საქმე №ას-637-637-2018 29 აგვისტო, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენა
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ გ.ხ.გ.ე.ც. (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ც.გ.
მოწინააღმდეგე მხარე – ო.ს. (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - გ.ს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ო.ს. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, პირველი აპელანტი, დასაქმებული ან მუშაკი) სსიპ „გ.ხ.გ.ე.ც–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მეორე აპელანტი, კასატორი, დამსაქმებელი ან ცენტრი) დირექტორის 2012 წლის 16 იანვრის ბრძანებით, ცენტრის შიდა მონიტორინგის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით დაინიშნა. დასაქმებულის ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება 1785 ლარს შეადგენდა.
2. შიდა მონიტორინგის სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენდა ცენტრის თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვა, ასევე, დაგვიანების, გამოუცხადებლობის ან სამუშაო დროის ამოწურვამდე სამუშაო ადგილიდან გასვლის მიზეზების დადგენა.
3. დამსაქმებლის შინაგანაწესის მიხედვით: “დროებითი შრომისუუნარობის გამო სამუშაო ადგილას გამოუცხადებლობისას, დასაქმებულმა აღნიშნულის თაობაზე უშუალო უფროსს გონივრულ ვადაში უნდა აცნობოს. დროებითი შრომისუუნარობის გამო გაცდენილი დღეები ითვლება საპატიოდ და ანაზღაურდება, თუ სამედიცინო დაწესებულებიდან წარდგენილი იქნება შესაბამისი დოკუმენტი. სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობად არ ჩაითვლება მივლინების ან უფლებამოსილი პირის დავალების საფუძველზე სამსახურებრივი მოვალეობების სამუშაო ადგილის გარეთ შესრულება. ამ წესების დარღვევის შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია, გამოიყენოს შინაგანაწესით დადგენილი დისციპლინური პასუხიმგებლობის ზომა”.
4. ცენტრის დირექტორის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანებით, მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა იმ საფუძვლით, რომ მან თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების კონტროლი სათანადოდ არ განახორციელა და არ დაადგინა თანამშრომელთა გამოუცხადებლობის მიზეზები. გათავისუფლებას საქართველოს შრომის კოდექსის, შემდეგში სშკ-ის, 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტი, ასევე, ცენტრის დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „კ“ ქვეპუნქტები და ცენტრის საქმისწარმოებისა და შინაგანაწესის 13-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი დაედო საფუძვლად.
5. მოპასუხესთან შრომითი ურთიერთობის პერიოდში დასაქმებულის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის რაიმე სახის ზომა გამოყენებული არ ყოფილა.
6. 2014 წლის 3 სექტემბერს, მოსარჩელემ წერილობით მიმართა დამსაქმებელს, სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლების წერილობითი დასაბუთების მოთხოვნით.
7. ცენტრის დირექტორის საპასუხო წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ მისი გათავისუფლების საფუძველი გახდა მონიტორინგის სამმართველოს მიერ ცენტრის თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადებისა და გასვლის დარღვევით აღრიცხვა, რის გამოც თანამშრომლებს შრომის ანაზღაურების სახით ზედმეტად 18 170,28 ლარი დაერიცხათ.
8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მინისტრი) 2014 წლის 30 დეკემბრის ბრძანებით, ცენტრის შიდა მონიტორინგის სამსახურის უფროსის თანამდებობა გაუქმდა. ამავე ბრძანებით შეიქმნა შიდა აუდიტის სამსახური, რომელმაც გაუქმებული შიდა მონიტორინგის სამმართველოს ფუნქციები სრულად შეითავსა. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობა 2015 წლის 31 მარტიდან დაკავებულია.
9. 2014 წლის 29 სექტემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით, 2014 წლის 30 აგვისტოდან სამსახურში აღდგენამდე, მისი ყოველთვიური ხელფასის 1785 ლარის გათვალისწინებით. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანებით იგი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სამინისტრო) შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე, რომლითაც მიჩნეულია, რომ თანამშრომელთა გამოცხადების აღრიცხვა წარმოებდა არაკომპეტენტურად, არასწორად მიეთითებოდა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი და, შესაბამისად, ცენტრის თანამშრომლებზე არასწორად გაიცემოდა ხელფასი. მოსარჩელის მტკიცებით, იგი სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლდა, ვინაიდან თანამშრომელთა გამოუცხადებლობის მიზეზები რომ არასაპატიო იყო, მოპასუხეს არ გამოუკვლევია და აღნიშნული არც შესაბამისი მტკიცებულებებით დაუდასტურებია.
10. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარდგენილი შესაგებლით გამორიცხა მოთხოვნა და განმარტა, რომ სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2014 წელს ჩატარებული შემოწმების შედეგად, შიდა მონიტორინგის სამმართველოს მიერ 2013 წელს ცენტრის თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების დარღვევებით აღრიცხვა გამოვლინდა, რამაც საბოლოოდ, თანამშრომელთათვის არასწორად გაცემული შრომის ანაზღაურება განაპირობა. მოპასუხის მტკიცებით, თანამშრომელთა გამოუცხადებლობის მიზეზის დადგენა შედიოდა დასაქმებულის სამსახურებრივ მოვალეობაში, ეს უკანასკნელი კი, ცენტრის ხელმძღვანელობას აწვდიდა გამოცხადების ცხრილს შესაბამისი მიზეზების მითითებით და არა - გამოუცხადებლობის საფუძვლების შესახებ დოკუმენტაციას. ამდენად, ცენტრის თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების, გამოუცხადებლობისა და დაგვიანების არასათანადო კონტროლმა, თანამშრომელთათვის შრომის ანაზღაურების - 18 170,28 ლარის ოდენობით ზედმეტად გადახდა განაპირობა, რაც მოსარჩელის მიერ შრომითი ვალდებულებების უხეშ დარღვევად შეფასდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგანაც არ არსებობდა სადავო ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნებიც უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანება; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 2014 წლის 30 აგვისტოდან 2015 წლის 31 მარტის ჩათვლით, იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება დაეკისრა, მისი ყოველთვიური ხელფასის - 1785 ლარის (დარიცხული) ოდენობის გათვალისწინებით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 317.1, 361.2, 54-ე, 394-ე, 395-ე, 408-ე, 411-ე მუხლები, სშკ-ის პირველი, მე-6, 32-ე, 38.7 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტი, ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სხვადასხვა გადაწყვეტილებები გამოიყენა.
12. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი, 1.2, მე-2 და მე-3 პუნქტების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა; მოსარჩელე აღდგენილ იქნა დამსაქმებლის ტოლფას - შიდა აუდიტის სამსახურის კოორდინატორის თანამდებობაზე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 2014 წლის 30 აგვისტოდან 2015 წლის 4 იანვრის ჩათვლით, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა, ყოველთვიური ხელფასის - თვეში 1785 ლარის გათვალისწინებით; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, 2015 წლის 5 იანვრიდან შიდა აუდიტის სამსახურის კოორდინატორის თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიური ხელფასის, თვეში 1320 ლარის გათვალისწინებით; მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილების 1.1 პუნქტი (სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში).
13.1. სააპელაციო პალატის განმარტებით, დამსაქმებლის მიერ მითითებული 134 თანამშრომლის სამსახურში გამოცხადებისა და გასვლის არასწორად აღრიცხვა არ შეიძლება, მიჩნეულიყო ისეთ მნიშვნელოვან დარღვევად, რის შედეგადაც დასაქმებული სამსახურიდან გათავისუფლდებოდა. პალატამ მიიჩნია, რომ დასაქმებულის ინიციატივით მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ნების გამოვლენა დაუსაბუთებელი იყო და არ იყო განპირობებული მოსარჩელის მიერ შრომითი მოვალეობის უხეში დარღვევით. ამდენად, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოპასუხის ცალმხრივი ნების გამოვლენა არ შეესაბამებოდა, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტს და ის სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე, ბათილი იყო;
13.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობასთან დაკავშირებით. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რეორგანიზაციამდე არსებული შიდა მონიტორინგის სამსახურის უფროსის ტოლფას თანამდებობას მოცემული ეტაპისთვის შიდა აუდიტის სამსახურის კოორდინატორის თანამდებობდა წარმოადგენდა;
13.3. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის ბრძანებით ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად, მოსარჩელე მაინც გათავისუფლდებოდა დაკავებული თანამდებობიდან. პალატის დასკვნებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი ტოლფასი თანამდებობის მიმართ არსებული განსაკუთრებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების არსებობა და ის, რომ მოსარჩელე ამ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებდა;
13.4. სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა ამ უკანასკნელისათვის იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. ვინაიდან, 2014 წლის 30 დეკემბრის რეორგანიზაციის ბრძანება ძალაში შევიდა 2015 წლის 4 იანვარს, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება უნდა დაჰკისრებოდა 2015 წლის 4 იანვრამდე, 1785 ლარის ოდენობით, ხოლო 2015 წლის 5 იანვრიდან შიდა აუდიტის კოორდინატორის თანამდებობაზე აღდგენამდე, ყოველთვიური ხელფასის, თვეში 1320 ლარის გათვალისწინებით.
14. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით :
14.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიყენა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი. აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია;
14.2. კასატორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებულ პრაქტიკაზე (სუსგ-ები Nას-951-901-2015, 29.01.2016; Nას-931-881-2015; 29.01.2015) მიუთითა და განმარტა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სადავო ბრძანება უსაფუძვლოდ ცნეს ბათილად, ვინაიდან მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება მის მიერ ჩადენილი ქმედების ადეკვატური იყო. გასათვალისწინებელი იყო, რომ ცენტრის თანამშრომელთა სამუშაო ადგილზე გამოცხადების აღრიცხვისას დაშვებულმა ინტენსიური ხასიათის დარღვევებმა თანამშრომელთათვის ხელფასის ზედმეტად გაცემა გამოიწვია, რითაც დამსაქმებელს სოლიდური ოდენობის მატერიალური ზიანი მიადგა;
14.3. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ დაასკვნა, რომ ცენტრის შიდა აუდიტის სამსახურის კოორდინატორის თანამდებობა მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფასი იყო. კასატორმა უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 28 ივლისის Nას-450-429-2015 საქმეზე მიუთითა და განმარტა, რომ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიზნებისათვის ტოლფასი სამუშაო ნიშნავს, როგორც ფუნქციური დატვირთვით, ისე შრომის ანაზღაურების მხრივ მსგავს თანამდებობას, განსახილველ შემთხვევაში კი, დადგენილია, რომ კოორდინატორის ფუნქციები მნიშვნელოვნად განსხვავდება შიდა აუდიტის სამმართველოს უფროსის ფუნქციებისაგან, ამასთან, დასაქმებულის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შიდა აუდიტის სამმართველოს უფროსის თანამდებობისათვის შეადგენდა 1785 ლარს, ხოლო კოორდინატორის თანამდებობისათვის - 1320 ლარია.
14.4. სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ის 54-ე მუხლის მოთხოვნები, რომელიც გარიგების სამართლებრივ წინაპირობას განსაზღვრავს. მან ვერ მიუთითა სადავო ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი წინაპირობები, კერძოდ, თუ კანონით დადგენილ რომელ წესებს ეწინააღმდეგება ის ან რომელი საჯარო წესრიგი დაირღვა მისი გამოცემით.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორად განმარტა კანონიც, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები სარჩელის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, ნაწილობრივ დასაბუთებულია.
17. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა სშკ-ის 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
18. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, იმასთან დაკავშირებით, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს შრომითი ვალდებულებები უხეშად არ დაურღვევია.
18.1. სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დამსაქმებელს ენიჭება დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება არა შრომითი ხელშეკრულების ყოველგვარი დარღვევის, არამედ ვალდებულების „უხეში დარღვევის“ შემთხვევაში. ამრიგად, მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ-ები N ას-416-399-16, 2016 წლის 29 ივნისის განჩინება; Nას-812-779-2016, 2016 წლის 19 ოქტომბრის განჩინება; Nას-1276-1216-2014, 2015 წლის 18 მარტის განჩინება; Nას-483-457-2015, 2015 წლის 7 ოქტომბრის განჩინება).
18.2. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო ამ უკანასკნელის მიერ ცენტრის თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადებისა და გასვლის დარღვევით აღრიცხვა.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს ცენტრის თანამშრომელთა სამუშაო ადგილზე გამოცხადების აღრიცხვის (კონტროლის) წარმოებისას, მათი გამოუცხადებლობის მიზეზების ნამდვილობის შემოწმება არ ევალებოდა.
ცენტრის პერსონალის მართვის პოლიტიკისა და პროცედურების სახელმძღვანელოს მიხედვით, შიდა მონიტორინგის სამსახურის გარდა, თანამშრომელთა გამოცხადებას ზედამხედველობას უწევდა ასევე საქმისწარმოებისა და საკადრო საკითხთა სამმართველო. თანამშრომელთა გამოცხადების მიზეზების დადგენა, შესაბამისად, მათი გამოცხადების საკითხზე კონტროლი მხოლოდ შიდა მონიტორინგის სამმართველოს ფუნქცია არ იყო, ვინაიდან ცენტრის თანამშრომელს ევალებოდა, საქმისწარმოებისა და საკადრო სამმართველოსათვის ეცნობებინა სამსახურში გამოუცხადებლობის შესახებ. ამდენად, თანამშრომელთა გამოუცხადებლობის მიზეზების კვლევა არა მხოლოდ მონიტორინგის სამსახურის, არამედ საქმისწარმოებისა და საკადრო სამმართველოს უფლებამოსილებასაც წარმოადგენდა. ამასთან, საყურადღებოა, რომ იმ თანამშრომლებს, რომელთა მხრიდანაც სამსახურის გაცდენა საბოლოო ჯამში არასაპატიოდ იქნა მიჩნეული, დისციპლინური პასუხისმგებლობის რაიმე ზომა არ დაჰკისრებიათ. მოსარჩელის მხრიდან სამსახურებრივი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით კი, მოპასუხეს არც მნიშვნელოვანი და გამოუსწორებელი ზიანი მისდგომია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელეს, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, დაკისრებული ვალდებულება უხეშად არ დაურღვევია. შესაბამისად, მოპასუხის მიერ გამოვლენილ ცალმხრივ ნებას (მოსარჩელის დათხოვნის შესახებ ბრძანება, სსკ-ის 51-ე მუხლი), სამართლებრივი შედეგი ვერ მოჰყვებოდა, რადგანაც არ იყო შესრულებული ამ შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოება - მოსარჩელის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევა. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ დამსაქმებლის მიერ გამოყენებული სანქცია (სამსახურიდან გათავისუფლება) არ იყო მოსარჩელის მიერ ჩადენილი ქმედების ადეკვატური, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დასაქმებულს ცენტრში მუშაობის პერიოდში, რაიმე დისციპლინური სახდელი არ დაჰკისრებია.
19. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ცენტრის შიდა აუდიტის სამსახურის კოორდინატორის თანამდებობა მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფასია, სახელდობრ:
19.1. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტის ბათილად ცნობა უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებულისათვის ტოლფასი თანამდებობით უზრუნველყოფის ვალდებულებას იწვევს მაშინ, როდესაც პირვანდელ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის აღდგენა ობიექტურად შეუძლებელია.
როდესაც უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტი შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და უფლებებში აღდგენას ითხოვს, სასამართლომ თავად უნდა შეაფასოს მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის საუკეთესო გზა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით, კერძოდ, თუ მოსარჩელის ინტერესი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენაა, სასამართლომ დასაქმებულისა და დამსაქმებლის ორმხრივი პატივსადები ინტერესების დაცვით უნდა შეამოწმოს მითითებული მოთხოვნის საფუძვლიანობა და დაკმაყოფილების მიზანშეწონილობა. პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის მოთხოვნა საფუძვლიანია, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა უკანონოა, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ იწვევს დასაქმებულის პირვანდელ მდგომარეობის აღდგენას, ვინაიდან, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია მისი აღსრულების შესაძლებლობასა და მხარეთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, მისი აღსრულების შესაძლებლობასა და ეფექტიანობაზე. შესაბამისად, თუ სასამართლომ დაადგინა, რომ გათავისუფლების ბრძანება უკანონოა, თუმცა უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია, ასეთ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა დაადგინოს, ხომ არ არის შესაძლებელი უფლებადარღვეული დასაქმებულის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. ამ მიზნით, მან უნდა გამოიკვლიოს რა ადამიანურ რესურსს ფლობს დამსაქმებელი, რა ტოლფასი ვაკანტური პოზიციები აქვს მას, რა ფუნქციური მსგავსებაა პირვანდელ და ტოლფას თანამდებობებს შორის. იმავდროულად, სასამართლომ კვლევის შედეგები უნდა შეუსაბამოს უკანონოდ დათხოვნილი პირის ნებას, ინტერესსა და შესაძლებლობას, დაიკავოს კონკრეტული ტოლფასი თანამდებობა (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, გვ. 270-272).
19.2. სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიზნებისთვის ტოლფასი სამუშაო ნიშნავს, როგორც ფუნქციური დატვირთვით, ისე შრომის ანაზღაურების მხრივ მსგავს თანამდებობას, განსახილველ შემთხვევაში კი, ცენტრის შიდა აუდიტის სამსახურის კოორდინატორის თანამდებობა როგორც ფუნქციურად, ისე შრომის ანაზღაურებით განსხვავებულია მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობისგან. ამასთან, საკასაციო სასამართლოს აღნიშნული თანამდებობის ტოლფასად მიჩნევის პირობებშიც შეუძლებლად მიაჩნია მასზე მოსარჩელის აღდგენა. ამ თვალსაზრისით, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ უდავო გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ტოლფასად მიჩნეული თანამდებობა არ არის ვაკანტური და იგი მესამე პირს კონკურსის წესით აქვს დაკავებული, შესაბამისად, ხსენებულ პოზიციაზე მოსარჩელის აღდგენით შეილახება ამ უკანასკნელის უფლებები, რომელიც ამ თანამდებობაზე ლეგიტიმურად არის დანიშნული, რაც დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს იმისთვის, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვას კოორდინატორის - როგორც ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნაზე.
20. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული ნორმის გამოყენების საკითხზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სხვა საქმეზე განმარტა შემდეგი : „დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დასახელებულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს „პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (შდრ. სუსგ Nას-951-901-2015, 29.01.2016წ.; N ას-931-881-2015., 29.01.2015წ).
20.1. აღნიშნულიდან გამომდინარე, ტოლფასი თანამდებობის არარსებობის, მასზე დათხოვნილი პირის დასაქმების შეუძლებლობის ან არამიზანშეწონილობის პირობებში, სასამართლომ კომპენსაციის საკითხზე უნდა იმსჯელოს.
20.2. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სშკ არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, გვ. 272).
ამრიგად, საკასაციო სასამართლოს კომპენსაციის გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია ცენტრის მონიტორინგის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მოსარჩელის მიერ მისაღები ხელფასის ერთი წლის ოდენობა, რაც 21 420 ლარს (1785*12) შეადგენს.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.
22. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამდენად, მოსარჩელეს კასატორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული სასამართლო ხარჯის - 1398 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 257.1, 264.3, 53-ე, 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ გ.ხ.გ.ე.ც–ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება ო.ს–ს ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების ნაწილში (გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ო.ს–ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ო.ს–ს სასარგებლოდ დაეკისროს 21 420 (ოცდაერთი ათას ოთხასოცი) ლარის გადახდა (კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით);
5. უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტი (სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში);
6. ო.ს–ს სსიპ გ.ხ.გ.ე.ც–ს სასარგებლოდ დაეკისროს 1398 (ათას სამასოთხმოცდათვრამეტი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი