Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-643-643-2018 13 ივლისი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „I-” (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 აპრილის განჩინება.

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2011 წლის 23 მარტის №54 ბრძანების საფუძველზე (ტ.1, ს.ფ. 206-207), შპს „I-ს“ (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, მყიდველი, კომპანია) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 200 000 (ორასი ათასი) ლარად საკუთრებაში გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში მდებარე 1276 კვ.მ. შენობა–ნაგებობა და მასზე დამაგრებული 39 110 კვ.მ არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 5 000 000 (ხუთი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით. აუდიტორული დასკვნის თანახმად, აღნიშნული ქონების ფასი შეადგენდა 410 000 (ოთხას ათი ათასი) ლარს.

2. აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2011 წლის 23 მარტის №54 ბრძანების შესრულების მიზნით, 2011 წლის 11 მაისს (ტ.1.ს.ფ.18-25), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, გამყიდველი, აპელანტი, ან კასატორი) და კომპანიას შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ამ უკანასკნელმა (მყიდველმა) იკისრა შემდეგი ვალდებულებები:

ა) დადგენილ ვადაში გადაიხადოს ნასყიდობის ფასი და მიაწოდოს გამყიდველს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული თვის ვადაში აამოქმედოს ზეთის შემცველი მარცვლეულის გადამამუშავებელი საწარმო, რისთვისაც უნდა განახორციელოს არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია;

გ) შეინარჩუნოს საწარმოს პროფილი არანაკლებ 5 (ხუთი ) წლისა;

დ) საწარმოს ამოქმედებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, პროფილის შენარჩუნების ვადით დაასაქმოს არანაკლებ 40 (ორმოცი ) საქართველოს მოქალაქე;

ე) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე წარუდგინოს ინფორმაცია ,,გამყიდველს’’ მოთხოვნისთანავე;

ვ) სამუშაოების შესრულების ვადის დასრულების მომენტისათვის წარადგინოს აუდიტორული კომპანიის დასკვნა შესრულებული სამუშაოების მოცულობის შესახებ;

3. გამყიდველსა და მყიდველს შორის, 2011 წლის 11 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-4 მუხლით განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში (ტ.1, ს.ფ.21), კერძოდ:

3.1. 4.1. პუნქტის თანახმად, თუ მყიდველი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, მაშინ გამყიდველი უგზავნის მყიდველს ვალდებულების შესრულების შესახებ წერილობით მოთხოვნას შესრულების აუცილებელი ვადის (არანაკლებ 3 თვისა) მითითებით და მყიდველი ჯარიმის სახით უხდის:

ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ბ) საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1 %-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

გ) ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ყოველ დარღვევაზე, ქონების ღირებულების 0.1 %-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე

3.2. იმავე ხელშეკრულების 4.3 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ გამყიდველის მიერ ხელშეკრულების 4.2. პუნქტით მინიჭებული უფლების გამოყენების შემთხვევაში, მყიდველი კარგავს საკუთრების უფლებას ქონებაზე. ქონება ბრუნდება გამყიდველის საკუთრებაში და მყიდველს გამყიდველის სასარგებლოდ ეკისრება პირგასამტეხლო ნასყიდობის ფასისა და განხორციელებული ინვესტიციის (მხარეთა შეთანხმებით შერჩეული აუდიტორული კომპანიის დასკვნით დადასტურებული კაპიტალდაბანდების) 40 %-ის ოდენობით. ამ შემთხვევაში, მყიდველს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება გაწეული ხარჯები (ტ.1, ს.ფ.20).

4. 2011 წლის 11 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში მყიდველმა ნასყიდობის ფასი - 200 000 ლარი, 2011 წლის 11 მაისს, სრულად გადაიხადა, რის საფუძველზეც იმავე წლის 20 მაისს, მის საკუთრებაში აღირიცხა ქობულეთში, დაბა ოჩხამურში მდებარე 39 110.00 კვმ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები, საერთო ფართით - 1276.00კვ.მ, (ს/კ 20.37.01.027; ტ.1, ს.ფ.181).

5. ხელშეკრულებით გათვალისწინებული არც ერთი სახელშეკრულებო ვალდებულება, გარდა ნასყიდობის ფასის გადახდისა, მყიდველს არ შეუსრულებია. ვალდებულებათა შესრულების მიზნით, კომპანიას რაიმე ქმედითი ღონისძიებები არ განუხორციელებია. მყიდველის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული არ არის გამყიდველის ბრალით, ამ უკანასკნელის მიერ ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულებების არსებითი ხასიათის დარღვევებით ან/და რაიმე სხვა ბრალეული ქმედებით.

6. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 24.02.2015 წლის №ს-69 ბრძანებით მოიშალა (გაუქმდა) სამინისტროსა და კომპანიას შორის 2011 წლის 11 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება; მყიდველს არ აუნაზღაურდა გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები. მასვე ეცნობა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, გადასახდელი აქვს ჯარიმა /პირგასამტეხლო - 291 150.00 ლარი და 2 575 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი/. ნასყიდობის საგანი დაბრუნებულია აჭარის ა/რესპუბლიკის საკუთრებაში (ტ.1, ს.ფ. 182-188).

7. პირგასამტეხლო - 291 159.00 ლარი დარიცხული იქნა ხელშეკრულების 3.2. მუხლის „გ“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, ამავე ხელშეკრულების 4.1. მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ქონების ღირებულების 410 000 ლარის 0.1%, დარღვევის დღიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ, მთლიანობაში 515 დღეზე. 2 575 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით პირგასამტეხლო დარიცხული იქნა ხელშეკრულების 3.2. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების - ზეთის შემცველი მარცვლეულის გადამამუშავებელი საწარმოს ამოქმედებისა და 5 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციის განუხორციელებლობის გამო, ხელშეკრულების 4.1. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის - 5 000 000 აშშ დოლარის 0.1 %, ვალდებულების დარღვევიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეგებებული მოსარჩელის (გამყიდველის) გაანგარიშებით შეადგენს 2 575 000 აშშ დოლარს (ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობა გამყიდველის გაანგარიშებით 515 დღეა).

8. სარჩელის საფუძვლები

8.1 მყიდველმა 2015 წლის 30 მარტს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოითხოვა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი) საფუძველზე გამყიდველისათვის გადახდილი ნასყიდობის საფასურის - 200 000 ლარის - ამ უკანასკნელისათვის დაკისრება;

8.2 ასევე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების დაკისრება - 200 000 ლარის წლიური 6%-ის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

8.3 მოსარჩელემ თავისი მოთხოვნების საფუძვლად მიუთითა წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში ასახულ გარემოებაზე და დამატებით განმარტა, რომ:

8.3.1 აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2012 წლის 22 ნოემბრის #296 ბრძანებით, სამინისტრომ მოშალა მყიდველთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ნასყიდობის საგანი აღრიცხა ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად, ხოლო მოსარჩელეს დაევალა ჯარიმის - 154 570 ლარისა და პირგასამტეხლოს - 80 000 ლარის გადახდა (ტ.1, ს.ფ. 35-40).

8.3.2 მოსარჩელემ აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის 2013 წლის 21 იანვრის #12 ბრძანებით, მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანების პირველი და მეორე პუნქტები, ნასყიდობის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლისა და ნასყიდობის საგნის ა/რ საკუთრებაში აღრიცხვის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოსა და ჯარიმის დაკისრების ნაწილში ბრძანება უცვლელად დარჩა.

8.3.3 მყიდველის სარჩელის საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ზემოაღნიშნული ბრძანება (იხ. წინამდებარე განჩინების 9.3.1. ქვეპუნქტი), გამყიდველს (სამინისტროს) დაევალა პირგასამტეხლოს (ჯარიმის) დაკისრების ნაწილში საკითხის ხელახალი განხილვა.

8.3.4 მოსარჩელის განმარტებით, ნასყიდობის საგანს გააჩნდა უფლებრივი ნაკლი (ნასყიდობის საგნის - ს/კ: #2- მიწის ნაკვეთის ფარგლებში მოექცა მოქალაქე გ. ც-ის მფლობელობაში არსებული 95 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მოქალაქე ა. ბ-ის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი 2200 კვ.მ /ტ.1, ს.ფ.84-88/), რის თაობაზეც შეატყობინა გამყიდველს, თუმცა, უშედეგოდ. აღნიშნულის გათვალისწინებით თავდაპირველმა მოსარჩელემ (მყიდველმა)მოითხოვა ნასყიდობის საფასურის 200 000 ლარის უკან დაბრუნება, რაზეც მიიღო უარი. ამასთან, მოსარჩელემ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებაც მოითხოვა.

9. შეგებებული სარჩელის საფუძვლები

9.1 შეგებებული სარჩელით მოსარჩელის (გამყიდველის) მოთხოვნას წარმოადგენს მყიდველისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება 291 150 ლარისა და 2 575 00 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით.

9.2 შეგებებული სარჩელის ავტორმა მოთხოვნის საფუძვლად წინამდებარე განჩინების პირველ, მე-2 და მე-7 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მიუთითა.

10. მოპასუხის პოზიცია თავდაპირველ სარჩელზე

10.1 მოპასუხის (გამყიდველის) განმარტებით, მოსარჩელის (მყიდველის) მითითება ნასყიდობის საგანთან დაკავშირებულ უფლებრივ ნაკლთან მიმართებით უსაფუძვლოა, ასეთი ნაკლის არსებობის შემთხვევაშიც კი არ დასტურდება, რომ მყიდველს ნაკლმა შეუშალა ხელი სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებაში.

11. მოსარჩელის შესაგებელი გამყიდველის შეგებებულ სარჩელზე

11.1 მოსარჩელის (მყიდველის) განმარტებით სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა თავად მოპასუხის (გამყიდველის) ბრალიდან გამომდინარეობდა, ვინაიდან ნასყიდობის საგანი უფლებრივად ნაკლიანი აღმოჩნდა, ამასთან, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უსაფუძვლოა, შეუსაბამოდ მაღალია, არ ირკვევა, გაანგარიშების რა მეთოდს ეყრდნობა შეგებებული სარჩელის ავტორი (გამყიდველი) პირგასამტეხლოს ოდენობის გამოთვლისას (იხ. ტ.1, ს.ფ. 252 - მყიდველის შესაგებელი).

12. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება და დასკვნები

12.1 ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით თავდაპირველი მოსარჩელის (მყიდველის) მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელის ავტორის (გამყიდველის) მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ: მყიდველს გამყიდველის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს ანაზღაურება 200 000 ლარისა და 1 575 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით.

12.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 327-ე, 477-ე, 487-ე, 489-ე, 41-ე, 352-ე, 405-ე, 361-ე, 417-418-ე და 420-ე მუხლებით და დაადგინა, რომ სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა მხარეთა შორის არსებული 2011 წლის 11 მაისის ხელშეკრულების მოშლიდან გამომდინარე მოთხოვნების კანონიერება.

12.3 სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მყიდველის პრეტენზია გადაცემული ქონების უფლებრივ ნაკლთან დაკავშირებით ეხებოდა მთლიანი ქონების 39 110კვ.მ მხოლოდ ნაწილს, კერძოდ, ა. ბ-ისა და გ. ც-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს, ჯამში 2 295 კვ.მ. ამდენად, მთლიანი ქონების მხოლოდ მცირე ნაწილზე მესამე პირების არსებული პრეტენზია ვერ გახდებოდა ხელშეკრულების მოშლისა და შემდგომი სამართლებრივი შედეგების მისაღებად მოსარჩელის ობიექტური ინტერესის საფუძველი.

12.4 სასამართლოს შეფასებით, ხელშეკრულებისადმი ინტერესის დაკარგვის ობიექტურ ფაქტორად მიჩნევა შესაძლებელია მაშინ, როდესაც არსებულ დარღვევას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ნასყიდობის საგნის სათანადოდ გამოყენების შეუძლებლობაზე, რაც წინამდებარე შემთხვევაში არ გამოიკვეთა.

12.5 ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ განმარტა, რომ ნასყიდობის საგნის - მიწის ნაკვეთის მცირე ნაწილზე სხვა მოქალაქეთა პრეტენზია სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, მხარეთა უფლება-მოვალეობებზე არსებითი ზეგავლენას ვერ მოახდენდა, მით უფრო, ვერ განაპირობებდა მოსარჩელის (მყიდველის) ინტერესის დაკარგვას სახელშეკრულებო ურთიერთობისადმი. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ მყიდველს, სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესასრულებლად არავითარი საქმიანობა არ განუხორციელებია, არ წარუდგენია ინვესტიციის განხორციელების გეგმა, ზეთის გადამამუშავებელი ქარხნის პროექტი და ა.შ.

12.6 სასამართლოს შეფასებით მოსარჩელის მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლის გამო გადახდილი ნასყიდობის ფასის 200 000 ლარის გამყიდველისაგან დაბრუნების თაობაზე უსაფუძვლოა, ვინაიდან აღნიშნულ საკითხზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იმსჯელა აჭარის ა/რ რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და შესაბამისი ბრძანებით უარი ეთქვა საჩივრის ავტორის აღნიშნულ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ხოლო ამ ბრძანების კანონიერება ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის მიერ შემოწმდა, რომლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა.

12.7 სასამართლოს განმარტებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი ძირითად ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ასევე, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის თაობაზე 200 000 ლარის 6%-ის ოდენობით ანაზღაურებაზე.

12.8 დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული 2011 წლის 11 მაისის ხელშეკრულების მე-4 მუხლით განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 და მე-4 პუნქტები).

12.9 აღნიშნულ ხელშეკრულებაზე დაყრდნობით საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მხარე კისრულობდა ვალდებულებას ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2011 წლის 11 მაისიდან 30 კალენდარული თვის ვადაში აემოქმედებინა ზეთის შემცველი მარცვლეულის გადამამუშავებელი საწარმო და განეხორციელებინა ინვესტიცია, შესაბამისად ვალდებულების დარღვევის ათვლის პერიოდად მიჩნეულ უნდა იქნეს 2013 წლის 11 ნოემბერი (30 კალენდარული თვის ამოწურვის თარიღი). დადგენილია, რომ ხელშეკრულება შეწყდა 2015 წლის 24 თებერვალს.

12.10 სასამართლოს მითითებით, ხელშეკრულების 3.2. ქვეპუნქტის „გ-ზ“ ქვეპუნქტებით მხარეებმა განსაზღვრეს ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულების 4.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ქონების ღირებულების 0.1%-ის დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, სანქციის სახით ხელშეკრულების მოშლის გამო ნასყიდობის ფასის 200 000 ლარის 40% განისაზღვრა.

12.11 წინამდებარე შემთხვევაში ხელშეკრულების ანალიზი ცხადყოფს, რომ ქონების ღირებულება განისაზღვრა 410 000 ლარით, საიდანაც ვალდებულების დარღვევისათვის შეგებებული მოსარჩელის (გამყიდველის) გაანგარიშებით თავდაპირველ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს 211 150 ლარი (410 ლარი X 515 დღე), ხოლო, ხელშეკრულების მოშლისათვის 200 000 ლარის 40% - 80 000 ლარი.

12.12 პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ხელშეკრულების დარღვევის ხასიათითა და ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულებისადმი მხარის ინტერესების გათვალისწინებით, მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც ის უნდა შემცირდეს 200 000 ლარამდე და 1 575 000 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარამდე.

13. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

13.1 ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გამყიდველმა (სამინისტრომ), შეგებებული სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

13.2 აპელანტის მტკიცებით მყიდველმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც ეკისრება ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმ ვალდებულებების შესრულება, რომლებიც აღნიშნული ხელშეკრულების დარღვევისათვის არის გათვალისწინებული, კერძოდ, პირგასამტეხლოს გადახდა.

13.3 აპელანტის განმარტებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად, ვინაიდან, ქონების მყიდველისათვის გადაცემით გამყიდველი დაყოვნდა და ვერ მიიღო მისი სათანადო გამოყენებით სარგებელი, ამასთან, მყიდველს ხელშეკრულებით განსაზღვრული ინვესტიცია არ განუხორციელებია, რამაც დამატებითი ზიანი მიაყენა გამყიდველს.

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

14.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განჩინებით, გამყიდველის (შეგებებული სარჩელის ავტორის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

14.2 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა მხოლოდ ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივი შეფასება სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენებით პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე.

14.3 განსახილველ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის შედეგად არსებულ ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობა განისაზღვრა 470 დღით. აღნიშნულიდან გამომდინარე, დარღვეული ვალდებულების გათვალისწინებით (მყიდველი ვალდებული იყო ზეთის შემცველი მარცვლეულის გადამამუშავებელი საწარმო აემოქმედებინა და 5 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განეხორციელებინა, ხოლო აღნიშნულის დარღვევის გამო ხელშეკრულების 4.1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით ვალდებულების დამრღვევს დაეკისრებოდა დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.6%) მყიდველს დაეკისრა პირგასამტეხლო - 1 575 000 აშშ დოლარი. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მითითებული ოდენობით პირგასამტეხლო უზრუნველყოფდა ხელშეკრულების მეორე მხარის (გამყიდველის) ძირითადი ინტერესის დაკმაყოფილებას.

14.4 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობა, გამყიდველის მიერ მითითებული 515 დღის ნაცვლად განსაზღვრა 470 დღით, ხოლო აღნიშნულ დღეთა რაოდენობის გათვალისწინებით ქონების ღირებულების 410 000 ლარის შესაბამისად დაკისრებული პირგასამტეხლო შეადგენს 192 700 (410X470) ლარს, ნაცვლად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი 200 000 ლარისა. მიუხედავად აღნიშნულისა, სამოქალაქო საპროცესო სამართალში დადგენილი საქმის საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობის პრინციპის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია უკვე დაკისრებული 200 000 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გამოანგარიშება, რაც დამატებით გამყიდველის ძირითადი ინტერესის დაკმაყოფილებას ემსახურებოდა.

15. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

15.1 სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გამყიდველმა (სამინისტრომ), გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

15.2 კასატორის განმარტებით, ქვემდგომმა სასამართლოებმა არასწორად გამოიყენეს საპროცესო ნორმები და გასცდნენ დავის საგანს, კერძოდ, სასამართლო განხილვის საგანს წარმოადგენდა, დარღვეული ვალდებულების გათვალისწინებით, ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრება მეორე მხარისათვის (მყიდველისათვის), ხოლო ორივე ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა არა მხოლოდ იმ ფაქტზე, რომ ვალდებულება ნამდვილად დაირღვა, არამედ იმაზეც, რომ აღნიშნული დარღვევისათვის ხელშეკრულებით გათვლისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და შეამცირა იგი.

15.3 კასატორის მითითებით ისიც გასათვალისწინებელია, რომ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით მყიდველს საპროცესო მექანიზმები, არ გამოუყენებია, და არ შედავებია იმას, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო, შესაბამისად, გამყიდველის მოსაზრებით, სასამართლომ იმსჯელა და გადაწყვიტა ისეთი საკითხი, რომელიც წინამდებარე შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენდა.

16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

16.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

19. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ)სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

22. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია:

22.1 ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს გარკვეული „სანქცია“ ეკისრება;

22.2 პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ პრევენციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, რადგან პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად;

23. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ - (იხ. სუსგ # ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).

24. ამდენად, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.

25. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიის პასუხად, იმის თაობაზე, რომ სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს და იმსჯელა იმ საკითხზე, რაც დავის საგანს არ წარმოადგენდა, განმარტავს, რომ თავად კასატორს, შეგებებულ სარჩელში, (ტ.1, ს.ფ. 198) მითითებული აქვს პირველივე სასარჩელო მოთხოვნად მოწინააღმდეგისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება, ხოლო შეგებებული სარჩელის პასუხად წარდგენილ შესაგებელში, მყიდველმა სადავო გახადა გამყიდველის სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, მისი გაანგარიშების მეთოდი და შეუსაბამოდ და არაგონივრულად მიიჩნია იგი (იხ. წინამდებარგე განჩინების 11.1 ქვეპუნქტი). შესაბამისად, ქვემდგომმა სასამართლოებმა მართებულად იმსჯელეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე სსკ-ის 420-ე მუხლით - სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო - მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.

26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

27. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე