საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-334-334-2018 1 ივნისი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. პ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ს-ე, ა. ბ-ი (ი. ტ-ას უფლებამონაცვლე) (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათების თანახმად, ქ. თბილისში, წყნეთის გზატკეცილის I ჩიხის №17-19-ში მდებარე სახლთმფლობელობა ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში აღრიცხული იყო ა. და ი. კ-ების სახელზე (ტ.1, ს.ფ.29).
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით დადასტურდა ფაქტი იმის შესახებ, რომ მ. მ-ე, როგორც საკუთარს, ფლობდა და სარგებლობდა ი. კ-ის სახელზე რეგისტრირებული ზემოხსენებული სახლთმფლობელობის ნაწილით (ტ.1, ს.ფ.83-85).
3. ნოტარიუსმა 2009 წლის 1 მაისს გასცა ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც ე. კ-ას (ი. კ-ის მეუღლე) დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ იქნა ცნობილი შვილი - ნ. პ-ა (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი; ტ.1, ს.ფ.80-82).
4. ქ. თბილისში, წყნეთის გზატკეცილი I ჩიხის №17-19-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართი 1902 კვ.მ ს/კ: 0--) მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით №1-დან 25-ის ჩათვლით, 2009 წლის 6 აპრილს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა მ. მ-ისა და სახელმწიფოს სახელზე. მ. მ-ის საკუთრების წარმოშობის საფუძვლად მითითებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.08.2005 წლის № 3/2300 გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 95-95).
5. მ. მ-ესა და ლ. ს-ეს (შემდეგში: მოპასუხე) შორის, 2009 წლის 10 აპრილს, დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სადავო უძრავი ქონებიდან მ. მ-ის კუთვნილი წილი შეიძინა მოპასუხემ. ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მ. მ-ის კუთვნილი წილი 2009 წლის 16 აპრილს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა მოპასუხის სახელზე (ტ.1, ს.ფ.96-99).
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2009 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ბათილად ცნო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი), რომელიც საფუძვლად დაედო მ. მ-ის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციას (იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი; ასევე- ტ.1.ს.ფ.86-89).
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნ. პ-ას სარჩელი, მ. მ-ესა და წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში დასახელებულ მოპასუხეს შორის 2009 წლის 10 აპრილს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა (ტ, 1, ს.ფ.153-164).
8. 2014 წლის 25 აპრილს მოპასუხესა და ი. ტ-ას შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ამ უკანასკნელს მოპასუხემ საკუთრების უფლებით გადასცა უძრავი ქონება (ტ.1, ს.ფ.100-102).
9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს 2013 წლის 17 ივნისს მიმართა წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში დასახელებულმა მოსარჩელემ და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ქ. თბილისში წყნეთის გზატკეცილის I ჩიხის №17-19-ში მდებარე მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ნივთზე.
10. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით მარეგისტრირებელმა ორგანომ 2013 წლის 21 ივნისის №882013278853-04 გადაწყვეტილებით შეაჩერა წარმოება და დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების თანახმად, მითითებული უძრავი ქონების ი. კ-ის კუთვნილი ½ ნაწილი უკვე რეგისტრირებული იყო ლ. ს-ის საკუთრებად (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი), შესაბამისად, ამ უკანასკნელის კუთვნილი ½ ნაწილიდან მოსარჩელე ½ ნაწილზე მოითხოვდა საკუთრების უფლების რეგისტრაციას, ამდენად, მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი იყო უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი გადაწყვეტილება ლ. ს-ის ½ ნაწილიდან ½ ნაწილზე საკუთრების უფლების გაუქმების შესახებ.
11. ზემოაღნიშნულ განცხადებაზე 2013 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით საქმის წარმოება შეწყდა, ვინაიდან დაინტერესებულმა პირმა (მოსარჩელემ) შეჩერების საფუძვლები არ აღმოფხვრა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა აგრეთვე მოსარჩელის 2013 წლის 25 ივნისის საჩივარიც.
12. მოსარჩელემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2013 წლის 21 ივნისს მიღებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2013 წლის 4 ივლისს მიღებული ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ლ. ს-ის სახელზე რიცხული უძრავი ნივთის ნაწილიდან ½ ნაწილზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნო გასაჩივრებული გადაწყვეტილებები და საჯარო რეესტრს დაავალა, სათანადო გამოკვლევის საფუძველზე მიეღო ახალი სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან მიმართებით.
14. აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განახლდა საქმის წარმოება, ხოლო 2015 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების საგანზე რეგისტრირებული იყო სხვა პირის უფლება.
15. სასამართლოს შეფასებით საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად დასტურდებოდა მთლიანი სახლთმფლობელობის მხოლოდ ორ თანამესაკუთრეზე რეგისტრაციის ფაქტი, რაც გამორიცხავდა მოსარჩელის მოთხოვნის დასაბუთებულობას.
16. უდავოდაა დადგენილი, რომ უძრავ ქონებაზე მხოლოდ მ. მ-ისა და სახელმწიფოს საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული.
17. მოსარჩელემ 2014 წლის 23 მაისს სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ი. ტ-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, წყნეთის გზატკეცილი I ჩიხის №17-19, ს/კ: 0-, ყადაღის დადება.
18. იმავე წლის 4 ივნისს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, ლ. ს-ისა და ა. ბ-ის (ი. ტ-ას უფლებამონაცვლე; შემდეგში: მოპასუხეები) წინააღმდეგ, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გაუქმება და იმავე ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
19. მოსარჩელემ აღნიშნული მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ სარჩელის იურიდიულ მიზანს წარმოადგენდა მოპასუხე ა. ბ–ის (ი. ტ-ას უფლებამონაცვლე) საკუთრების უფლების გაუქმება სადავო უძრავ ქონებაზე, რაც გამოიწვევდა ლ. ს-ის საკუთრების უფლების აღდგენას, რომლის საკუთრების უფლების გაუქმებასთან დაკავშირებით დამატებით მიმდინარეობდა დავა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში.
20. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ლ. ს-ისა და ა. ბ-ის (ი. ტ-ას უფლებამონაცვლე) წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა.
21. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 180-ე მუხლზე დაყრდნობით „სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტის ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს“ განმარტა, რომ აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი დავის შედეგისადმი პირის სუბიექტური დამოკიდებულებით არ განისაზღვრება. აღიარებითი სარჩელით უნდა მიიღწეოდეს იმ სამართლებრივი სიკეთის აღდგენა, რაც კანონმდებლობის მიხედვით მინიჭებული ჰქონდა მოსარჩელეს. მხარემ უნდა დაასაბუთოს ის გარემოება, რომ მხოლოდ ამგვარი სარჩელით აღწევს იგი შედეგს, რასაც მიზნად ისახავს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან.
22. იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს. წინამდებარე შემთხვევაში ქონებაზე, რომლის საკუთრებაში მიღების ინტერესიც აქვს მოსარჩელეს, მისი მამის - ი. კ-ის უფლება ლ. ს-ის სახელზე დარეგისტრირებამდე არ დგინდებოდა, რადგან მანამდე უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული მესაკუთრეების რეგისტრაცია ძალაშია (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი). შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1328-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო ქონება შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების, ისე მოვალეობების ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სასამართლომ განმარტა, რომ უძრავ ქონებაზე ლ. ს-ის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი - მ. მ-ესა და ლ. ს-ეს შორის 2009 წლის 10 აპრილს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნამდვილ გარიგებად იქნა აღიარებული, რადგან არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა ამ გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
23. სასამართლომ განმარტა, რომ ლ. ს-ესა და ი. ტ--ას შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შედეგად, აღდგება ლ. ს-ის საკუთრების უფლება, შესაბამისად იმ პირობებში, როდესაც ლ. ს-ის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი ნამდვილია, მოსარჩელე გარიგების ბათილად ცნობის შედეგად ვერ მიიღებს საკუთრების უფლებას, რაც იურიდიულ ინტერესს აცლის მის სასარჩელო მოთხოვნას.
24. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
25. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 იანვრის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება და მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
26. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებზე და განმარტა, რომ წინამდებარე შემთხვევაში სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველია მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არარსებობა სასარჩელო მოთხოვნისადმი.
27. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის 2013 წლის განცხადება უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების საგანზე რეგისტრირებულია სხვა პირის უფლება. აღნიშნული გადაწყვეტილება არ გაუქმებულა და ძალაშია. ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად ირკვევა, რომ იმ ქონებაზე რომლის საკუთრებაში მიღების ინტერესიც აქვს მოსარჩელეს, მისი მამის - ი. კ-ის უფლება ლ. ს-ის სახელზე დარეგისტრირებამდე არ დგინდებოდა, რადგან მანამდე უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იყო მ. მ-ისა და სახელმწიფოს საკუთრების უფლება (იხ. წინამდებარე განჩინების 1-5-ე და 22-ე პუნქტები).
28. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, განმარტებით, წინამდებარე შემთხვევაში არ დგინდებოდა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, იმის გათვალისწინებით, რომ კანონიერ ძალაშია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი მ. მ-ესა და ლ. ს-ეს შორის 2009 წლის 10 აპრილს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა. ამასთან, ლ. ს-ე ცნობილია სადავო ქონების კეთილსინდისიერ შემძენად.
29. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა წარმოადგენს, რაშიც იგულისხმება, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს. მოსარჩელემ იმ სამართლებრივ შედეგზე უნდა მიუთითოს, რაც დადგება სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში და რომლითაც აღდგება მისი კანონით დაცული ინტერესი. დავის ზოგადი ინტერესი არაა აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის წინაპირობა. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე არა თუ ასაბუთებს ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობას, არამედ, ვერც კი უთითებს მასზე, რაც სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი იყო.
30. დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო შეამოწმებდეს სარჩელის საფუძვლიანობას, მნიშვნელოვანია, პასუხი გაეცეს მთავარ კითხვებს - აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას? აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებლია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, რომელთაც განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. სასამართლოს შეფასებით აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობის განხილვისას მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ხომ არ არსებობს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობები, რადგან ამგვარი წინაპირობების არსებობისას, მოსარჩელე ვერ შეძლებს თავისი ნამდვილი მიზნის აღიარებითი სარჩელით მიღწევას, რაც საფუძველს აცლის აღიარებით მოთხოვნას. თუკი ამგვარი წინაპირობები არ არსებობს, მაშინ სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი უნდა უკავშირდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენას, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარებას ან დოკუმენტების სიყალბის დადგენას. ისეთ ვითარებაში, როდესაც სავალდებულოა მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა, უფლების დაცვის თვალსაზრისით მხოლოდ აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება განხილულ იქნას სასამართლოს მიერ (სუსგ №ას-443-415-2017; 02.06.2017).
31. ზემოაღნიშნული განჩინება 2018 წლის 6 მარტს კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა 2018 წლის 24 იანვრის გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორმა იშუამდგომლა საქმის ზეპირი განხილვის თაობაზე.
32. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მ. მ-ემ ცრუ მოწმეების მიყვანითა და ნამდვილი მემკვიდრის დამალვით დაადასტურა 2005 წელს სასამართლოში ი. კ-ისაგან სადავო ქონების შესყიდვის ფაქტი. აღნიშნული გადაწყვეტილება 2009 წლის 10 ნოემბრის სასამართლო გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი, თუმცა, ამ სამართალწარმოების პროცესში მ. მ-ემ ლ. ს-ეზე გადააფორმა სადავო ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო ამ უკანასკნელმა სადავო ქონება საკუთრების უფლებით გადასცა ი. ტ-ას (იხ. წინამდებარე განჩინების მე-7-8 პუნქტები).
33. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, საქმეში არსებული ტექნიკური არქივის ჩანაწერების მიხედვით ირკვევა, რომ უძრავი ქონება ლ. ს-ის სახელზე დარეგისტრირებამდე ეკუთვნოდა ი. კ-ს, იმ პირობებში კი, როდესაც სასამართლომ ბათილად ცნო მ. მ-ის სადავო ქონების მესაკუთრედ აღიარების ფაქტი, სწორედ მოსარჩელეს, როგორც ი. კ-ის ერთადერთ პირველი რიგის მემკვიდრეს, ეკუთვნის სადავო უძრავი ქონება.
34. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
35. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
36. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
37. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი, რაც სსსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი წინაპირობაა.
38. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რაც ამ განჩინების 27-30 პუნქტებშია ასახული და დამატებით მიუთითებს: „აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება Nას-121-117-2016, 17.03.2016წ.).
39. „სსსკ-ის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი შემდეგი კრიტერიუმები: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (იხ. სუსგ # ას-838-802-2014, 19.03.2015წ.)“ - იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება Nას-664-635-2016, 02.03.2017წ..
40. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სადავო ქონების რეგისტრაციის თაობაზე მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება, რომელიც 2015 წლის 4 ნოემბრის საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის საწინააღმდეგოდ, იმ მოტივით, რომ აღნიშნულ ქონებაზე უკვე რეგისტრირებული იყო სხვა პირის უფლება, ხოლო ასეთი უფლების გამომრიცხავი რაიმე დოკუმენტი მოსარჩელეს წარმოებისას სათანადო ვადაში არ წარუდგენია (იხ. წინამდებარე განჩინების მე-10 და მე-14 პუნქტები).
41. კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობის პასუხად, საკასაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი მოსმენის თაობაზე, სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით სასამართლო განმარტავს, რომ „საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე“, ამდენად, სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს გადაწყვიტოს - საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენით, თუ მის გარეშე. წინამდებარე შემთხვევაში, ვინაიდან საქმეზე დადგენილია არსებითად საჭირო ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს მხოლოდ გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმება წარმოადგენს, საკასაციო სასამართლომ არ მიიჩნია საფუძვლლიანად კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა საქმის ზეპირი განხილვის თაობაზე.
42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს იგი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. პ-ა კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 იანვრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 იანვრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე