლობით წარმოდგენილი მოთხოვნის სრულად ასახვა საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს განაჩენს, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
7. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს განაჩენით დადგენილია შემდეგი:
7.1. გაუქმდა ქ. პოზნანის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2010 წლის 16 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება #2969/2010;
7.2. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, არასრულწლოვანი შვილის - ა. ე. ტ-ის (დაბ. 27.03.11წ.) რჩენისათვის ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ზლოტის გადახდა დაეკისრა
7.3. მოპასუხეს მეურვის უფლებები შეეზღუდა და ბავშვის ჯანმრთელობასა და განათლებასთან ზოგადი გაცნობის შესაძლებლობით შემოიფარგლა და ბავშვის ნახვის დღეები განესაზღვრა;
7.4. არასრულწლოვან შვილზე მეურვეობა დედას დაუწესდა.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება თუ იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა.
10. სსსკ-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).
11. მოსარჩელე მის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობით უცხო ქვეყნის სასამართლოს განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას განქორწინებისა და არასრულწლოვან შვილზე მოსარჩელის მეურვეობის დაწესების ნაწილში ითხოვდა, საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში კი ასახულია, რომ უცხო ქვეყნის განაჩენი საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ განქორწინების ნაწილში იქნა ცნობილი.
12. ზემოთ მოხმობილი ნორმებისა და გარემოებების გამო საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მიღებულ იქნას დამატებითი განჩინება, რომელშიც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობით დაყენებული მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდება და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნება უცხო ქვეყნის სასამართლოს განაჩენი არასრულწლოვან შვილზე მოსარჩელის მეურვეობის დაწესების ნაწილშიც.
13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 261 (1.ა) მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ტ-ის (ქალიშვილობის გვარი ნ-ა) განცხადება დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს პოლონეთის რესპუბლიკის, ქალაქ პოზნანის საოლქო სასამართლოს XVIII სამოქალაქო განყოფილების 2016 წლის 20 დეკემბრის C 617/15 განაჩენი იმ ნაწილში, რომლითაც არასრულწლოვანი შვილის - ა. ე. ტ-ის (დაბ. 27.03.11წ.) მეურვეობა დაუწესდა დედას - ა. ტ-ს (ქალიშვილობის გვარი ნ-ა) და შეეზღუდა მამას ი. ტ-ს, რაც ბავშვის ჯანმრთელობასა და განათლებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზოგადი გაცნობის შესაძლებლობით შემოიფარგლა;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე