Facebook Twitter

საქმე №ას-236-236-2018 23 აგვისტო, 2018 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით

სხდომის მდივანი - კონსტანტინე თოდრია

საკასაციო საჩივრის ავტორები – თ.ბ, ა.კ. (მოპასუხეები)

წარმომადგენელი - შ.მ.

მოწინააღმდეგე მხარე – მ.გ–ძე (მოსარჩელე)

წარმომადგენლები - გ.ს., დ.მ.

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს ,,მ–ის’’ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კომპანია ან საწარმო) პარტნიორებს წარმოადგენენ მ.გ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე), თ.ბ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე), ა.კ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორ მესამე მოპასუხე, მეორე და მესამე მოპასუხე ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები, აპელანტები ან კასატორები) და ნ.ჩ.. თითოეული პარტნიორი საზოგადოების 25 % - იანი წილის მესაკუთრეა (იხ. ტ.1.ს.ფ. 18-20).

2. კომპანიის წესდების 4.2 პუნქტის მიხედვით, ,,საზოგადოების ახალი პარტნიორები შეიძლება გახდნენ როგორც იურიდიული, ისე კერძო პირები, მათ მიღებას წყვეტს პარტნიორთა კრება წესდებაში სათანადო ცვლილებების შეტანით’’. წესდების VI თავით გათვალისწინებულია პარტნიორთა უფლება-მოვალეობები. 6.1 პუნქტის მიხედვით, პარტნიორის უფლებას წარმოადგენს, პარტნიორთა კრების თანხმობით დაუთმოს თავისი წილი საზოგადოების ერთ ან რამდენიმე პარტნიორს ან გარეშე პირს, რისთვისაც საჭიროა პარტნიორთა კრების თანხმობა. ამავე თავით გათვალისწინებულ უფლებას წარმოადგენს უპირატესი წესით იმ წილის შეძენა, რომელსაც დათმობს ერთ-ერთი პარტნიორი და, რომლის ოდენობაც შეთანხმებულია პარტნიორთა შორის. საზოგადოების წესდების VII თავით მოწესრიგებულია საზოგადოების მართვის საკითხი. კერძოდ, 7.1 პუნქტის თანახმად, საზოგადოების მართვის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს პარტნიორთა კრება. წესდების 7.4 პუნქტის მიხედვით, პარტნიორთა კრება წყვეტს წილთა შეძენის, გასხვისების, ასევე საზოგადოების შეძენა, გასხვისებისა და ლიკვიდაციის საკითხებს (იხ. ტ.1. ს.ფ. 176-183).

3. მ.გ–ძესა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) და მოპასუხეებს შორის 2009 წლის 2 ნოემბერს მარტივი წერილობითი ფორმით დაიდო შეთანხმება, რომლის თანახმად, კომპანიის 12 %-იანი წილის გადაცემის სანაცვლოდ, მოსარჩელემ მოპასუხეებს 132 000 აშშ დოლარი გადაუხადა. ამ უკანასკნელს, საწარმოდან გასვლის შემთხვევაში, შეტანილი თანხა პროცენტით უკან უნდა დაბრუნებოდა (იხ. ტ.ს.ფ. 108).

4. მოსარჩელეს კომპანიის 12 % -იანი წილი საკუთრებაში არ გადასცემია.

5. 2016 წლის 19 აპრილს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეთა წინააღმდეგ და მოითხოვა:

5.1. მოსარჩელის ხელშეკრულებიდან გასვლის გამო, მხარეთა შორის კომპანიის 12%-იანი წილის ნასყიდობის შესახებ 2009 წლის 2 ნოემბერს გაფორმებული სახელშეკრულებო ურთიერთობის 2016 წლის 19 აპრილიდან შეწყვეტილად მიჩნევა;

5.2. მოპასუხეთათვის 132 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება, გადახდის დღეს არსებული კურსის შესაბამისად;

5.3. მოპასუხეთათვის მიუღებელი შემოსავლის - 128 779,2 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება, ასევე, მიუღებელი შემოსავლის 132 000,00 აშშ დოლარის ყოველწლიური 8%-ის - 10 560,00 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება, 2016 წლის 16 მაისიდან ასანაზღაურებელი თანხის სრულად გადახდამდე.

5.4. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ 2009 წლის ოქტომბერში დაუკავშირდნენ მოპასუხეები და შესთავაზეს, რომ, 132 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, მიჰყიდიდნენ მათ საკუთრებაში არსებული კომპანიის 75%-იანი წილიდან 12%-იან წილს. მხარეთა შორის გაფორმდა წერილობითი შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეებს გადასცა 132 000 აშშ დოლარი, სანაცვლოდ კი, მას უნდა გადასცემოდა კომპანიის 12%-იანი წილი მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული ამავე კომპანიის 75%-დან. ამ უკანასკნელებმა არ შეასრულეს მხარეთა შორის გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, მათ მოსარჩელეს საკუთრებაში არ გადასცეს საწარმოს 12%-იანი წილი. სწორედ ამიტომ, მას უნდა დაბრუნებოდა მოპასუხეთათვის გადაცემული თანხა, ასევე, ანაზღაურებოდა მიუღებელი შემოსავალი გადაცემული თანხის ანაზღაურებამდე.

6. პირველმა მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მხარეები მოსარჩელეების მიერ მითითებული პირობებით არ შეთანხმებულან. მართალია, თანხის გადაცემის შესახებ შეთანხმება და მოპასუხეთა დაპირება კომპანიის მიერ მიღებული მოგებიდან გარკვეული თანხის გადაცემის შესახებ არსებობდა, თუმცა სარჩელით მოთხოვნილი თანხა გაზრდილი იყო და არ შეესაბამებოდა რეალობას. ამასთან, შეთანხმება არ წარმოადგენდა წილის ნასყიდობის ხელშეკრულებას.

მეორე და მესამე მოპასუხემ სარჩელი არ ცნეს, მათი წერილობითი შესაგებელი შეიცავდა მხოლოდ ზოგადი ხასიათის შედავებას, ის არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 201-ე მუხლის მოთხოვნებს და, აქედან გამომდინარე, არაკვალიფიციური იყო. მოპასუხეებმა მხოლოდ იმ გარემოებებზე მიუთითეს, რომ მხარეები მოსარჩელის მიერ მითითებული პირობებით არ შეთანხმებულან, კერძოდ, მათ შორის არც 132 000 აშშ დოლარის გადაცემის შესახებ შეთანხმება გაფორმებულა და არც მოპასუხეებს გამოუხატავთ ნება მოსარჩელისათვის წილის გადაცემის შესახებ. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ხელწერილი არ წარმოადგენდა წილის ნასყიდობის ხელშეკრულებას.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მხარეთა შორის 2009 წლის 2 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმება მიჩნეულ იქნა შეწყვეტილად; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად 132 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ეროვნულ ვალუტაში ანაზღაურება, გადახდის დღეს არსებული კურსის შესაბამისად დაეკისრათ; მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ მიუღებელი შემოსავლის 132 000 აშშ დოლარის ყოველწლიური 8%-ის - 10560 აშშ დოლარის ეკვივალენტის ეროვნული ვალუტით გადახდა, 2016 წლის 16 მაისიდან დაკისრებული თანხის სრულად გადახდამდე. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 623-ე, 625-ე, 626-ე, 411-ე, 463-ე და 464-ე მუხლები გამოიყენა.

8. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ მეორე და მესამე მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

9.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2009 წლის 2 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხეებს 132 000 აშშ დოლარი გადასცა;

9.2. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლოში 2016 წლის 27 ივლისსა და იმავე წლის 30 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომებზე, სადაც მეორე მოპასუხის წარმომადგენელმა დაადასტურა, როგორც მხარეებს შორის შეთანხმების გაფორმების - ისე მოპასუხეების მიერ 100 000 აშშ დოლარის მიღების ფაქტი (იხ. 29.07.2016წ. 14:11:46-14:13:08 და 30.09.2016წ. 10:13:08- 10:13:37);

9.3. სააპელაციო სასამართლოს დასკვნებით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საზოგადოების წესდებით გათვალისწინებული ქცევის წესი, საზოგადოებაში ახალი პარტნიორის მიღება, შესაბამისად, მისთვის წილის გადაცემა და წესდებაში ცვლილების შეტანა უნდა განხორციელებულიყო საზოგადოების საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც მოცემულ შემთხვევაში, დაცული არ ყოფილა, კერძოდ, თანხის გადახდის სანაცვლოდ საწარმოს წილის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება პარტნიორთა საერთო კრებას არ მიუღია, ამასთან, მოსარჩელე კომპანიის პარტნიორად არასდროს დარეგისტრირებულა. ამრიგად, სადავო შეთანხმების საფუძველზე, მოსარჩელის მიერ განხორციელებული შესრულება უსაფუძვლო შესრულებად უნდა მიჩნეულიყო;

9.4. სააპელაციო პალატის განმარტებით, სსკ-ის 976–ე მუხლი არეგულირებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც შემსრულებელი ახორციელებს ფაქტობრივად არარსებულ ვალდებულებას, რაც იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე. მოცემულ შემთხვევაში, უდავო იყო, რომ მოსარჩელეს საწარმოში წილი არ გადასცემია, ხოლო ამ უკანასკნელმა მოპასუხეებს 132 000 აშშ დოლარი გადასცა. ამდენად, პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხეებისათვის თანხის გადაცემის ფაქტი, ვალდებულებითსამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის რეგულირების რეჟიმში ექცეოდა და, შესაბამისად, მიღებული შესრულება ექვემდებარებოდა დაბრუნებას;

9.5. სააპელაციო სასამართლოს დასკვნებით, გამომდინარე იქიდან, რომ დადასტურებულად იქნა მიჩნეული სამართლებრივი საფუძვლის გარეშე 132 000 აშშ დოლარის მიღებისა და მოსარჩელისთვის მისი დაუბრუნებლობის ფაქტი, უდავო იყო ისიც, რომ ამ უკანასკნელს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი მიადგა. შესაბამისად, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილშიც მართებულად დაკმაყოფილდა.

10. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით :

10.1. სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ მოპასუხეები უარყოფდნენ შეთანხმების დადების ფაქტს და განმარტავდნენ, რომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტი ფოტომონტაჟით მიღებული შეთანხმება იყო. პალატამ უგულებელყო ის ფაქტი, რომ ტექსტი შესრულებულია ერთ გვერდზე, ხოლო ხელმოწერები კი - მეორე გვერდზე;

10.2. სააპელაციო სასამართლომ ვერ დაასაბუთა, თუ კონკრეტულად რომელი ნორმის საფუძველზე იყო ბათილი სადავო შეთანხმება და რატომ გამოიყენა მან მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად სსკ-ის 976-ე მუხლი;

10.3. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს, როგორც მხარეთა შორის შეთანხმების დადება, ისე სადავო თანხის გადაცემა;

10.4. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ დაასკვნა, რომ მეორე მოპასუხემ აღიარა მოსარჩელის მიერ მოპასუხეთათვის თანხის გადაცემის ფაქტი, ვინაიდან აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს. ამასთან, გასაჩივრებულ განჩინებაში სსსკ-ის 133-ე მუხლზე მითითებით, უპირობოდ გამოიკვეთა, რომ სასამართლომ უგულებელყო მოპასუხეთა არგუმენტები.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო :

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.

14. მართალია, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივი თვალსაზრისით (არსებითად) სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მან საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მართებულად უარყო აპელანტთა მოთხოვნა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება სწორად დატოვა უცვლელად, თუმცა პალატამ ნაწილობრივ არასწორად განსაზღვრა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, გადახდილი თანხისა და მისი პროცენტის ანაზღაურების მოთხოვნა სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და ამავე კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარეობდა და დამატებით სსკ-ის 408-ე, 409-ე და 411-ე მუხლებზე მითითება, როგორც ეს გასაჩივრებულ განჩინებაშია ასახული, არასწორია. პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 979-ე მუხლის პირველი ნაწილი ამომწურავად განსაზღვრავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძვლით უკან დაბრუნების მოთხოვნის ფარგლებს.

15. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორთა ძირითადი პრეტენზია სადავო შეთანხმების სიყალბესთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს გაზიარებული, სახელდობრ, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე სარჩელში მოთხოვნის ძირითად ფაქტობრივ საფუძვლად უთითებდა მხარეთა შორის სადავო შეთანხმების არსებობაზე, რის დასადასტურებლადაც წარდგენილი ჰქონდა წერილობითი დოკუმენტი - ხელწერილი. თავის მხრივ, მოპასუხეები შესაგებელში უარყოფდნენ მხარეთა შორის რაიმე შეთანხმების არსებობას და უთითებდნენ, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ხელწერილი არ წარმოადგენდა წილის ნასყიდობის ხელშეკრულებას. ამასთან, მათ (მოპასუხეებს) შესაგებლით სადავოდ არ გაუხდიათ აღნიშნული ხელწერილის შინაარსი და არც მასზე არსებული ხელმოწერების ნამდვილობა.

15.1. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანმიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია, მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს.

ამდენად, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეთა მიერ სარჩელზე წარდგენილი შესაგებელი (პასუხი) არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს. სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნისა თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს (შდრ. სუსგ №ას-664-635-2016, 02.03.2017).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეთა მიერ წარდგენილი შესაგებელი ზოგადი ხასიათისაა და არ შეიცავს სარჩელში მითითებულ ძირითადი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფის შესაბამის მიზეზებსა და არგუმენტებს. ამრიგად, მოსარჩელის მიერ მითითებული და მოპასუხეების მიერ არაკვალიფიციურად შედავებული გარემოებები სამართლებრივად ქმნიან იმის პრეზუმფციას, რომ მოსარჩელემ მოპასუხეებს სადავო თანხა გადასცა.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართულ სხდომაზე თავად კასატორთა განმარტებაზე, რომ მათ მიერ სადავო ხელწერილის ნამდვილობა პირველად შედავებულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოში, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის ეტაპზე - ანუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე, რისი უფლებაც მათ ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე, დაკარგული ჰქონდათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის მტკიცების სტადიის წარმატებით განხორციელების გათვალისწინებით, სასამართლოს მოპასუხეთა ახალი არგუმენტები მთავარ სხდომაზე არ უნდა განეხილა. ამდენად, პალატა, კასატორთა ზემოხსენებულ შედავებას საქმის განხილვის მითითებულ სტადიაზე დაუშვებლად მიიჩნევს.

15.2. აქვე, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს სსსკ-ის 137-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის საფუძველზეც, მხარეს საქმის მომზადების შემდეგ, დოკუმენტის სიყალბესთან დაკავშირებით განცხადების გაკეთების უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი საბუთი წარდგენილია სასამართლოს მთავარ სხდომაზე ან ადრე წარდგენილი საბუთის სიყალბე მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი (ახალი გარემოების არსებობის პირობებში).

განსახილველ შემთხვევაში, სადავო ხელწერილი მოსარჩელის მიერ წარდგენილია სარჩელთან ერთად, ხოლო მოპასუხეებს არ მიუთითებიათ ახალ გარემოებაზე, რომ აღნიშნული დოკუმენტის სიყალბესთან დაკავშირებით ამ უკანასკნელთათვის მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე გახდა ცნობილი. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ხელწერილის შინაარსში და ხელმოწერების ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

16. საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო თანხის გადახდა განხორციელდა უფლებამოსილი პირის ნებართვის გარეშე დადებული იურიდიული ძალის არმქონე წილის ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულების მიზნით, სახელდობრ, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის 51 პუნქტის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის წილზე საკუთრების უფლება და მასთან დაკავშირებული ვალდებულება წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად ითვლება მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. საზოგადოების წესდების 7.4 პუნქტის მიხედვით, პარტნიორთა კრება წყვეტს წილთა შეძენის, გასხვისების, ასევე საზოგადოების შეძენა, გასხვისებისა და ლიკვიდაციის საკითხებს.

მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ საზოგადოების პარტნიორთა კრებას წილის გასხვისების საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია, ასევე უდავოა, რომ სადავო წილზე მოსარჩელის საკუთრება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში არ დარეგისტრირებულა, ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეებს გადასცა წილის ნასყიდობის თანხა 132 000 აშშ დოლარის ოდენობით, შესაბამისად, ბათილი წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (სსკ-ის 59.1 მუხლის თანახმად ბათილია ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა) მოსარჩელეს ნასყიდობის ფასის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობია, ამდენად, გადახდილი თანხით მოპასუხეები უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ, რაც, სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მიუღებელ შემოსავალთან ერთად ექვემდებარება უკან დაბრუნებას. აქვე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე... უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას“ (შდრ. სუსგ. #ას-184-171-2015, 20.05.2016; #ას-74-71-2016, 225-215-2016, 25.05.2016წ; # ას-1193-1122-2015, 31.05.2016წ.).

17. რაც შეეხება კასატორთა პრეტენზიას საპროცესო აღიარების გაქარწყლებასთან დაკავშირებით (სსსკ-ის 133-ე მუხლი), პალატა თვლის, რომ წინამდებარე განჩინების 15.1 პუნქტის არგუმენტაციიდან გამომდინარე, მოპასუხეთა მხრიდან თანხის ნაწილის (100 000 აშშ დოლარი) გადაცემის აღიარებას, განსახილველი დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივი მნიშვნელობა აღარ გააჩნია.

18. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 404-ე, 408-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.ბ–სა და ა.კ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი