Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ა-3188-შ-83-2018 20 სექტემბერი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი –ფ. ჭ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ს-ი (მოპასუხე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – საბერძნეთის, თესალონიკის პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2012 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება N13803/2012

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საბერძნეთის, თესალონიკის პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2012 წლის 28 მაისის N13803/2012 გადაწყვეტილებით გაუქმდა, 2000 წლის 15 აპრილს თბილისის მმაჩის ბიუროს მიერ, ფ. ჭ-ესა (შემდეგში: მოსარჩელე, განმცხადებელი ან შუამდგომლობის ავტორი) და ზ. ს-ს (შემდეგში: მოპასუხე) შორის რეგისტრირებული ქორწინება, ამავე გადაწყვეტილებით ქორწინების პერიოდში, 2001 წლის 25 მარტს, დაბადებულ ი. ზ-ის ძე ს-ზე მეურვეობის განხორციელების უფლებამოსილება მხოლოდ დედას (მოსარჩელეს) მიენიჭა. 2013 წლის 19 ივნისს 2012 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებაში არასრულწლოვანი შვილის სახელი „ი-“ გასწორდა და შეიცვალა სახელით „ნ-“.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2018 წლის 4 ივლისს, შუამდგომლობით მომართა განმცხადებელმა და მოითხოვა საბერძნეთის, თესალონიკის პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2012 წლის 28 მაისის N13803/2012 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, განქორწინების თაობაზე.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული სასამართლოს გადაწყვეტილებითა და თავად შუამდგომლობის ავტორის განცხადებით, დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

4. საბერძნეთის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით განქორწინების თაობაზე სასამართლომ იმსჯელა და გადაწყვეტილება მიიღო ზეპირი განხილვით, უფლებამოსილი ადვოკატების წინაშე, მხარეების დაუსწრებლად.

5. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განჩინებით განმცხადებლის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, საბერძნეთის, თესალონიკის პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2012 წლის 28 მაისის N13803/2012 გადაწყვეტილებას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

6. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ სარჩელი აღძრა მოსარჩელემ მეუღლის წინააღმდეგ და მოპასუხეს სარჩელის საწინააღმდეგო მოსაზრება არ გამოუთქვამს.

7. საბერძნეთის, თესალონიკის პირველი ინსტანციის მრავალწევრიანმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სასარჩელო განცხადების ასლი და სასამართლო უწყება ყველა წესის დაცვით გადაეცა პატიმრობაში მყოფ მოპასუხეს, თუმცა, ის სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც წერილობით გამოუთქვამს პრეტენზია სარჩელის წინააღმდეგ.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

9. ამ განჩინების მე-8 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.

10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფ. ჭ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს საბერძნეთის, თესალონიკის პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2012 წლის 28 მაისის N13803/2012 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე:

2.1. გაუქმდა 2000 წლის 15 აპრილს თბილისის მმაჩის ბიუროს მიერ, ფ. ჭ-ესა და ზ. ს-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება;

2.2. 2001 წლის 25 მარტს, დაბადებულ ნიკოლოზ ზ-ის ძე ს-ზე მეურვეობის განხორციელების უფლებამოსილება მხოლოდ დედას, ფ. ჭ-ეს მიენიჭა;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე