საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-350-350-2018 29 ივნისი, 2018 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ნ. ლ-ი (გვარის შეცვლამდე კ-ი) (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ. ლ-სა (გვარის შეცვლამდე კ-ი; შემდეგში: მეორე მოსარჩელე, მოპასუხე, მოვალე, აპელანტი ან კასატორი) და თ. გ-ს შორის, 2013 წლის 26 სექტემბერს, გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, ქონებაზე, მდებარე ქ. გორი, გენერალ მ-ის ქუჩა №12, ს/კ 6. აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა თ. გ-ის სახელზე (ტ.1, 1.ს.ფ.19-20).
2. ზემოხსენებული უძრავი ქონება 2015 წლის 29 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებულია მ. ბ-ის სახელზე (შემდეგში: პირველი მოსარჩელე ან კრედიტორი; ტ.1, ს.ფ. 15-18).
3. აღნიშნული ბინა მოპასუხისა და ი. ხ-ის მფლობელობაშია.
4. პირველი სარჩელის საფუძვლები
4.1 კრედიტორმა 2016 წლის 14 ივნისს სარჩელი აღძრა თ. გ-ისა და ი. ხ-ის წინააღმდეგ, ამ უკანასკნელთა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა მოითხოვა, ხოლო მოსამზადებელ ეტაპზე, დააზუსტა მოთხოვნა და ბინიდან ი. ხისა და მეორე მოსარჩელის (მოვალის) გამოსახლება მოითხოვა.
4.2 კრედიტორმა სასარჩელო მოთხოვნა წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებულ გარემოებაზე დააფუძნა.
5. მეორე სარჩელის საფუძვლები
5.1 მეორე მოსარჩელემ (მოვალემ) 2016 წლის 30 ივნისს სარჩელი აღძრა თ. გ-ისა და კრედიტორის (პირველი მოსარჩელის) წინააღმდეგ, მოითხოვა 2013 წლის 26 სექტემბერსა და 2015 წლის 29 მაისს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი და მეორე პუნქტები).
5.2 მეორე მოსარჩელის განმარტებით, მან 2013 წლის 26 სექტემბერს თ. გ-ისაგან ისესხა ფულადი თანხა და მათ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, თუმცა, თ. გ-ისათვის მეორე მოსარჩელეს ქონება არ გადაუცია, ამასთან, ეს უკანასკნელი (მოვალე) მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა აღნიშნულ ფართში, რაზეც თ. გ-ს პრეტენზია არასდროს გამოუთქვამს. მეორე მოსარჩელემ ფულადი ვალდებულება სრულად შეასრულა.
5.3 მეორე მოსარჩელეს კვლავ დასჭირდა სესხი, შუამავლის მეშვეობით გაიცნო პირველი მოსარჩელე (კრედიტორი) და 2015 წლის მაისში ამ უკანასკნელისაგან ისესხა 7 280 აშშ დოლარი, ხოლო სადავო უძრავი ქონება თ. გ-მა პირდაპირ, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაუფორმა პირველ მოსარჩელეს, ამ უკანასკნელის მიერ მეორე მოსარჩელისათვის გადაცემული სესხის სანაცვლოდ იმ პირობით, რომ მოვალის მიერ თანხის დაბრუნების შემდეგ, კრედიტორი უძრავ ქონებას მეორე მოსარჩელეს (მოვალეს) დაუბრუნებდა. ის ფაქტი, რომ პირველი მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ სადავო ქონების რეალური მესაკუთრე იყო მეორე მოსარჩელე, საქმეში არსებული 29.05.2015წ. ხელწერილით დასტურდება, რომელიც შეადგინა პირველმა მოსარჩელემ (კრედიტორმა), სადაც მიუთითა, რომ მან მეორე მოსარჩელეს ასესხა 7 280 აშშ დოლარი 3 თვით, სანაცვლოდ, ამ უკანასკნელისაგან კრედიტორმა გადაიფორმა უძრავი ქონება (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი), ხოლო თანხის დაფარვის შემთხვევაში, პირველი მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას, მეორე მოსარჩელისათვის (მოვალისათვის) დაებრუნებინა ბინა (ტ.1, ს.ფ. 33).
5.4 მეორე მოსარჩელის განმარტებით, მან ვალდებულების შესრულების მიზნით არაერთხელ მიმართა პირველ მოსარჩელეს, თუმცა უშედეგოდ, კრედიტორი (პირველი მოსარჩელე) უარს აცხადებს ვალდებულების შესრულების მიღებაზე.
6. მოპასუხეების შესაგებელი პირველ სარჩელზე
6.1 თ. გ-ისა და ი. ხ-ის განმარტებით, პირველ მოსარჩელეს არასოდეს უსარგებლია სადავო ქონებით და არც აღნიშნული ქონების საფასური - 12 000 აშშ დოლარი მიუცია მათთვის, ამასთან, მეორე მოსარჩელემ (მოვალემ) სრულად დაფარა თ. გ-ის წინაშე არსებული ფულადი ვალდებულება.
6.2 მოვალის (მეორე მოსარჩელის) განმარტებით, სადავო ქონება არ შეუძენია მოვალეს (პირველ მოსარჩელეს) და არც არასდროს უსარგებლია მისით, 29.05.2015წ. ნასყიდობის ხელშეკრულება მხოლოდ სესხის ხელშეკრულების გადასაფარად დაიდო.
7. კრედიტორის (პირველი მოსარჩელის) შესაგებელი მოვალის (მეორე მოსარჩელის) სარჩელზე
7.1 კრედიტორის განმარტებით, სადავო ქონება შეიძინა საცხოვრებლად, იმ პირობით, რომ მოპასუხეები ორ თვეში დაცლიდნენ ბინას, თუმცა, აღნიშნული პირობა არ შეასრულეს, რის გამოც შესთავაზა გადახდილი თანხის უკან დაბრუნება ქონების გადაფორმების სანაცვლოდ.
8. გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
8.1 გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით პირველი მოსარჩელის (კრედიტორის) სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ხოლო მეორე მოსარჩელის (მოვალის) მოთხოვნა დაკმაყოფილდა. სასამართლომ ბათილად ცნო სადავო ხელშეკრულებები, დაადგინა სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობა 7 280 აშშ დოლარზე კრედიტორსა და მოვალეს შორის, სადავო ქონებაზე გაავრცელა იპოთეკის უფლება პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო სადავო ქონება დაუბრუნა მეორე მოსარჩელეს.
8.2 რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) სსკ-ის 50-ე, 56-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 286-ე, 312-ე, 319-ე, 477-ე მუხლებით და განმარტა, რომ კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
8.3 სასამართლოს მითითებით, სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს. თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები. აღნიშნული ნორმის მიზნებისათვის აუცილებელია არსებობდეს გარიგების მონაწილეთა ნება, დაფარონ სხვა გარიგება, ე.ი. მხარეების სურვილი მიმართულია დაფარული გარიგებით გათვალისწინებული მიზნების მიღწევისაკენ. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ გარიგების მონაწილე მხარეები აცნობიერებენ, რომ დაფარული გარიგებით იფარება ის ძირითადი გარიგება, რომელიც მხარეებისათვის წარმოადგენს რეალურად ვალდებულების წარმოშობის საფუძველს.
8.4 მხარეთა შორის სსკ-ის 183-ე უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და 477-ე ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. მართალია, დასახელებული ნორმების საფუძველზე მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, თუმცა რეალურად მხარეები სესხის ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ, ხოლო მოვალის კუთვნილი უძრავი ნივთი უზრუნველყოფის საგნად იქნა გამოყენებული.
8.5 აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, მხარეთა მიერ შედგენილ ხელწერილზე (იხ. წინამდებარე განჩინების 5.3 ქვეპუნქტი), რომლითაც, პირველმა მოსარჩელემ (კრედიტორმა) ფაქტობრივად აღიარა სასესხო ვალდებულებითი ურთიერთობა მოვალესთან და ამ უკანასკნელის კუთვნილი უძრავი ქონების უზრუნველყოფის საგნად გამოყენება.
8.6 სასამართლოს შეფასებით, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ თ. გ-ს სადავო ქონების პირველ მოსარჩელეზე გადაფორმების სანაცვლოდ თანხა არ მიუღია, მხოლოდ მეორე მოსარჩელემ (მოვალემ) მიიღო კრედიტორისაგან (პირველი მოსარჩელისაგან) 7 280 აშშ დოლარი.
8.7 სასამართლომ დაასკვნა, რომ მხარეთა შორის დაიდო არა ნასყიდობის ხელშეკრულება, არამედ - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე (მოვალე) თავის მეუღლესთან ერთად უწყვეტად ცხოვრობდა საცხოვრებელ სახლში. ნასყიდობის ხელშეკრულების ძირითადი ფაქტობრივი გარემოების - ნივთის მყიდველისათვის გადაცემის - შეუსრულებლობა, ამყარებდა მეორე მოსარჩელის (მოვალის) პოზიციას.
8.8 ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ სსკ-ის 172-ე მუხლის მიხედვით განმარტა, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
8.9 სასამართლომ მხარეთა შორის არსებული სადავო ხელშეკრულებები ბათილად ცნო, ხოლო 29.05.2015წ. სადავო ხელშეკრულება უძრავი ნივთის ნასყიდობის თაობაზე, მიიჩნია მოჩვენებითად, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გადაფარვის მიზნებისათვის, შესაბამისად, დაასკვნა, რომ კრედიტორს სსკ-ის 170-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება აღარ გააჩნდა, რაც გამორიცხავდა უძრავ ნივთზე ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებას.
9. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
9.1 გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოვალემ (მეორე მოსარჩელემ), რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვა, კერძოდ:
9.2 აპელანტის მტკიცებით, სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 248-ე მუხლი), ვინაიდან არც პირველ მოსარჩელეს და არც თავად აპელანტს, არ მოუთხოვია პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეთა შორის არსებული თვალთმაქცური გარიგების შედეგად სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადგენა.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
10.1თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 იანვრის განჩინებით მოვალის (მეორე მოსარჩელის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (სსსკ-ის 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი). სასამართლოს შეფასებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები, აგრეთვე მხარეთა პოზიციების შესწავლა ცხადყოფდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად გამოიკვლია და სათანადო შეფასება მისცა დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს;
10.3 სასამართლომ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა საკმარის ფაქტობრივ და სამართლებრივ არგუმენტაციას გადაწყვეტილების გასაუქმებლად (იხ. წინამდებარე განჩინების 9.2 ქვეპუნქტი).
10.3.1 სასამართლო იმსჯელა, რომ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ ის ნაწილია სადავოდ გამხდარი, რომლითაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დაადგინა.
10.3.2 სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოვალის (მეორე მოსარჩელის) მიერ წარდგენილი სარჩელის შინაარსზე, რომლითაც მხარე ითხოვდა 2015 წლის 29 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (იხ. წინამდებარე განჩინების 5.1 ქვეპუნქტი) იმ საფუძვლით, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება იყო თვალთმაქცური და რეალურად მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო (იხ. წინამდებარე განჩინების 5.3 ქვეპუნქტი), ხოლო სადავო უძრავი ქონება კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იქნა გამოყენებული.
10.4 ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელციო სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სავსებით სწორად დაადგინა გარიგების თვალთმაქცურობა, სწორედ მეორე მოსარჩელის მითითებისა და მოთხოვნის გათვალისწინებით, შესაბამისად, სასამართლომ მართებულად იმსჯელა დაფარული გარიგების სამართლებრივ შედეგებზე და კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო.
11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
11.1 მოვალემ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 იანვრის განჩინება, გასაჩივრებული განჩინებისა და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა იმ ნაწილში, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მოვალის კუთვნილი უძრავი ქონება.
11.2 საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიები სააპელაციო საჩივრის იდენტურია.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული საფუძვლები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული ზემოთ მითითებული საფუძვლით.
15. საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
17. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სწორად შეაფასა თუ არა სააპელაციო სასამართლომ განსახილველ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასაბუთება გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც საკასაციო წესითაა გასაჩივრებული.
18. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოვალის სარჩელში ასახულ მსჯელობაზე, რომლის მიხედვითაც, მხარე განმარტავს, რომ სადავო ქონება რეალურად მის საკუთრებას წარმოადგენს, ხოლო ის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც თ. გ-სა და კრედიტორს შორის დაიდო, რეალურად მოჩვენებითი ხელშეკრულებაა და მიზნად ისახავდა სესხის ხელშეკრულების დაფარვას, ამასთან, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად თ. გ-მა მოვალის კუთვნილი ბინა კრედიტორს გადაუფორმა, ხოლო აღნიშნული გარიგების მოჩვენებით ხასიათს ადასტურებდა 29.05.2015 წ. ხელწერილი (იხ. ამ განჩინების 5.3 ქვეპუნქტი).
19. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად იმსჯელა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომელიც მოვალის სააპელაციო პრეტენზიის საგანი იყო და იურიდიულად დასაბუთებული და კანონიერი განჩინება მიიღო. აქედან გამომდინარე, კასატორის მოთხოვნა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რაც წარმოდგენილი საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის უარყოფის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ლ-ის (გვარის შეცვლამდე კ-ი) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ნ. ლ-ს (გვარის შეცვლამდე კ-ი) (პ/ნ 5-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. ს-ის (პ/ნ 5-) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2018 წლის 4 აპრილი), 70% – 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე