საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-467-467-2018 2 აგვისტო, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ტ. ა-ი, გ. ა-ა, რ. ა-ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარეები – ვ. ა-ი, ა. ა-ი, ა. ა-ი, რ. ნ-ა (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 იანვრის განჩინება და იმავე სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის საოქმო განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მარნეულის რაიონში, სოფელ თ-ში, უძრავი ქონება, 660 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ: 8-, წარმოადგენს ვ. ა-ის, ა. ა-ის, ა. ა-ის, რ. ნ-ას (შემდეგში: მოსარჩელეები, მესაკუთრეები) საკუთრებას (ტ.1, ს.ფ.16-17; 29-30).
2. მოსარჩელეების მეზობლად ცხოვრობენ ტ. ა-ი, გ. ა-ა, რ. ა-ი (შემდეგში: მოპასუხეები, აპელანტები, კასატორები), რომლებმაც ბოლო ერთი წელია მიითვისეს მესაკუთრეების მიწის ნაკვეთის ნაწილი და ამ უკანასკნელთ უკრძალავენ საკუთარი ნაკვეთით სარგებლობას, ამასთან, მიწის ნაკვეთზე მოპასუხეებმა ორი სატვირთო მანქანით უკანონოდ შეიტანეს სამშენებლო მასალა - ქვა.
3. მოსარჩელე ვ. ა-მა, 2015 წლის 16 იანვარს, წერილობით მიმართა მოპასუხეებს და სთხოვა სასამართლოს გარეშე, ნებაყოფლობით შეეწყვიტათ მესაკუთრეთა უძრავი ქონების უკანონო ხელყოფა და მიწის ნაკვეთიდან გაეტანათ უკანონოდ შეტანილი სამშენებლო მასალა. მოპასუხე ტ. ა-მა წერილობით განმარტა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არის მოპასუხეების კუთვნილი ქონება და აღნიშნულის დათმობას არ აპირებენ.
4. სარჩელის საფუძვლები
4.1 მოსარჩელეებმა 2015 წლის 18 თებერვალს სარჩელი აღძრეს მოპასუხეების წინააღმდეგ, მოითხოვეს ამ უკანასკნელთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა და მესაკუთრისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.
4.2 მოსარჩელეებმა თავიანთი სასარჩელო მოთხოვნა წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებზე დააფუძნეს.
5. მოპასუხეების შესაგებელი
5.1 მოპასუხეებმა წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მათ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის (ს/კ 8-) მესაკუთრეს ყოველთვის მოპასუხე ტ. ა-ი წარმოადგენდა. აღნიშნული ნაკვეთის სააღრიცხვო ბარათში დაშვებული იყო შეცდომა, კერძოდ, ტ. ა-ის ნაცვლად, მითითებული იყო ვ. ა-ი, რის გამოც ვერ მოხერხდა მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია. აღნიშნული უსწორობით კი ისარგებლა მოსარჩელე ვ. ა-მა და დაირეგისტრირა მიწის ნაკვეთი.
6. ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
6.1 ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით მესაკუთრეთა სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება და მესაკუთრეებს თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა.
6.2 რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 168-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-ე, 312-ე მუხლებით, და განმარტა, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
6.3 რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები უძრავი ქონების მესაკუთრეები არიან, ხოლო მოპასუხეებს არ წარუდგენიათ იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას კანონიერად ფლობენ. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელეეები შეიძლებოდა შეზღუდულიყვნენ მოპასუხეებთან მიმართებით. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.
6.4 სადავო ქონების მართლზომიერ მფლობელობაზე მოპასუხის მითითებასთან დაკავშირებით რაიონულმა სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ საქმეში წარდგენილი მიწის სააღრიცხვო ბარათების მიხედვით ირკვეოდა, რომ მიწის ნაკვეთები ს/კ 8- და ს/კ 8- რეგისტრირებულია ფ. ა. ო. ა-ის სახელზე. სათანადო მტკიცებულებებით კი არ დასტურდებოდა, რომ ეს უკანასკნელი და ტ. ა-ი ერთსა და იმავე პიროვნებას წარმოადგენენ.
6.5 საქმეში არსებული საარქივო ცნობის მიხედვით, მარნეულის რაიონის ალგეთის სასოფლო საბჭოს სოფელ თ-ის 1986-2011 წლების საკომლო წიგნში ვ. ა-ი ცალკე კომლად არ ფიქსირდება, იგი ირიცხებოდა კომლში, რომლის უფროსადაც ჩაწერილია ა. ა-ი. ა. ა-ის კომლის წევრებს კი ა. ა-ა, ა. ა-ა, რ. ნ-ა და ვ. ა-ი წარმოადგენენ (ტ.1, ს.ფ.21-23).
7. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
7.1 ბოლნისის რაიონული სასამრთლოს 2015 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
7.2 აპელანტების მითითებით მხარეები ცხოვრობენ ერთმანეთის მეზობლად და ის გარემოება, რომ მოპასუხეებმა მიითვისეს სადავო ქონება, არასწორია. აპელანტების მტკიცებით, სასამართლომ აღნიშნული გარემოება ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე, მხოლოდ მოსარჩელეების მიერ წარდგენილი ამონაწერის საფუძველზე დაადგინა, საიდანაც არ ირკვევა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა.
7.3 სასამართლომ, აგრეთვე, არასწორად დაადგინა ის გარემოება, თითქოს მოპასუხემ ხელი შეუშალა ექსპერტს, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარეს არასწორად ჰქონდა მითითებული ექსპერტიზის ობიექტი.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
8.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 იანვრის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
8.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი). დადგენილი იყო, რომ სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო მოსარჩელეების სახელზე და მოპასუხეები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდნენ მას.
8.3 სასამართლომ აღნიშნა, საჯარო რეესტრის ამონაწერით დადასტურებულია, რომ უძრავი ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელეების სახელზე. აპელანტებს არ მიუთითებიათ კანონით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით სადავო უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის თაობაზე და ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებაზე, ამასთან, მოსარჩელეების საკუთრების უფლების წარმოშობის რეგისტრაცია გაბათილებული არ არის (საკუთრების უფლების წარმოშობის კანონიერების კვლევა კი წინამდებარე განხილვის დავის საგანს არ წარმოადგენს), შესაბამისად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ აპელანტები არ წარმოადგენენ მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული ქონების მართლზომიერ მფლობელებს და ამ ქონების დაკავების უფლება მათ არ გააჩნიათ.
8.4 სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხეებმა სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაამტკიცეს სადავო ქონების ფლობის მართლზომიერება, ასევე, ვერ დაასაბუთეს ექსპერტიზის ჩატარებაზე უარის თქმის საპატიო მიზეზი.
9. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
9.1 მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 იანვრის განჩინება, აგრეთვე საოქმო განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა საქმის წარმოების შეჩერებასთან დაკავშირებით.
9.2 კასატორების განმარტებით გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, ამასთან, მოპასუხეებს საოქმო განჩინებით უსაფუძვლოდ ეთქვათ უარი საქმის წარმოების შეჩერებაზე უფლების დამდგენი დოკუმენტის გასაჩივრების ნაწილში, ვინაიდან, იმ შემთხვევაში, თუ გაუქმდება მოსარჩელის საკუთრების უფლება, სადავო ნივთის მოპასუხეთაგან გამოთხოვის მოთხოვნას საფუძველი ეცლება.
10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
10.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
13.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
15. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას;
16. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება;
17. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეებს, რაც დასტურდება შესაბამისი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მფლობელებს (სადაც ყოველგვარი შეთანხმების გარეშე განთავსებული აქვთ სამშენებლო მასალა). მოპასუხეებმა სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.
18. კასატორების პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო დამატებით, განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო იხილავს მესაკუთრეების ვინდიკაციურ სარჩელს, რომელთა საკუთრებად აღრიცხულ უძრავ ქონებას, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ფაქტობრივად ფლობენ კასატორები (მოპასუხეები). კასატორების მტკიცება, რომ უფლების დამდგენ დოკუმენტებში ერთ-ერთი კასატორის ნაცვლად შეცდომით სულ სხვა პირია მოხსენიებული და სწორედ ამ შეცდომამ განაპირობა მოსარჩელეთა სახელზე სადავო ქონების აღრიცხვა, წინამდებარე დავის ფარგლებში განხილვის საგანს არ წარმოადგენს და არც რაიმე სახის მტკიცებულება ყოფილა წარმოდგენილი, რომელიც გააქარწყლებდა მესაკუთრეთა მიმართ საჯარო რეესტრის ჩანაწერების სიზუსტის, სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფციას.
19. საქმის წარმოების შეჩერების შუამდგომლობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების უარყოფის თაობაზე და განმარტავს, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. აღნიშნული ნორმა საქმის წარმოების შეჩერების აუცილებლობას ითვალისწინებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც განსახილველი დავის გადაწყვეტას სამართლებრივად აფერხებს სხვა სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის გადაწყვეტა. მოცემულ საქმეზე ამგვარი ხელშემშლელი გარემოების არსებობა არ დადასტურებულა.
20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება).
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
22. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორებს დაუბრუნდებათ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ტ. ა-ის, გ. ა-ას და რ. ა-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ტ. ა-ს (პ/ნ 2-), გ. ა-ას (პ/ნ 2-) და რ. ა-ს (პ/ნ 2-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ლ. შ-ის (პ/ნ 3-) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადასახადო დავალება N6747799208, გადახდის თარიღი 2018 წლის 22 ივნისი), 70% – 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე