საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-190-190-2018 18 მაისი, 2018 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ე-ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ბ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – საზოგადოებიდან გასვლა და წილის კომპენსაციის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს ,,ე-ა” (შემდეგში - პირველი მოპასუხე, მოპასუხე საწარმო, აპელანტი, კასატორი) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში 1996 წლის 6 თებერვალს დარეგისტრირდა.
1.1. საზოგადოების პარტნიორები იყვნენ ლ. ბ-ი (შემდეგში - მოსარჩელე), რომელიც საწარმოში ფლობდა 20%-ს და პ. დ-ი, რომლის კუთვნილებაში იყო დანარჩენი 80%. ეს უკანასკნელი 2015 წლის 1 მაისს გარდაიცვალა და პარტნიორთა კრების 2015 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით მისი კუთვნილი წილი გადაეცა კანონისმიერ მემკვიდრეს - მ. დ-ს (შემდეგში - მეორე მოპასუხე), რომელიც საზოგადოების დირექტორად დაინიშნა (ტ.1, ს/ფ 48; 88-91; 103-106);
1.2. მოპასუხე საწარმომ 2013 წლის 10 ივლისს, პარტნიორთა კრებაზე, მოსარჩელისთვის წილის საბაზრო ღირებულების კომპენსაციის სანაცვლოდ საზოგადოებიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო (ტ.1, ს/ფ 12);
2. სარჩელის მოთხოვნა და საფუძვლები
2.1. მოსარჩელემ 2014 წლის 26 ნოემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა მოპასუხეებისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ საზოგადოებიდან გასვლის სანაცვლოდ კომპენსაციის - მოპასუხე საწარმოს კაპიტალის 20%-ის - 404 879 (ოთხას ოთხი ათას რვაას სამოცდაცხრამეტი) ლარის/ გადახდა.
2.2. მოსარჩელემ მიუთითა წინამდებარე განჩინების 1 პუნქტში, 1.1.-1.2 ქვეპუნქტებში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში - ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) 2016 წლის 25 მაისის დასკვნის მიხედვით მოპასუხე საწარმოს 20% წილის საბაზრო ღირებულება 2016 წლის 21 მაისის მდგომარეობით განისაზღვრებოდა 404 879 ლარით. დასკვნის თანახმად, საწარმოს 2016 წლის 21 მაისის მდგომარეობით, საზოგადოების ბალანსზე ერიცხებოდა შემდეგი ქონება: მიმდინარე აქტივები - 14520 ლარის ღირებულებით (მათ შორის ნაღდი ფული და ეკვივალენტები 6520 ლარის და დებიტორები (სამომხმარებლო) 8000 ლარის ღირებულებით), მიმდინარე ვალდებულებები - 5000 ლარის ღირებულებით, ასევე, 300 კვ.მ ფართის უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, თ-ის გამზირი №18-ში, საკადასტრო კოდით №0-, საიდანაც 144.3 კვ.მ, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, დაკავებული ჰქონდა სს ,,ს- ს”, 62.8 კვ.მ - სილამაზის სალონს, 42 კვ.მ - მაღაზია ,,ვ- ს”; ხოლო 50.1 კვ.მ ფართში - ოპტიკა ,,მ-ას”. საწარმოს საკუთრებაში იყო ასევე ქ.თბილისში, თ-ის გამზირი №16-ში მდებარე უძრავი ქონება, რომელშიც ფუნქციონირებდა შპს ,,მ- ა”.
2.1.2. ბიუროს დასკვნის მიხედვით, ქ.თბილისში, თ-ის გამზირი №18-ში მდებარე უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენდა 632 362 აშშ დოლარს (1357049 ლარს), ხოლო იმავე მისამართზე №16-ში მდებარე უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენდა 306 535 აშშ დოლარს (657824 ლარს).
2.1.3. ბიუროს დასკვნის თანახმად, 2016 წლის 21 მაისის მდგომარეობით, საზოგადოების კაპიტალის 100% წილის ღირებულება საორიენტაციოდ განისაზღვრებოდა 2 024 393 ლარით, ხოლო მისი 20% - 404 879 ლარით. მოსარჩელის მითითებით, მას მოპასუხეებმა აღნიშნული თანხა უნდა გადაუხადონ როგორც საკომპენსაციო თანხა საწარმოს პარტნიორობიდან გასვლის სანაცვლოდ (იხ. ტ.1, ს/ფ 320-337).
3. მოპასუხის შესაგებელი
3.1. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი კომპენსაცია ბევრად აღემატება საზოგადოების კაპიტალის 20% წილის რეალურ საბაზრო ღირებულებას.
3.1.1. მოპასუხებმა სასამართლოს წარუდგინეს შპს ,,ფ- ის” 2016 წლის 24 მაისის დასკვნა, რომლის მიხედვით, მოპასუხე საწარმოს კაპიტალის 100%-იანი წილის ღირებულება განისაზღვრებოდა 307 404.70 ლარით, მისი 20% კი - 61 480.94 ლარით. დასკვნაში აღნიშნულია, რომ მოპასუხე საწარმოს საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, თ-ის გამზირი N16-ში მდებარე უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენდა 158 543.82 აშშ დოლარს, შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება კი - 104 175.56 აშშ დოლარს. ამ სამუშაოების ღირებულების გამოკლებით ქონების ღირებულება საბოლოოდ განისაზღვრებოდა 54 368.26 აშშ დოლარით, ეროვნულ ვალუტაში - 116 669 ლარით. რაც შეეხება ქ.თბილისში, თ-ის გამზირი N18-ში მდებარე უძრავ ქონებას, დასკვნის თანახმად, მისი საბაზრო ღირებულება შეადგენდა 167 224 აშშ დოლარს, თუმცა, ისიც საჭიროებდა 96 368 აშშ დოლარის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ქონების ღირებულება ამ სამუშაოების გამოკლებით განისაზღვრებოდა 70 856 აშშ დოლარით, ეროვნულ ვალუტაში - 152 050 ლარით. დასკვნის მიხედვით, საზოგადოების წლიური საშუალო შემოსავალი შეადგენდა 96 275 ლარს, საშუალო ხარჯი - 21 819 ლარს. დასკვნაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ის 20%, რომლის მესაკუთრეც მოსარჩელეა, წესდების თანახმად, წარმოადგენს უკონტროლო წილს. პრაქტიკის შესაბამისად, მიღებულია წილის ღირებულების 20%-დან 30%-მდე. შემცირება. განსახილველ შემთხვევაში ექსპერტმა მიიჩნია, რომ წილი უნდა შემცირდეს 20%-ით (12 296.19 ლარით) და საბოლოოდ მოსარჩელისთის გადასახდელი კომპენსაცია უნდა განსაზღვრულიყო 49 184 ლარით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 ოქტომბრის მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. პირველ მოპასუხეს (საწარმოს) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 404 879 (ოთხას ოთხი ათას რვაას სამოცდაცხრამეტი) ლარის გადახდა, წილის კომპენსაციის სახით, საწარმოს პარტნიორობიდან გასვლის სანაცვლოდ.
4.2. სარჩელი მეორე მოპასუხის მიმართ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
4.3. სასამართლომ, საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, გამოიკვლია და დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში, 1.1.-1.2 ქვეპუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებანი და დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის (შემდეგში - სპეციალური კანონი) 44-ე, 46-ე, 47-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები და განმარტა:
4.3.1. სპეციალური კანონის 44-ე მუხლის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. შპს-ის კაპიტალი დაყოფილია წილებად. წილი არის მიმოქცევადი უფლება. ამავე კანონის 46-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, შპს-ის პარტნიორებს უფლება აქვთ, გაასხვისონ ან დატვირთონ (დააგირავონ) წილი საზოგადოების კაპიტალში, თუ წესდებით შეზღუდვა არ არის დაწესებული. სასამართლომ განმარტა, რომ ზემოხსენებული სპეციალური კანონი არ უკრძალავს შპს-ის პარტნიორებს საზოგადოებიდან გასვლას და არც გასვლის წინაპირობებს უწესებს პარტნიორს. საზოგადოებიდან გასვლა ხორციელდება პარტნიორის მიერ ნების გამოხატვით და გასვლის შესახებ განცხადების შეტანით. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე საწარმოს წესდების 4.2 მუხლი, ითვალისწინებს პარტნიორის გასვლას საზოგადოებიდან წილის კომპენსაციის გზით. დადგენილია, რომ საწარმოს 2013 წლის 10 ივლისის პარტნიორთა კრებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება წილის საბაზრო ღირებულების კომპენსაციის გზით მოსარჩელის (20%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის) საზოგადოებიდან გასვლის შესახებ.
4.3.2. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი შპს ,,ფ-ის” 2016 წლის 24 მაისის დასკვნა წილის ღირებულების განსაზღვრის შესახებ და განმარტა: დაუსაბუთებელია მითითება საწარმოს კაპიტალის 20%-იან წილზე, როგორც ,,უკონტროლო წილზე” და ამ საფუძვლით წილის ღირებულების 20%-ით შემცირება. სპეციალური კანონი განსაზღვრავს პარტნიორის კონტროლის უფლებას და წესს. შპს-ში აღნიშნული უფლება აქვს თითოეულ პარტნიორს, მიუხედავად წილის ოდენობისა. ყოველ პარტნიორს, წილის სიდიდისა და საზოგადოებაში მისი მდგომარეობის მიუხედავად, აქვს კანონით მინიჭებული უფლებები, რომელთა შეზღუდვა ან აკრძალვა დაუშვებელია. ასევე, დაუსაბუთებელია შპს ,,ფ-ის” 2016 წლის 24 მაისის დასკვნა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების გამოკლებით შენობა-ნაგებობის ფასის განსაზღვრის შესახებ და მოსარჩელის კუთვნილი წილის ღირებულების 49 184 ლარით და 75 თეთრით განსაზღვრის შესახებ მაშინ, როდესაც ამავე დასკვნის მიხედვით, საწარმოს წლიური შემოსავალი საშუალოდ არის 96 275 ლარი, ხოლო ხარჯი - 21 819 ლარი და მოგების, დივიდენდის სახით, განაწილების შემთხვევაში ოთხი წლის განმავლობაში მისაღები დივიდენდი ბევრად აღემატება მითითებული დასკვნით განსაზღვრულ წილის ღირებულებას.
4.3.3. სასამართლომ გაიზიარა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 25 მაისს დასკვნა მოპასუხე საწარმოს კაპიტალის 20%-იანი წილის ღირებულების განსაზღვრის შესახებ. სასამართლოს შეფასებით, დასკვნაში გათვალისწინებული და ასახული იქნა შპს ,,თ- ის” მიერ შესრულებული საინჟინრო- გეოლოგიური დასკვნა მოპასუხის კუთვნილი შენობის საძირკვლების გამოკვლევის და ასევე, შპს ,,მ– ის” მიერ მომზადებული დასკვნა იმავე შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობისა და შენობა-ნაგებობების ფიზიკური მდგომარეობის შესახებ. ამ და საწარმოს ფინანსური მდგომარეობის ამსახველი მასალების საფუძველზე, ბიუროს ექსპერტებმა განსაზღვრეს წილის ღირებულება და დადგინდა, რომ მოპასუხის მთლიანი კაპიტალის 20%-იანი წილი შეადგენდა 404 879 ლარს.
4.3.4. რაც შეეხება სარჩელში მეორე მოპასუხედ მითითებულ საზოგადოების პარტნიორს, სასამართლოს შეფასებით, იგი არასათანადო მოპასუხეა, ვინაიდან საზოგადოებიდან გასული პარტნიორის წილის კომპენსაციის ანაზღაურება წარედგინება საზოგადოებას და არა - პარტნიორს. შესაბამისად, სარჩელი მეორე მოპასუხის მიმართ წარდგენილი მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
5. პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ (საწარმომ), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით:
5.1.1. თუკი სასამართლო არ ეთანხმებოდა ექსპერტის დასკვნას, სსსკ-ის 173-ე მუხლის მიხედვით, იგი ვალდებული იყო დაენიშნა დამატებითი და განმეორებითი ექსპერტიზა, რაც არ შეასრულა. პირველი ინსტანციის სასამართლომ უპირატესობა მიანიჭა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნას ისე, რომ სათანადოდ არ დაასაბუთა, რატომ არ გაიზიარა და უარყო შპს „ფ-ის“ მიერ მომზადებული დასკვნა. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების მცდარობა დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოპასუხის მიერ წარდგენილი 2016 წლის 24 მაისის საშემფასებლო ანგარიშით და ასევე, აღნიშნულ საქმეზე დაკითხული სპეციალისტების მიერ მიცემული ჩვენებებით, რაც სასამართლომ, სათანადოდ არ შეაფასა;
5.1.2. გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის საკუთრებაში არსებული წილის საბაზრო ღირებულების დადგენისას არ გაითვალისწინა ამ წილის მფლობელის სამართლებრივი მდგომარეობა, კერძოდ, ის გარემოება, რომ მოსარჩელე, როგორც მინორიტარი (უმცირესობაში მყოფი) პარტნიორი მოკლებულია იმ სამართლებრივ შესაძლებლობებს, რომელსაც მაჟორიტარი პარტნიორი ფლობს კომპანიაში, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მსგავსი სახის ქონებაზე მოთხოვნას და შესაბამისად - მის საბაზრო ღირებულებას.
6.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება და დასკვნები
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ნოემბრის ოქტომბრის განჩინებით, საწარმოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება.
6.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემობები, ასევე სამართლებრივი შეფასებები (სსსკ-ის 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) და დამატებით განმარტა:
6.2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განიხილა სადავო გარემოებასთან დაკავშირებით მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, სწორად შეაფასა ისინი და მართებულად დაადგინა, რომ შპს „ფ-ის“ მიერ 2016 წლის 24 მაისს მომზადებული საშემფასებლო ანგარიში, რომლის მიხედვითაც, სადავო ქონების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 49 184.75 ლარი, არადამაჯერებელი იყო, ხოლო კვლევისას გამოყენებული მეთოდოლოგია - არასაკმარისი, განსხვავებით ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 20 იანვრისა და 2016 წლის 25 მაისის ექსპერტიზის დასკვნებში გამოყენებული კვლევის მეთოდოლოგიისა. კერძოდ, შპს „ფ-ის“ მიერ მომზადებულ საშემფასებლო ანგარიშში შესაფასებელი ობიექტების მდგომარეობა შეფასდა როგორც ავარიული, რომელიც საჭიროებდა გადაუდებელ, სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ერთი კვ.მ-ის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება განსაზღვრებოდა 1046 აშშ დოლარით. აღნიშნული ღირებულების გამოკლებით საზოგადოების მთლიანი კაპიტალის 20%-იანი წილის ღირებულებამ, ანგარიშის მიხედვით, შეადგინა 49 184.75 ლარი (იხ. ტ. 1, ს/ფ 179-194). ობიექტების ავარიულობისა და მისი დაბალი საბაზრო ღირებულების საწინააღმდეგო გარემოებებზე მიუთითებს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა და გამოკითხულ ექსპერტთა განმარტება, რომლის თანახმადაც, ობიექტის შეფასებისას და მისი საბაზრო ღირებულების განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნა დამკვეთის მიერ წარდგენილი საინჟინრო-გეოლოგიური და ტექნიკური მდგომარეობის შესახებ დასკვნები, რაც აისახა მათ საბაზრო ღირებულებაში. დასკვნის მიხედვით, შესაფასებელი ობიექტის მდგომარეობისა და მისი მაღალი კომერციული ღირებულების ნათელი დასტურია დასკვნაზე დართული ფოტოსურათები (ტ.1, ს/ფ 328-335), ობიექტის მდებარეობა თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე, პრესტიჟულ ადგილზე, მისი განლაგება გზის პირას. შენობა წარმოდგენილია დიდი ვიტრაჟებით, ევროპული რემონტით, ხოლო ამ ფართების იჯარით სრულად გაცემა, ადასტურებს არამარტო მათზე მოთხოვნას და საზოგადოების სტაბილურ შემოსავალს, არამედ - იმასაც, რომ უძრავი ქონება ვარგისია, სულ მცირე, იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობისათვის. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი მოიჯარის ყოველთვიური საიჯარო გადასახადი შეადგენდა 4000 - 4500 ლარს. მხოლოდ ამ ობიექტიდან მიღებული ერთი წლის შემოსავალი აღემატებოდა შპს „ფ-ის“ მიერ განსაზღვრულ საზოგადოების 20% წილის ღირებულებას - 49 184.75 ლარს, რომ არაფერი ითქვას სხვა შემოსავლებზე და აქტივებზე. ამდენად, სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტის პრეტენზიები უძრავი ქონების მდგომარეობასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი იყო და საზოგადოების 20%-იანი წილის ღირებულების შემცირებისკენ მიმართულ მცდელობას წარმოადგენდა.
6.2.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა წინამდებარე განჩინების 5.1.2. ქვეპუნქტში მითითებული პრეტენზია და მიიჩნია, რომ 20%-იანი წილის საბაზრო ღირებულებაზე არსებით გავლენას ვერ იქონიებდა ამ წილის მფლობელის მდგომარეობა (მინორიტარი პარტნიორის სტატუსი). სასამართლომ აღნიშნა, რომ მსჯელობა და დასაბუთება მინორიტარი პარტნიორის წილის ღირებულების შემცირებასთან დაკავშირებით აპელანტის მიერ წარდგენილ საშემფასებლო ანგარიშში შეთავაზებული არ იყო, მაშინ, როდესაც ამ საკითხზე აუცილებელი იყო სპეციალური ცოდნის გამოყენება და სათანადო გაანგარიშებით შესაბამისი მტკიცებულების წარდგენა, რაც აპელანტს არ განუხორციელებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად მიენიჭა უპირატესობა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 25 მაისის დასკვნას მოსარჩელის კუთვნილი 20%-იანი წილის საბაზრო ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით;
6.2.3. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული საექსპერტო დასკვნა არსებობდა და ამ საფუძვლით სასამართლოს განმეორებითი ექსპერტიზა უნდა დაენიშნა. სასამართლომ განმარტა, რომ სსსკ-ის 173-ე მუხლი ითვალისწინებს დამატებითი და განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნის წესს და ადგენს, რომ თუკი სასამართლო არ ეთანხმება ექსპერტის დასკვნას დაუსაბუთებლობის მოტივით, აგრეთვე, თუ რამდენიმე ექსპერტის დასკვნა ეწინააღმდეგება ერთმანეთს, სასამართლოს შეუძლია, თავისი ინიციატივით დანიშნოს განმეორებითი ექსპერტიზა და მისი ჩატარება დაავალოს სხვა ექსპერტს ან ექსპერტებს, თუ არსებობს ამავე კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობები. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ექსპერტიზის დანიშვნა სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და კანონით დადგენილ ვალდებულებას არ წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნის აუცილებლობა.
7. პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი
7.1. პირველმა მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
7.2. საწარმოს საკასაციო საჩივარი შემდეგ საკასაციო პრეტენზიებს ეყრდნობა:
7.2.1. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 244-ე მუხლი და არ შეუფასებია მოწმედ დაკითხული ექსპერტების ჩვენებები. მოწმეებმა (ექსპერტებმა) დაადასტურეს, რომ საკვლევი ობიექტი ადგილზე არ უნახავთ, დასკვნა მიღებულია მხოლოდ მისი გარეგანი დათვალიერების საფუძველზე, რაც გამორიცხავს უძრავი ქონების ზუსტი საბაზრო ღირებულების დადგენას. ამდენად, არასწორია ის გარემოება, რომ მოპასუხე საწარმოს მთლიანი კაპიტალის 20%-იანი წილის საბაზრო ღირებულება 404 879 ლარია;
7.2.2. სასამართლომ არ გაიზიარა შპს „ფ-ის“ 2016 წლის 24 მაისის დასკვნა, თუმცა, დეტალურად არ დაუსაბუთებია, თუ რატომ არ მიანიჭა ამ დასკვნას უპირატესობა მოსარჩელის მიერ წარდგენილ დასკვნასთან მიმართებით. აგრეთვე, დაუსაბუთებელია სასამართლოს შეფასება ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გამოყენებული კვლევის მეთოდიკისათვის უპირატესობის მინიჭებასთან დაკავშირებით.
8. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
8.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მარტის განჩინებით, საკასაციო განაცხადი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს;
10. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება, მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
12. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. ქვემორე პუნქტები).
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).
14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 102 -ე მუხლზე, რომლის თანახმად, „1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით“ და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეული და დადგენილია ყველა ის მტკიცებულება და ფაქტობრივი გარემოება, რომელიც საჭიროა საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობის შესამოწმებლად.
15. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, იმას აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სპეციალური კანონის 47-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების [1. საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. პარტნიორთა კრების კომპეტენცია, კრების ჩატარების წესი და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით] და 32-ე მუხლის [1. საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლის შემთხვევაში მისი წილი საზოგადოების ქონებაში ნაწილდება სხვა დანარჩენ პარტნიორებზე. 2. დანარჩენი პარტნიორები ვალდებული არიან, საზოგადოებიდან გამსვლელი პარტნიორი გაათავისუფლონ საზოგადოების ვალებისაგან და გადაუხადონ ის, რასაც იგი საზოგადოების ლიკვიდაციის შემთხვევაში მიიღებდა], ასევე, საწარმოს წესდების 4.2 პუნქტის „ე“ ქვეპუნტის (იხ. ტ.1, ს/ფ 16) საფუძველზე პარტნიორთა კრების მიერ მიღებული 2013 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება (იხ. ტ.1, ს/ფ 12).
15.1. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: „ერთადერთი შემთხვევა, სადაც საუბარია გამსვლელი პარტნიორისათვის მატერიალური აქტივის ანაზღაურების შესახებ მოცემულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლში. აღნიშნული მუხლის თანახმად, დანარჩენი პარტნიორები ვალდებული არიან, საზოგადოებიდან გამსვლელი პარტნიორი გაათავისუფლონ საზოგადოების ვალებისაგან და გადაუხადონ ის, რასაც იგი საზოგადოების ლიკვიდაციის შემთხვევაში მიიღებდა“ (იხ. სუსგ # ას-771-732-2013, 31.01.2014წ.).
16. განსახილველ შემთხვევაში სადავოა საწარმოდან გამსვლელი პარტნიორის საკომპენსაციო წილის ოდენობის შეფასება. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები სათანადოდ არ შეაფასეს, დაუსაბუთებლად გაიზიარეს მოსარჩელის მიერ წადგენილი ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი, ხოლო მოპასუხის მიერ წარდგენილი დასკვნა უარჰყვეს. აქვე, საკასაციო სასამართლო, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ კასატორის მიერ წარმოდგენული შედავება შეეხება არა საწარმოს კუთვნილ მთლიან აქტივებს, არამედ მხოლოდ იმ უძრავ ქონებას, რომელიც ამ კაპიტალის უდიდეს ნაწილს წარმოადგენს. (იხ. წინამდებარე განჩინების 7.1.-7.2. ქვეპუნქტები).
16.1. საკასაციო შედავების დასაბუთებულობის შესწავლის მიზნით, საკასაციო სასამართლო შეაფასებს როგორც ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში გამოყენებულ მეთოდოლიგიას, ასევე - ამ დასკვნის შედეგების განმაპირობებელ სხვა ფაქტობრივ გარემოებებსაც, რომლებმაც, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნისთვის უპირატესობის მინიჭება განაპირობა. მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი, სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისათვის დადგენილია სსსკ-ის 105-ე მუხლით. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ „სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, არამედ, სასამართლო დასაშვებად ცნობილ მტკიცებულებებს აფასებს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რა დროსაც ხდება მათი როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლიობაში შესწავლა, სწორედ ამ გზით არკვევს სასამართლო კონკრეტული მტკიცებულების დამაჯერებლობას, მის იურიდიულ სარწმუნოობას. რაიმე გამონაკლისი ამა თუ იმ მტკიცებულების, მათ შორის ექსპერტის დასკვნის მიმართ, დადგენილი არ არის. საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანხმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში“ (იხ. სუსგ # ას-824-790-2016, 23.12.2016წ);
16.2. სსსკ-ის 105-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასების წესი. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს და უნდა ეფუძნებოდეს შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. რაც შეეხება ისეთ მტკიცებულებას, როგორიც ექსპერტის დასკვნაა, იგი მთლიანად სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას განეკუთვნება და მისი სარწმუნოობის შეფასებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს მნიშვნელოვან გარემოებებზე, მათ შორის, გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალაზე, კვლევით მეთოდოლოგიაზე და ა.შ. მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს არამარტო მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, არამედ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ-ები №ას-406-383-2014; ას-945-895-2015; №ას-824-790-2016; № ას-388-361-2017);
16.3. როგორც საქმის მასალებით დგინდება, მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის ღირებულების დადასტურების მიზნით სასამართლოს წარუდგინა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 25 მაისის დასკვნა. ამ დასკვნის მიხედვით, 2016 წლის 21 მაისის მდგომარეობით, მოპასუხე საზოგადოებას ბალანსზე ერიცხებოდა მიმდინარე აქტივები - 14 520 ლარი და 300 კვ.მ. ფართის უძრავი ქონება - მდებარე ქ. თბილისში, თ-ის გამზირი №16-ში, რომელშიც ფუნქციონირებს შპს ,,მ- ა” და ამავე გამზირზე, №18-ში მდებარე უძრავი ქონება, საიდანაც 144.3 კვ.მ., იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, დაკავებული აქვს სს ,,ს- ს”, 62.8 კვ.მ - სილამაზის სალონს, 42 კვ.მ. ფართში განთავსებულია მაღაზია ,,ვ- ს”, ხოლო 50.1 კვ.მ. ფართში - ოპტიკა ,,მ-ა” (იხ. ტ.1, ს/ფ. 320-337). ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, საწარმოში მოპასუხის წილის საბაზრო ღირებულება, 2016 წლის 21 მაისის მდგომარეობით, 404 879 ლარით განისაზღვრებოდა.
16.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გამოყენებული შეფასების მეთოდოლოგიის საფუძვლებზე: ექსპერტიზის ჩატარებისას ბიუროს შემფასებელმა გამოიყენა გაყიდვების შედარების მეთოდი, რაც გულისხმობს შესაფასებელი ობიექტის მსგავსი გაყიდული ობიექტის ფასის შედარებას, დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია ანალოგიური ქონების საბაზრო ინფორმაციაზე, რომელიც მაქსიმალურადაა მიახლოებული შეფასების თარიღთან. გაყიდვების შედარებაზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენებისას შემფასებელმა განახორციელა შემდეგი ქმედებები: გამოიკვლია ბაზარი (მოახდინა ბაზრის იმ მონაცემების მოპოვება და ანალიზი, რომლებიც საშუალებას იძლეოდნენ დადგენილიყო ანალოგიური უძრავი ქონების ობიექტები), დაადგინა ინფორმაციის სისწორე, შეარჩია შედარების ის ელემენტები, რომელთა მეშვეობითაც განხორციელდა შესაფასებელი ქონების ობიექტის შედარება ანალოგებთან, შეადარა გაყიდვადი ქონების ობიექტები განსახილველი ქონების შედარების ელემენტების გამოყენებით, დააკორექტირა ყველა ანალოგიური დადგენილი შედარების ელემენტის ფასები შესაფასებელი უძრავი ქონების ელემენტებთან მიმართებაში და დაადგინა შესაფასებელი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება ანალოგიებთან დაკორექტირებული ფასების შეჯერების გზით (იხ. ტ. 1, ს/ფ. 320-327);
17. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ მნიშვნელოვან გარემოებაზეც, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასებისას გათვალისწინებულია შპს ,,თ -ისა” და შპს ,,მ– ის” მიერ შესრულებული დასკვნები ამ შენობების საინჟინრო-გეოლოგიური და ტექნიკური და ფიზიკური მდგომარეობის შესახებ (იხ.ტ.1, ს/ფ 110-161). როგორც საქმის მასალებით ირკვევა, აღნიშნული დასკვნები თავად მოპასუხის დაკვეთითაა შესრულებული, ხოლო მოსარჩელემ ისინი გადასცა ექსპერტიზის ბიუროს და ამ დასკვნათა შედეგების გათვალისწინებით მოსთხოვა, რომ განესაზღვრა მოპასუხე საწარმოს ჯერ მთლიანი, შემდეგ კი 20%-იანი საბაზრო წილის ღირებულება. ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, ამ და სხვა კვლევების საფუძველზე დაადგინა, რომ მოპასუხის 100 % -იანი წილის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 2 024 393, ხოლო მისი 20% - 404 879 ლარს;
17.1. უძრავი ქონების რეალურ საბაზრო ღირებულებად კასატორი მიიჩნევს მის მიერ წარდგენილ შპს ,,ფ- ის” 2016 წლის 24 მაისის დასკვნაში ასახულ მაჩვენებელს. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მსგავსად, აღნიშნული ექსპერტიზა, სხვადასხვა გარემოებებთან ერთად, შპს ,,თ- ისა” და შპს ,,მ– ის” ექსპერტიზის შედეგებსაც მოიცავს (იხ.ტ.1, ს/ფ 180-194). ამ დასკვნის თანახმად, მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ქ.თბილისში, თ-ის გამზირი N16-ში) საბაზრო ღირებულება შეადგენს 158 543.82 აშშ დოლარს, შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 104 175.56 აშშ დოლარით და ღირებულების გამოკლებით ქონების ღირებულება განისაზღვრება 54 368.26 აშშ დოლარით; რაც შეეხება მეორე უძრავი ქონების (მდებარე ქ.თბილისში, თ-ის გამზირი N18-ში) საბაზრო ღირებულებას, დასკვნის მიხედვით, იგი 167 224 აშშ დოლარის ღირებულებისაა და მისი სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 96 368 აშშ დოლარს. ამ ქონების ღირებულებაც, სარეაბილიტაციო ხარჯების გამოკლებით, განისაზღვრება 70 856 აშშ დოლარით. რაც შეეხება საწარმოს წლიურ შემოსავალს, დასკვნის მიხედვით, საზოგადოების შემოსავალი შეადგენს საშუალოდ 96 275 ლარს, საშუალო ხარჯი კი - 21 819 ლარს. დასკვნის მიხედვით, ზემოხსენებულ გარემოებათა გათვალისწინებით, მოპასუხის კაპიტალის მთლიანი მოცულობა განისაზღვრება 307 404.70 ლარით, მისი 20%-იანი (მოსარჩელის წილი) კი შეადგენს 61 480.94 ლარს. დასკვნაში ნათქვამია, რომ „20% წესდების მიხედვით წარმოადგენს უკონტროლო წილს. პრაქტიკაში უკონტროლო წილზე მიღებულია 20%-დან 30%-მდე შესწორების შეტანა. აღნიშნულ შემთხვევაში შემფასებელს მიაჩნია, რომ 20%-ის შესწორება არსებული პირობების გათვალისწინებით სამართლიანია“. ამ მსჯელობის საფუძველზე შპს ,,ფ-ი” ასკვნის, რომ მოპასუხის 20%-იანი წილის ღირებულება უნდა შემცირდეს 20%-ით (12 296.19 ლარით) და ის საბოლოოდ განისაზღვრება 49 184 (61480.94-12296.19 ) ლარით;
17.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის შედავებას აღნიშნული დასკვნის დამაჯერებლობასთან დაკაშირებით და საზოგადოების ძირითადი აქტივის - უძრავი ქონების შეფასებასთან დაკავშირებით განმარტავს: რომ
17.2.1. დაუსაბუთებელია დასკვნა საწარმოს ქონების საბაზრო ღირებულებისთვის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების გამოკლებასთან დაკავშირებით. როგორც ირკვევა, მოპასუხის მიერ წარდგენილ დასკვნაში შენობის ღირებულებას გამოკლებული აქვს სარემონტი სამუშაოების ღირებულება და მიღებული შედეგითაა განსაზღვრული უძრავი ქონების საბაზრო ფასი;
17.2.3. საკასაციო სასამართლო სპეციალური კანონის 32.1-ე მუხლზე (ნორმის დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების მე-15 პუნქტში) და 44.3-ე მუხლზე [შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია წილებად. წილი არის მიმოქცევადი უფლება] დაყრდნობით განმარტავს, რომ წილის, როგორც სამოქალაქო ბრუნვის ობიექტის, განკარგვა შესაძლებელია. დადგენილია, რომ მოსარჩელე, როგორც პარტნიორი, საწარმოდან გავიდა მისი წილის საბაზრო ღირებულების კომპენსაციის გზით და პარტნიორთა კრებამ დაადგინა, რომ წილის განსაზღვრა უნდა მომხდარიყო არა შენატანის, არამედ - საწარმოში არსებული ქონების ღირებულების შესაბამისად, სპეციალისტის მიერ დადგენილი ოდენობით. ქონების ღირებულება, როგორც წესი, გამოითვლება საწარმოს როგორც მატერიალური, არამატერიალური თუ ლიკვიდური (საბანკო ანგარიშებზე არსებული) აქტივების, ისე - საწარმოს წინაშე არსებული პასივების (კრედიტორული დავალიანებების) გათვალისწინებით. მსგავსად ნებისმიერი სხვა ქონებისა, პარტნიორისათვის გასაცემი წილის (კომპენსაციის) ფარგლებიც (ფინანსური მოცულობა), შებოჭილია იმ ვალდებულებებით, რომლებიც საწარმოს გააჩნია მესამე პირთა წინაშე. მოპასუხეს (საწარმოს) მიაჩნია, რომ საწარმოდან გასული პარტნიორის მიერ მისაღები წილის ღირებულებას, რომელიც ძირითადად საწარმოს ბალანსზე არსებული უძრავი ქონების ღირებულებიდან დაანაგარიშდა, უნდა გამოაკლდეს შენობის რემონტის ხარჯები, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს;
17.2.4. უპირველესად, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და დაუშვებელია, რომ საწარმოს საკუთრებაში არსებული შენობისთვის სარეაბილიტაციო ხარჯების გაწევა საწარმოს მესამე პირების წინაშე არსებულ საკრედიტო დავალიანებად ჩაეთვალოს და ამაზე მითითებით საწარმოდან გამსვლელი პარტნიორის წილის კომპენსაციის ოდენობა შემცირდეს, ხოლო თუ შენობის რეაბილიტაციას განვიხილავთ როგორც საწარმოს ქონების შენახვისთვის ობიექტურად საჭირო გარემოებას, ლოგიკას მოკლებულია ამგვარი ხარჯების გაწევაზე იმ წილის მესაკუთრის იძულება, რომელსაც საწარმოდან გასვლა სურს და ამის თაობაზე პარტნიორთა კრებას გადაწყვეტილებაც მიღებული აქვს. ცხადია, მოსარჩელეს, აღარ გააჩნია ინტერესი საწარმოში არსებული ქონების რეაბილიტაციის მიმართ, მისი მოთხოვნა წილის კომპენსაციის თაობაზე გამომდინარეობს საწარმოდან გასვლის დროისათვის არსებული ქონების მდგომარეობის საბაზრო ღირებულებიდან და მისი გაუმჯობესებისთვის ხარჯების გაწევის ვალდებულებას ყოფილ პარტნიორს არც კანონი და არც საწარმოს წესდება არ წარმოუშობს. მაშასადამე, იმის მტკიცებულება, რომ საწარმოს წინაშე არსებული რომელიმე ვალდებულების, ან სხვა ობიექტური გარემოებების საფუძველზე უნდა მოხდეს მოსარჩელის მიერ მისაღები წილის საბაზრო ღირებულების შემცირება, განსახილველ დავაზე საქმეში წარდგენილი არ ყოფილა. საწარმოს საკასაციო შედავება კიდევ უფრო მოკლებულია დამაჯერებლობას მაშინ, როდესაც კასატორი წარმოადგენს შპს ,,ფ-ის” 2016 წლის 24 მაისის დასკვნას, რომლის მიხედვითაც საწარმოს წლიური შემოსავალი საშუალოდ 96 275 ლარია, ხარჯი - 21 819 ლარი, რაც ნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ ოთხი წლის განმავლობაში მისაღები დივიდენდი მნიშვნელოვნად აღემატება მითითებული დასკვნით განსაზღვრული წილის (49 184 ლარი და 75 თეთრი) ღირებულებას.
18. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა, ორივე მხარის მიერ წარდგენილ საექსპერტო დასკვნებში გამოყენებული კვლევის მეთოდებისა და დასაბუთების მხედველობაში მიღებით, აგრეთვე მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში განხორციელებულ საპროცესო ქმედებათა და წარდგენილ მტკიცებულებათა გათვალისწინებით, დასაბუთებულად მიანიჭეს უპირატესობა მოსარჩელეს მიერ წარდგენილ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას. ამავე კონტექსტში ისიც უნდა აღნიშნოს, რომ ძალზედ ბუნდოვანია კასატორის მიერ წარდგენილი დასკვნის ის ნაწილიც, სადაც მსჯელობა ეხება იმას, რომ მოსარჩელის კუთვნილი 20%-იანი წილი, საწარმოს წესდების თანახმად, ე.წ. „უკონტროლო წილია“ და პრაქტიკაში მიღებულია ე.წ. „უკონტროლო წილის“ 20-30% -მდე კორექცია. დასკვნის ზემოხსენებული გაკრიტიკებული ნაწილიდან არ ვლინდება, თუ რა სამართლებრივ (კანონით ან წესდებით განსაზღვრულ) მდგომარეობას გულისხმობდა შემფასებელი, როდესაც მიუთითებდა ე.წ. საწესდებო შეთანხმებით განსაზღვრულ „უკონტროლო წილზე“. საქმეში მოთავსებული დოკუმენტაციიდან (იხ. წესდება და ამონაწერი იურიდიული პირების საჯარო რეესტრიდან; ტ.1, ს/ფ195-202) ირკვევა, მოპასუხე საწარმოს წესდება არ შეიცავს დათქმას რომელიმე წილობრივი კუთვნილების მქონე პარტნიორის განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევის შესახებ, ხოლო სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (იხ. ტ.1, ს.ფ. 48-49), საწარმოში მოსარჩელის საკუთრებაში განსაზღვრულია 20%-იანი წილი და ამ ჩანაწერის ნამდვილობა მოპასუხის მიერ შედავებული არაა. შესაბამისად, წილის ღირებულების 20%-ით შემცირების დასაბუთება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. ასევე ბუნდოვანია ისიც, რამ განაპირობა წილის 20%-ით და არა პირობითად - 25 % -ით შემცირება. დასკვნაში ასახული არაა, რა ეკონომიკურ ან ნორმატიულ საფუძველს ეფუძნება ამგვარი კორექცია. აღნიშნულის გამო კასატორის მტკიცება, როგორც დამაჯერებელობას მოკლებული, საკასაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება.
19. კასატორის შედავებასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტთა ჩვენებები იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ქონების ღირებულება მხოლოდ ფოტოილუსტრაციაზე დაყრდნობით შეაფასეს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ჩვენებებით ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად დაადასტურეს ის გარემოება, რაც ისედაც იყო ასახული წერილობით დასკვნაში. შესაბამისად, ექსპერტებს არ მიუთითებიათ მათივე დასკვნისგან განსხვავებულ გარემოებებზე. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საკუთრივ ექსპერტიზის დასკვნის შინაარსიც არ ეყრდნობა მხოლოდ ფოტოილუსტრაციებს და, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ქონების საბაზრო ღირებულების კვლევა რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ექსპერტთა დასკვნები შეაფასეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და ეს მტკიცებულება (ექსპერტთა ჩვენება) არ წარმოადგენს ერთადერთ და არსებით მტიცებულებას განსახილველ საქმეში. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულების, არაჯეროვნად შეფასებასთან დაკავშირებით.
20.ზემოხსენებული მოტივაციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ კასატორს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო განაცხადი. სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო საკასაციო შედავებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია და კანონიერი, შესაბამისად, იგი უცვლელად უნდა დარჩეს. ამდენად, არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
21. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ე-ას" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "ე-ას" (ს/კ 2-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8 000 ლარის (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2018 წლის 16 თებერვალი), 70% – 5 600 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე