საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ა-2753-შ-77-2018 24 სექტემბერი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი –მ. ლ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე. ვ. ფ. შ. ლ-ე (მოსარჩელე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის, ნორდენის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება N 7 F 279/05 S
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გერმანიის, ნორდენის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 ნოემბრის N 7 F 279/05 S გადაწყვეტილებით გაუქმდა ე. ვ. ფ. შ. ლ-ესა (შემდეგში: მოსარჩელე, განმცხადებელი ან შუამდგომლობის ავტორი) და მ. ლ-ეს (შემდეგში: მოპასუხე) შორის 2000 წლის 27 ოქტომბერს ნორდენის მმაჩის ბიუროს გამგის მიერ (სარეგისტრაციო # 138) რეგისტრირებული ქორწინება.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2018 წლის 13 ივნისს, შუამდგომლობით მომართა განმცხადებელმა და მოითხოვა განქორწინების თაობაზე გერმანიის ნორდენის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 ნოემბრის N 7 F 279/05 S გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული სასამართლოს გადაწყვეტილებითა და თავად შუამდგომლობის ავტორის განცხადებით, დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2015 წლის 17 ნოემბრიდან.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განჩინებით განმცხადებლის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, გერმანიის ნორდენის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 ნოემბრის N 7 F 279/05 S გადაწყვეტილებას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
5. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებით უტყუარად დასტურდება, რომ სარჩელი აღძრა მოსარჩელემ მეუღლის წინააღმდეგ და მოპასუხე დაეთანხმა განქორწინებას.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
7. ამ განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალების მიხედვით ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები არ არის წარმოდგენილი.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ლ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის, ნორდენის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 ნოემბრის N 7 F 279/05 S გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე გაუქმდა ე. ვ. ფ. შ. ლ-ესა და მ. ლ-ეს შორის 2000 წლის 27 ოქტომბერს ნორდენის მმაჩის ბიუროს გამგის მიერ (სარეგისტრაციო # 138) რეგისტრირებული ქორწინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ზ.ძლიერიშვილი