Facebook Twitter

საქმე №ას-736-736-2018 30 ივლისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – დ. ხ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ-ი“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები – შპს „N--“, ნ. ე-ე, ზ. ხ-ე, მ. ხ.

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „ლ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „N--“-ის, ნ. ე-ის, ზ. ხ-ის, მ. ხ-სა და დ. ხ-ის (შემდგომში - „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

2. შპს „N--“-მ, ზ. ხ-ემ და დ. ხ-ემ სარჩელი არ ცნეს, ნ. ე-ესა და მ. ხ-ს შესაგებელი არ წარუდგენიათ.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ხ-ემ. ამავდროულად, აპელანტმა იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აპელანტს ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის თანხის 5000 ლარის ჩარიცხვა შესაბამის ანგარიშზე და ამავე ვადაში სააპელაციო სასამართლოსთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარდგენა.

6. აპელანტმა შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 4000 ლარის გადახდის გადავადება სასამართლოში დავის დასრულებამდე.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აპელანტის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.

8. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტს განმეორებით წარდგენილ შუამდგომლობაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძვლად მისი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ჰქონდა მითითებული, თუმცა არ უთითებდა თუ რაში გამოიხატებოდა ეს მდგომარეობა და არც აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება ჰქონდა წარდგენილი, რის გამოც სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე აპელანტის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.

9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეზე წარდგენილი სასამართლოს გზავნილით დგინდებოდა აპელანტის წარმომადგენლის რაჟდენ კუპრაშვილისთვის ხარვეზის დადგენის თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის განჩინების სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაგზავნისა და 2018 წლის 2 აპრილს ორგანიზაციის იურისტისათვის - მ-ისათვის მისი ჩაბარების ფაქტი, რომლის მიხედვით, აპელანტს ხარვეზის შევსების ვადა 2018 წლის 12 აპრილის 24:00 საათამდე ჰქონდა, თუმცა მას ხარვეზი არ შეუვსია, რის გამოც სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 372-ე მუხლსა და 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო უნდა დარჩენილიყო განუხილველი.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

11. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

11.1. აპელანტს ინტერესი აქვს მიმდინარე დავის მიმართ, რასაც ადასტურებს მის მიერ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ფაქტი, თუმცა მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ შეძლო სააპელაციო საჩივრისთვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რის გამოც მას შეეზღუდა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით მინიჭებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება;

11.2. თუ სააპელაციო სასამართლო აპელანტს არ გადაუვადებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდას საქმის განხილვის დასრულებამდე, ხარვეზის ვადის გაგრძელების გზით მაინც უნდა მიეცა იმის შესაძლებლობა, რომ დროის მცირე მონაკვეთში გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი.

12. კერძო საჩივრის ავტორმა თავისი პოზიციის გასამყარებლად მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - „საფეხბურთო კლუბი „მრეტები“ საქართველოს წინააღმდეგ“.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აპელანტის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

16. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ და აპელანტს დაევალა 10 დღის ვადაში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი (იხ. ს.ფ. 384-389).

17. დადასტურებულია ასევე, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტის წარმომადგენელს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2018 წლის 2 აპრილს ჩაბარდა ორგანიზაციის იურისტს - მ-ეს (იხ. ს.ფ. 390-391), რის შემდეგაც აპელანტმა განცხადებით მიმართა სასამართლოს, მიუთითა, რომ გადაიხდიდა სახელმწიფო ბაჟის ნაწილს - 1000 ლარს და ითხოვა 4000 ლარის გადახდის გადავადება.

18. დგინდება ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად 2018 წლის 30 მარტის განჩინებით დანიშნული ვადა ამოიწურა 2018 წლის 12 აპრილის 24:00 საათზე, თუმცა აპელანტს დაკისრებული საპროცესო მოვალეობა არ შეუსრულებია და არც ხარვეზის შესავსებად დაწესებული საპროცესო ვადის გაგრძელება მოუთხოვია.

19. საკასაციო სასამართლო მოცემულ შემთხვევაში ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის იმ შედავებას, რომ სააპელაციო სასამართლოს აპელანტისთვის ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა უნდა გაეგრძელებინა და, ამგვარად, მიეცა მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა.

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

21. მითითებული ნორმა გარკვეულწილად ზღუდავს სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილებას სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით და აღნიშნული ვადის გაგრძელებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას მხარე მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ და საკუთარი ინიციატივით აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად დამატებით დროს ვერ განუსაზღვრავს.

22. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ საპროცესო ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია, არც რაიმე შუამდგომლობა წარუდგენია სააპელაციო პალატისთვის საპროცესო ვადის გასაგრძელებლად და არც სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ მის მიერ წარდგენილ შუამდგომლობაში მითითებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილის (1000 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოში წარდგენით გამოუხატავს ინტერესი დავის მიმართ, სააპელაციო პალატა მოკლებული იყო შესაძლებლობას აპელანტისათვის საკუთარი ინიციატივით გაეგრძელებინა ხარვეზის შევსების ვადა.

23. კერძო საჩივრის ავტორის იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ მას მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო არ შეეძლო სააპელაციო საჩივრისთვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის გადახდა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

24. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება გახდეს მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი. სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს. მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

25. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი გადახდისუუნარობის დასასაბუთებლად მის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე უთითებდა, თუმცა მხარეს მისი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი რაიმე მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია. აპელანტის მარტოოდენ სიტყვიერი მითითება კი არ არის საკმარისი ამ უკანასკნელის მძიმე ფინანსური მდგომარეობის დასადასტურებლად. შესაბამისად,საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა ვერ დაასაბუთა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძვლების არსებობა.

26. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის იმ პრეტენზიასაც, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების გამო მას შეეზღუდა საკუთარი ინტერესების სასამართლო წესით დაცვის უფლება.

27. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).

28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მესამე ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).

29. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. დ. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე