Facebook Twitter

საქმე №ა-3845-ა-11-2018 20 სექტემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – ც. ქ-ს უფლებამონაცვლე მ. ქ. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ს-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – სარჩელის გამოხმობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ც. ქ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ს-ის მიმართ ქმედების დავალდებულების თაობაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 ნოემბრის განჩინებით ც. ქ-ს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივლისის განჩინებით ც. ქ-ს უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა მ. ქ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ც. ქ-ს უფლებამონაცვლის მ. ქ-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 ნოემბრის განჩინება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ და სარჩელის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე კოლეგიას.

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით ც. ქ-ს უფლებამონაცვლის მ. ქ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. ქ-მ.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის საოქმო განჩინებით მ. ქ-ს შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება და ც. ქ-ს უფლებამონაცვლის მ. ქ-ს სარჩელი დარჩა განუხილველად.

9. სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებაზე მ. ქ-მ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმება.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინებით ც. ქ-ს უფლებამონაცვლის მ. ქ-ს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის საოქმო განჩინებაზე დარჩა განუხილველად კერძო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.

11. 2018 წლის 8 აგვისტოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ც. ქ-ს უფლებამონაცვლე მ. ქ-მ და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

11.1. განმცხადებელს საქმეში წარდგენილი აქვს პირველი ჯგუფის ინვალიდობის დამადასტურებელი ცნობა, ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №100), რომლებითაც დასტურდება, რომ განმცხადებელი ცხოვრობს მარტო, არის ავადმყოფობის დროს ქმედუუნარო და არ ჰყავს დანიშნული კანონიერი წარმომადგენელი - მზრუნველი;

11.2. სამოქალაქო კოდექსის 134-ე მუხლის თანახმად, თუ მოთხოვნა მომდინარეობს შეზღუდულქმედუნარიანისაგან, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი არ ჰყავს, ან მხარდაჭერის მიმღებისაგან, რომელსაც მხარდაჭერა სათანადო წესით არ გაეწია, ანდა მოთხოვნა მიმართულია აღნიშნული პირისადმი, ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულად ითვლება, სანამ ეს პირი სრული ქმედუნარიანი არ გახდება ან მას კანონიერი წარმომადგენელი ან მხარდამჭერი არ დაენიშნება. ასევე, ამავე კოდექსის 132-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერდება, თუ სარჩელის წარდგენას აბრკოლებს განსაკუთრებული და მოცემულ პირობებში აუცდენელი დაუძლეველი ძალა;

11.3. ვინაიდან განმცხადებელი არის ქმედუუნარო ავადმყოფობის პირობებში, ხანდაზმულობის ვადა ჩერდება. შესაბამისად, მას არ დაურღვევია კერძო საჩივრის წარადგენის კანონით დადგენილი ვადა.

12. განმცხადებელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის რაიონული განყოფილების უფროსის 2014 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც იგი ადასტურებს, რომ დედამისს (რომელსაც აწუხებდა იგივე დაავადება, რაც - განმცხადებელს) დაუდგინდა მზრუნველობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საკასაციო სასამართლო მოცემული განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

15. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას, თუმცა, განცხადებაში მოყვანილი გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების 11.1.-11.3 ქვეპუნქტები) არ მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებით გათვალისწინებულ, საქმის წარმოების განახლების რომელიმე საფუძველზე.

16. განმცხადებლის მიერ მითითებული მტკიცებულებები - პირველი ჯგუფის ინვალიდობის დამადასტურებელი ცნობა, ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №100) საკასაციო სასამართლომ უკვე შეაფასა კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე. გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლომ ასევე იმსჯელა განმცხადებლის შუამდგომლობაზე საოქმო განჩინების გასაჩივრებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ (იხ. ტ. 2 ს.ფ. 108), რომელშიც იგი უთითებდა საპროცესო ვადის აღდგენის იმავე საფუძვლებზე, რასაც უთითებს საქმის წარმოების განახლების განცხადებაში.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს; თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება.

18. აღნიშნული ნორმა ამომწურავად ადგენს, თუ რომელი გარემოება მიიჩნევა ახლად აღმოჩენილად და შესაძლებელია, რომ საქმის წარმოების განახლებას დაედოს საფუძვლად. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი განცხადება ამგვარ საფუძვლებს არ ემყარება. განმცხადებელი ვერ უთითებს ისეთ ახალ გარემოებაზე ან მტკიცებულებაზე, რომლის შეფასების შესაძლებლობაც საკასაციო სასამართლოს არ ჰქონდა გასაჩივრებული განჩინების მიღებამდე.

19. საკასაციო სასამართლო განმეორებით განუმარტავს განმცხადებელს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 66-ე მუხლის თანახმად, სასამართლო საპროცესო ვადას აღადგენს, თუ ცნობს, რომ საპროცესო ვადის გაშვება საპატიო მიზეზით მოხდა. თუმცა, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. ამასთან, განმცხადებლის მიერ მითითებული სამოქალაქო კოდექსის 132-ე (ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება) და 134-ე მუხლები (ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება შეზღუდულქმედუნარიანის და მხარდაჭერის მიმღების მონაწილეობისას) ითვალისწინებენ მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადის და არა - სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადის შეჩერების საფუძვლებს, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, დაუშვებელია. შესაბამისად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის რაიონული განყოფილების უფროსის 2014 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც განმცხადებლის დედას - ც. ქ-ს დაუდგინდა მზრუნველობა და, რომლის საფუძველზეც განმცხადებელი მიიჩნევს, რომ არის ქმედუუნარო და, დედამისის მსგავსად, ესაჭიროება მზუნველის დანიშვნა, მოცემულ დავასთან მიმართებით არარელევანტურია და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად ვერ განიხილება.

20. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული განცხადება არ შეიცავს საქმის წარმოების განახლებისათვის აუცილებელ წინაპირობებზე მითითებას, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ც. ქ-ს უფლებამონაცვლე მ. ქ-ს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნ. ბაქაქური