საქმე №ას-721-721-2018 30 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ბ. ხ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ჯ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ბ. ხ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ჯ-ის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა 2011 წლის 3 მაისს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საჩივარი.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებით საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
6. საქალაქო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 სექტემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და ამავე სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ დარჩა განუხილველი.
8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნა, რომ საქმეში არსებული სხდომის ოქმით დასტურდებოდა მოსარჩელის წარმომადგენლის, ირმა კახიძის, 2017 წლის 25 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე დასწრების ფაქტი, სადაც განხილულ იქნა მოსარჩელის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 სექტემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, რომელიც არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 210-212). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელისთვის ცნობილი იყო განჩინების გამოცხადების თარიღი. ამდენად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 25 იანვარს და ამოიწურა 2018 წლის 7 თებერვალს.
9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალებით დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივრის სასამართლოში ფოსტის საშუალებით წარდგენის ფაქტი, კონვერტზე დასმული ბეჭდით კი ირკვეოდა, რომ სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა 2018 წლის 8 თებერვალს, ანუ დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.
10. სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო მოსარჩელის წარმომადგენლის 2018 წლის 25 იანვრის ხელწერილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინების ასლის ჩაბარების შესახებ (ს.ფ. 229). აღნიშნული ხელწერილით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა განჩინების ჩასაბარებლად სასამართლოს მიმართა და ჩაიბარა იგი კანონმდებლობით დადგენილი 30-დღიანი ვადის დარღვევით, შესაბამისად, განჩინების გასაჩივრების 14- დღიანი ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადებიდან 31-ე დღეს (2018 წლის 25 იანვარს) და არა - მხარისათვის განჩინების ჩაბარებიდან.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
12. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
12.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება არასწორია, ვინაიდან მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე გამოცხადება ვერ შეძლო ჯანმრთელობის მდგომარეობის, კერძოდ, ინსულტის გამო, მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მდგომარეობა;
12.2. მოსარჩელის მეუღლე ურეკავდა მოსამართლის თანაშემწეს, თუმცა 30-დღიან ვადაში მოსარჩელეს ვერ ჩაბარდა განჩინება;
12.3. მოსარჩელემ, გაფრთხილებისამებრ, განჩინების ჩაბარებიდან მე-14 დღეს დაწერა საჩივარი, რომელზეც აღნიშნულია თარიღი.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
17. ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
18. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
19. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.
20. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2017 წლის 25 დეკემბრის სასამართლოს სხდომას, რომელზეც გამოცხადდა განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდა მოსარჩელის წარმომადგენელი (იხ. ტ. 1. ს.ფ. 210-212), თუმცა მოსარჩელეს განჩინების გამოცხადებიდან არაუადრეს მე-20 (2018 წლის 14 იანვარი) და არაუგვიანეს 30-ე დღისა (2018 წლის 24 იანვარი) განჩინების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს. მოსარჩელის წარმომადგენელმა განჩინების ჩასაბარებლად სასამართლოს მიმართა და განჩინება ჩაიბარა კანონმდებლობით დადგენილი 30- დღიანი ვადის დარღვევით, რაც დასტურდება მისი 2018 წლის 25 იანვრის ხელწერილით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინების ასლის ჩაბარების შესახებ (იხ. ტ. 1. ს.ფ. 229). შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მხარისათვის განჩინების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღის გასვლის შემდგომ, 2018 წლის 25 იანვარს და ამოიწურა 2018 წლის 7 თებერვალს. საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2018 წლის 8 თებერვალს (იხ. ტ. 1. ს.ფ. 240), გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით.
21. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის იმ შედავებას, რომ მოსარჩელემ განჩინების ჩაბარებიდან მე-14 დღეს დაწერა საჩივარი, რასთან დაკავშირებითაც განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით განსაზღვრულ გასაჩივრების წესს საფუძვლად უდევს გადაწყვეტილების ჩაბარების ინსტიტუტი, კერძოდ, სასამართლო შეტყობინების (უწყების) ჩაბარების მსგავსად, გასაჩივრების უფლების მქონე მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებაში იგულისხმება როგორც უშუალოდ ამ მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ჩაბარება, ასევე ამ გადაწყვეტილების ჩაბარების პრეზუმფცია, რომელიც გულისხმობს, რომ გასაჩივრების უფლების მქონე მხარემ ჩაიბარა გადაწყვეტილება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის დათქმა იმის შესახებ, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს,“ მიგვითითებს პრეზუმფციაზე, რომლის თანახმად, კანონი ადგენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს დაინტერესებული მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებისათვის. აღნიშნული ფაქტი უკავშირდება საპროცესო მოქმედების შესრულების ზუსტ კალენდარულ თარიღს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომლის ათვლის საპროცესო წესი მოცემულია ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილით. შესაბამისად, გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ინსტიტუტი მოიცავს, როგორც უშუალოდ დაინტერესებული მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, ასევე ამ ჩაბარების ფაქტის არსებობის პრეზუმფციასაც, რაზეც ვრცელდება საპროცესო ვადის გამოთვლის ერთიანი საპროცესო წესი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი) (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება).
22. როგორც ზემოთ აღინიშნა, 2017 წლის 25 დეკემბერს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოსარჩელის წარმომადგენელი. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (ან მისი წარმომადგენელი) ვალდებული იყო განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა განჩინების ასლი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე შეასრულებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას და გამოცხადდებოდა სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარების მიზნით, ხოლო სასამართლო ვერ უზრუნველყოფდა მისთვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებას განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 30-ე დღისა, მაშინ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყებოდა იმ დღიდან, როდესაც სასამართლო ჩააბარებდა მხარეს დასაბუთებულ განჩინებას. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დგინდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში მოსარჩელის სასამართლოში გამოცხადების ფაქტი. შესაბამისად, გასაჩივრების ვადა ავტომატურად დაიწყო განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამასთან, საქმის მასალებში არც იმის დამადასტურებელი ცნობა მოიპოვება, რომ სასამართლომ გვიან მოამზადა დასაბუთებული განჩინება.
23. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის იმ პრეტენზიას, რომ მოსარჩელის მეუღლე ურეკავდა მოსამართლის თანაშემწეს, თუმცა 30-დღიან ვადაში მას არ გადასცეს განჩინება.
24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი ამკვიდრებს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების სტანდარტს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ყოველი მხარე მოვალეა, სათანადო მტკიცებულებით გაამყაროს ის ფაქტი, რომელზეც საკუთარ პრეტენზიას აფუძნებს.
25. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელემ მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ ჩაიბარა დასაბუთებული განჩინების ასლი. მითითებული ფაქტის დადასტურება მოსარჩელე მხარის მოვალეობას წარმოადგენდა.
26. ამდენად, მოსარჩელეს კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული განჩინების ასლის მისაღებად სასამართლოში გამოცხადების ვალდებულება არ შეუსრულებია. შესაბამისად, მხოლოდ მხარის განმარტება, რომ მისი მეუღლე უკავშირდებოდა მოსამართლის თანაშემწეს, კანონის დანაწესის შესრულებად ვერ ჩაითვლება. მითითებულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ. სუსგ №ას-1040-994-2013, 9 დეკემბერი, 2013 წელი, №ას-429-401-2017, 5 მაისი, 2017 წელი, №ას-1478-1398-2017, 26 იანვარი, 2018 წელი, №ას-221-221-2018, 29 ივნისი, 2018 წელი).
27. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც კერძო საჩივრის ავტორს, გარდა საკუთარი განმარტებისა, სასამართლოსთვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა სასამართლოს დასკვნებს გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლიანობის შესახებ, საკასაციო პალატა თვლის, რომ საჩივრის ავტორის მითითება ზემოაღნიშნული საფუძვლით გასაჩივრებული განჩინების გაუქმების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს გაზიარებული. ამდენად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ბ. ხ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე