საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-1439-1359-2017 30 ივლისი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ზ. ს-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზ. ს-ის (შემდეგში: მოსარჩელე, მესაკუთრე ან კასატორი) საკუთრებაშია უძრავი ქონება მდებარე ჭიათურის რაიონის სოფელ რგანში - ს/კ 3-, მიწის ნაკვეთის ფართობი 600 კვ.მ, შენობა-ნაგებობებით №01 - საერთო ფართით 45,9 კვ.მ; №02 საერთო ფართით - 11,3 კვ.მ; №03 საერთო ფართით - 11,6კვ.მ; №04 - საერთო ფართით 9,3კვ.მ, ასევე, დასახელებულ მესაკუთრესა და ი. ს-ეს, ე. ს-ის, ა. ს-ის და მ. ს-ის საკუთრებაშია უძრავი ქონება, იმავე სოფელში - ს/კ 3-; 600 კვ.მ შენობა-ნაგებობებით №01 - საერთო ფართით 198,8 კვ.მ; №02 - საერთო ფართით 5,0 კვ.მ (იხ. ამონაწერები საჯარო რეესტრიდან - ტ.1, ს.ფ.17-22).
2. შპს „ჯ-ი“ (შემდეგში: მოპასუხე, საწარმო, აპელანტი) რეგისტრირებულია 2006 წლის 7 სექტემბერს და ჭიათურის რაიონის სოფელ რგანში სამთო სამუშაოებს ახორციელებს ლიცენზიის ფარგლებში.
3. საწარმოს 2014 წლის 16 ოქტომბრის წერილის მიხედვით, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის ზარალების განმსაზღვრელი კომისია, სამთო სამუშაოების განხორციელების შედეგად მოსახლეობაზე მიყენებული ზარალის საკომპენსაციოდ ზარალის აქტს ადგენს, რომელიც მოქმედი ნორმატიული აქტებით ხელმძღვანელობს, რაც კავშირშია ზარალის აქტის შედგენასთან საბაზრო ფასების გათვალისწინებით. ამავე წერილის მიხედვით უსაფუძვლოა მესაკუთრის მოთხოვნა, კომპენსაციის სახით, 120 000 ლარის მოთხოვნის თაობაზე (ტ. 1, ს.ფ.14).
4. მოპასუხე საწარმოს 2015 წლის 22 ივლისის წერილის მიხედვით, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი და დამხმარე შენობა-ნაგებობები მდებარეობს რგანის მაღაროს №1 მიწისქვეშა უბნის №28 შტრეკის ზედაპირზე, სადაც კომპანიამ 2012-2013 წლებში მიწისქვეშა დაჭრითი სამთო სამუშაოები განახორციელა (იხ. ტ.1, ს.ფ.15-16).
5. აუდიტორიული ფირმის „ს-“ 2014 წლის 25 აგვისტოს აუდიტორული დასკვნის (შემდეგში: აუდიტორული დასკვნა) თანახმად, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ღირებულებამ 70 824,50 ლარი შეადგინა, 1145 კვ.მ მიწის ღირებულებამ - 2519 ლარი, ღობემ თავისი რკინის კარებით - 1 600 ლარი, მსხმოიარე ხეხილის ღირებულებამ - 7 380 ლარი, ხოლო ქვევრების ღირებულებამ- 2 500 ლარი, რაც მთლიანობაში - 87 323,50 ლარია (იხ. ტ. 1, ს.ფ. 23-25).
6. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში: ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) 2016 წლის 23 აგვისტოს №004827716 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ძველი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და ექვემდებარება დემონტაჟს, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად არ არსებობს ინფორმაცია შენობების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ, სამთო სამუშაოების დაწყებამდე, ამდენად, შესაძლებელია, რომ არსებული დაზიანებები გამოწვეული იყოს, როგორც მიწისძვრების, ასევე სამთო სამუშაოების დროს წარმოებული აფეთქების შედეგად (იხ. ტ.1, ს.ფ.173-231).
7. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 26 ოქტომბრის №006246216 სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მდებარე მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და მათი აღდგენითი ღირებულება 3 912 ლარს შეადგენს.
8. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 2 ნოემბრის № 005768316 სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ჭიათურის რაიონ სოფელ რგანში მდებარე უძრავი ქონების ს/კ 3- საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ 5 600 ლარს შეადგენს, ხოლო უძრავი ქონების ს/კ 3- 33 000 ლარს (ტ.1, ს.ფ. 234-244).
9. სარჩელის საფუძვლები
9.1. მესაკუთრემ 2016 წლის 1 თებერვალს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მისთვის 87 323,50 ლარის ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
9.2. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სამთო გამამდიდრებელი კომბინატის საწარმოო საქმიანობით მას ზიანი მიადგა: დაზიანდა მისი საცხოვრებელი სახლი, დამხმარე ნაგებობები, ვენახი, მრავალწლიანი ნარგავები, ღობე. მოსარჩელის განმარტებით, მან განცხადებით მიმართა საწარმოს, რომ ზიანი აენაზღაურებინა, რომლებიც ზეპირსიტყვიერად სთავაზობდნენ ძალიან მცირე თანხას, შესაბამისად, მან ამ თანხის მიღებაზე უარი განაცხადა.
9.3. მესაკუთრის განმარტებით, მან პოლიციას ქონებრივი დაზიანების ფაქტზე მიმართა, სადაც დაიკითხნენ მაღაროს ხელმძღვანელები, რომლებმაც დაადასტურეს ზიანის მიყენების ფაქტი, რომელიც მოპასუხეს დღემდე არ აუნაზღაურებია. მოსარჩელემ ყურადღება გაამახვილა ამ განჩინების მე-5 პუნქტში მითითებულ აუდიტორულ დასკვნაზე.
10. მოპასუხის შესაგებელი
10.1. საწარმომ მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ უძრავი ქონების ნაწილი მოსარჩელისა და სხვა პირების თანასაკუთრებაშია, შესაბამისად, მოსარჩელის საკუთრების ზუსტი წილი არ არის გამიჯნული;
10.2. მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით მხოლოდ ის დასტურდება, რომ მოპასუხე სამთო სამუშაოებს აწარმოებდა, რაც არ შეიძლება ზიანის მიყენების ფაქტად ჩაითვალოს;
10.3. მოსარჩელის მიერ წარდგენილ აუდიტორულ დასკვნაში (იხ. მე-5 პუნქტი) მოცემულია მხოლოდ ქონების საბაზრო ღირებულება და არ არის მითითებული ზარალის ოდენობა, ხოლო საბაზრო ღირებულებას განსახილველ შემთხვევასთან არავითარი კავშირი არ აქვს;
10.4. მოპასუხეს ზიანის მიყენების ფაქტი არ უღიარებია, მოსარჩელის საკუთრება სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს, სადაც არაერთი მიწისძვრა მოხდა, რაც საკუთრების დაზიანების მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო.
10.5. მოპასუხემ მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელ გარემოებად მის ხანდაზმულობაზე მიუთითა.
11. საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
11.1. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეს 77 255,50 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
11.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა მიერ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია, რომ მოპასუხე საწარმოს მოქმედებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა, რომელიც იმ მდგომარეობის აღდგენის შესაძლებლობას უნდა მოიცავდეს, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. სასამართლომ ჩათვალა, რომ ექსპერტიზის დასკვნებით, მოწმეთა ჩვენებებით, საწარმოს ადმინისტრაციის მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტებით დადასტურებულია საწარმოს ბრალი ზიანის დადგომაში.
11.3. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე, 106-ე, 173-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლება დადასტურებულია საჯარო რეესტრის ამონაწერებით, შესაბამისად, უძრავი ქონების მესაკუთრეს სრული უფლებამოსილება გააჩნია წარუდგინოს მოთხოვნები მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. სასამართლომ ასევე გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 992-ე მუხლები და განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე წინაპირობის არსებობის შემთხვევაში: 1. სახეზე უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, 2.სახეზე უნდა იყოს ზიანი, 3. მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4. ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. შესაბამისად, რაიონულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობაში ზიანი გამოვლენილია, ისევე, როგორც - მოპასუხის ბრალი ზიანის დადგომაში.
11.4. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საწარმოს წარმომადგენლების ჩვენებებზე, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ მადნის მოპოვების პროცესში და სხვადასხვანაირად ხსნიან წარმოებისა და მოპოვების პროცესს თუ სტანდარტებს, თუნდაც იმ ფაქტს, რომ აფეთქების შემთხვევაში რა მანძილი უნდა იქნას საცხოვრებელი სახლიდან. რგანის მაღაროს უფროსის ჩვენების მიხედვით წარმოების პროცესი საცხოვრებელი სახლიდან 60 მეტრში მიმდინარეობდა, ხოლო მარკშეიდერი განმარტავს, რომ - 30 მეტრში, ასევე, სტანდარტების მიხედვით, გაურკვევლობაა მესაკუთრის თანხმობასთან მიმართებით, როცა მარკშეიდერი მიუთითებს, რომ მიწის ქვეშ აფეთქებებს მოსახლეობასთან არ ათანხმებენ. სასამართლომ დაასკვნა, რომ ექსპერტიზის დასკვნებით დადასტურებულია ზიანის მიყენების ფაქტი მთლიანად მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან მიმართებით, შესაბამისად, ზიანი გამოკვეთილია, რომელშიც ბრალი საწარმოს მიუძღვის.
11.5. რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე, 411-ე მუხლებით, ასევე წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში მითითებული აუდიტორული დასკვნით და მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 77 255,50 ლარის ანაზღაურება დააკისრა. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №006246216 დასკვნის (იხ. წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტი) შესახებ სასამართლომ აღნიშნა, რომ ექსპერტმა შეფასების დროისათვის არსებული ნივთის საბაზრო ღირებულება შეაფასა, რაც სასამართლომ ზიანის გაანგარიშებისათვის შეუსაბამოდ მიიჩნია, რადგან პირმა უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
11.6. მოპასუხის არაერთი მითითების პასუხად სარჩელის ხანდაზმულობაზე, რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 1008-ე მუხლით და დაადგინა, რომ სარჩელი კანონით დადგენილ ვადაშია შემოტანილი, რადგან საწარმოს წარმომადგენლების განმარტებებით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელის საკუთრებასთან მიმართებაში ჯერ კიდევ 2013 წელს, სამუშაოების პერიოდში მიმართეს ადმინისტრაციას. სამთო სამუშაოები მიმდინარეობდა 2015 წელშიც, აფეთქება განხორციელდა 2015 წლის 12 თებერვალს №12 სანგრევზე. მარკშეიდერის განმარტებით, როდესაც მიწის ქვეშ ხორციელდება აფეთქება, მოსახლეობასთან შეთანხმება არ ხდება. მოსარჩელის პრეტენზიის შემდეგ მასთან მოლაპარაკება დაიწყო, თუმცა, შეთანხმება ვერ მოხდა და №12 უბანზე სამუშაოები შეჩერდა.
12. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
12.1. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა შემდეგ არგუმენტებზე მითითებით მოითხოვა:
12.1.1. სასამართლომ არასწორად განმარტა საქმეში არსებული 2014 წლის 16 ოქტომბრის წერილი, სადაც მითითებულია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა. ამ წერილში არ არის მითითებული რაიმე თანხა, შესაბამისად, სასამართლო რატომღაც მის შინაარსს ამახინჯებს;
12.1.2. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №006246216 დასკვნაში მითითებულია, რომ უძრავი ქონების [ს/კ 3-] საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ 33 000 ლარს შეადგენს, თუმცა, არ იქნა გათვალისწინებული, რომ ეს ქონება დაზიანებული არ არის და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აღნიშნულს კი სასამართლო არსად უთითებს;
12.1.3. სასამართლოს მსჯელობიდან არ ჩანს, თუ რომელი მტკიცებულებები და გარემოებები ადასტურებს ზიანის მიყენების ფაქტს, ამიტომ შეუძლებელია სასამართლო გადაწყვეტილების შეფასება, ასევე, გაურკვეველია, თუ რატომ არ ეყრდნობა სასამართლო მის მიერვე დანიშნული ექსპერტის დასკვნას, რომლის მიხედვით სადავო შენობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია;
12.1.4. აუდიტორული დასკვნა (იხ. მე-5 პუნქტი), რომელსაც სასამართლო დაეყრდნო ზიანის დადგენის დროს, არ შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ასევე აღნიშნული დასკვნა ადასტურებს, რომ მოსარჩელის ქონება არათუ დაზიანებულია, არამედ რეალური საბაზრო ღირებულებაც გააჩნია, რომელიც არცთუ ისე დაბალია. სასამართლოს აუდიტორულ დასკვნაზე დაყრდნობით უნდა დაედგინა, რომ ქონება დაზიანებული არ არის და საბაზრო ღირებულება გააჩნია. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №004827716 დასკვნის (იხ. მე-6 პუნქტი) მიხედვით კი, არ დგინდება დაზიანების ფაქტი და არც ის, რომ დაზიანება გამოწვეულია საწარმოს (აპელანტის) ქმედებით, თუმცა, სასამართლო საწინააღმდეგოს ამტკიცებს, გაურკვეველია, თუ რატომ არ დაეყრდნო სასამართლო №005768316 ექსპერტიზის დასკვნას (იხ. მე-8 პუნქტი) ფასების განსაზღვრის ნაწილში და გაიზიარა აუდიტორული დასკვნა, როდესაც ექსპერტიზის დასკვნაში დეტალურადაა მითითებული ის სტანდარტები და მეთოდოლოგია, რაზე დაყრდნობითაც მიიღო ფასები ექსპერტმა;
12.1.5. სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ საწარმოს შეჩერებული აქვს სამთო მოპოვებითი სამუშაოები 2012 წლიდან, შესაბამისად, მას უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მოსარჩელეს 3 წლის განმავლობაში უნდა წარედგინა სარჩელი სასამართლოში, შესაბამისად, სასამართლო ბუნდოვნად არიდებს თავს ხანდაზმულობის ვადის დასაბუთებას.
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
13.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
13.2. სასამართლომ დაასკვნა, რომ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები, ასევე აღნიშნა, რომ №004827716 ექსპერტიზის დასკვნის (იხ. ამ განჩინების მე-6 პუნქტი) შემდგენი ექსპერტის განმარტებით ირკვეოდა, რომ მოსარჩელის უძრავი ქონება და ნარგავები დაზიანებულია, თუმცა, დაზიანების გამომწვევი კონკრეტული მიზეზის დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან არ არსებობს სამთო სამუშაოების დაწყებამდე, მოსარჩელის კუთვნილი შენობების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, გარდა ამისა, 1978-2012 წლებში მოხდა ძლიერი მიწისძვრები და შესაძლოა სწორედ ამით იყო გამოწვეული დაზიანებები.
13.3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს დელიქტიდან. სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-4, 102.1-ე, 105-ე მუხლები მტკიცებულებათა შეფასებისას, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №004827716 დასკვნისა (იხ. მე-6 პუნქტი) და ექსპერტის განმარტების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის სახლის ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მისი შემდგომი ექსპლუატაცია შესაძლებელია, თუმცა, არადამაკმაყოფილებელია ძველი საცხოვრებელი სახლის, მარნის შენობისა და სათონის შენობის ტექნიკური მდგომარეობა, ასევე, დეფორმირებულია საქათმის შენობა, საცხოვრებელ სახლზე მიშენებული ნაწილისა და მეორე სართულზე ღია აივნის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, თუმცა, იმის დადგენა, რომ არსებული დაზიანებები უდავოდ გამოწვეულია მესაკუთრის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ქვეშ, მოპასუხის მიერ, მანგანუმის მოპოვების სამთო სამუშაოების მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული წარმოებით, შეუძლებელია. არსებული დაზიანებები შესაძლოა გამოწვეული იყოს, როგორც მიწისძვრების, ასევე - სამთო სამუშაოების დროს წარმოებული აფეთქების შედეგად.
13.4. სასამართლომ არასათანადო მტკიცებულებებად მიიჩნია სამთო-სამუშაოების წარმოების გეგმა-ნახაზები, მოწმის ჩვენებები და გამოკითხვის ოქმში ასახული ფაქტები, ასევე, 2014 წლის 16 ოქტომბრის წერილი (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი) .
14. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
14.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრებით მესაკუთრემ მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება 77 255.5 ლარის ფარგლებში მოითხოვა.
14.2. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად განმარტა, სსსკ-ის 105-ე მუხლი, სსსკ-ს 172-ე მუხლის მიხედვით, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად. სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები არ შეაფასა ყოველმხრივ, სრულად, სხვა მტკიცებულებებთან კავშირში, კერძოდ, მისი მოსაზრებით, 2016 წლის 16 ოქტომბრის წერილით დასტურდება, მოპასუხის აღიარება ზიანის მიყენების ფაქტთან დაკავშირებით.
14.3. კასატორის განმარტებით, სასამართლო დაეყრდნო ექსპერტიზის ორაზროვან დასკვნას და სრულად გააქარწყლა მოთხოვნა, აღნიშნული კი ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, რომელიც მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დასკვნის შეფასება გულისხმობს თავდაპირველად, ექსპერტიზის დასკვნის შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს. განსახილველ შემთხვევაში კი ექსპერტის პასუხი იყო ორაზროვანი, არ შეესაბამებოდა რეალურ მდგომარეობას, რომელიც ვერ გაერკვა საქმის მასალებში.
14.4. სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, არ არის შეფასებული ის გარემოება, რომ საწარმომ სამუშაოების დაწყების წინ არ შეამოწმა სახლის ტექნიკური მდგომარეობა, რაც მის მოვალეობაში შედიოდა.
14.5. სააპელაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ხოლო შემდეგ არა მხოლოდ სხვაგვარად აფასებს, არამედ სხვა ფაქტობრივ გარემოებებს ადგენს ისე, რომ სადავოდ არ ხდის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
15.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
16. მხარეთა შორის მიღწეული მორიგების დამტკიცების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის სასამართლო სხდომა გადაიდო 2018 წლის 29 ივნისისათვის მხარეთა შორის მორიგების მიღწევის მიზნით. 2018 წლის 29 ივნისის სასამართლო სხდომაზე მხარეებს მორიგებისთვის მიეცათ დამატებითი ვადა, 2018 წლის 27 ივლისამდე. 2018 წლის 27 ივლისის სხდომაზე მხარეებმა განაცხადეს, რომ მორიგების პირობები შეთანხმებულია, თუმცა, წერილობითი ფორმით აქტი სასამართლოში 2018 წლის 30 ივლისის იქნებოდა წარდგენილი. კომპანიის წარმომადგენელმა მორიგების პირობები საოქმოდ გააჟღერა, რასაც კასატორი დაეთანხმა. 2018 წლის 30 ივლისს მხარეებმა განცხადებით მომართეს საკასაციო სასამართლოს, მორიგების აქტის პროექტი წარმოადგინეს და მორიგების აქტის დამტკიცება მოითხოვეს.
18. 2018 წლის 30 ივლისს საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მორიგების აქტის პირობები და იმსჯელა მორიგების აქტის დამტკიცებაზე შემდეგი პირობებით:
შპს „ჯ-სა“ (ს/ნ: 2-, შემდეგში: კომპანია), წარმოდგენილი გ. ყ-ის (პ/ნ: 0-) მიერ და ზ. ს-ეს (პ/ნ: 5-) შორის შემდეგი პირობებით:
1. კომპანია გამოხატავს კეთილ ნებას და ზ. ს-ის, ასევე, მისი ოჯახის წევრების: მეუღლე - ი. ს-ე (პ/ნ 3-), შვილები - ა. ს-ე (პ/ნ 5-), ე. ს-ე (პ/ნ 5-), მ. ს-ე (პ/ნ 5-) კუთვნილი საცხოვრებელი სახლის, ასევე დამხმარე ნაგებობანის, ვენახის და მრავაწლიანი ნარგავების - (ს/კ 3-; ს/კ 3-) დაზიანების სრულად ასანაზღაურებლად/საკომპენსაციოდ ერთჯერადად გადაუხდის შეუმცირებელ 60 000 (სამოცი ათასი) ლარს;
2. წინამდებარე შეთანხმების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი კომპენსაციის გადახდა განხორციელდება წინამდებარე შეთანხმების უზენაესი სასამართლოს მიერ დამტკიცების თაობაზე კანონიერ ძალაში შესული განჩინების კომპანიისათვის ჩაბარების დღიდან 35 კალენდარული დღის განმავლობაში;
3. ზ. ს-ე აცხადებს და თავის ხელმოწერით ადასტურებს, რომ ამ შეთანხმებაში მითითებული ანაზღაურება/კომპენსაცია 60 000 (სამოცი ათასი) ლარის ოდენობით წარმოადგენს მისი და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის, ასევე დამხმარე ნაგებობანის, ვენახის და მრავაწლიანი ნარგავების (ს/კ 3-; ს/კ 3-) კომპანიის მხრიდან დაზიანებასთან დაკავშირებით განცდილი მატერიალური თუ მორალური ზიანის ერთადერთ, სრულ და ადეკვატურ ანაზღაურებას. ზ. ს-ე ასევე აცხადებს, რომ მისი ოჯახის წევრები სრულად არიან ინფორმირებული აღნიშნული შეთანხმების თაობაზე, იწონებენ, უერთდებიან მას და რაიმე სახის პრეტენზია ან განსხვავებული წარმოდგენა არ გააჩნიათ ამ შეთანხმებით დარეგულირებულ ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით;
4. ზ. ს-ე აცხადებს და ადასტურებს, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს არ გააჩნიათ და არც მომავალში განაცხადებენ რაიმე სახის მოთხოვნას ან პრეტენზიას კომპანიის, მისი ხელმძღვანელობის ან ცალკეული თანამშრომლების მიმართ, ამ შეთანხმებით დარეგულირებულ ზიანის ანაზღაურებასთან და დავის საგანთან დაკავშირებით;
5. შეთანხმების ყველა მხარე აცნობიერებს, რომ წინამდებარე შეთანხმება წარმოადგენს კონფიდენციალურ საბუთს და ყოველი ხელმომწერი ვალდებულია, არ გაახმაუროს და საიდუმლოდ შეინახოს ამ შეთანხმების პირობები 10 წლის განმავლობაში. მხარეები კისრულობენ პასუხისმგებლობას იმ ზარალისა თუ პრეტენზიის გამო, რომელიც შეიძლება დაუდგეთ ან წამოუყენონ ამ შეთანხმების პირობების გამიზნული თუ უნებლიე გამჟღავნების გამო;
6. წინამდებარე შეთახმება ხელმოწერილია თითოეული მხარის მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე. თითოეული ხელმომწერი აცნობიერებს ამ შეთანხმების შინაარსსა და შედეგებს და ადასტურებს, რომ ის თანახმაა, დაიცვას ამ შეთანხმების პირობები.
19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და უნდა მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. საქმის მორიგებით დამთავრების მიზნით, მოსამართლე უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით გამოაცხადოს შესვენება სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას და სხვა პირთა დასწრების გარეშე მოუსმინოს მხოლოდ მხარეებს ან მხოლოდ მათ წარმომადგენლებს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეების უფლება საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი.
20. მხარეებს განემარტათ, რომ სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
21. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
22. სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
23. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 83-ე, 272-ე, 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების შესახებ დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს მორიგების აქტი შპს „ჯ-სა“ (ს/ნ: 2-, შემდეგში: კომპანია), წარმოდგენილი გ. ყ-ის (პ/ნ: 0-) მიერ და ზ. ს-ეს (პ/ნ: 5-) შორის შემდეგი პირობებით:
1. კომპანია გამოხატავს კეთილ ნებას და ზ. ს-ის, ასევე, მისი ოჯახის წევრების: მეუღლე - ი. ს-ე (პ/ნ 3-), შვილები - ა. ს-ე (პ/ნ 5-), ე. ს-ე (პ/ნ 5-), მ. ს-ე (პ/ნ 5-) კუთვნილი საცხოვრებელი სახლის, ასევე დამხმარე ნაგებობანის, ვენახის და მრავაწლიანი ნარგავების - (ს/კ 3-; ს/კ 3-) დაზიანების სრულად ასანაზღაურებლად/საკომპენსაციოდ ერთჯერადად გადაუხდის შეუმცირებელ 60 000 (სამოცი ათასი) ლარს;
2. წინამდებარე შეთანხმების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი კომპენსაციის გადახდა განხორციელდება წინამდებარე შეთანხმების უზენაესი სასამართლოს მიერ დამტკიცების თაობაზე კანონიერ ძალაში შესული განჩინების კომპანიისათვის ჩაბარების დღიდან 35 კალენდარული დღის განმავლობაში;
3. ზ. ს-ე აცხადებს და თავის ხელმოწერით ადასტურებს, რომ ამ შეთანხმებაში მითითებული ანაზღაურება/კომპენსაცია 60 000 (სამოცი ათასი) ლარის ოდენობით წარმოადგენს მისი და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის, ასევე დამხმარე ნაგებობანის, ვენახის და მრავაწლიანი ნარგავების (ს/კ 3--; ს/კ 3-) კომპანიის მხრიდან დაზიანებასთან დაკავშირებით განცდილი მატერიალური თუ მორალური ზიანის ერთადერთ, სრულ და ადეკვატურ ანაზღაურებას. ზ. ს-ე ასევე აცხადებს, რომ მისი ოჯახის წევრები სრულად არიან ინფორმირებული აღნიშნული შეთანხმების თაობაზე, იწონებენ, უერთდებიან მას და რაიმე სახის პრეტენზია ან განსხვავებული წარმოდგენა არ გააჩნიათ ამ შეთანხმებით დარეგულირებულ ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით;
4. ზ. ს-ე აცხადებს და ადასტურებს, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს არ გააჩნიათ და არც მომავალში განაცხადებენ რაიმე სახის მოთხოვნას ან პრეტენზიას კომპანიის, მისი ხელმძღვანელობის ან ცალკეული თანამშრომლების მიმართ, ამ შეთანხმებით დარეგულირებულ ზიანის ანაზღაურებასთან და დავის საგანთან დაკავშირებით;
5. შეთანხმების ყველა მხარე აცნობიერებს, რომ წინამდებარე შეთანხმება წარმოადგენს კონფიდენციალურ საბუთს და ყოველი ხელმომწერი ვალდებულია, არ გაახმაუროს და საიდუმლოდ შეინახოს ამ შეთანხმების პირობები 10 წლის განმავლობაში. მხარეები კისრულობენ პასუხისმგებლობას იმ ზარალისა თუ პრეტენზიის გამო, რომელიც შეიძლება დაუდგეთ ან წამოუყენონ ამ შეთანხმების პირობების გამიზნული თუ უნებლიე გამჟღავნების გამო;
6. წინამდებარე შეთახმება ხელმოწერილია თითოეული მხარის მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე. თითოეული ხელმომწერი აცნობიერებს ამ შეთანხმების შინაარსსა და შედეგებს და ადასტურებს, რომ ის თანახმაა, დაიცვას ამ შეთანხმების პირობები;
7.შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება და გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების ყველა გადაწყვეტილება;
8.განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში დაუშვებელია სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით;
9. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე