საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-180-180-2018 4 მაისი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სადაზღვევო კომპანია ''ა-ი'' (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ''ვ-'' (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, განცხადების დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა სადაზღვევო კომპანია „ა-ის“ (შემდეგში - მზღვეველი, მოპასუხე, აპელანტი) სააპელაციო საჩივარი შპს „ვ-“-ს (შემდეგში - დამზღვევი, მოსარჩელე, კასატორი) წინააღმდეგ: გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა მზღვეველისათვის, დამზღვევის სასარგებლოდ, 2 700 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე. ამავე გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 263.70 ლარის გადახდა დაეკისრა (იხ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება - ს.ფ. 310-328).
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 ნოემბერს განცხადებით მიმართა მოპასუხის წარმომადგენელმა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 261-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა მოითხოვა.
2.1. აპელანტის განმარტებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სამართლწარმოების დროს მან იშუამდგომლა, რომ დავის სადაზღვევო კომპანიის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში შპს ,,ს-ის” მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნის საფასური - 300 ლარი მოსარჩელე მხარეს დაკისრებოდა. მიუხედავად აღნიშნული შუამდგომლობისა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ არის ასახული დასკვნა აღნიშნული ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების თაობაზე, ამდენად, მოპასუხემ მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა და ექსპერტიზის საფასურის - 300 ლარის მოსარჩელისთვის დაკისრება.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით, განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ განუხილველი დარჩა შემდეგ გარემოებათა გამო:
3.1. სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს, შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. სსსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა 2017 წლის 22 ნოემბერს, გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღის შესახებ მხარეებისთვის ცნობილი იყო, რაც დადასტურებულია საქმეში (ს.ფ 306) განთავსებულ ხელწერილზე მხარეების (მათ შორის აპელანტის წარმომადგენლის - ე. ბ-ის) ხელმოწერებით. სასამართლოს განმარტებით, სსსკ-ის 261-ე მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობებს და განცხადების შეტანის ვადას, რაც მოცემულ შემთხვევაში იმაში გამოიხატება, რომ განმცხადებელს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით სასამართლოსთვის შეეძლო მიემართა გადაწყვეტილების გამოცხადების დღიდან 7 დღის განმავლობაში, ანუ 2017 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით. სსსკ-ის 261-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. განსახილველ შემთხვევაში, მზღვეველის წარმომადგენელმა 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ განცხადება წარადგინა 2018 წლის 11 იანვარს, ანუ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7- დღიანი ვადის დარღვევით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსსკ-ის 261-ე და 63-ე მუხლების თანახმად, საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განცხადება დაუშვებელია და განუხილველი უნდა დარჩეს (იხ. სააპელაციო სასამართლოს განჩინება, ს.ფ. 354-356).
4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
4.1. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ის არ დასწრებია 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების გამოცხადებას. იგი ტელეფონის საშუალებით ესაუბრა მოსამართლის თანაშემწეს და მოითხოვა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება, თუმცა, გადაწყვეტილება არ იყო მომზადებული და თანაშემწემ განუმარტა, რომ მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება მომზადდებოდა, ფოსტით გაეგზავნებოდა მხარეს. განჩინება საკასაციო საჩივრის ავტორს 2018 წლის 8 იანვარს ჩაბარდა, მხოლოდ ამის შემდეგ გახდა მოპასუხისათვის ცნობილი, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ იყო ასახული დასკვნა საექსპერტო დასკვნის საფასურის მოსარჩელისთვის დაკისრების თაობაზე. ამიტომ, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის შემდეგ - 11 იანვარს, მოპასუხემ წერილობითი განცხადებით მიმართა საქმის განმხილველ სასამართლოს და დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა მოითხოვა (იხ. ს.ფ. 351). კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ვინაიდან მხარე არ ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნის თაობაზე საპროცესო ვადის ათვლა იწყება ამ გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან. მისი მითითებით, აღნიშნული მსჯელობა განმტკიცებულია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკითაც - იხ. საქმე # ას N 1119-1075-2016.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2018 წლის 3 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
7. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება წარმოდგენილი აქვს:
7.1. სსკ-ის 261-ე მუხლის მე- 2 ნაწილის თანახმად, „დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება“.
7.1.1. საქმეში არსებული მასალებით დგინდება, შემდეგი გარემოებები: ა) კერძო საჩივრის ავტორმა 2015 წლის 21 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა შუამდგომლობა, რომლითაც ითხოვა, რომ სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მოსარჩელეს დაკისრებოდა მოპასუხის მიერ გადახდილი ექსპერტიზის საფასური 300 ლარის ოდენობით (იხ.ს.ფ.102); ბ) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, შუამდგომლობა დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ.117-125); გ) აღნიშნულ საქმეზე 2017 წლის 22 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომელსაც არ ესწრებოდა დავის მონაწილე არც ერთი მხარე; დ) როგორც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიდან ირკვევა, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თუმცა, მასში არ ასახულა დასკვნა აპელანტის ზემოხსნებული შუამდგომლობის საფუძველზე, ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი ექსპერტიზის საფასურის - 300 (სამასი) ლარის მოსარჩელისათვის დაკისრების თაობაზე (იხ. ს.ფ.316-328). ე) საქმეში არ დევს სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტი, საიდანაც დადგინდებოდა, რომ კერძო საჩივრის ავტორს ტელეფონით ეცნობა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი.
7.1.2. მიუხედავად იმისა, რომ მხარისათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი, საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას მხოლოდ იმ ნაწილში, რომ ვინაიდან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სასამართლოს მხარისათვის არ უცნობებია, დასაბუთებული გადაწყვეტილება კი გადაეცა 2018 წლის 8 იანვარს (იხ. ს.ფ. 337), აღნიშნულ თარიღამდე, კერძო საჩივრის ავტორი ობიექტურად იყო მოკლებული შესაძლებლობას, წინასწარ განეჭვრიტა სარეზოლუციო ნაწილის შესაძლო ხარვეზი და სსსკ-ის 261.2-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ვადის დაცვის საჭიროება. მას შემდეგ, რაც ის გაეცნო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსს, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით საქმის განმხილველ სასამართლოს მიმართა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან მესამე დღეს- 11 იანვარს.
8. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია დასაბუთებულია, საკასაციო სასამართლოს გაანჩინებით უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და მოპასუხის მოთხოვნა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სადაზღვევო კომპანია ''ა-ი''-ს (ს/კ 4-) კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სადაზღვევო კომპანია ''ა-ი''-ს მიერ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ განცხადების ხელახლა განსახილველად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე