Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-608-608-2018 13 ივლისი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ ბათუმის ბულვარი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ლ-ის“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი სსიპ ბათუმის ბულვარის (მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და გასაჩივრებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისს გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და მის გამოცხადებას ესწრებოდნენ მოპასუხის წარმომადგენლები (ტ.3, ს.ფ.93), აღნიშნული დგინდება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის სხდომის ოქმიდან, შესაბამისად, ვინაიდან მხარისათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, სსსკ-ის 2591 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებული იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოხცადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, კერძოდ, მოპასუხეს გადაწყვეტილების ასლის მისაღებად ბათუმის საქალაქო სასამართლოსათვის უნდა მიემართა არა უგვიანეს 2017 წლის 17 აგვისტოსი.

5. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს მიმართა კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, კერძოდ, 2017 წლის 9 ოქტომბერს (ტ.3, ს.ფ.142). შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო არა მხარის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის დასახელებული თარიღის შემდეგ, არამედ - გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების საფუძველზე, აპელანტისათვის სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 18 აგვისტოდან და ამოიწურა იმავე წლის 31 აგვისტოს. საქმის მასალებით კი ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოს წარედგინა 2017 წლის 12 ოქტომბერს, ანუ კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ აპელანტი არ წარმოადგენს სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ პირს, რომელსაც სასამართლოს ინიციატივით ეგზავნება გადაწყვეტილების ასლი, რა დროსაც, სწორედ ასეთი გაგზავნის შედეგად, გზავნილის მიღების დროს იწყება გასაჩივრების ვადის ათვლა.

6. აპელანტმა 2018 წლის 30 აპრილს კერძო საჩივარი წარადგინა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.

7. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ის ფაქტი, რომ აპელანტები 2017 წლის 9 ოქტომბრამდე არ გამოცხადებულან გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში და არ მოუთხოვიათ გადაწყვეტილება. საჩივრის ავტორის მითითებით, 2017 წლის 7 აგვისტოდან 17 აგვისტომდე არაერთხელ, ზეპირი კომუნიკაციის მეშვეობით მიმართა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით, თუმცა, მოსამართლის თანაშემწისაგან მიიღო პასუხი, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება იმ დროისათვის მზად არ იყო. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სსსკ-ის 2591-ე მუხლის მიზნებისათვის სასამართლოში გამოცხადებად უნდა ჩაითვალოს სასამართლოში უშუალოდ გამოცხადება და არა წერილობითი მიმართვა, როგორც ეს სააპელაციო პალატის განჩინებაშია განმარტებული.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

9. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

10. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.

11. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა. აპელანტის მტკიცებით კი, მას არ დაურღვევია აღნიშნული ვადა, ვინაიდან ის კანონით დადგენილ ვადაში გამოცხადდა სასამართლოში, თუმცა, მოსამართლის თანაშემწესთან ზეპირი კომუნიკაციით შეიტყო, რომ გადაწყვეტილება არ იყო მზად.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სსსკ-ის 374-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

13. სსსკ-ის 369-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

14. სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

15. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული ნორმა, ერთი მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში, სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.

17. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სსსკ-ის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

19. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი; ტ.3, ს.ფ. 93), რაც მოწმობს, რომ მხარისათვის ცნობილი იყო სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი და იმ შემთხვევაში, თუ ის აპირებდა კანონით გათვალისწინებული წესით მის გასაჩივრებას ვალდებული იყო, კანონითვე გათვალისწინებულ ვადაში გამოცხადებულიყო სასამართლოში.

20. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის პასუხად განმარტავს, რომ სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით გამოცხადება დადასტურებადი ფაქტია და ის დასტურდება მხარის მიერ შედგენილი შესაბამისი განცხადებით, რომლითაც ის ითხოვს გადაწყვეტილებას. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ ასეთი განცხადებით მხარემ მხოლოდ 2017 წლის 9 ოქტომბერს მიმართა სასამართლოს (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი; ტ.3.ს.ფ.142), ხოლო მოცემულ შემთხვევაში სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 59.1, მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით დადგენილი ვადა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის მომდევნო დღიდან - 2017 წლის 17 აგვისტოდან დაიწყო და იმავე წლის 31 აგვისტოს (ხუთშაბათი) ამოიწურა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად დარჩა განუხილველად.

21. სსსკ-ის 65-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო საპროცესო ვადის აღდგენას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა დაუშვებელია, მიუხედავად იმისა, ვადის გაშვება საპატიო მიზეზით მოხდა თუ არა. ამრიგად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას სააპელაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადის აღდგენასთან დაკავშირებით (შდრ. სუსგ-ები: # ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; # ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება).

22. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება (შდრ. სუსგ-ები: # ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; # ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება).

23. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ბათუმის ბულვარის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ნოემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ნოემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე