Facebook Twitter

საქმე №ას-237-237-2018 4 მაისი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ო. ბ-ი (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. მ-ი (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება (თავდაპირველ სარჩელში), თანხის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის/შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა:

1.1. ო. ბ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. მ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ნოვთის _ ავტომობილის გამოთხოვისა და მატერიალური ზიანის _ 10 389 ლარის დაკისრების მოთხოვნით;

1.2. მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ სადავო უძრავი ქონების შესაძენად გადახდილი თანხის _ 6 800 აშშ დოლარის დაბრუნების მოთხოვნით.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. მოპასუხემ თავდაპირველი სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლით განმარტა, რომ თანახმაა, დააბრუნოს სადავო მოძრავი ნივთი, თუკი მოსარჩელე აუნაზღაურებს ამ ნივთის შესაძენად მის მიერ გადახდილ თანხას;

2.2. თავდაპირველმა მოსარჩელემ უარყო შეგებებულ სარჩელში მითითებული ფაქტები და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო მოძრავი ნივთი, ხოლო, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი და მოპასუხეს (შეგებებულ სარჩელზე), შეგებებული მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 6 800 აშშ დოლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თავდაპირველმა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (იხ. დაზუსტებული სააპელაციო მოთხოვნა, ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.09.2017წ. განჩინება, სააპელაციო საჩივარზე ნაწილობრივ უარის თქმის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე).

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 იანვრის განჩინებით, სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლომ სხდომის თაობაზე აპელანტს ფოსტით გაუგზავნა უწყება, რომელიც ადრესატს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა, თუმცა, როგორც ჩანს, უწყება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაუცველად იყო შედგენილი, კერძოდ, მასში მითითებულია, რომ სასამართლომ მხარე პროცესში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია 2018 წლის 17 იანვარს, 18:01 საათზე. დანიშნულ დროს აპელანტის წარმომადგენელი გამოცხადდა სასამართლოში, რის თაობაზეც აცნობა მოსამართლის თანაშემწეს და გაარკვია, რომ სხდომა დანიშნული ყოფილა 12:00 საათზე და მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, რაც გასაჩვრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. ბ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.

1.3. საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ნოემბრის განჩინებით ო.ბ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2018 წლის 17 იანვარს, 12:00 საათზე;

1.3.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით მხარეებს გაეგზავნათ და ჩაბარდათ სასამართლო უწყება;

1.3.3. სასამართლო უწყების თანახმად, სააპელაციო საჩივრის განხილვის დროდ მითითებულია 2018 წლის 17 იანვარი, 18:01 საათი;

1.3.4. სასამართლო სხდომის ოქმის თანახმად, სხდომა გაიხსნა 12:17:11 საათზე, სადაც არ გამოცხადდნენ მხარეები, რაც საფუძვლად დაედო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას.

1.4. კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმებამდე პალატა ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე სამართლებრივ საკითხზე:

1.4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა, თუ ამას გამოცხადებული მხარე მოითხოვს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი დადგენილია, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 231-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არცერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70–78-ეე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე და 278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ანალოგიური შინაარსისაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განუხილველად დატოვოს სარჩელი/სააპელაციო საჩივარი, ნორმის ფორმალური წინაპირობების გარდა უნდა შემოწმდეს ასევე სახეზე ხომ არ იკვეთება ზემოხსენებული საპროცესო ინსტიტუტების გამომრიცხველი წინაპირობები (სსსკ-ის 233.1 მუხლი). გარდა ამისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან ,თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

1.4.2. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას მხარე იმ საფუძვლით ედავება, რომ სხდომაზე არ იყო მიწვეული კანონით დადგენილი წესით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს იმ სავალდებულო წინაპირობებს, რასაც უწყება უნდა შეიცავდეს, მათ შორის არის „ბ“ ქვეპუნქტით იმპერატიულად განსაზღვრული მასში მითითება გამოცხადების დროისა და ადგილის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ითქვა, სასამართლომ სხდომა დანიშნა 12:00 საათზე, ხოლო მხარეებს აცნობა, რომ იგი განიხილებოდა 18:01 საათზე, ამდენად, პალატა ასკვნის, რომ იკვეთება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების გამომრიცხველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა (მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით), შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა საფუძვლიანია და ამავე კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.

2. პროცესის ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო. ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი