საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-670-670-2018 13 ივლისი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ფ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ს-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. ს-ას (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი მ. ფ-ის მიმართ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განჩინებით განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 თებერვლის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა წარმოედგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, ან სახელმწიფო ბაჟის - 5 000 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, აღნიშნულისათვის განესაზღვრა 14 დღიანი ვადა. აპელანტმა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი 2018 წლის 20 მარტს წარუდგინა სააპელაციო სასამართლოს.
5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ხარვეზის თაობაზე განჩინება ადრესატს 2018 წლის 5 მარტს ჩაჰბარდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს #8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. შესაბამისად ხარვეზის გამოსწორების ვადა ამოიწურა იმავე წლის 19 მარტს (ორშაბათი).
6. საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ აპელანტის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2018 წლის 20 მარტს. აღსანიშნავია, ისიც, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოს კანცელარიაში ფოსტის ან პენიტენციური დაწესებულების მეშვეობით გადმოგზავნილი არ ყოფილა.
7. აპელანტმა 2018 წლის 7 მაისს კერძო საჩივარი წარადგინა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
8. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ხარვეზის თაობაზე განჩინება 2018 წლის 5 მარტს ჩაჰბარდა პენიტენციურ დაწესებულებას, ხოლო მას პირადად ჩაჰბარდა იმავე წლის 6 მარტს, თუმცა აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა შეუძლებელია საპატიმროს ადმინისტრაციასთან გართულებული მდგომარეობის გამო.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 28 მაისს კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
12. გასაჩივრებული განჩინება განუხილველი დარჩა იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია ხარვეზის თაობაზე განჩინებით დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის საპროცესო ვადა. აპელანტის მითითებით, კი მას არ დაურღვევია აღნიშნული ვადა, ვინაიდან, მას საპატიმროს ადმინისტრაციის ბრალით, მოგვიანებით ჩაჰბარდა ხარვეზის თაობაზე განჩინება.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 374-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
14. აგრეთვე, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
15. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ #8 დაწესებულების პატიმარს (კერძო საჩივრის ავტორს) 2018 წლის 5 მარტს ჩაჰბარდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განჩინება საქმეზე # 2ბ/516-18, რაც დასტურდება საქმეში მოთავსებული ხელწერილით, რომელიც სწორედ 2018 წლის 5 მარტითაა დათარიღებული და მას ხელს აწერს კერძო საჩივრის ავტორი (იხ. ტ.3, ს.ფ.16). შესაბამისად იმ პირობებში, როდესაც კერძო საჩივრის ავტორი სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებაზე მითითების გარეშე აცხადებს პრეტენზიას, რომ მას გასასაჩივრებელი განჩინება 2018 წლის 6 მარტს გადაეცა, საქმეში მოთავსებული წერილობითი მტკიცებულებით - ხელწერილით კი საწინააღმდეგო ფაქტი დასტურდება, ვერ იქნება გაზიარებული საჩივრის ავტორის პრეტენზია მისი უსაფუძვლობის გამო. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით იმსჯელა და განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ფ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე