Facebook Twitter

საქმე №ას-732-685-2017 15 სექტემბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სს „თ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ო-ი, ბ. კ-ე, გ. ჯ-ი, მ. გ-ე, ა. წ-ი, გ. ლ-ე, ზ. ც-ი, ლ. გ-ე, ა. ც-ი, ა. ხ-ი, ზ. მ-ე, გ. ხ-ე, მ. თ-ე, ო. ყ-ი, გ. ა-ი, დ. ჯ-ი, დ. შ-ი, თ. გ-ე (მოსარჩელე)

დაინტერესებული პირები: ზ. ა-ი, ა. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ო-ის, ბ. კ-ის, გ. ჯ-ის, მ. გ-ის, ა. წ-ის, გ. ლ-ის, ზ. ი-ის, ზ. ც-ის, ლ. გ-ის, ა. ც-ის, ა. ხ-ის, ზ. მ-ის, გ. ხ-ის, მ. თ-ის, ო. ყ-ის, გ. ა-ის, დ. ჯ-ის, დ. შ-ისა და თ. გ-ის სარჩელი სს „თ.“ მიმართ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, დაკავებულ თანამდებობაზე მოსარჩელეთა აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „თ.“.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 ნოემბრის განჩინებით სს „თ.“ საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის (5) შესაბამისად, როგორც დაუშვებელი, დატოვებულ იქნა განუხილველად.

4. აღნიშნულ საქმეზე სხვადასხვა დროს მოპასუხემ, ასევე, მესამე პირებმა მოითხოვეს კანონიერ ძალაში შესული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, თუმცა ეს მოთხოვნები სასამართლოს მხრიდან არ დაკმაყოფილდა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განჩინებით სს „თ.“ განცხადება ამავე სასამართლოს 2016 წლის 8 ივნისის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს „თ.“, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობა, კერძო საჩივრის დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სს „თ.“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო (კერძო) საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ განხორციელებულ იმ საპროცესო მოქმედებებზე, რომელთა კანონიერებაც სადავოდაა გამხდარი წინამდებარე საჩივრით, კერძოდ:

1.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 მარტის განჩინებით ზურაბ არსოშვილისა და ავთანდილ მეტივიშვილის განცხადება ამავე სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, განმცხადებელთა ძირითად არგუმენტს წარმოადგენდა ის, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის არამართლზომიერი ქმედება, კერძოდ, სს „თ.“ თანამშრომლები (განმცხადებლლები) დასაქმებულთა მიმართ ახორციელებდნენ იძულებას. განმცხადებლები მიიჩნევდნენ, რომ სასამართლოს ამ ფაქტის დადგენის მიზნით ისინი უნდა მიეწვია საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 422-ე მუხლის (2) „გ“ ქვეპუნქტი), სს „თ.“ სარჩელით მიმართა სასამართლოს განმცხადებლების მიმართ და მათი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

1.2.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ივნისის განჩინებით ა. მ-ისა და ზ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო საქალაქო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, შესაბამისად, კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის განჩინება.

1.2.3. საპელაციო პალატას განცხადებით მიმართა სს „თ.“ და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2016 წლის 8 ივნისის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება. განმცხადებლის მითითებით, განჩინების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე (1) მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რადგანაც იურიდიული პირი თავის უფლებებამოსილებებს ახორციელებს მისი მუშაკების მეშვეობით, შესაბამისად, როდესაც დგას საკითხი იურიდიულ პირზე კონკრეტული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, როდესაც საკითხი ეხება მუქარით, ზეწოლით, იძულებით, მოტყუებით გარიგების დადების საკითხს, დავის განმხილველმა ორგანომ იურიდიულად დასაბუთებული დასკვნის საფუძველზე უნდა დაადგინოს ხსენებული ქმედების განმახორციელებელი მუშაკები და ამ მუშაკთა მიერ განხორციელებული ქმედებების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი. სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლის თანახმად, პირი ვალდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურეობრივი) მოვალეობის შესრულებისას. აღნიშნული გარემოება მიუთითებს იმ უმნიშვნელოვანეს ფაქტზე, რომ სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებულია ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. განმცხადებლის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 8 ივნისს ისე განიხილა ზ. ა-ისა და ა. მ-ის კერძო საჩივარი ზეპირი მოსმენის გარეშე, რომ არც სს „თ.“ და არც საქმეში მონაწილე მხარეებს არ შეატყობინა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ, რითაც მოუსპო განმცხადებელს კერძო საჩივარზე შეპასუხების წარდგენის, საქმის მასალების გაცნობის უფლება ა.შ., რითაც უხეშად დაირღვა მისი კანონით გათვალისწინებული უფლებები.

1.3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ამავე სასამართლოს 2016 წლის 8 ივნისის განჩინება არ შეიძლება იყოს ბათილად ცნობის ობიექტი. ამ მხრივ პალატა ყურადღებას გაამახვილებს უმთავრესად იმ საკითხზე, რომ სააპელაციო პალატამ ხსენებული განჩინებით შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 მარტის განჩინების საფუძვლიანობა, ამ უკანასკნელი განჩინებით კი, ზ. ა-ისა და ა. მ-ის განცხადება ამავე სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მხრიდან არ მომხდარა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ცვლილება, ახალი უფლება-მოვალეობების დადგენა თუ მტკიცების საგანში შემავალი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული ფაქტების შეცვლა, შესაბამისად, სს „თ.“ არ წარმოშობია დამტებითი უფლება-მოვალეობები და მას, გარდა საჩივრის წარდგენის საპროცესო საშუალების არასწორად განკარგვისა, სხვა რაიმე იურიდიულად ღირებული ინტერესი ხსენებული განჩინებების მიმართ არ გააჩნია. საკასაციო სასამართლოს ეს დასკვნა სრულად გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე (1) მუხლის დისპოზიციდან, რომლის თანახმადაც, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სს „თ.“ მოქმედებები არ არის მიმართული სამოქლაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლებით სარგებლობისაკენ, რადგანაც საუძვლად არ ისახავს ლეგიტიმურ მიზანს _ უფლების დაცვას, შესაბამისად, პალატა თვლის, რომ ქვემდგომმა სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და უსაფუძლობისა და დაუსაბუთებლობის გამო მართებულად არ დააკმაყოფილა სს „თ.“ განცხადება.

1.4. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო უარყოფს კერძო საჩივარში გამოთქმულ პოზიციას ზ.ა-ისა და ა.მ-ის მიერ საქმის წარმოების განახლების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი განცხადების საფუძვლიანობის, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლის თაობაზე და განუმარტავს კერძო საჩივრის ავტორს, რომ იგი ზ.ა-ისა და ა.მ-ის არც კანონიერი და არც სახელშეკრულებო წარმომადგენელი არ არის, შესაბამისად, მას არ შეუძლია, სადავო გახადოს ამ პირთა მიმართ განხორციელებული სამართალწარმოების დასკვნები იმ პირობებში, როდესაც ეს დასკვნები არ შეეხება სს „თ.“. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ მისთვის უცხო არ არის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დებულება, ასევე, ევროსასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები სამართლიანი სასამართლოს უფლების ხელმისაწვდომობის თაობაზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს პირის მიერ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესახებ. მითითებული ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას და ამ მიზნით გაასაჩივროს სასამართლო გადაწყვეტილებები ზემდგომ ინსტანციაში. მხარის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბარწილად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ერთი მხარის მიერ უფლების გადამეტება (ბოროტად გამოყენება) პირდაპირ ხელყოფს მეორე მხარის უფლებებს თუნდაც დავის გაჭიანურების თვალსაზრისით. სასამართლო ვალდებულია, გონივრულ ვადაში გადაწყვიტოს დაწყებული დავა და დაუსვას მას საბოლოო წერტილი. მოცემულ შემთხვევაში კი, მხარის დაუსრულებელი განცხადებებით თუ საჩივრებით ამ შედეგის მიღწევა სცილდება სასამართლოს შესაძლებლობებს, შესაბამისად, ილახება მეორე მხარის ინტერესები. ზემოაღნიშნულის გამო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც კი (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე _ "იედემსკი და იედემსკა პოლონეთის წინააღმდეგ"), დასაშვებად მიიჩნევს, გარკვეულ შემთხვევაში პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. ევროსასამართლოს განმარტებით, დასაშვებია გამონაკლისი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის (იხ. სუსგ №ა-998-ა-7-2011, 19 მაისი, 2011 წელი).

1.5. საკასაციო პალატა ამ თვალსაზრისით უარყოფს სს „თ.“ მოსაზრებას დავის განმხილველი მოსამართლეების მხრიდან საქმის აცილების თაობაზე და მიიჩნევს, რომ, როგორც საქმეში არსებული განცხადებები და საჩივრები, ისე _ სასამართლოს მიკერძოების შესახებ სს „თ.“ უსაფუძვლო ეჭვი არ შეიძლება იქნას მიჩნეული მოსამართლის აცილებისა თუ თვითაცილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე-34-ე მუხლებით გათვალისწინებულ არც ერთ წინაპირობად. ეს საკითხი შეფასებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განჩინებითაც, რომლის დასაბუთებას იზიარებს საკასაციო პალატაც. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მხარის სუბიექტური ეჭვი არ დასტურდება საქმის მასალებით, ამასთანავე, დაუსაბუთებელი საჩივრებითა და განცხადებებით მხარე თავად არღვევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით უზრუნველყოფილი სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლებას, რის გამოც საკასაციო პალატა უარყოფს მის პოზიციებს.

1.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „თ.“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე