საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-606-606-2018 13 ივლისი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი. ჯ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული ქონების სანაცვლოდ სრული და სამართლიანი ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ჯ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის (შემდეგში: მოპასუხე, დეპარტამენტი) წინააღმდეგ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლომ განჩინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 368-ე მუხლზე „თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება“ დააფუძნა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 იანვრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 დღის ვადაში წარედგინა: ა) დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი იმდენი ასლის ოდენობით, რამდენი მხარეც მონაწილეობს საქმეში, სადაც მითითებული იქნებოდა თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა, კონკრეტულად რას მოითხოვდა სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი, მითითებას გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს; ბ) განესაზღვრა დავის საგნის ღირებულება და გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 150 და არაუმეტეს - 5 000 ლარისა; გ) წარედგინა სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია შესრულებული Word-ის ფაილში CD დისკის სახით. მასვე განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში მხარე არ შეავსებდა ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
5. აპელანტის ი. ჯ-ის წარმომადგენლებმა - ვ. ხ-მა და ი. ჯ-ემ, 2018 წლის 23 იანვარს, სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების შესაბამისად, ამასთან იშუამდგომლეს აპელანტის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის საფუძველზე. სასამართლოს მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოითხოვეს სახელმწიფო ბაჟის წინასწარი გადახდისაგან გათავისუფლება (ტ.2, ს.ფ.75-82).
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 2 თებერვლის განჩინებით აპელანტს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე და გაუგრძელდა 2018 წლის 5 იანვარს განჩინებით დადგენილი ვადა 10 დღით, ამასთან, დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 1171.76 ლარის გადახდა, მხარეს განემარტა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. ამასთან, სასამართლომ აპელანტის მოთოვნის პასუხად განმარტა, რომ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი ვრცელდება ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე, როცა მხარე სადავოდ ხდის ექსპროპრიაციის შესახებ აქტის კანონიერებას. განსახილველი დავა სამოქალაქო კატეგორიის საქმეს მიეკუთვნებოდა და შესაბამისად, მითითებული მუხლი არ ათავისუფლებდა მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
7. საქმეში არსებული უკუგზავნილით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული განჩინება ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ აპელანტის წარმომადგენლებს ჩაბარდათ სსსკ-ის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით, სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, რომელიც ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს 2018 წლის 12 თებერვალს (ტ.2, ს.ფ.107-108).
8. მოსარჩელის წარმომადგენელმა 2018 წლის 6 მარტს მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და წარუდგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ტ.2, ს.ფ.112-114).
9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით 2018 წლის 2 თებერვლის განჩინების და სსსკ-ის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტს, ხარვეზის შესავსებად ვადა განსაზღვრული ჰქონდა 2018 წლის 22 თებერვლის 24:00 საათამდე, თუმცა ამ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, მხარემ ბაჟის გადახდის ქვითარი სასამართლოს გაუგზავნა 23 თებერვალს.
10. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარმოადგინა აპელანტმა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
10.1 მომჩივანი აღნიშნავს, რომ განჩინება ხარვეზის შევსებისათვის ვადის გაგრძელების თაობაზე აპელანტის წარმომადგენელს - ი. ჯ-ეს ჩაბარდა 2018 წლის 22 თებერვალს, საღამოს 19:00 საათზე, მისი ძმის გ. ჯ-ის მეშვეობით. აღნიშნულის გამო შემჭიდროებულ ვადაში მოხდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა და გზავნილის სასამართლოში გაგზავნა, შემდეგ იმის გამო, რომ ადრესატის მისამართი კონვერტზე არასწორად იყო მითითებული, დამატებით გაიგზავნა ხელახლა დალუქული კონვერტი 5 მარტს;
10.2 კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ გ. ჯ-ე არის იმ საადვოკატო ბიუროს წარმომადგენელი, რომელიც იცავს აპელანტის ინტერესებს, შესაბამისად, სასამართლომ არასწორად მიიჩნია გზავნილი ჩაბარებულად. გ. ჯ-ე მუშაობს კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მიერ მითითებულ მისამართზე (ჭ-ის ქ. #64, მე-2 სართული), თუმცა, სულ სხვა სივრცეში, სასურსათო მაღაზიაში, რაც გამორიცხავს იმ მიდგომას, რომ მისთვის უწყების ჩაბარება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება;
10.3 კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, არასწორია აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მიდგომა უწყების გაგზავნასთან დაკავშირებით იმ მისამართზე, რომელიც არ იყო მითითებული დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარზე, კერძოდ, სასამართლომ გზავნილი გაგზავნა ქ. ბათუმი, ჭ-ის ქ. #64, მე-2 სართულზე, როდესაც სააპელაციო საჩივარში მითითებულია ქ. ბათუმი, მ. ა-ის გამზირი ქ. 53, ბინა 15.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
12. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
14. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად გაგზავნა სასამართლო გზავნილი მხარის ერთ-ერთი წარმომადგენლის სამუშაო ადგილზე, ასევე არასწორად ჩათვალა სასამართლო გზავნილი ჩაბარებულად, წარმომადგენლის ძმისთვის ჩაბარების გამო და არასწორად მიიჩნია, რომ წარმომადგენლის ძმა საადვოკატო ბიუროს თანამშრომელია.
15. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის 71-ე მუხლის პირველ ნაწილზე „სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის, ალტერნატიული მისამართის სამუშაო ადგილის, სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით“ და იმავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველ ნაწილზე „სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა“.
16. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ მხარის მიერ მითითებული მისამართებიდან სასამართლო თავად ირჩევს, რომელ მისამართზე გააგზავნის საქმესთან დაკავშირებულ დოკუმენტებს. ამასთან, თავად მხარის მიერ მითითებულ მისამართზე (ქ. ბათუმი, ჭ-ის ქ. #64, მე-2 სართული; იხ. ტ.2, ს.ფ.89; 98; სააპელაციო შესაგებელი; კონვერტზე ხელით მიწერილი მისამართი; ასევე - ტ.2, ს.ფ.10, აღნიშნულ უკუგზავნილზე საყურადღებოა, რომ გზავნილის მიმღების ხელმომწერს გ. ჯ-ე წარმოადგენს) გაგზავნილი უწყება 2018 წლის 12 თებერვალს ჩაბარდა ი. ჯ-ის ძმას - გ. ჯ-ეს. შესაბამისად, კერძო საჩივრის პრეტენზია, რომ გზავნილი 2018 წლის 22 თებერვალს საღამოს 19:00 საათზე მიიღო, არ ათავისუფლებს მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო პასუხისმგებლობისაგან.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში ხარვეზის თაობაზე განჩინება სათანადო წესით ჩაბარებულად ითვლება, ხოლო ხარვეზის აღმოფხვრისათვის განსაზღვრული 10 - დღიანი ვადის ათვლა სსსკ-ის 60-61-ე მუხლების შესაბამისად დაიწყო 2018 წლის 13 თებერვლიდან და ამოიწურა იმავე წლის 22 თებერვალს. საქმეში არსებული დოკუმენტებით, უპირველესად კი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარზე არსებული გადახდის თარიღით დგინდება, რომ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია და წარდგენილია ხარვეზის აღმოფხვრისათვის განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, კერძოდ, 2018 წლის 23 თებერვალს, ამავე დღეს არის წარდგენილი განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე თანდართული გადახდის ქვითრით, რაც ვადის დარღვევის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა.
18. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება (შდრ. სუსგ-ები: # ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; # ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება).
19. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. ჯ-ის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მარტის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მარტის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე