№ას-1319-1257-2014 21 სექტემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ სს „ა. დ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო (მოსარჩელე)
განმცხადებლის მოთხოვნა _ სააღსრულებო ფურცლის გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ს. კ. ა. ჯ.“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოწინააღმდეგე მხარე სასჯელაღსრულების დეპარტამენტს შპს „ს. კ. ა. ჯ.“ სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1097.30 (ათას ოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა.
2018 წლის 8 თებერვალს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა სს „ა. დ.“ წარმომადგენელმა და მოითხოვა ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ხოლო - შპს „ს. კ. ა. ჯ.“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „ა. დ.“ და ამ უკანასკნელის სასარგებლოდ 2018 წლის 23 თებერვალს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი.
2018 წლის 24 მაისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა სს „ა. დ.“ წარმომადგენელმა, რომელმაც წარმოადგინა საკასაციო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის დედანი და მოითხოვა მასში უსწორობის გასწორება, კერძოდ მოვალის რეკვიზიტებში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საიდენტიფიკაციო ნომრის მითითება და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ განიხილა სს „ა. დ.“ წარმომადგენლის განცხადება, საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 თებერვალს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში გასწორდეს უსწორობა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უსწორობის გასწორების საკითხის სასამართლო სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
ამასთანავე, რადგან საპროცესო კანონმდებლობა სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორების შესაძლებლობას პირდაპირ არ ითვალისწინებს, საკასაციო პალატა თვლის, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ანალოგიის წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლზე დაყრდნობით, რადგანაც, ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).
საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლს, რომელიც აწესრიგებს უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ სააღსრულებო ფურცლის გაცემის საკითხს. მითითებული ნორმის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. ამდენად, აღნიშნული ნორმა უფლებამონაცვლის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ სააღსრულებო ფურცლის გაცემას უკავშირებს უფლებამონაცვლეობის ფაქტის დადგენას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
ზემოხსენებული ნორმა ადგენს საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლებს. ერთ-ერთ ასეთ საფუძველს წარმოადგენს სახელმწიფო დაწესებულების ლიკვიდაცია.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა ამ სამინისტროს სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურების, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებებისა) გადაეცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში ჩაითვალა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (ამ სამინისტროს სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურების, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ნაწილში) გადაეცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში ჩაითვალა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს იუტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ 2018 წლის 17 სექტემბერს წარმოდგენილი წერილით ირკვევა, რომ ეს უკანასკნელი წარმოადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა საპროცესო უფლებამონაცვლეობის ისეთი საფუძველი, როგორიცაა სახელმწიფო დაწესებულების ლიკვიდაცია, ამასთან, უფლებამონაცვლეობის ფაქტი დადგენილია საქართველოს კანონით. შესაბამისად აღნიშნულით დასტურდება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური წარმოადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამართალმემკვიდრეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გასწორდეს ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2018 წლის 23 თებერვალს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მოვალის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფლებამონაცვლე) რეკვიზიტები, მიეთითოს მისი უფლებამონაცვლის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის რეკვიზიტები, გაიცეს ახალი სააღსრულებო ფურცელი და მასში მოვალის რეკვიზიტები ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „მოვალე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფლებამონაცვლე); რეკვიზიტი - ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქ. #3, საიდენტიფიკაციო ნომერი 205 360 223“.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 2671 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური;
2. სს „ა. დ.“ განცხადება დაკმაყოფილდეს;
3. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 თებერვალს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (საქმე №ას-1319-1257-2014) დაშვებული უსწორობა, გაცემულ იქნას ახალი სააღსრულებო ფურცელი და მასში მოვალის რეკვიზიტები ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „მოვალე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფლებამონაცვლე); რეკვიზიტი - ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქ. #3, საიდენტიფიკაციო ნომერი 205 360 223“.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე