Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-465-465-2018 15 ივნისი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი. დ-ი (მოსარჩელე/შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ს-ი (მოპასუხე/შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საჩივრის დასაშვებად ცნობა

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ავტომანქანის დაბრუნება (ძირითადი სარჩელით) ავტომანქანის მესაკუთრედ ცნობა (შეგებებული სარჩელით)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით ი. დ-ის (მოსარჩელე/შეგებებული სარჩელით მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი), ა. დ-ისა და ლ. დ-ას (თანამოსარჩელეები) სარჩელი ი. ს-ის (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, აპელანტი) თანხის დაკისრებისა და ავტომობილის დაბრუნების თაობაზე დაკმაყოფილდა სრულად, კერძოდ:

1.1 მოპასუხეს მოსარჩელე ა. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 25 000 აშშ დოლარის გადახდა;

1.2 მოპასუხეს ზემოხსენებული მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითად თანხაზე - 25 000 აშშ დოლარზე 1% სარგებლის გადახდა 2013 წლის 31 აგვისტოდან 2016 წლის ივნისამდე, სულ 34 თვეზე - 8 500 აშშ დოლარი;

1.3 მოპასუხეს მოსარჩელე ლ. დ-ას სასარგებლოდ დაეკისროს 75 000 აშშ დოლარის გადახდა;

1.4 მოპასუხეს ზემოხსენებული მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითად თანხაზე - 125 000 აშშ დოლარზე 1% სარგებლის გადახდა 2013 წლის 31 აგვისტოდან 2016 წლის ივნისამდე, სულ 34 თვეზე - 42 500 აშშ დოლარი;

1.5 მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ავტომანქანა „Toyota Land cruizer“ 4.2, გამოშვების წელი 2006, სახელმწიფო ნომრით I- და დაუბრუნდა მოსარჩელე ი. დ-ს;

1.6 მოპასუხეს ზემოხსენებული მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 14 472 აშშ დოლარის, 12 000 აშშ დოლარის, 9 644 აშშ დოლარის (სულ 36 116 აშშ დოლარი) გადახდა;

1.7 მოპასუხეს ზემოხსენებული მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 36 116 აშშ დოლარზე 1% სარგებლის გადახდა 2013 წლის 31 აგვისტოდან 2016 წლის ივნისამდე, სულ 34 თვეზე - 12 279.44 აშშ დოლარი;

1.8 მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე ი. ს-ის მიმართ, ავტომანქანა „Toyota Land cruizer“ 4.2-ის, გამოშვების წელი 2006, სახელმწიფო ნომრით I-, ფასის სხვაობის 35 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;

1.9 მოსარჩელე ი. დ-ის მოთხოვნა, მოპასუხე ი. ს-ის მიმართ, მიწების ღირებულების 100 000 აშშ დოლარის და ღვინის ქარხნის ღირებულების 100 000 აშშ დოლარის, აგრეთვე ამ თანხებზე 2013 წლის 31 აგვისტოდან 2016 წლის ივნისამდე, სულ 34 თვეზე საპროცენტო სარგებლის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

1.10 ი. ს-ის შეგებებული სარჩელი მოპასუხე ი. დ-ის მიმართ ავტომანქანა „Toyota Land cruizer“ 4.2-ის, გამოშვების წელი 2006, სახელმწიფო ნომრით I-, მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება საპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით, მოსარჩელეთაგან ა. დ-ის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო ამ უკანასკნელის სარჩელზე ი. ს-ის მიმართ, თანხის დაკისრების (საერთო ჯამში 33 500 აშშ დოლარი) თაობაზე საქმის წარმოება შეწყდა.

4. სააპელაციო სასამართლომ განჩინების ფაქტობრივ საფუძვლად თავად მოსარჩელე ა. დ-ის განცხადებები მიუთითა, რომელიც 2017 წლის 17 ნოემბერსა და 2018 წლის 18 იანვარს იქნა წარდგენილი სააპელაციო სასამართლოში.

4.1 ზემოხსენებული განცხადებების მიხედვით ა. დ-ი განმარტავს, რომ მას თანხა მოპასუხისათვის არ გადაუცია და არც სადეპოზიტო ხელშეკრულება გაუფორმებია, შესაბამისად, მის მიმართ მოპასუხეს ფულადი ვალდებულება არ გააჩნია. ამასთან, ა. დ-ისათვის უცნობია მამამისის - ი. დ-ის სახელზე გაცემული მინდობილობის გამოყენება რა მიზნებისთვის მოხდა.

5. აღნიშნული განცხადების პასუხად, მოსარჩელის მეუღლემ და მეორე ქალიშვილმა - ა. დ-მა ერთობლივი განცხადებით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს (ტ.2, ს.ფ.108-111) და განმარტეს, რომ:

5.1 ა. დ-ისათვის ცნობილი იყო მიმდინარე პროცესები, კერძოდ ის, რომ მის სახელზე მამამისმა შეიტანა 25 000 აშშ დოლარი, საიდანაც მოპასუხისაგან ყოველთვიურად 1%-იანი სარგებელი უნდა მიეღოთ. ისიც ცნობილი იყო, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის საფასური მოპასუხეს არ აქვს გადახდილი;

5.2 ზემოაღნიშნული თანხა პირადად ა. დ-ს გადაეცა, მოპასუხის მიერ გადახდილი 50 000 აშშ დოლარიდან (ტ.1, ს.ფ. 74-76). მიღებული თანხით ა. დ-მა და მისმა მეუღლემ ავტომობილები შეიძინეს. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი საცხოვრებლად სხვაგან გადავიდნენ, მოსარჩელეზე განაწყენების გამო;

5.3 აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეთა მტკიცებით, ნათელია, რომ ტექსტი არა ა. დ-ის, არამედ თავად მოპასუხის მიერ არის შედგენილი, რაც გამორიცხავს სარჩელზე უარის თქმასა და საქმის წარმოების შეწყვეტას.

6. მოსარჩელე ი. დ–მა უშუალოდ მიმართა განცხადებით სასამართლოს 2018 წლის 29 იანვარს და მიუთითა, რომ მისი ქალიშვილის მიერ სარჩელზე უარის თქმის თაობაზე წარდგენილი განცხადებები არ გამოხატავდა განმცხადებლის ინტერესს.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2018 წლის 19 თებერვალს ა. დ-ის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო შეწყვიტა საქმის წარმოება მოპასუხე ი. ს-ის წინააღმდეგ ამ უკანასკნელისათვის 33 500 აშშ დოლარის ნაწილში თანხის დაკისრების თაობაზე.

8. აღნიშნული განჩინებაზე კერძო საჩივარი წარმოადგინა მოსარჩელე - ი. დ-მა, რომელმაც განჩინების გაუქმება და, ახალი განჩინების მიღებით, სარჩელის დასაშვებად ცნობა მოითხოვა.

9. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეწყვიტა წარმოება და გამოიყენა ის ნორმა, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. მისი ქალიშვილი (ა. დ-ი) არასათანადო მოსარჩელე იყო, შესაბამისად, სასამართლოს თავად მოსარჩელე უნდა მიეჩნია სათანადო უფლებამოსილების მქონედ, ვინაიდან, მან დეპოზიტზე პირადად შეიტანა ქალიშვილის სახელზე 25 000 დოლარი.

10. საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 23 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება აქვს წარმოდგენილი.

13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 19 თებერვლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების დასაბუთებულობის შემოწმება.

14. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულ განჩინებაში მითითებულ მსჯელობასა და დასკვნებს და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, განმარტავს, რომ ა. დ-ის განცხადების საფუძველზე საქმის წარმოების შეწყვეტის წინაპირობები სათანადოდ არ არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ.

15. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, რომ საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ თანხა დეპოზიტზე შეტანილი იყო უშუალოდ მოსარჩელის-ი. დ-ის მიერ (ტ.1, ს.ფ.21-24), აღნიშნული დასტურდება, თავად მოპასუხის წერილითაც (წერილის მიხედვით, მოპასუხე მოსარჩელეს მიმართავს, რომ წუხს მის მიერ გამოთქმულ მუქარაზე, ამასთან აღიარებს, რომ მოსარჩელის მიერ ა. დ-ის სახელზე შეტანილია 25 000 აშშ დოლარი, ხოლო მოსარჩელის მეუღლის სახელზე 125 000 აშშ დოლარი დეპოზიტზე, დასახელებულ თანხას კი სრულად დააბრუნებს უახლოეს მომავალში; იხ. ტ.1,ს.ფ.74-76) და მოსარჩელის შვილის - ა. დ-ის განცხადებებიდანაც, რომლითაც ეს უკანასკნელი ითხოვდა საქმის წარმოების შეწყვეტას მისი მოთხოვნის ნაწილში (აღნიშნული განცხადების მიხედვით ა. დ-ი აღნიშნავს, რომ მას არც ბანკთან და არც მოპასუხესთან არანაირი სახის სადეპოზიტო ხელშეკრულება არ გაუფორმებია და არც მოსარჩელესთან არანაირი სახის კერძო სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ ყოფილა, მოპასუხისათვის თანხა არ გადაუცია და შესაბამისად მოპასუხეს მის მიმართ არანაირი ფულადი ვალდებულება არ გააჩნია. ამასთან მისთვის უცნობია, მოსარჩელეზე გაცემული მინდობილობის გამოყენება რა მიზნით მოხდა; ტ.2,ს.ფ.108;129).

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, წინამდებარე შემთხვევაში ივარაუდება, რომ სახეზეა მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულება. საქმეში არსებული მასალებითა და მხარეთა წერილობითი განმარტებებით (მათ შორის არა მხოლოდ მოსარჩელის, არამედ მისი შვილისა (რომელიც ხელშეკრულების სარგებლის უშუალო მიმღებს წარმოადგენდა) და მოწინააღმდეგე მხარის განმარტებითაც) დგინდება, რომ ხელშეკრულების დადება მოხდა უშუალოდ მოსარჩელე ი. დ-სა და მოპასუხე - ი. ს-ს შორის, რომლის საფუძველზე ხელშეკრულების საგნის 25 000 აშშ დოლარის ნაწილში სარგებლის მიმღებს წარმოადგენს მოსარჩელის შვილი ა. დ-ი, ხოლო უშუალო კრედიტორს - თავად მოსარჩელე-ი. დ-ი. საქმეში არსებული სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის, მოსარჩელის შვილის განცხადებები, რომლითაც ის უარყოფს მოპასუხისათვის თანხების გადაცემის ფაქტს, თუმცა, მიღებული აქვს აღნიშნულ თანხაზე დარიცხული პროცენტი, მოსარჩელის მეუღლისა და მეორე ქალიშვილის ერთობლივი განცხადება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი და 5.1-5.3 ქვეპუნქტები), ის ფაქტი, რომ საქმეში არსებული სხდომების ოქმების მიხედვით, ა. დ-ი არც ერთ სხდომას არ ესწრებოდა არც პირადად და არც - წარმომადგენლის მეშვეობით, საკასაციო სასამართლოს აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დამატებით უნდა შეისწავლოს საქმის წარმოების შეწყვეტის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

17. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია კერძო საჩივრის პრეტენზიები, რის გამოც ნაწილობრივ აკმაყოფილებს მას და აუქმებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებას, და საქმეს უბრუნებს იმავე სასამართლოს, ა. დ-ის სარჩელზე წარმოების შეწყვეტის წინაპირობების დამატებით შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. დ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 თებერვლის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, ა. დ-ის სარჩელზე წარმოების შეწყვეტის წინაპირობების დამატებით შესამოწმებლად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე