Facebook Twitter

საქმე №ა-2579-შ-71-2018 1 ოქტომბერი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ა. გ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. პ. ძე კ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ორეხოვო-ზუევოს საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის №2-2861/16 გადაწყვეტილება

დავის საგანი – მშობლის უფლების ჩამორთმევა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ორეხოვო-ზუევოს საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის №2-2861/16 გადაწყვეტილებით ვ. პ. ძე კ-ვს ჩამოერთვა მშობლის უფლებები 2013 წლის 30 იანვარს დაბადებული მისი არასრულწლოვანი შვილის - ს. ვ. ასულ კ-ვას მიმართ. შვილის აღზრდის უფლება გადაეცა დედას - ა. გ-ძეს.

2. ანა გოგოლაძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ორეხოვო-ზუევოს საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის №2-2861/16 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა. შუამდგომლობის ავტორმა აღნიშნული გადაწყვეტილების ცნობის იურიდიულ ინტერესად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სურს ბავშვისთვის პასპორტის აღება.

3. რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ორეხოვო-ზუევოს საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის №2-2861/16 გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მოწინააღმდეგე მხარე სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე სათანადო წესით იყო ინფორმირებული, სასამართლო განხილვაში მონაწილეობდა წარმომადგენლის მეშვეობით, რომელმაც სრულად დაუჭირა მხარი სასარჩელო მოთხოვნას.

4. რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ორეხოვო-ზუევოს საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის №2-2861/16 გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 2 აგვისტოს.

5. შუამდგომლობაზე თანდართული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განჩინებით ა. გ-ძის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ორეხოვო-ზუევოს საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის №2-2861/16 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად. შუამდგომლობა და თანდართული მასალები ვიქტორ პავლეს ძე კომაროვს გაეგზავნა 2018 წლის 22 ივნისს და ჩაბარდა 2018 წლის 3 ივლისს. მასვე განემარტა, რომ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა. თუმცა, მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა. გ-ძის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ორეხოვო-ზუევოს საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის №2-2861/16 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრულია საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენცია მშობლებსა და შვილებს შორის პირადი ურთიერთობების, შვილების წარმოშობის, მამობის დადგენის და მათთან დაკავშირებული დავების საქმეებზე, თუ პროცესის ერთ-ერთი მხარე საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.

9. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.

10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ორეხოვო-ზუევოს საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის №2-2861/16 გადაწყვეტილებით ვ. პ. ძე კ-ვს ჩამოერთვა მშობლის უფლებები 2013 წლის 30 იანვარს დაბადებული მისი არასრულწლოვანი შვილის - ს. ვ. ასულ კ-ვას მიმართ და შვილის აღზრდის უფლება გადაეცა დედას - ა. გ-ძეს; გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 2 აგვისტოს; მოწინააღმდეგე მხარე სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე სათანადო წესით იყო ინფორმირებული, სასამართლო განხილვაში მონაწილეობდა წარმომადგენლის მეშვეობით, რომელმაც სრულად დაუჭირა მხარი სასარჩელო მოთხოვნას; შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მოცემულ შუამდგომლობაზე არ წარმოუდგენია საკუთარი მოსაზრება.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს რა კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის შესახებ.

15. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ორეხოვო-ზუევოს საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის №2-2861/16 გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. გ-ძის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ორეხოვო-ზუევოს საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის №2-2861/16 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ორეხოვო-ზუევოს საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის №2-2861/16 გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. პ. ძე კ-ვს ჩამოერთვა მშობლის უფლებები 2013 წლის 30 იანვარს დაბადებული მისი არასრულწლოვანი შვილის - ს. ვ. ასულ კ-ვას მიმართ და შვილის აღზრდის უფლება გადაეცა დედას - ა. გ-ძეს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე