Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-180-180-2018 4 მაისი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „ვ-“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სადაზღვევო კომპანია „ა-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სადაზღვევო კომპანია „ა-ს“ (შემდეგში - მზღვეველი, მოპასუხე, აპელანტი) და შპს „ვ-“-ს (შემდეგში - დამზღვევი, მოსარჩელე, კასატორი) შორის, 2015 წლის 3 აპრილს, გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება ავტოტრანსპორტის დაზღვევის შესახებ, რომლის ფარგლებშიც დაზღვეულ იქნა ავტომანქანა „ოპელ–ასტრა“ სახ. ნომრით „G-“.

1.1. დაზღვევა, სხვა შემთხვევებთან ერთად, აგრეთვე მოიცავდა ავტომობილის დაზიანებას უფლებამოსილი მძღოლის ბრალით ავარიის შედეგად. დაზღვევის ხელშეკრულების მე-6 მუხლის „ლ“ პუნქტით განისაზღვრა სტანდარტული გამონაკლისები, რომლებიც არ მიიჩნეოდა სადაზღვევო შემთხვევად: 1. ავარია უფლებამოსილი მძღოლის მიერ ნორმების შემდეგი ან მსგავსი უხეში დარღვევით. 2. რკინიგზის გადასასვლელზე შემობრუნება ან გასვლა, როცა შლაგბაუმი დაკეტილია ან იკეტება; 3. დგომა-გაჩერება რელსებზე, გვირაბში, ხიდზე ან ესტაკადაზე მოსახვევში (იძულებითი გაჩერების გარდა); 4.მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით სვლა; 5. გასწრება (ა) უწყვეტი ხაზის გადაკვეთით გვირაბში ან ხიდზე, (ბ) გასწრებაზე გასული ავტომობილისა, (გ) გზიდან გადასვლით.

2. გომი-საჩხერე-ზესტაფონის საავტომობილო გზის 63-ე კილომეტრზე, 2015 წლის 12 სექტემბერს, წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ავტომობილის მართვისას, დ. დ-ემ (შემდეგში - უფლებამოსილი მძღოლი/მძღოლი) ვერ უზრუნველყო საჭის უსაფრთხო მართვა, ჩავარდა წყლის საწრეტ არხში, შეეჯახა არხის ბეტონს და გადაბრუნდა.

2.1. საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (Nაბ 0000871820) თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის (შემდგომში - ასკ) 125.10-ე მუხლის საფუძველზე (მანევრირების წესების დარღვევა) მძღოლი ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად.

2.2. სამართალდარღვევის ოქმი არ გასაჩივრებულა.

3. დამზღვევმა, 2015 წლის 14 სექტემბერს, განცხადებით მიმართა სადაზღვევო კომპანიას და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება, რაზეც 2015 წლის 24 სექტემბერს უარი მიიღო.

3.1. სადაზღვევო კომპანიამ საპატრულო პოლიციიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციის საფუძველზე დაადგინა, რომ გამოვლენილი იყო დაზღვევის სახელშეკრულებო პირობებით გათვალისწინებული სტანდარტული გამონაკლისი–საწინააღმდეგო მიმართულებით სვლის დროს მომხდარი შემთხვევა. მზღვეველის განმარტებით, ვინაიდან დგინდებოდა სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სტანდარტული გამონაკლისი - „საპირისპირო მიმართულებით სვლა“, არ არსებობდა ზიანის ანაზღაურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი.

4. სარჩელის მოთხოვნა და საფუძვლები

4.1. დამზღვევმა 2015 წლის 23 ოქტომბერს სარჩელი აღძრა მზღვეველის წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ 2 700 აშშ დოლარის დაკისრება;

4.2. მოსარჩელემ მიუთითა წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტა:

4.2.1. გომი–საჩხერე–ზესტაფონის საავტომობილო გზის 63–ე კილომეტრზე, 2015 წლის 12 სექტემბერს, ზემოხსენებული ავტომანქანა გზის სავალ ნაწილზე ამოდინებული წყლის ნაკადზე გადავლის შედეგად მოცურდა, მძღოლმა ვერ შეძლო საჭის დამორჩილება და ავტომანქანა გადავიდა მოძრაობის საპირისპირო მხარეს, სადაც ბეტონის გვერდულთან შეჯახების შედეგად გადაბრუნდა. მძღოლმა მაშინვე გამოიძახა საპატრულო პოლიცია. მიუხედავად იმისა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია მოუწესრიგებელმა გზის საფარმა, სამართალდამრღვევად ცნეს მძღოლი. იმ დროისათვის მძღოლი იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში, რის გამოც ხელი მოაწერა საჯარიმო ქვითარს. სადაზღვევო კომპანიამ უარი განაცხადა თანხის გადახდაზე იმ საფუძვლით, რომ მძღოლის მხრიდან ადგილი არ ჰქონია საწინააღმდეგო მიმართულებით სვლას. ექსპერტიზის 2015 წლის 22 ოქტომბრის დასკვნით დასტურდება, რომ მძღოლს კონკრეტულ შემთხვევაში არ შეეძლო ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება, ვინაიდან ამოდინებულ წყალზე გადასვლისას ავტომობილის საბურავსა და ასფალტის ზედაპირს შორის რჩება წყალი, რაც იწვევს მოცურებას და ავტომობილი უმართავი ხდება. მაშასადამე, რეალურად, საპირისპირო ზოლში გადასვლა ავტომანქანის მოცურებამ გამოიწვია და არა -მძღოლის არამართლზომიერმა განზრახვამ.

5. მოპასუხის შესაგებელი

5.1. მოპასუხემ, როგორც წერილობით შესაგებელში, ისე სასამართლოს სხდომაზე, სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო და განმარტა:

5.1.1. სადაზღვევო კომპანიამ შეისწავლა საპატრულო პოლიციიდან გამოთხოვილი დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ გამოვლენილი იყო დაზღვევის პირობებით გათვალისწინებული სტანდარტული გამონაკლისი – საწინააღმდეგო მიმართულებით სვლის დროს მომხდარი შემთხვევა, რომელიც არ ანაზღაურდებოდა. საჯარიმო ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე ავტომანქანა გადაადგილდებოდა 70–80 კმ/სთ სიჩქარით, ამინდი იყო მშრალი, ხოლო გზის სავალ ნაწილზე წყლით იყო დასველებული დაახლოებით 1–2 მეტრი სიგრძის მონაკვეთი. ოქმის მიხედვით, მძღოლმა ვერ უზრუნველყო საჭის უსაფრთხო მართვა, ჩავარდა წყლის საწრეტ არხში, სადაც შეეჯახა არხის ბეტონს და გადაბრუნდა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გამოწერა საჯარიმო ქვითარი, რომელიც ასკ–ის 125–ე მუხლის საფუძველზე სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო მძღოლის დაჯარიმებას ითვალისწინებს, რასაც დაეთანხმა მძღოლი და ჯარიმაც გადაიხადა.

6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

6.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2 700 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა;

6.2. სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, გამოიკვლია და დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებანი და დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 59-ე, 164-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 987-ე მუხლები და განმარტა:

6.2.1. სსკ-ის 820-ე მუხლის თანახმად, ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით. ამავე კოდექსის 821-ე მუხლით, მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში, 2015 წლის 3 აპრილს, მხარეებს შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება ავტოტრანსპორტის დაზღვევის შესახებ, რომლის ფარგლებში სადაზღვევო პაკეტით „ექსტრა“ დაზღვეული იქნა ავტომანქანა „ოპელ–ასტრა“ სახ. ნომრით „G-“. დაზღვევა, სხვა შემთხვევებთან ერთად, მოიცავდა ავტომობილის დაზიანებას უფლებამოსილი მძღოლის ბრალით ავარიის შედეგად. 2015 წლის 12 სექტემბერს ზემოაღნიშნული ავტომანქანა ჩავარდა წყლის საწრეტ არხში, შეეჯახა არხის ბეტონს და გადაბრუნდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო მძღოლის ბრალეული ქმედებით, კერძოდ სიჩქარის გადაჭარბებით. მძღოლი მოძრაობდა 70-80 კმ.სთ-ში სიჩქარით, მაშინ, როცა მკვეთრი მოსახვევის გამო იმ მონაკვეთზე დაშვებული სიჩქარე იყო 30 კმ.სთ-ში. აღნიშნულის გამო მოსახვევიდან გასვლის შემდეგ მძღოლმა ვეღარ შეძლო საჭის დამორჩილება და გადავიდა საპირისპირო ზოლში, სადაც შეჯახების შედეგად გადაბრუნდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციამ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც არ გასაჩივრებულა.

6.3. სსკ-ის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. დადგენილია, რომ სადაზღვევო შემთხვევა გამოიწვია მძღოლის ბრალეულმა ქმედებამ - მანევრირების წესების დარღვევამ, მაგრამ როგორც საქმეზე წარმოდგენილი სადაზღვევო პოლისიდან ირკვევა, ავტომობილის დაზიანება უფლებამოსილი მძღოლის ბრალით ავარიის შედეგად, დაზღვეულია. დაზღვევის ხელშეკრულების მე-8 მუხლის „ლ“ პუნქტით, განისაზღვრებოდა სტანდარტული გამონაკლისები, რაც გამორიცხავდა ზიანის ანაზღაურებას. სტანდარტული გამონაკლისები, სხვადასხვა შემთხვევებთან ერთად, ითვალისწინებდა მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით სვლასაც. განსახილველ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიამ მოსარჩელეს ზიანის ანაზღაურებაზე უარი განუცხადა სწორედ ამ გამონაკლისზე მითითებით, კერძოდ, მისი განმარტებით სახეზეა „მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით სვლა“, რაც გამორიცხავდა ზიანის ანაზღაურებას. საქალაქო სასამართლომ აღნიშნული მოსაზრება არ გაიზიარა და განმარტა, რომ ავტომანქანის მძღოლს „მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით სვლის“ არც სურვილი ჰქონია და რეალურად არც უვლია. მან გადააჭარბა სიჩქარეს, ვერ დაიმორჩილა საჭე და მისი ნების საწინააღმდეგოდ გადავიდა მეორე ზოლში, სადაც შეეჯახა არხის ბეტონს და გადაბრუნდა. ამდენად, საპირისპირო ზოლში გადასვლა იყო მძღოლის მხრიდან მანევრირების წესების დარღვევის შედეგი და მას შემდეგ, რაც საჭე ვეღარ დაიმორჩილა, ამ შედეგის თავიდან აცილება მძღოლის ნებაზე აღარ იყო დამოკიდებული. ამდენად, სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად მძღოლის ბრალეულობისა, არ დასტურდებოდა „სტანდარტული გამონაკლისის“ არსებობა, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა მიყენებული ზიანის ანაზღაურება 2700 აშშ დოლარის ოდენობით (იხ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება - ტ.1, ს.ფ. 236-243).

7. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

7.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით:

7.1.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავოდ დადგენილ გარემოებად, რომ დაზღვევა მოიცავდა ზიანის ანაზღაურებას უფლებამოსილი მძღოლის უხეში ბრალით, გამოწვეულს ავარიის შედეგად. სადაზღვევო პოლისის „სადაზღვევო რისკების და პირობების“ ნაწილში განისაზღვრებოდა იმ რისკების ჩამონათვალი, რომლის დაზღვევასაც უზრუნველყოფდა მზღვეველი, მათ შორის - ,,ავტომობილის დაზიანება უ/მძღოლის ბრალით ავარიის შედეგად“. დაზღვევის პოლისის შემდეგი პუნქტით - „სპეციალური სადაზღვევო დაფარვები“ განისაზღვრებოდა, თუ უფლებამოსილი მძღოლის ბრალის რომელი შემთხვევები ექვემდებარებოდა ანაზღაურებას. მათ შორის იყო ავტომობილის დაზიანება უფლებამოსილი მძღოლის გაუფრთხილებლობით, მაგრამ არა - უხეში გაუფრთხილებლობით. სადაზღვევო პოლისში ნათლადაა მითითებული, რომ არ იყო დაზღვეული უხეში გაუფრთხილებლობით დამდგარი სადაზღვევო შემთხვევები, ე.ი. დაზღვევის ხელშეკრულებით განისაზღვრებოდა ის სტანდარტული გამონაკლისები, რომელთა დადგომაც გამორიცხავდა ანაზღაურების გაცემას. ხელშეკრულების 6.1 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევად არ ითვლებოდა და სტანდარტულ გამონაკლისად მიიჩნეოდა უფლებამოსილი მძღოლის უხეში დარღვევის შედეგად დამდგარი ავარია, აგრთვე, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით სვლა; სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ დაზღვეული იყო ბრალის ყველა შემთხვევა, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს.

7.1.2. სასამართლომ არასწორად იმსჯელა, რომ მძღოლს მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით სვლის არც სურვილი ჰქონია და რეალურად არც უვლია. აპელანტის განმარტებით, აღნიშნული მსჯელობა ეწინააღმდეგებოდა დაზღვევის პირობებს და სსკ-ის 829-ე მუხლსაც, რომლის მიხედვითაც, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით; აპელანტის შეფასებით, სასამართლომ არ შეაფასა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1. ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო უფლებამოსილი მძღოლის ბრალით, კერძოდ, უხეში გაუფრთხილებლობით; 2. უხეში გაუფრთხილებლობა არ იყო დაზღვეული რისკი; 3. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მანევრირების წესების დარღვევა, რაც გამოწვეული იქნა სიჩქარის გადაჭარბებით, წარმოადგენს უხეში გაუფრთხილებლობის შემადგენელ ელემენტს; 4. მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით სვლას წარმოადგენს ხელშეკრულებით შეთანხმებულ სტანდარტულ გამონაკლისს; 5. საპირისპირო ზოლში გადასვლა მძღოლის უხეში ბრალეული ქმედების შედეგია; 6. დარღვეული და უგულვებელყოფილი იქნა საგზაო მოძრაობის ძირითადი წესები, რამაც გამოიწვია მძიმე ავარია;

7.1.3. სასამართლომ არ გაიზიარა არსებული სასამართლო პრაქტიკა, რომელიც ზედმიწევნით განმარტავს უხეში გაუფრთხილებლობის დეფინიციას. სასამართლო პრაქტიკაში დადგენილია, რომ ,,უხეში გაუფრთხილებელი ქმედებით მოქმედებს ის, ვინც არღვევს წინდახედულობის ნორმებს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით". სასამართლომ სხვადასხვა დროს განმარტა უხეში გაუფრთხილებელი ქმედებით ჩადენილი ქმედება, თუმცა, იგი მაინც ინდივიდუალურად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განიმარტოს. ამ შემთხვევაში გამოკვეთილია მძღოლის მიერ სიჩქარის გადაჭარბება დაშვებულზე თითქმის 200 პროცენტით. სადაზღვევო ურთიერთობებში სიჩქარის გადაჭარბება, რომელსაც თან სდევს მართლსაწინააღმდეგო მიმართულებით სვლა არის სტანდარტული გამონაკლისი. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ერთგვარად წახალისებული არიან პირები იმაში, რომ მათ შეუძლიათ იმოძრაონ სიჩქარის დაახლოებით 200%-იანი გადაჭარბებით და სადაზღვევო კომპანიას მაინც დაევალება ზიანის ანაზღაურება;

7.1.4. სასამართლომ მიუთითა 829-ე მუხლზე, მაგრამ არ იმსჯელა მის იმპერატიულ ბუნებაზე. კერძოდ, დასახელებული ნორმა იმპერატიულად გამორიცხავს უხეში გაუფრთხილებლობით ქმედებით დამდგარი შედეგის ანაზღაურებას. გარდა იმისა, რომ წარმოდგენილი პოლისით არ ყოფილა დაზღვეული უხეში ბრალი, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, იგი ბათილი იქნებოდა იმპერატიულ ნორმებთან წინააღმდეგობის გამო.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება და დასკვნები

8.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით მზღვეველის (მოპასუხის) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, დამზღვევის სარჩელი არ დაკმაყოფილდა

8.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მაგრამ არ გაიზიარა მათი სამართლებრივი შეფასება და განმარტა:

8.2.1. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 22 ოქტომბრის დასკვნაში მითითებულია (იხ. ს.ფ. 38), რომ „მოცემულ შემთხვევაში, თუ კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა განვითარდა ისე, როგორც ამას ავტომობილ „ოპელ -ასტრას“ მძღოლი აღწერს თავის განცხადებაში, მაშინ იგი ტექნიკური თვალსაზრისით მომხდარი ავტო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება“. ექსპერტიზის დასკვნა ეყრდნობა შემდეგ მსჯელობას: „როგორც უფლებამოსილი მძღოლის განცხადებიდან ირკვევა, იგი მოძრაობდა 70-80 კმ/სთ სიჩქარით, მშრალ ასფალტირებულ გზაზე. მსვლელობის დროს მან დაახლოებით 20 მეტრ მანძილში შენიშნა სავალი ნაწილის მთელ სიგანეზე, დაახლოებით 1,5-2 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე გადმოედინებოდა წყლის ნაკადი მარცხნიდან მარჯვნივ, რომლის სიღრმეც იქნებოდა დაახლოებით 3-4 სმ. როგორც წესი, ავტომობილს, წყალში მოძრაობისას, თუნდაც 3-4 სმ სიმაღლის წყლის არსებობის პერიოდში, სავალ ნაწილზე გადმოდენილი წყალი უწევს გარკვეულ წინააღმდეგობას. ასეთ პირობებში ავტომობილის სარბენი ბილიკის ღარების სიმაღლე ვერ უზრუნველყოფს საავტომობილო გზაზე დამდგარი წყლის გამოდევნას ავტომობილის საბურავის სარბენი ბილიკიდან, შესაბამისად საბურავსა და ასფალტის ზედაპირს შორის რჩება წყალი, ე.ი. ამ მომენტისათვის ავტომობილის საბურავები არ ეხებიან ასფალტის ზედაპირს, შესაბამისად, ხდება ავტომობილის მოცურება და ავტომობილი ფაქტიურად ხდება უმართავი, რის გამოც ავტომობილი გადაადგილდება მძღოლისაგან დამოუკიდებლად... 70-80 კმ/სთ სიჩქარით მოძრავ ავტომობილის სრული გაჩერებისათვის საჭირო მანძილს, მოცემულ პირობებში შეადგენდა დაახლოებით 60-73 მეტრს. აღნიშნული მანძილი გაცილებით მეტია იმ მანძილზე, რა მანძილშიც მძღოლმა შენიშნა სავალ ნაწილზე გადმოდინებული წყალი (20 მ.)’’.

8.2.2. დადგენილია, რომ გზის იმ მონაკვეთზე, სადაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, დაშვებულია მოძრაობა 30 კმ/სთ-ში სიჩქარით. საქმეში წარდგენილი ავტოტექნიკური და ავტოტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად,,ავტომობილი ოპელ ასტრა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევისას მოძრაობდა დასაშვებზე (30 კმ/სთ) გადაჭარბებული სიჩქარით - დაახლოებით 85 კმ/სთ...ავარიის ადგილას იყო მკვეთრი მოსახვევი, მხედველობა შეზღუდული იყო, შესაბამისად, მძღოლი ვალდებული იყო მოსახვევში შესულიყო დაბალი სიჩქარით, რაც უგულებელყოფილ იქნა და მან ვეღარ შეძლო მოსახვევიდან გასვლის შემდეგ საჭის დამორჩილება...მოცემულ შემთხვევაში ავტომობილი ოპელ ასტრა-ს სახელმწიფო #G- მძღოლმა უგულებელყო საქართველოს კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ 25.10 მუხლის „თ“ პუნქტის და 33 მუხლის 1 პუნქტის მოთხოვნები“(იხ. დასკვნა ს.ფ. 82-100). აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, ტექნიკური თვალსაზრისით, მძღოლს შეეძლო მომხდარი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება, ე.ი. თუ ის იმოძრავებდა დაშვებული სიჩქარით, იგი შეძლებდა გაჩერებას წყალში შესვლისას და თავიდან იქნებოდა აცილებული ავტოსაგზაო შემთხვევა. აღნიშნულ გარემოებათა საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მძღოლმა დაშვებულ სიჩქარეს დაახლოებით 130%-ით გადააჭარბა, რაც სასამართლოს შეფასებით, უხეშ გაუფრთხილებლობას წარმოადგენს;

8.2.3. საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი: ა) ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო უფლებამოსილი მძღოლის ბრალით, კერძოდ, უხეში გაუფრთხილებლობით; ბ) უხეში გაუფრთხილებლობა არ იყო დაზღვეული რისკი; გ) ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მანევრირების წესების დარღვევა, რაც გამოწვეულ იქნა სიჩქარის გადაჭარბებით (დაშვებული სიჩქარის დაახლოებით 130%-ით გადააჭარბა) წარმოადგენს უხეში გაუფრთხილებლობის შემადგენელ ელემენტებს; დ) მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით სვლა წარმოადგენს ხელშეკრულებით ზუსტად შეთანხმებულ სტანდარტულ გამონაკლისს; ე) საპირისპირო ზოლში გადასვლა (სვლა), წარმოადგენდა მძღოლის უხეში, ბრალეული ქმედების შედეგს;

8.2.4. სსკ-ის 799-ე მუხლის მიხედვით, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. სსკ-ის 829-ე მუხლის საფუძველზე, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით; „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის 33-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება; სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე, ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს. უდავოდ დასტურდება, რომ შემთხვევა გამოიწვია მძღოლის ბრალეულმა ქმედებამ - უხეშმა გაუფრთხილებლობამ, რაც გამოიხატა მანევრირების წესების დარღვევის (დაშვებულ სიჩქარეზე 130% გადაჭარბების) გამო მოძრაობის საწინააღმდეგო ზოლში გადასვლით;

8.2.5. უზენაესმა სასამართლომ №ას-1306-1226-2015 საქმეზე განმარტა, რომ პასუხისმგებლობის ფარგლები (უფრო მკაცრი ან მსუბუქი პასუხისმგებლობა), შეიძლება გარიგებით ან კანონით დაწესდეს. განსახილველ შემთხვევაში მხარეებს ხელშეკრულებით არ დაუკონკრეტებიათ, ანუ არ გაუმიჯნავთ ერთმანეთისაგან უხეში და მარტივი გაუფრთხილებლობის შემთხვევები. შესაბამისად, სსკ-ის 829-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მზღვეველის პასუხისმგებლობა მხოლოდ მარტივი გაუფრთხილებლობით დამდგარი ზიანისათვის დგება. გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოხსენებული პრაქტიკის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ უხეშ გაუფრთხილებლობად უნდა იქნეს მიჩნეული დაშვებული სიჩქარის 100%-ზე მეტად გადაჭარბება, რაც სსკ-ის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველის პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებაა (იხ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება - ტ.1, ს.ფ. 310-328).

9. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

9.1. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით:

9.1.1. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 829-ე მუხლი, რადგან მხარეებმა ხელშეკრულების მე-6 მუხლში ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრეს და ჩამოთვალეს ის ბრალეული ქმედებები, რომლებიც სტანდარტულ სადაზღვევო შემთხვევად არ მიიჩნეოდა და არ ანაზღაურდებოდა მზღვეველის მიერ. სადაზღვევო ხელშეკრულების მე-6 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი მიუთითებს, რომ სადაზღვევო შემთხვევად (სხვა შემთხვევებთან ერთად), არ მიიჩნეოდა მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით სვლაც. ეს უკანასკნელი გულისხმობს მძღოლის განზრახვას, იმოძრაოს საპირისპირო ზოლში, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. საჯარიმო ოქმში დაფიქსირებულია, რომ მძღოლმა ვერ უზრუნველყო საჭის მართვა, რის გამოც შეეჯახა ბეტონის კედელს და გადაბრუნდა. ამდენად, სასამართლოს მსჯელობა, რომ მძღოლის მხრიდან ადგილი ჰქონდა საწინააღმდეგო მიმართულებით სვლას, მოკლებულია ყოველგვარ დასაბუთებას. ამდენად, უპირატესობა უნდა მინიჭებოდა მხარეთა შორის დადებულ შეთანახმებას და არა - კანონის დათქმას უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაში მზღვეველის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ;

9.1.2 მზღვეველის პასუხისმგებლობის ფარგლების იმგვარი განმარტება, რომელიც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშია ასახული, ეწინააღმდგება დაზღვევის სამართლებრივ ბუნებას, რადგან იგი გულისხმობს იმას, რომ არ ანაზღაურდება ზიანი ქმედებისთვის, რომელიც უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასდება. ასეთ მსჯელობას შეიცავს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც - საქმე ას N1306- 1226-2015 და ას N1319-1257-2014.

10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

10.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინებით საკასაციო განაცხადი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

12. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება, მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. ქვემორე პუნქტები).

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).

16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 102 -ე მუხლზე, რომლის თანახმად, „1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით“ და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეული და დადგენილია ყველა ის მტკიცებულება და ფაქტობრივი გარემოება, რომელიც საჭიროა საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობის შესამოწმებლად.

17. კასატორის საკასაციო შედავება დაფუძნებულია მსჯელობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ საწინაააღმდეგო ზოლში მოძრაობა მიიჩნია უხეშ დარღვევად, მაშინ, როდესაც საწინააღმდეგო ზოლში გადასვლა არ წარმოადგენდა მძღოლის განზრახვას და იგი იძულებითი მანევრი იყო (იხ. წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტი).

17.1. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის შედავებას სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ფაქტობრივ გარემეობათა სამართლებრივად არასწორი შეფასების შესახებ. საკასაციო სასამართლო განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე: იმის დასადგენად, წარმოეშვა თუ არა მზღვეველს დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, ხოლო დამზღვევს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, უნდა დადგინდეს შემდეგი გარემოებები: 1. ითვალისწინებდა თუ არა დაზღვევის ხელშეკრულება იმ ავტოშემთხვევის ანაზღაურებას, რომელიც უფლებამოსილი მძღოლის უხეში გაურთხილებლობის შედეგად დადგებოდა. 2. ავტომობილის მძღოლის მიერ მოძრაობის საწინააღმდეგო ზოლში გადასვლა რა გარემოებით იყო გამოწვეული - ეს იყო აუცდენელი ძალის (ტექნიკური გაუმართაობის, ბუნებრივი მოვლენის, მესამე პირის და ა.შ.) ზემოქმედების, თუ მარტივი გაუფრთხილებლობის შედეგი. ამ კითხვებზე დადებითი პასუხის გაცემა წარმოშობს დამზღვევის სასარგებლოდ უფლებას, რომ მოითხოვოს მზღვეველისგან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სსკ-ის 829-მუხლის ნორმატიული შინაარსი იმპერატიულად გამორიცხავს ამგვარი უფლების წარმოშობას: „მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით“.

17.2.განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ დაზღვევის ხელშეკრულება უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებას არ ითვალისწინებდა. ეს დათქმა განმტკიცებულია დაზღვევის პოლისის მე-6 პუნქტში, რომლითაც გათვალისწინებულია გამონაკლისები, რომლებსაც დამზღვევი არ აანაზღაურებდა. კერძოდ: „განზრახ დაზიანება, ავარია უფლებამოსილი მძღოლის მიერ ნორმების შემდეგი ან მსგავსი უხეში დარღვევით, რკინიგზის გადასასვლელზე შემობრუნება ან გასვლა, როცა შლაგბაუმი დაკეტილია ან იკეტება, დგომა-გაჩერება რელსებზე, გვირაბში, ხიდზე ან ესტაკადაზე მოსახვევში (იძულებითი გაჩერების გარდა), მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით სვლა და გასწრება (ა) უწყვეტი ხაზის გადაკვეთით გვირაბში ან ხიდზე, (ბ) გასწრებაზე გასული ავტომობილისა, (გ) გზიდან გადასვლით“. ამდენად, ცხადია, რომ სადაზღვევო პირობები უხეში გაუფრთხილებლობით დამდგარი ზიანის ანაზღაურებას არ ითვალისწინებდა. განსახილველ დავაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა მართებულად შეფასდეს, მძღოლის ქმედებას, კერძოდ, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა უხეშ გაუფრთხილებლობას, თუ ვლინდება მარტივი გაუფრთხილებლობისთვის დამახასიათებელი ნიშნები. აღნიშული განაპირობებს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების, ან ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლებს. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება უხეში გაუფრთხილებლობა, ეს გამორიცხავს მზღვეველის პასუხისმგებლობას როგორც კანონის (სსკ-ის 829-ე მუხლი), ისე ხელშეკრულების (მე-6 პუნქტი) შესაბამისად.

17.3. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არამართებელად მიიჩნია მოძრაობის საწინააღმდეგო ზოლში გადასვლა უხეშ გაუფრთხილებლობად მაშინ, როდესაც საპატრულო სამსახურის მიერ შედგენილი ოქმითა და ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ავტომობილი სველ ასფალტზე მოსრიალდა, გახდა უმართავი და ამგვარად აღმოჩნდა საწინააღმდეგო ზოლში.

17.3.1. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიას და, უპირველესად, მიუთითებს საკასაციო სასამართლოს იმ განმარტებაზე, რომელიც ავტოტრანსპორტით სარგებლობისას დამდგარ ზიანს შეეხება: „ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ დადგენილია მთელი რიგი რეგულაციები ავტოსტრანსპორტო საშუალების მფლობელთა მიმართ და მათ ევალებათ იცოდნენ თავიანთი ვალდებულებები, დაიცვან ისინი ზედმიწევნით და ავტოსატრანსპორტო საშუალება მართონ გონივრული და სათანადო წინდახედულობის ფარგლებში. შესაბამისად, თუ დადგინდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშულების მფლობელის მიერ არ ჰქონდა ადგილი კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევას და იგი ავტომანქანას მართავდა სათანადო წინდახედულობის ფარგლეში, მისი ქმედება არ შეიძლება შეფასდეს განზრახ ან უხეშ გაურთხილებლობად. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოძრაობის წესებს შორის ერთ-ერთი უმნიშნვნელოვანესია დადგენილი სიჩქარის ფარგლებში დაწესებულ ზოლებში მოძრაობა, რისი დარღვევაც უპირატესად იწვევს მძიმე შედეგს. შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლს ევალება განსაკუთრებული გულისხმიერებითა და ზედმიწევნით დაიცვას აღნიშნული წესები“ ( იხ. სუსგ # 1319-1257-2014);

17.3.2.რაც შეეხება თავად უხეშ და მარტივ გაუფრთხილებლობას, როგორც სამართლებრივად სანქცირებულ ქმედებებს, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: „სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით“; (იხ. საქმე № ას-745-713-2014 ).

17.4. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არაა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მძღოლის გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობამ გამოიწვია, ავტომობილი მოსრიალდა გზის სველ მონაკვეთზე, რის გამოც იგი გახდა უმართავი, გადავიდა მოძრაობის საწინააღმდეგო ზოლში და ამობრუნდა. არც ერთი ეს გარემოება, მათ შორის, მანქანის გადაჭარბებული სიჩქარით მართვაც, კასატორის მიერ შედავებული არაა. ამდენად, მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიისა და საქმეზე დადგენილი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, უნდა შეფასდეს, საგზაო ინციდენტი, თავისი მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გათვალისწინებით, წარმოუშობს თუ არა იგი მზღვეველს სსკ-ის 829-ე მუხლით გარანტირებულ იმ უფლებას, რომ მზღვეველის პასუხისმგებლობა მხოლოდ მარტივი გაუფრთხილებლობით დამდგარი ზიანისათვის დგება, ხოლო თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.

17.5.საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან მიმართებით, რომ დარღვევა, რომელიც განსახილველ დავაში სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს, ობიექტურად მომხდარი გარემოებების, ქმედების სუბიექტის (მისი ნების) და მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შინაარსის გათვალისწინებით, უხეშ გაუფრთხილებლობად უნდა იქნეს მიჩნეული. საკასაციო სასამართლო იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ მართალია, ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებულ დადგენილებას (ტ.1, ს.ფ.30), კანონიდან გამომდინარე პრეიუდიციული ხასიათი არ გააჩნია, მაგრამ სამართალდარღვევის ოქმი კასატორს სადავოდ არ გაუხდია და ჯარიმა დადგენილ ვადაში გადაიხადა, რაც გულისხმობს იმას, რომ ის დაეთანხმა ოქმში მოყვანილ გარემოებათა კვალიფიკაციას, კერძოდ, იმას, რომ მძღოლმა იმოქმედა რა მანევრირების წესების დარღვევით, ასკ-ის 125.10-ე მუხლის თანახმად დაჯარიმდა შესაბამისი თანხით. იმას, თუ რა ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების ერთობლიობამ გამოიწვია მანქანის ამობრუნება, მძღოლი დაწვრილებით აღწერს საპატრულო პოლიციაში გაკეთებულ ახსნა-განმარტებაში, საიდანაც ირკვევა, რომ ის მოძრაობდა 70-80 კმ.სთ სიჩქარით, შემდეგ მოსრიალდა სველ ასფალტზე და ავტომობილი გახდა უმართავი, რის გამოც გადავიდა საპირისპირი ზოლში, ჩავარდა წყლის საწრეტ არხში და ამობრუნდა. საქმეში წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა (ტ.1, ს.ფ.82-88), რომელიც ადასტურებს, რომ გზის იმ მონაკვეთზე, რომელზეც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დასაშვები მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარეა 30 კმ.სთ, ხოლო მძღოლი მოძრაობდა დაახლოებით 84 კმ.სთ სიჩქარით. თუ მძღოლი იმოძრავებდა დასაშვები სიჩქარის ფარგლებში, ექსპერტიზის დასკვნით, ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან არიდება შესაძლებელი იქნებოდა, ე.ი. მოვლენათა თანმიმდევრობიდან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ მძღოლი სუბიექტური მიზეზების (სიჩქარის გადაჭარბების) გამო მოსრიალდა გზაზე, ვეღარ უზრუნველყო სწორი და უსაფრთხო მანევრირება და საპირისპირო ზოლში გადასვლის შემდეგ ამობრუნდა.

17.6. ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციისას გამოვლენილი უხეში და მარტივ გაუფრთხილებლობის გამიჯვნის თაობაზე საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა: „გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა“ (იხ საქმე: 1306-1226-2015). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის გამო, გამოიკვეთა მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა, რომელსაც შედეგად მოჰყვა მოძრაობის საწინააღმდეგო ზოლში გადასვლა, აღნიშნული საფუძვლით გამოირიცხება მოპასუხე სადაზღვევო კომპანიის ვალდებულება თანხის ანაზღაურებაზე (შდრ. სუსგ-ებს: # ას-943-901-2013; # 943-901-2013; # ას-1319-1257-2014; # ას-1306-1226-2015; # ას- 92-88-2016).

18. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო განაცხადი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და კანონიერი, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

19. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ''ვ-''-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს ''ვ-''-ს (ს/კ 4-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 360 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2018 წლის 8 იანვარი), 70% –252 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე