საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-74-74-2018 13 ივლისი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - დ. ფ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ა-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. დ. ფ-სა (შემდეგში: მსესხებელი, მოვალე, მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) და თ. ა-ს (შემდეგში: გამსესხებელი, კრედიტორი ან მოპასუხე) შორის, 2014 წლის 10 ივლისს, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც, მსესხებელმა 30 000 აშშ დოლარი სესხად მიიღო, ერთი წლის ვადით, თვეში 2%-იანი სარგებლის დარიცხვით. ამავე ხელშეკრულებით იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: თბილისში, კახეთის გზატკეცილი #36, კორპუსი #2, ბინა #62, ფართი 67.17 კვ.მ., ს/კ #0-. (შემდეგში: უძრავი ქონება; იხ. ხელშეკრულება, ტ. 2, ს/ფ 23-26).
2. მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, 2015 წლის 8 ივლისს, ცვლილება შევიდა ზემოხსენებულ ხელშეკრულებაში, კერძოდ, მისი მოქმედების ვადა ორი თვით, - 2015 წლის 8 სექტემბრამდე გაგრძელდა. ხელშეკრულების დანარჩენი პირობებიუცვლელი დარჩა (იხ. სანოტარო აქტი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, ტ. 2, ს/ფ 96-97).
3. მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, 2015 წლის 9 სექტემბერს, კიდევ ერთი ცვლილება შევიდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში, კერძოდ, მისი მოქმედების ვადა სამი თვით - 2015 წლის 8 დეკემბრამდე გაგრძელდა. ამასთან, სარგებლის ოდენობა განისაზღვრა 2.5%-ით (იხ. სანოტარო აქტი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, ტ. 2, ს/ფ 98-99).
4. მსესხებლის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო, მოპასუხემ განცხადებით მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. ნოტარიუსმა 22.01.2016 წელს სააღსრულებო ფურცელი გასცა, რომლის საფუძველზეც დადგინდა მოსარჩელის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია. ამავე სააღსრულებო ფურცლით განისაზღვრა აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა: სესხის ძირითადი თანხა - 30 000 აშშ დოლარი, პროცენტი - 750 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის ხარჯი - 124 ლარი (იხ. სააღსრულებო ფურცელი, ტ. 2, ს/ფ 19-22).
5. კერძო აღმასრულებლის 16.02.2016 წლის წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, მოვალეს მიეცა შვიდი დღე, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხისა და სააღსრულებო საფასურის გადახდისთვის (იხ. ტ. 1, ს/ფ 7-8).
6. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, მოვალეს კრედიტორისათვის სესხით სარგებლობისათვის პროცენტის სახით სულ უნდა გადაეხადა 10 650 აშშ დოლარი - 2014 წლის 10 ივლისიდან 2015 წლის 10 ივლისამდე პერიოდზე (12 თვე) 30 000 აშშ დოლარის 2%, რაც ჯამში 7 200 აშშ დოლარია, 2015 წლის 8 ივლისიდან 2015 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით (2 თვე) 30 000 აშშ დოლარის 2% - 1 200 აშშ დოლარი, ხოლო 2015 წლის 9 სექტემბრიდან 2015 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით (სამი თვე) 30 000 აშშ დოლარის 2,5% - 2 250 აშშ დოლარი. მოსარჩელემ მოპასუხეს პროცენტის სახით სულ 10 950 აშშ დოლარი გადაუხადა, რაც ხელშეკრულებით გადასახდელ პროცენტზე 300 აშშ დოლარით მეტია (იხ. ცნობები, ტ. 2, ს/ფ 27-29).
7. სარჩელის საფუძვლები
7.1. მოსარჩელემ 2016 წლის 24 მარტს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა: ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის შემდეგნაირად განსაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა 14 285 აშშ დოლარით, ხოლო სარგებლის - 750 აშშ დოლარის ნაწილში ჩანაწერის გაუქმება.
7.2. მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხის აღიარებით, ასევე, ამ უკანასკნელის საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხებით და ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული თანხის ოდენობით დასტურდება, რომ მსესხებელი სადავო სესხზე 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის ივლისის ჩათვლით ყოველთვიურად იხდიდა 600 აშშ დოლარს, ხოლო 2015 წლის ივლისიდან ამავე წლის დეკემბრის ჩათვლით ყოველთვიურად - 750 აშშ დოლარს. გადახდილი თანხები გამსესხებლისათვის სესხის ძირითადი თანხის დასაბრუნებლად უნდა მიქცეულიყო.
7.3. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით 2014-2015 წლებში უცხოურ ვალუტაში გრძელვადიანი სესხების წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 9 %-ს, რაც თვეში საშუალოდ 0.75 %-ია. მხარეებს შორის არსებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის სარგებლობისთვის საპროცენტო სარგებლის ოდენობა ეროვნული ბანკის მონაცემებით დადგენილი თანხის ოდენობის 2.5-მაგი ოდენობის მეთორმეტედით უნდა განისაზღვროს. კონკრეტულ შემთხვევაში, აღნიშნული თანხა თვეში 46.87 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო წლის განმავლობაში - 562.5 აშშ დოლარს. შესაბამისად, 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის ივლისის ჩათვლით მსესხებლის მიერ საპროცენტო სარგებლის სახით გადახდილი 7 200 აშშ დოლარიდან, სარგებლის სახით გადახდილად უნდა ჩაითვალოს 565.5 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 6 634.5 აშშ დოლარი სესხის ძირითად თანხას უნდა გამოაკლდეს. საბოლოოდ, მხარეთა შორის არსებულ სესხზე ძირითადი თანხის სახით გადახდილად უნდა ჩაითვალოს 15 715 აშშ დოლარი.
8. მოპასუხის შესაგებელი
8.1. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო. კრედიტორმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ თანახმა იყო, სესხის ძირითადი თანხა 29 700 აშშ დოლარით განისზღვრულიყო, ხოლო სარგებლის - 750 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი გაუქმებულიყო.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
9.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით მოვალის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 22 იანვარს გაცემულ #160052175 სააღსრულებო ფურცელში ცვლილება შევიდა - აღნიშნული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ძირითადი თანხის ოდენობა შემცირდა და 29 700 აშშ დოლარით განისაზღვრა; სახელშეკრულებო სარგებლის (პროცენტის) 750 აშშ დოლარის ნაწილში სააღსრულებო ფურცელი გაუქმდა; სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 29 700 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 124 ლარი.
9.2. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 317-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე მუხლები, დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სესხების საპროცენტო განაკვეთების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის მეთორმეტედი შეადგენს 3,52%-ს (2013 წლის 1 მარტიდან 2014 წლის 1 მარტის ჩათვლით ფიზიკური პირებისათვის გაცემულ სესხზე). ამდენად, 2014 წლის 10 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, ასევე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შეტანის შესახებ 2015 წლის 8 ივლისისა და 2015 წლის 9 სექტემბრის შეთანხმებებით სესხისათვის გათვალისწინებული 2% და 2,5% არ აღემატებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის მეთორმეტედს.
9.3. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს 2014 წლის 10 ივლისიდან 2015 წლის 10 ივლისამდე პერიოდზე (12 თვე) უნდა გადაეხადა 30 000 აშშ დოლარის 2%, რაც ჯამში 7200 აშშ დოლარს შეადგენს, 2015 წლის 8 ივლისიდან 2015 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით (2 თვე) 30 000 აშშ დოლარის 2% უნდა გადაეხადა, რაც შეადგენს 1 200 აშშ დოლარს, ხოლო 2015 წლის 9 სექტემბრიდან 2015 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით (სამი თვე) 30 000 აშშ დოლარის 2,5% უნდა გადაეხადა, რაც 2250 აშშ დოლარია. მთლიანობაში მოსარჩელეს სესხით სარგებლობისათვის 10 650 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს, პროცენტის სახით, სულ 10 950 აშშ დოლარი გადაუხადა, რაც ხელშეკრულებით გადასახდელ პროცენტზე 300 აშშ დოლარით მეტია. ამიტომ, სასამართლოს შეფასებით 300 აშშ დოლარი ძირითად თანხას უნდა გამოკლებოდა და მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადასახდელი ძირითადი თანხა 29 700 აშშ დოლარით უნდა განსაზღვრულიყო.
9.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოვალის სასარჩელო მოთხოვნა ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 22 იანვარს გაცემული #160052175 სააღსრულებო ფურცლის გაუქმების შესახებ სახელშეკრულებო სარგებლის (პროცენტის), 750 აშშ დოლარის, ნაწილში საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.
10. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
10.1. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
10.2. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ არასწორად მიიჩნია მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა მოკლევადიან სესხად და სესხისათვის გათვალისწინებული პროცენტი სსკ-ის 625-ე მუხლის მე-3 ნაწილთან შესაბამისობაში მყოფ პროცენტად. დადგენილია, რომ მსესხებელმა სესხით სარგებლობისათვის სარგებლის სახით ჯამში 10 950 აშშ დოლარი გადაიხადა. სასამართლოს სსკ-ის 625-ე მუხლის შესაბამისობაში მყოფ პროცენტად უნდა მიეჩნია 1.5% პროცენტი, რაც თვეში 450 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო სესხით სარგებლობისათვის 17-თვიანი ვადის გათვალისწინებით 7 650 აშშ დოლარი, შესაბამისად 3 300 აშშ დოლარი სესხის ძირითად თანხას უნდა გამოკლებოდა. სასამართლოს სსკ-ის 625-ე მუხლის მე-3 ნაწილთან შესაბამისობაში მყოფ პროცენტად უნდა მიეჩნია 7 650 აშშ დოლარი, რის საფუძველზეც სესხზე გადასახდელ ძირითადი თანხის ოდენობად 22 350 აშშ დოლარი უნდა განესაზღვრა.
10.3. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა სსკ-ის 625-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი და ასევე არასწორად დაუბრუნდა მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟი, იქედან გამომდინარე, რომ მოპასუხემ სარჩელი 1 050 აშშ დოლარის ნაწილში ცნო, შესაბამისად, მოსარჩელეს 31.5 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარი უნდა დაბრუნებოდა.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინებით მსესხებლის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 72.76 ლარი დაუბრუნდა; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
11.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცენტი შესაბამისობაშია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთთან.
11.3. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 625.3-ე მუხლზე [იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის (გარდა 1000 ლარამდე სესხისა) ხელშეკრულებაში მითითებული, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების (გარდა სანოტარო წესით იპოთეკის დამოწმებასთან და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა) ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის ერთ მეთორმეტედს, რომელიც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან. ამ ნაწილის შესაბამისად, 1000 ლარამდე უზრუნველყოფილ სესხზე ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა] მითითებით აღნიშნა, რომ კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების ოდენობა თვეების მიხედვით მოცემულია სესხებზე წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთების სტატისტიკაში, რომელიც მოიცავს საპროცენტო განაკვეთებს საანგარიშო პერიოდის (თვის) განმავლობაში, იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე, ეროვნული/უცხოური ვალუტით გაცემულ ვადიან სესხებზე (ნაკადებზე) (https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304). მოცემული სტატისტიკის მიხედვით 2013 წლის იანვარი-დეკემბერი (წინა კალენდარული წლის) სესხების (ფიზიკური პირები, უცხოურ ვალუტაში) საბაზრო საპროცენტო განაკვეთების საშუალო არითმეტიკული შეადგენს 16.5%-ს, ხოლო მისი 2.5-მაგი ოდენობის მეთორმეტედი 3.44%-ს.
11.4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების მიხედვით 2013 წლის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთების საშუალო არითმეტიკული უცხოური ვალუტით გაცემულ უძრავი ქონებით უზრუნველყოფის სესხებზე 12 თვეზე და მეტი ვადით, შეადგენს 12.6%-ს, რომლის 2.5-მაგი ოდენობის მეთორმეტედი 2.62 %-ია. ამავე მონაცემებით, ფიზიკურ პირებზე გაცემული უზრუნველყოფილი სესხების ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთების საშუალო არითმეტიკული 13.6%-ია, რომლის 2.5-მაგი ოდენობის მეთორმეტედი 2.83 %-ს შეადგენს.
11.5. სასამართლომ ჩათვალა, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი 2014 წლის 10 ივლისიდან 2015 წლის 8 სექტემბრამდე შეადგენდა 2%-ს, ხოლო 2015 წლის 8 სექტემბრიდან ამავე წლის 8 დეკემბრამდე 2,5%-ს, რაც სრულ შესაბამისობაშია სსკ-ის 625-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ ოდენობასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
11.6. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია სახელმწიფო ბაჟის არასწორად განაწილებასთან დაკავშირებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 49.2-ე მუხლზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი ცნო 1 050 აშშ დოლარის ნაწილში. დავის საგნის ღირებულება სარჩელზე შეადგენდა 16 465 აშშ დოლარს, ხოლო გადასახდელი ბაჟი - 493.95 აშშ დოლარის შესაბამის ლარს. სარჩელზე ბაჟის სახით გადახდილია 1 141.02 ლარი ე.ი. 1 აშშ დოლარი = 2.3103 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 050 აშშ დოლარის 3% - 31.5 აშშ დოლარი უნდა დაბრუნებოდა, რაც 72.77 ლარს შეადგენს.
12. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
12.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრებით აპელანტმა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა იმგვარად, რომ სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული დავალიანების ძირითადი თანხა 29 700 აშშ დოლარის ნაცვლად 28 230 აშშ დოლარით განსაზღვრულიყო.
12.2. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები. სესხი მიიჩნია მოკლევადიან სესხად, ხოლო სესხისთვის გათვალისწინებული პროცენტი - სსკ-ის 625.3-ე მუხლით დადგენილი საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მსესხებელმა სესხის სარგებლობისათვის, სარგებლის სახით, 10 950 აშშ დოლარი გადაიხადა. კასატორის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს სსკ-ის 625.3-ე მუხლთან შესაბამის პროცენტად 1.8 % უნდა მიეჩნია, რაც თვეში 540 აშშ დოლარს შეადგენს, სესხით სარგებლობისათვის 17-თვიანი ვადის გათვალისწინებით კი - 9 180 აშშ დოლარს. შესაბამისად, სესხის ძირითად თანხას 1 770 აშშ დოლარი უნდა გამოკლებოდა.
12.3. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს სსკ-ის 625.3-ე მუხლთან შესაბამისობაში მყოფ პროცენტად სარგებლის სახით 9 180 აშშ დოლარი უნდა მიეჩნია, რის საფუძველზეც სესხზე გადასახდელი ძირითადი თანხის ოდენობად 28 230 აშშ დოლარი უნდა განესაზღვრა.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
13.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მსესხებლის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
16. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი შედავება არ წარმოუდგენია.
17. კასატორის პრეტენზია სესხით გათვალისწინებული სარგებლისა და ძირითადი დავალიანების განსაზღვრის თაობაზე დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს არც საქმის მასალებიდან და არც საკანონმდებლო მოწესრიგებიდან. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის 2014 წლის 10 ივლისს ხელშეკრულების გაფორმების დროს მოქმედებდა სსკ-ის 625.3-ე მუხლი შემდეგი რედაქციით: „იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის, გარდა 1000 ლარამდე (ან მისი ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაში) გაცემული სესხისა, ხელშეკრულებისათვის მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ჩათვლით (გარდა იპოთეკის სანოტარო წესით დამოწმებასა და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა), არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის მეთორმეტედს, რაც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან)“. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულება ორ ფიზიკურ პირს შორის გაფორმდა, არ არსებობდა ზემოხსენებული რედაქციით მოქმედი სსკ-ის 625.3 მუხლით დადგენილი პირობის გამომრიცხველი საკანონმდებლო დანაწესი, რადგან ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის (ხელშეკრულების გაფორმების) დროისათვის მოქმედი სსკ-ის 625-ე მუხლის მე-4 ნაწილი გამორიცხავდა მე-3 ნაწილით დადგენილი პირობის გავრცელებას იმ შემთხვევაში, თუ სესხის ხელშეკრულება დადებული იყო კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − საკრედიტო კავშირების და კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ.
18. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია საქმეში არსებული გარემოებები დადგენილად. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა არა ხელშეკრულების გაფორმების დროს მოქმედი ნორმა (იხ. ამ განჩინების 11.3 ქვეპუნქტი), რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, მსესხებლის სარჩელის იმ ნაწილში დაკმაყოფილების წინაპირობა, რაც საკასაციო საჩივრითაა მოთხოვნილი, გამოვლენილი არ არის, რადგან ხელშეკრულების დროს მოქმედი ნორმის მიხედვით (იხ. ამ განჩინების მე-17 პუნქტი) მოვალის მიერ შესასრულებელი ვალდებულების დარჩენილი ნაწილის გამოანგარიშება ვერ შეცვლის სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ სამართლებრივ შედეგს.
19. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რადგან საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება მსესხებლის მიერ მოპასუხისათვის დავალიანების ძირითადი თანხის იმ ოდენობით გადახდის ფაქტი, რასაც მოვალე საკასაციო საჩივარში უთითებს (იხ. ამ განჩინების 12.3 ქვეპუნქტი). საკასაციო სასამართლომ იმასაც მიაქცია ყურადღება, რომ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე მოვალე ითხოვს სსკ-ის 625-ე მუხლთან შესაბამისობაში მყოფ პროცენტად 1.8 %-ის მიჩნევას, რაც თვეში 540 აშშ დოლარს შეადგენს (იხ. საკასაციო საჩივრის მე-4 გვ. - ტ.5), ხოლო სააპელაციო საჩივარში მსესხებელს მიაჩნდა, რომ სსკ-ის 625-ე მუხლთან შესაბამისობაში მყოფ პროცენტად 1.5 % უნდა განსაზღვრულიყო, რაც თვეში 450 აშშ დოლარს შეადგენს (იხ. სააპელაციო საჩივარი - ტ.3, ს.ფ.330). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი შედავება აპელანტის მოთხოვნის საფუძველზე და მის ფარგლებში განიხილა, ხოლო დავის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს პრეროგატივაა.
20. საკასაციო სასამართლოს განმარტებით „ფულადი ვალდებულების თავისებურებიდან გამომდინარე, მისი შესრულება უნდა დასტურდებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს თანხის გადახდის ფაქტზე, მაგალითად, ხელწერილით, თანხის გადარიცხვის დოკუმენტით და სხვა“ (იხ. სუსგ ას-988-1021-2011, 15.11.2011 წ.)
21. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სამართლიან განაწილებასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ „ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. ამავდროულად, აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელი მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს (იხ. სუსგ # საქმე №ას-517-490-2014, 15.09.2014წ; შდრ. სუსგ # ას-1195-1115-2017, 27.10.2017 წ.).
22. მოხმობილი სასამართლო პრაქტიკისა და სსკ-ის 429-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურების ტვირთი თავად მოვალეს აწევს. განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების მატარებელია კასატორი, რომელმაც ვერ შეძლო სასამართლოსათვის წარედგინა სათანადო და დასაბუთებული მტკიცებულება, რომლითაც მის მიერ ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების ფაქტს დაადასტურებდა სსსკ-ის 102-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით.
23. სააპელაციო სასამართლომ კანონისა და საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის საფუძველზე გადაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, თუმცა, მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება ვერ შეძლო, რამაც მისი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ უარყოფა საფუძვლიანად და კანონიერად განაპირობა.
24. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა ვერ შეძლო დამაჯერებელი და სამართლებრივად წონადი არგუმენტების წარდგენა, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობაში. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს დასაბუთებული პრეტენზია, საკასაციო განაცხადის სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებად ცნობისათვის, რაც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის უარყოფისა და სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
25. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორს დაუბრუნდება გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. ფ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. დ. ფ-ს (პ/ნ 2-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ. ბ-ის (პ/ნ 0-) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2018 წლის 16 მარტი), 70% – 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე