Facebook Twitter

ბს-101-64-კ-03 15 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელება.

აღწერილობითი ნაწილი:

21.07.2000წ. ა. ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ სახელმწიფო ქონების მართვის გორის სამმართველოს, მესამე პირების _ შპს “ხ-ის” დამფუძნებლების: პ. ფ-ის, ა. კ-ის, ი. გ-ის, ბ. ბ-ის, შ. ხ-ის, ს. ფ-ის, ლ. გ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სახელმწიფო ქონების მართვის გორის რაიონულ სამმართველოსა და მესამე პირებს შორის 24.05.2000წ. დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სქმ სამმართველოს მიერ 24.05.2000წ. შპს “ხ-ზე” გაცემული საკუთრების დამადასტურებელი ¹....... მოწმობის, 11.01.2000წ. ¹1 მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სქმ სამინისტროს გორის რაიონულ სამმართველოში 08.10.99წ. შეიტანა განცხადება ქ. გორში ხიდების სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს ბალანსზე რიცხული სახელმფწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზებაში მონაწილეობის მისაღებად. განცხადება შეტანილ იქნა ფიზიკური პირის _ ა. ა-ის სახელით, განცხადებასთან ერთად წარდგენილ იქნა ბეს და მისაგებელის გადახდის ქვითრები. მიუხედავად იმისა, რომ საკონკურსო კომისიის 12.10.99წ. სხდომაზე კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა მოსარჩელე, სქმ სამმართველომ არ დადო მასთან ხელშეკრულება. მიუხედავად ამისა მოსარჩელემ გადაწყვიტა თანხის გადახდა და დაქვეითებული მხედველობის გამო 6090ლ. გადასახდელად გადასცა ს. ფ-ეს, ხოლო 4300ლ. პ. ფ-ს. მიუხედავად იმისა, რომ თანხა მისი სახელით იქნა შეტანილი, ქვითრებზე მოსარჩელის გვარის წინ თვითნებურად იქნა მიწერილი შპს “ხ-ი”, რომელსაც მოსარჩელის მიერ პრივატიზებულ ქონებასთან კავშირი არ ჰქონია. მოპასუხემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, მოსარჩელის თანხმობის გარეშე, გასცა შპს “ხ-ზე” იმის გამო, რომ მინდობილობა მოსარჩელის სახელზე იყო გაცემული. მოსარჩელე თვლის, რომ მოპასუხემ სქმ მინისტრის 08.09.97წ. ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პროვატიზების შესახებ” დებულების მე-5 მუხლის დარღვევით ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დადო შპს “ხ-თან”, რომელსაც კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია. მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი კონკურსში წარმოადგენდა საკუთარ თავს და არა მესამე პირს, გაცემული მინდობილობის შესახებ მისთვის არ იყო ცნობილი, სქმ სამმართველოში მინდობილობა წარადგინა მესამე პირმა ა. კ-მა, მინდობილობა გაიცა აუქციონში და არა კონკურსში მონაწილეობისათვის.

მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მოპასუხემ დაურღვია მას კონსტიტუციით გათვალისწინებული საკუთრების შეძენის უფლება, ვინაიდან მოპასუხემ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით ჩამოართვა მას კონკურსის წესით შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება და მიანიჭა იგი ისეთ სუბიექტს, რომელსაც კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია.

დამატებითი სასარჩელო განცხადებით ა. ა-ემ მოითხოვა მოპასუხე სქმ სამმართველოსათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება. 31.01.01წ. განცხადებით ა. ა-ის წარომადგენელმა მიუღებელი შემოსავალის და გაწეული ხარჯების სახით დამატებით მოითხოვა მოპასუხისათვის 3700 აშშ დოლარის დაკისრება.

გორის რაიონული სასამართლოს 31.01.01წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შპს “ხ-ის” სახელზე სქმ სამმართველოს მიერ 24.05.2000წ. გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹...... , სქმ სამმართველოს დაევალა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა 12.10.99წ. ჩატარებული კომერციულ კონკურსში გამარჯცვებულ პირზე _ ა. ა-ეზე, მიყენებული ზარალის და გაწეული ხარჯების ანაზღაურების მიზნით სქმ სამმართველოს დაეკისრა ა. ა-ის სასარგებლოდ 3700 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება.

გორის რაიონული სასამართლოს 15.04.01წ. განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა ა. ა-ის 03.04.01წ. გარდაცვალების გამო. 21.01.01წ. განჩინებით სასკ-ს მე-16 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად იქნა ჩაბმული შპს “ხ-ი”. 26.10.01წ. განჩინებით გაუქმდა 31.01.01წ. გორის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.

21.11.01წ. საქმეში მესამე პირებად ჩართულები, შპს “ხ-ის” დამფუძნებლებმა დამოუკიდებელი სარჩელით მიმართეს გორის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვეს ა. ა-ის უფლაბამონაცვლის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ქ. გორის ხიდების სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს ქონების პრივატიზაციის კანონიერად ცნობა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე სქმ სამმართველოს მიერ ა. ა-ის სახელზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა, შპს “ხ-ის” სახელზე სქმ სამმართველოს მიერ 24.05.2000წ. გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის კანონიერად ცნობა, შეტანილი საპრივატიზებო თანხების შესაბამისად პრივატიზებული ქონების წილობრივი განაწილება _ ა. ა-ეზე 12%-ის ოდენობით, ხოლო მესამე პირებსა და შპს “ხ-ის” დანარჩენ დამფუძნებლებზე 52% ოდენობით. 20.11.01წ. საოქმო განჩინებით სასამართლომ უარი თქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. მოსარჩელის უფლებამონაცვლემ უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილზე, რომელიც ეხებოდა სქმ სამმართველოს მიერ ზიანის ანაზღაურებას. გორის რაიონული სასამართლოს 22.11.01წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე _ ა. ა-ის უფლებამონაცვლის მ. ც-ას სასარჩელო მოთხოვნა, ბათილად იქნა ცნობილი 14.05.2000წ. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დადებული შპს “ხ-ის” დამფუძნებლებსა და სქმ სამმართველოს შორის; ბათილად იქნა ცნობილი 11.01.2000წ. მიღება-ჩაბარების აქტი და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹...... , გაცემული 24.05.2000წ. შპს “ხ-ის” ამხანაგობაზე; სქმ სამმართველოს დაეველა პრივატიზებული ქონების ჩაბარება 12.10.99წ. კომერციულ კონკურსში გამარჯვებულ ა. ა-ის უფლებამონაცვლის მ. ც-ას, მასთან ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადება და მ. ც-ას სახელზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა.

გორის რაიონული სასამართლოს 22.11.01წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მესამე პირების _ პ. ფ-ის, ა. კ-ის, ი. გ-ის, ბ. ბ-ის, შ. ხ-ის მიერ. აპელანტები მოითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილების მიღებით ხიდების სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს ქონების პრივატიზაციის კანონიერად ცნობას, პრივატიზებული ქონების წილობრივი პროცენტულ განაწილებას ერთის მხრივ აპელენტებსა და შპს “ხ-ის” დანარჩენ დამფუძნებლებს (მოსარჩელის გარდა) შორის და მეორეს მხრივ _ ა. ა-ის მხარეს შორის, პრივატიზებული ქონების გამოსასყიდად მათ მიერ შეტანილი თანხების შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლოს 21.03.03წ. განჩინებით პ. ფ-ის, ა. კ-ის, ი. გ-ის, ბ. ბ-ის, გ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 22.11.01წ. გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტები საქმეში მონაწილეობენ მესამე პირების და არა მოპასუხეების სახით, მათ მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ იქნა დამოუკიდებელი სარჩელი სსკ-ს 88-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მესამე პირის სარჩელის მიღებასა და განხილვას საერთო წესების დაცვით. რაიონულმა სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ს 188-ე, 189-ე მუხლები და მესამე პირებს 20.11.01წ. საოქმო განჩინებით უარი უთხრა შეგებებული სარჩელის მიღებაზე იმ მოტივით, რომ შეგებებული სარჩელი წარდგენილ იქნა ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრების შემდეგ. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მესამე პირების მიერ წარდგენილი იქნა სარჩელი დამოუკიდებელი მოთხოვნით და არა შეგებებული სარჩელი, რომლის აღძვრა საქმის წინასწარი მომზადების სტადიის გაშვების შემდეგაც არის დასაშვები, სასამართლო პაექრობის დამთავრებამდე, თუკი სასამართლო საპატიოდ მიიჩნევს ვადის გაშვებას, რაზედაც რაიონულ სასამართლოს არ უმსჯელია, რაიონულმა სასამართლომ არ განუმარტა მხარეს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის გასაჩივრების უფლებამოსილება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმის ხელახალი განხილვისას რაიონულმა სასამართლომ უნდა იქონიოს მსჯელობა მესამე პირების დამოუკიდებელ სარჩელზე, სათანადო მხარის (შპს “ხ-ის” დანარჩენი დამფუძნებლების) პროცესში ჩაბმაზე, სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება. სსკ-ს 385.2 მუხლის საფუძველზე ამ ხარვეზის გამოსწორების და დავის არსებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, სააპელაციო პალატის აზრით, შეილახება პოტენციური მხარის (შპს “ხ-ის” დანარჩენი დამფუძნებლების) ინტერესები, სააპელაციო ინსტანციის სტადიაზე მხარის ჩაბმის შემთხვევაში იგი დანარჩენ მხარესთან შედარებით არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვინაიდან სხვა მხარეებისაგან განსხვავებით იგი მოკლებული იქნება შესაძლებლობას სამ სასამართლო ინსტანციაში გამოიყენოს პრიცესუალური კანონმდებლობით საკუთარი ინტერესის დასაცავად მინიჭებული შესაძლებლობები.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 21.03.03წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. ც-ას მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 31.01.01წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხემ უარი თქვა საჩივარზე და ნაწილობრივ სცნო სასარჩელო მოთხოვნები, რის საფუძველზეც გაიცა საკუთრების მოწმობა ა. ა-ის სახელზე. რაიონულმა სასამართლომ 22.10.01წ. განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩააბა საჩივრის ავტორები, ხოლო 26.10.01წ. განჩინებით მათი საჩივრის საფუძველზე უკანონოდ გააუქმა დაუსწრებელ გადაწყვეტილება, რის თაობაზეც არ უმსჯელია სააპელაციო სასამართლოს. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ უთითებს კონკრეტულად სსკ-ს 385-ე მუხლის რომელი ქვეპუნქტის საფუძველზე იქნა საქმე დაბრუნებული ხელახალი განხილვისათვის. სააპელაციო საჩივარი არ შეეხებოდა მხოლოდ სარჩელის დასაშვებობას, ამასანავე სარჩელი არ შეტანილა სათანადო წესების დაცვით, იგი არ გატარებულა სარეგისტრაციო ჟურნალში, მას არა აქვს სარეგისტრაციო ნომერი, სარჩელის დასაშვებობის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს 385.2 მუხლის საფუძველზე თავად უნდა ემსჯელა სარჩელზე და გამოეტანა გადაწყვეტილება. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სსკ-ს 88-ე, 385-ე მუხლები, მესამე პირების დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მიუღებლობა არ წარმოადგენდა რაიონულ სასამართლოში საქმის დაბრუნების საფუძველს. კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას.

საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოდგენილ იქნა მესამე პირების _ ი. გ-ის, ჯ. ფ-ის, ა. კ-ის, ბ. ბ-ის, შ. ხ-ის მიერ, რომლებიც არ ეთანხმებიან კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მათ მიერ სარჩელის წარდგენა მოხდა კანონით დადგენილი წესის დარღვევით. სარჩელი არ გატარებულა სარეგისტრაციო ჟურნალში, მას არ დაესვა სარეგისტრაციო ნომერი იმის გამო, რომ დამოუკიდებელი სარჩელის წარდგენა მოხდა სასამართლო პროცესზე, რის თაობაზე მოსამართლემ სსკ-ს 88-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, ადგილზე თათბირის შედეგად მიღებული საოქმო განჩინებით უარი განაცხადა შეგებებული სარჩელის წარდგენაზე, მაშინ როდესაც წარდგენილი იყო არა შეგებებული არამედ დამოუკიდებელი სარჩელი, ვინაიდან სარჩელი წარდგენილ იქნა უარა მოპასუხის, არამედ მესამე პირების მიერ. შეგებებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმით ფაქტიურად წარმოებაში იქნა მიღებული მესამე პირების დამოუკიდებელი სარჩელი, ვინაიდან სასამართლოს არ გამოუტანია სსკ-ს 186-ე, 187-ე მუხლების საფუძველზე განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, შესაგებლის ავტორები თვლიან, რომ სასამართლოს უნდა განეხილა და მიეღო გადაწყვეტილება დამოუკიდებელი სარჩელის ირგვლივ, რის გამო სააპელაციო სასამართლომ მართებულად გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და დააბრუნა საქმე ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაგაბლის ავტორები ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცლველად დატოვებას, მ. ც-ას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, საქმე მხარეთა დასწრების გარეშე განხილულ იქნა სასკ 261 მუხლის საფუძველზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და სააპელაციო პალატის განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების, საქმეში მესამე პირად ჩაბმის მართლზომიერების თაობაზე, ვინაიდან სსკ-ს 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია იქონიოს მსჯელობა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს, აგრეთვე საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილებების კანონიერებაზე.

სააპელაციო პალატის განჩინებით, საპროცესო ნორმების დარღვევათა გამო, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხალახალი არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდა რაიონულ სასამართლოს. ამდენად, საკასაციო წესით გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატას საქმეზე არსებითი გადაწყვეტილება არ მიუღია, საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ დაუდგენია, არ უმსჯელია საქმის სამართლებრივ ასპექტებზე. სსკ-ს 385-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლაბამოსილია გააუქმოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს პირველი ინსტანციის სასამართლოს. ამასთანავე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო პალატას შეუძლია არ გადაუგზავნოს საქმე რაიონულ სასამართლოს და თავად გადაწყვიტოს იგი. ამრიგად, რაიონულ სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის საქმის უკან დაბრუნება, ისევე როგორც საქმის დაუბრუნებლად დავის არსებითად გადაწყვეტა, სააპელაციო სასამართლოს უფლებაა და არა ვალდებულება. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მართლმსაჯულების დროულად განხორციელების, სასამართლო დავების ოპერატიულად გადაწყვეტისა და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, სააპელაციო პალატამ შეძლებისდაგვარად თავი უნდა შეიკავოს ხელახლა განსახილველად საქმის რაიონულ სასამართლოში დაბრუნებისაგან და თავად უნდა განიხილოს არსებითად დავა, რადგან მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით სააპელაციო სასამართლო, რაიონული სასამართლოს მსგავსად, უფლებამოსილია გამოიკვლიოს და დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, საკასაციო პალატისაგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერებას ამოწმებს, სააპელაციო პალატა უფლებამოსილია გამოიკვლიოს ახალი მტკიცებულებები, დაკითხოს მოწმეები, შეისწავლოს საქმის გარემოებები. სსკ-ს 381-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში დასაშვებია აგრეთვე დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის აღძვრა. ვინაიდან საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის საქმის განხილვისას დადგენილი წესების დაცვით, სსკ-ს 372-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო პალატა უფლაბამოსილია არსებითად განიხილოს დავა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ პროცესუალური ეკონომიის მოსაზრებით, სსკ-ს 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფლებამოსილია საქმის რაიონულ სასამართლოში დაბრუნების გარეშე გადაწყვიტოს დავა. სააპელაციო პალატა უფლებამოსილია აგრეთვე იმსჯელოს მესამე პირების დამოუკიდებელ სარჩელზე, საჭიროების შემთხვევაში შპს “ხ-ის” დანარჩენი დამფუძნებლების პროცესში ჩაბმაზე, რომელთა ინტერესების დაცვა პროცესის სხვა მონაწილეთა თანაბრად, შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი ასპექტების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად. სსკ-ს 88-ე მუხლის თანახმად “ყოველ დაინტერესებულ პირს, რომელიც აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია აღძრას სარჩელი ორივე ან ერთ-ერთი მხარის მიმართ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. მესამე პირის სარჩელის მიღება და განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით. მესამე პირის და თავდაპირველი მოსარჩელის სარჩელის გადაწყვეტა ხდება ერთდროულად”. აღნიშნულ მუხლში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, საქმეში შეიძლება ჩაებას მხოლოდ რაიონულ სასამართლოში და მას ასეთი უფლება არა აქვს სააპელაციო სასამართლოში. უკეთუ სააპელაციო სასამართლოში დასაშვებია მოპასუხის შეგებებული სარჩელი (სსკ-ს 381-ე მუხ.), საკასაციო პალატა პროცესუალური ანალოგიის გამოყენებით, დასაშვებად თვლის, აგრეთვე სააპელაციო ინსტანციაში მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის წარდგენას. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ისიც, რომ დაინტერესებულ პირს არ ერთმევა უფლება ცალკე შეიტანოს სარჩელი სასამართლოში თუმდაც მას შემდეგ, რაც წინა სასამართლოს პროცესი დამთავრდება. დავის საგანზე გადაწყვეტილების გამოტანა არ ართმევს დაინტერესებულ პირს უფლებას სარჩელით მიმართოს სასამართლოს, სსკ-ს 106-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის დებულება არ უკრძალავს დაინტერესებულ პირს მიმართოს სასამართლოს სარჩელით იმ საგანზე, რომლის შესახებაც დავა სხვა პირებს შორის უკვე გადაწყვეტილია, რადგან ამ გადაწყვეტილების პრეიუდიციული ძალა მოქმედებს მხოლოდ იგივე მხარეებზე. სსკ-ს 266-ე მუხლის დებულება იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შედეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი, არ ეხება მესამე პირებს. ამდენად, სარჩელის განუხილველობა არ ართმევს მესამე პირს უფლებას დამოუკიდებელი სარჩელით მიმართოს სასამართლოს იმ საგანზე, რომლის შესახებ დავა უკვე გადაწყვეტილია სხვა მხარეებს შორის. აღნიშნლიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო თავად შეევსო პირველი ინსტანციის სასამრთლოში საქმის განხილვისას დაშვებული ხარვეზები და არსებითად განეხილა საქმე. ამდენად, საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს საკასაციო საჩივარს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმების ნაწილში და თვლის, რომ დავის დროულად განხილვის მიზნით, სსკ-ს 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმე არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო პალატას.

ვინაიდან სააპელაციო პალატას საქმე არსებითად არ განუხილავს, პალატას არ დაუდგენია საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები, საასაციო პალატა სსკ-ს 411-ე მუხლის შესაბამისად, არ არის უფლებამოსილი საქმეზე გამოიტანოს არსებითი გადაწყვეტილება. ამდენად, საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინება და სსკ-ს 385-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმე არსებითად ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 385-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 412-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ც-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 21.03.03წ. განჩინება. საქმე არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს

საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.