Facebook Twitter

საქმე №ას-1483-2018 12 ოქტომბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ზურაბ ძლიერიშვილი (მომხსენებელი), პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – ლ. შ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ბ–ი, ქ. ბ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განჩინებით ნ. და ქ. ბ–ების (შემდგომში – განმცხადებლების) განცხადება ლ. შ–ის (შემდგომში – მოსარჩელე) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ივნისის განჩინებით გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და აკრძალვა მოეხსნა განმცხადებლების საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს.

საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

2. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

4. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 372-ე მუხლით, 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1971 მუხლის მეორე ნაწილით და დაადგინა, რომ 2018 წლის 2 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და, მისი შევსების მიზნით, დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საჩივრისა და საკუთარი მისამართის წარმოდგენა. ხარვეზის აღმოსაფხვრელად საჩივრის ავტორს განესაზღვრა ორდღიანი ვადა.

5. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსსკ-ის 59-ე, 63-ე მუხლების, მე-60 მუხლის მეორე ნაწილისა და 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს განჩინება საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ 2018 წლის 7 აგვისტოს ჩაიბარა მოსარჩელის შვილმა, რაც დასტურდება მისი ხელმოწერითა და პირადი ნომრის მითითებით. შესაბამისად, საჩივრის ავტორს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ორდღიანი ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 8 აგვისტოს და ამოეწურა 2018 წლის 9 აგვისტოს. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2018 წლის 9 აგვისტოს ვახტანგ მაჭავარიანმა (შემდგომში – წარმომადგენელი), როგორც მოსარჩელის რწმუნებულმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში ფოსტის საშუალებით გამოაგზავნა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება, რომელსაც თან ერთვის სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, თუმცა სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხარვეზის აღმოფხვრა მოხდა მხოლოდ ნაწილობრივ, კერძოდ, წარმომადგენელს არ დაურთია მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად, განცხადება წარმოდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.

6. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს განჩინებით დადგენილი ხარვეზი საჩივრის ავტორს არ აღმოუფხვრია, ამასთან, არც ვადის გაგრძელების თაობაზე შუამდგომლობა არ წარმოუდგენია, შესაბამისად, მოცემული საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა გადაეგზავნოს ზემდგომ სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილ საჩივარზე იმსჯელებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმათა დაცვით, კერძოდ, 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით კი, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

9. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

10. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით შეტანილი საჩივრის განხილვისას, საჩივრის ხარვეზის არსებობის შემთხვევაში სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც მხარე ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

11. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2018 წლის 2 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი მხარეს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან ორდღიანი ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საჩივრისა და საკუთარი მისამართის წარდგენა.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ 2018 წლის 7 აგვისტოს ჩაიბარა მოსარჩელის შვილმა, რაც დასტურდება მისი ხელმოწერითა და პირადი ნომრის მითითებით (ს.ფ. 173).

13. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

14. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას, რომ ხარვეზის გამოსწორების ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 8 აგვისტოს და ამოეწურა 2018 წლის 9 აგვისტოს.

15. აღნიშნულის მიუხედავად, საჩივრის ავტორს ხარვეზი სრულად არ გამოუსწორებია. მან წარადგინა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. დანარჩენ ნაწილში კი სააპელაციო პალატის მითითება ხარვეზის გამოსწორების თაობაზე არ შეუსრულებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

17. მითითებული ნორმის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი არ იყო, მის მიერ დანიშნული საპროცესო ვადა მხარისათვის თავისი შეხედულებისამებრ გაეგრძელებინა, თუ ამის შესახებ თავად მხარე არ იშუამდგომლებდა.

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინებით საჩივარი დაუშვებლად მართებულად ჩათვალა და იგი უნდა დარჩეს განუხილველად.

19. საკასაციო პალატა თვლის, რომ საჩივრის განუხილველად დატოვების პირობებში საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო ბაჟის სახით ქ. ხ-ის მიერ 2018 წლის 25 ივლისს №-... საგადახდო დავალებით გადახდილი 50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. შ–ის საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. ლ. შ–ს (პირადი №-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ქ. ხ-ის მიერ 2018 წლის 25 ივლისს №-... საგადახდო დავალებით გადახდილი 50 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე