საქმე #ას-1363-2018 5 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ. ქ–ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე – მ. ქ-ის სარჩელის გამო, გ. ქ–ი მიმართ ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ქ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივნისის დასაბუთებული განჩინება გ. ქ–მა ჩაიბარა 2018 წლის 19 ივლისს (ტ.III, ს.ფ. 311).
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 20 ივლისს – დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან მეორე დღეს და დასრულდა 2018 წლის 9 აგვისტოს. საქმეში წარმოდგენილი, საკასაციო საჩივრით კი დგინდება, რომ ის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიაში 2018 წლის 15 აგვისტოსაა შეტანილი - საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების აბსოლუტური საფუძველია.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი განცხადებით, გ. ქ–ი შუამდგომლობს გაშვებული საპროცესო ვადის საპატიოდ მიჩნევის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ იყო ავად, ამასთან ვერ მოძებნა ადვოკატი რადგან ყველა გასული იყო ქალაქიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. ამდენად, გ. ქ–ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივრის შტანის ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ქ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. გ. ქ–ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე