საქმე №ას-698-698-2018 14 სექტემბერი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვა
სხდომის მდივანი - გიორგი შალამბერიძე
I საკასაციო საჩივრის ავტორი – ბ.მ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს "კ.ბ." (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - კ.ჩ.
II საკასაციო საჩივრის ავტორი - სს "კ.ბ."
მოწინააღმდეგე მხარეები – ბ.მ., ქ.ც., მ.ჭ–ძე, ნ.გ–ძე, ხ.ჭ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ნოემბრის განჩინება
I საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
II საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს „მ.ო.კ– სა“ (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი, პირველი კასატორი ან კრედიტორი) და ბ.მ–ს (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც ძირითადი მოპასუხე, აპელანტი, მეორე კასატორი, ძირითადი მოვალე ან მსესხებელი) შორის 2015 წლის 15 ივლისს დაიდო სესხის ხელშეკრულება რომლის საფუძველზეც, მოპასუხემ მოსარჩელისგან ისესხა 4500 აშშ დოლარი, 48 თვით, 2019 წლის 17 ივლისის ჩათვლით, ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის 1.42 %-ის დარიცხვით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 623-ე მუხლი).
2. ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო, პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაუხდელი ძირი თანხის 5%-ით, მაგრამ არანაკლებ 2 ლარით, ხოლო ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაუხდელი ძირი თანხის 0.27 %-ით განისაზღვრა. მსესხებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებაზე მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში დაერიცხებოდა (სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლები).
3. ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილ იქნა 2015 წლის 18 ივნისსა და იმავე წლის 14 ივლისს მ. (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე ან პირველი თავდები) და ხ. (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხე ან მეორე თავდები) ჭ–თან, ნ.ც–თან (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც მეოთხე მოპასუხე ან მესამე თავდები) და ნ.გ–თან (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც მეხუთე მოპასუხე ან მეოთხე თავდები) დადებული წერილობითი თავდებობებით, რომელთა საფუძველზეც, მხარეებმა იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა კრედიტორის წინაშე, დაეფარათ ძირითადი მოვალის დავალიანება, რომელიც მოიცავდა: ძირითად თანხას, საპროცენტო სარგებელს, სადაზღვევო პრემიასა და დარიცხულ პირგასამტეხლოსაც (სსკ-ის 891-ე, 892.1-ე, 893-ე, 895-ე, 896-ე და 898.1-ე მუხლები).
4. სოლიდარულმა თავდებებმა ვალდებულება იკისრეს, ძირითადი მოპასუხის დავალიანება გადაეხადათ, მაშინაც კი, როცა იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ ადგილი არ ექნებოდა (სსკ-ის 895-ე მუხლი).
5. სესხის ხელშეკრულებით, გათვალისწინებულ იქნა მსესხებლის სიცოცხლის სავალდებულო დაზღვევაც.
6. მსესხებელმა ნაკისრი ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა. მან 2016 წლის 17 იანვრიდან შეწყვიტა გადახდა.
7. მოსარჩელემ წერილობითი გაფრთხილებები გაუგზავნა მოპასუხეებს, რასაც შედეგი არ მოჰყოლია.
8. სარჩელის აღძვრის დროისათვის, მოსარჩელის მიმართ ძირითადი მოპასუხის ფულადი დავალიანება შემდეგი იყო: დასაბრუნებელი სესხი - 4238,48 აშშ დოლარი, სარგებელი - 2544,89 აშშ დოლარი, გადაუხდელი სადაზღვევო პრემია - 283,28 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 253,45 აშშ დოლარი და მომსახურების საკომისიო - 60,02 აშშ დოლარი (იხ. სესხის ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი, ტ.1. ს.ფ. 21-22, 35).
9. 2016 წლის 26 დეკემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების (ძირითადი და სოლიდარული მოვალეების) წინააღმდეგ და მოითხოვა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 7380.12 აშშ დოლარის ანაზღაურება. მისი მტკიცებით, ძირითადმა მოპასუხემ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ნაწილობრივ შეასრულა, კერძოდ, მან 2016 წლის 17 იანვრიდან შეწყვიტა გადახდა. მოსარჩელის მიერ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, არც ძირითად მოვალეს და არც სოლიდარულ თავდებებს დავალიანება არ დაუფარავთ.
10. წარდგენილი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ, მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში ცნეს. ძირითადი მოპასუხის მტკიცებით, იგი კეთილსინდისიერად იხდიდა სესხს, მოგვიანებით, მას შეექმნა მძიმე მატერიალური მდგომარეობა და სწორედ ამიტომ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მას მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის დარჩენილი ნაწილის დაფარვა შეუძლია. სოლიდარულმა თავდებებმა წარდგენილი დაუსაბუთებელი (არაკვალიფიციური) შესაგებლებით მხოლოდ სესხის გადახდაზე მათი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება მოითხოვეს.
11. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ 5995,71 აშშ დოლარის (4238,48 აშშ დოლარი - ძირითადი თანხა, 1443,76 აშშ დოლარი - პროცენტი, 313,47 აშშ დოლარი - პირგასამტეხლო) ანაზღაურება სოლიდარულად დაეკისრათ. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 50-ე, 316-ე, 317-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 799-ე, 891-ე და 895-ე მუხლები გამოიყენა.
12. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც ძირითადმა მოპასუხემ, ისე სოლიდარულმა თავდებებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის მხოლოდ ძირითადი თანხის ნაწილში დაკმაყოფილების, ასევე, სოლიდარული თავდებების ვალდებულებისაგან გათავისუფლებისა და თანხის მხოლოდ ძირითადი მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.
13. მოსარჩელემ შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა. მან გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით, სოლიდარული თავდებების სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად.
15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, ძირითადი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და მოსარჩელის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
15.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, შესაბამისად, მოპასუხეებს პროცენტი სარჩელის შემოტანის მომენტისათვის არსებული ოდენობით უნდა დაჰკისრებოდათ, რაც განსახილველ შემთხვევაში, 1443,76 აშშ დოლარი იყო. პალატის დასკვნებით, რაიონულმა სასამართლომ სწორად განსაზღვრა ასევე პირგასამტეხლო - 313.47 აშშ დოლარის ოდენობით;
15.2. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დაზღვევის თანხის ანაზღაურების ვალდებულება ძირითად მოპასუხეს არ წარმოშობია, გამომდინარე იქიდან, რომ სადაზღვევო კომპანიასა და მსესხებელს შორის არსებული ხელშეკრულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა;
15.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, თავდებებს ვალდებულების შესრულება კანონიერად დაეკისრათ. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით, ამ უკანასკნელების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, შესაბამისად, ძირითადი მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი მათ ნაცვლად ნაკისრი ვალდებულებისაგან გათავისუფლება მოეთხოვა.
16. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო ძირითადმა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილება, ასევე, სოლიდარული თავდებების ვალდებულებისაგან გათავისუფლება და სესხის ძირი თანხის მხოლოდ ძირითადი მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისისა და 14 ივნისის განჩინებებით, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
18. 2018 წლის 14 სექტემბერს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნით დანიშნულ სხდომაზე, მხარეებმა წარმოადგინეს მათ მიერ ხელმოწერილი შემდეგი შინაარსის წერილობითი მორიგება :
18. წარმოდგენილი მორიგების აქტით, ერთი მხრივ მოპასუხე სს „კ.ბ.“ (ს/კ ....) - წარმომადგენელი კ.ჩ. (პ/ნ .....) და მეორე მხრივ სოლიდარული მოვალეები : ბ.მ–ი (პ/ნ .....), ქ.ც. (პ/ნ ....), მ.ჭ–ძე (პ/ნ ....), ნ.გ–ძე (პ/ნ ...) და ხ.ჭ–ძე (პ/ნ ....) შეთანხმდნენ შემდეგზე:
18.1. სოლიდარული მოვალეები: ბ.მ–ი, ქ.ც. მ.ჭ–ძე, ნ.გ–ძე და ხ.ჭ–ძე ვალდებულებას კისრულობენ, სს „კ.ბ–ს“ 2015 წლის 15 ივლისის №.... სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 5995.71 აშშ დოლარისა და 295.18 ლარის ნაცვლად, გადაუხადონ 5200 აშშ დოლარი, ასევე, სასამართლო ხარჯები 445.18 ლარი (საიდანაც 145.18 ლარი არის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარი სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი), შემდეგი გრაფიკით:
- 2018 წლის 25 სექტემბერს გადაიხდიან 1300 აშშ დოლარსა და 150 ლარს,
- 2018 წლის 25 ოქტომბერს გადაიხდიან 1300 აშშ დოლარსა და 150 ლარს,
- 2018 წლის 25 ნოემბერს გადაიხდიან 1300 აშშ დოლარსა და 145.18 ლარს,
- 2018 წლის 25 დეკემბერს გადაიხდიან 1300 აშშ დოლარს.
18.2. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტით განსაზღვრული გადახდის გრაფიკის ან მორიგების აქტის ნებისმიერი პირობის დარღვევის შემთხვევაში (მათ შორის ვადის გადაცილებისას), მოვალეები ვალდებული იქნებიან კრედიტორს ერთიანად და სრულად გადაუხადონ თავდაპირველი დავალიანება - 5995.71 აშშ დოლარი და 295.18 ლარი, რასთან დაკავშირებითაც კანონით დადგენილი წესით იძულებითი აღსრულების მიზნით ამ მორიგების პირობების შესაბამისად გაიცემა სააღსრულებო ფურცლები.
18.3. მხარეები თანხმდებიან, რომ მოვალეებს უფლება აქვთ მორიგებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე შეასრულონ ვალდებულება და დაფარონ დავალიანება.
18.4. მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე ძალაში დარჩება საჩხერის რაიონული სასამართლოს მიერ N 2/296-16 საქმეზე 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
მოცემულ საქმეზე წარმოება უნდა შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
19. სსსკ-ის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმისწარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
20. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგება უნდა დამტკიცდეს და საქმისწარმოება უნდა შეწყდეს.
21. სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
22. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები მორიგდნენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, შესაბამისად, პირველ კასატორს (სს „კ.ბ.“) სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, ხოლო მეორე კასატორი (ბ.მ–ი) გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე 372-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 54-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დამტკიცდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგება შემდეგი პირობებით:
1.1. სოლიდარული მოვალეები: ბ.მ–ი პ/ნ ....., ქ.ც. პ/ნ ....., მ.ჭ–ძე პ/ნ ...., ნ.გ–ძე პ/ნ ..... ს/კ .....) 2015 წლის 15 ივლისის №.... სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების- 5995.71 აშშ დოლარი და 295.18 ლარი - ნაცვლად, გადაუხადონ 5200 (ხუთი ათას ორასი) აშშ დოლარი, ასევე სასამართლო ხარჯები 445.18 ლარი (საიდანაც 145.18 ლარი არის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარი სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი), შემდეგი გრაფიკით:
2018 წლის 25 სექტემბერს გადაიხდიან 1300 აშშ დოლარს და 150 ლარს,
2018 წლის 25 ოქტომბერს გადაიხდიან 1300 აშშ დოლარს და 150 ლარს,
2018 წლის 25 ნოემბერს გადაიხდიან 1300 აშშ დოლარს და 145.18 ლარს
2018 წლის 25 დეკემბერს გადაიხდიან 1300 აშშ დოლარს.
1.2. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტით განსაზღვრული გადახდის გრაფიკის ან მორიგების აქტის ნებისმიერი პირობის დარღვევის შემთხვევაში (მათ შორის ვადის გადაცილებისას), მოვალეები ვალდებულნი იქნებიან კრედიტორს ერთიანად და სრულად გადაუხადონ თავდაპირველი დავალიანება - 5995.71 (ხუთი ათას ცხრააოთხმოცდაცხრამეტი და 71 ცენტი) აშშ დოლარი და 295.18 ლარი, რაზედაც კანონით დადგენილი წესით იძულებითი აღსრულების მიზნით ამ მორიგების პირობების შესაბამისად გაიცემა სააღსრულებო ფურცლები.
1.3. მხარეები თანხმდებიან, რომ მოვალეებს უფლება აქვთ მორიგებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე შეასრულონ ვალდებულება და დაფარონ დავალიანება.
1.4. მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე ძალაში დარჩება საჩხერის რაიონული სასამართლოს მიერ N 2/296-16 საქმეზე 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
2. გაუქმდეს ამ საქმეზე საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის განჩინება და მოცემულ საქმეზე შეწყდეს წარმოება;
3. განემარტოთ მხარეებს, რომ იმავე საგანზე, იმავე საფუძვლით და იმავე მხარეებს შორის დავა აღარ დაიშვება;
4. სს „კ.ბ–ს” (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2018 წლის 11 მაისს No 212762 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარი;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და აღარ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი