Facebook Twitter

საქმე №ა-2206-2020 14 დეკემბერი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა (დისტანციური რეჟიმით)

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

განმცხადებელი – სს "ს.კ. ჯ.ჰ–ი" (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.ტ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინება

განცხადების ავტორის მოთხოვნა – საქმისწარმოების განახლება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე საქართველოს სს "ს.კ. ჯ. ჰ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, კერძო საჩივრის ავტორი ან განმცხადებელი) საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინება მხარემ 2019 წლის 23 სექტემბერს ჩაიბარა. განჩინების გასაჩივრების 12-დღიანი ვადის ათვლა განჩინების ჩაბარების მომდევნო დღიდან - ანუ 2019 წლის 24 სექტემბრიდან დაიწყო და 2019 წლის 7 ოქტომბერს ამოიწურა, შესაბამისად, კერძო საჩივარი წარდგენილ უნდა ყოფილიყო 2019 წლის 7 ოქტომბრს ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო საჩივარი ავტორმა 2019 წლის 8 ოქტომბერს წარადგინა, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

3. 2020 წლის 2 ივლისს, საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და განმარტა, რომ კერძო საჩივარი ფოსტაში 2019 წლის 3 ოქტომბერს დარეგისტრირდა, ხოლო სასამართლოს კანცელარიაში იმავე წლის 8 ოქტომბერს აღირიცხა. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ კერძო საჩივარი დატოვა განუხილველად, რაც საკასაციო სასამართლომაც გაიზიარა. განცხადებას თან ერთვის შპს ,,ს.კ–ს“ ცნობა, რომლის თანახმად, კერძო საჩივარი ფოსტაში წარდგენილია 2019 წლის 3 ოქტომბერს, ე.ი. საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით. განმცხადებლის განმარტებით, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს განჩინება მხოლოდ 2020 წლის 25 ივნისს ჩაჰბარდა, მოკლებული იყო შესაძლებლობას, აღნიშნული მტკიცებულება საქმის განხილვის დროს წარედგინა.

4. ამ განჩინების მე-3 პუნქტში დასახელებული გარემოების გამო განმცხადებელმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმება და საქმის განხილვის განახლება მოითხოვა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოსარჩელის განცხადება დასაშვებად მიიჩნია და მისი განხილვა ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით განსაზღვრა.

6. განცხადების განხილვა დისტანციურ რეჟიმში წარიმართა, წარმომადგენელმა მიუთითა განცხადებაში აღნიშნულ გარემოებაზე (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი), ხოლო დ.ტ–მა (შემდეგში - მოპასუხე) - მოსარჩელის არაკეთილსინდისიერებასა და სამოქალაქო უფლების ბოროტად გამოყენებაზე გაამახვილა ყურაადღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და მოსარჩელის განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმისწარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (სსსკ-ის 422-ე მუხლი) ან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების შესახებ (სსსკ-ის 423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

8. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი საქმისწარმოების განახლებას იმ საფუძვლით ითხოვს, რომ მან საკასაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში - 2019 წლის 3 ოქტომბერს ჩააბარა ფოსტას, ხოლო სასამართლოს კანცელარიაში იმავე წლის 8 ოქტომბერს აღირიცხა, მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ კერძო საჩივარი დატოვა განუხილველად, რაც საკასაციო სასამართლომაც გაიზიარა.

9. სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება) შეიძლება, გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს, წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს შემდეგი წინაპირობები:

- მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას;

- ამ გარემოებებისა და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ;

- მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე (შდრ. სუსგ N ვ-74-ა-5-2016, 17.06.2016 წ.).

11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის #2/8/765 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სსსკ-ის 430-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების (საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადება განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას იმ შემთხვევაში, როდესაც უქმდება სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას) გათვალისწინებული საფუძვლით კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, ასევე, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის (თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას) გათვალისწინებული საფუძვლით გაუქმების შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით (ამ განჩინების მიღების დროს საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით მხედველობაშია 31-ე მუხლის პირველი პუნქტი - ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია).

12. საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილებით ხაზგასმულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუქცევადობის მნიშვნელობა და განმარტებულია, რომ დაუსრულებელი დავის შესაძლებლობა დააფრთხობს პირებს, გაართულებს სამართლებრივი უსაფრთხოების დამყარებას - უფლების მუდმივი საეჭვოობის დაშვება მოსპობს თავად უფლების სიცოცხლისუნარიანობას, რადგან ის ვერ იქნება გამოყენებული მომავალი ურთიერთობების დასამყარებლად, უფლებების შესაძენად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის N 3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-27).

13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის განჩინებაში, საქმე „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (განაცხადი N 18156/05), მითითებულია, რომ კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმადაც სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა იწვევდეს ეჭვს (ბრუმანესკუ რუმინეთის წინააღმდეგ, 28342/95). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არც ერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს შენიღბულ აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით. გარდა ამისა, საკუთრების ინტერესის არსებობა, რომელიც დადასტურებულია სავალდებულო და საბოლოო განჩინებით, წარმოადგენს განჩინების ბენეფიციარის „საკუთრებას“ N1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დადგენილი მნიშვნელობით. ასეთი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა უტოლდება საკუთრებით სარგებლობაში ჩარევას (იხ. სხვათა შორის, ბურდოვი რუსეთის წინააღმდეგ, N 59498/00).

14. საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის გამოყენებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება უქმდება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ მტკიცებულებების დროულად წარმოდგენის შემთხვევაში მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა გულისხმობს არა მხოლოდ იმ შემთხვევებს, როდესაც დგინდება ახლად აღმოჩენილი გარემოების/ მტკიცებულების იმდენად ძირეული გავლენა გადაწყვეტილებაზე, რომ მისი არსებობისას მიღებული იქნებოდა სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება, არამედ ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც ახლად აღმოჩენილი გარემოებას/ მტკიცებულებას შეუძლია განცხადების ავტორის სასიკეთოდ ცვლილება შეიტანოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში ნაწილობრივ შეცვალოს მის მიმართ მიღებული ნეგატიური სამართლებრივი შედეგები.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგია ის, რომ იგი სავალდებულოა, მას აქვს მაღალი ლეგიტიმაცია და სანდოობა, თუმცა, მიუხედავად ამისა, საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების შესაძლებლობას, მათ შორისაა - სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმის კონსტიტუციურობა ეჭვს არ იწვევს, არამედ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რაც ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა თუ მტკიცებულების არსებობისა და მისი საფუძვლიანობის შემთხვევაში „a priori“ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას იწვევდა, მიუხედავად იმისა, შეიცვლებოდა თუ არა გადაწყვეტილებით მიღებული სამართლებრივი შედეგი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (ნორმის დეფინიცია იხ. მე-11 პუნქტში) დადგენილი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება უნდა დაეფუძნოს სასამართლოს მიერ გამოკვლეულ იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებულ დავას თუნდაც ნაწილობრივ, მაგრამ სხვაგვარად მოაწესრიგებს. საკონსტიტუციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებით მიზნად ისახავს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებით არ დაზიანდეს და საფრთხე არ შეექმნას სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ საზოგადოებაში არსებულ მაღალ ნდობას.

16. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, თუ მოსამართლე გამოიტანს დასკვნას, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების შედეგების გაუქმებით შელახული ინტერესები აღემატება განმცხადებლის დაცულ ინტერესს, მაშინ მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, არ გააუქმოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ამ განჩინების მე-15 პუნქტში მოხმობილი არგუმენტი არის საკვანძო საკითხი, რის გამოც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გაუქმების შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით (ამ განჩინების მიღების დროს საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით მხედველობაშია 31-ე მუხლის პირველი პუნქტი - ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია).

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებისას, მნიშვნელოვანია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადების არსებითად განხილვის დროს სასამართლო განცხადების განხილვის დროს ხელმძღვანელობდეს იმ ამოსავალი დებულებით, რომ შეაფასოს, თუ რამდენად მოახდენს გავლენას საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიჩნეული გარემოება თუ მტკიცებულება განსაახლებელი საქმის სამართლებრივ შედეგზე. თუკი სასამართლო დაასკვნის, რომ სამართლებრივი სურათი საქმეზე, რომელზედაც მოთხოვნილია წარმოების განახლება, არ შეიცვლება, მან უარი უნდა უთხრას განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და მარტოოდენ ფორმალურად არ უნდა გააუქმოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. საქმისწარმოების განახლებას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, იგი შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული და საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადება სასამართლომ უნდა განიხილოს იმგვარად, რომ არსებითად გადაწყიტოს საქმისწარმოების განახლება შეცვლის თუ არა უკვე მიღებული გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს.

18. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებლის პრეტენზია და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც ადრე არც სასამართლოსთვის და არც განმცხადებლისთვის არ იყო ცნობილი, წარმოშობს მოსარჩელის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან საქმისწარმოების განახლების საფუძველს. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი საფოსტო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ კასატორმა ფოსტის მომსახურებით ისარგებლა და მან საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2019 წლის 3 ოქტომბერს გაგზავნა (სსსკ-ის 61.3-ე მუხლი), გზავნილი კი სასამართლოში 2019 წლის 8 ოქტომბერს დარეგისტრირდა.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვლინდება ახლად აღმოჩენილი გარემოება (საფოსტო შეტყობინების ბარათი), რაც სადავო განჩინების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების საფუძველია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი შემთხვევა არის სწორედ ისეთი შემთხვევა, რაც განმცხადებლისათვის საპროცესო სამართლებრივად ხელსაყრელი გადაწყვეტილების (განჩინების) გამოტანას განაპირობებს, მისი კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, კერძო საჩივრის ვადის დარღვევით წარდგენის მოტივით, საკასაციო სასამართლოს წარმოებაშიც კი არ მიუღია განმცხადებლის კერძო საჩივრის პრეტენზია, შესაბამისად, არსებითად არ უმსჯელია და შეუფასებია კერძო საჩივრის საფუძვლები, რაც გასაჩივრების ფუნდამენტურ უფლებას უკავშირდება სასამართლო გზით უფლების დაცვის დროს. მოცემულ შემთხვევაში, რადგან დასაბუთებულია საკუთარი საპროცესო უფლების კანონით დადგენილ ვადაში გამოყენების თაობაზე განმცხადებლის პრეტენზია, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო კერძო საჩივარი წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული, რაც ცალსახად მნიშვნელოვანია მოსარჩელისათვის, რომელმაც კანონით დადგენილი წესით გაასაჩივრა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინება, შესაბამისად, განმცხადებლის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან შემოწმება არის ის დასაბუთებული საფუძველი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მხარეს, მისი კერძო საჩივარი შესწავლილ იქნეს სამართალწარმოების საბოლოო ეტაპზე.

20. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „მირიგალ ესკოლანო და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ, როდესაც საკითხი უკავშირდება სამართლებრივი სიცხადის პრინციპს (Legal certainty), ეს არ არის უბრალოდ სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაციის პრობლემა, არამედ არსებობდა პროცედურული მოთხოვნის არაგონივრული კონსტრუქცია, რამაც გამოიწვია ეფექტიანი სასამართლო დაცვის უფლების დარღვევა. მხარეებს უნდა შეეძლოთ, გასაჩივრების უფლების გამოყენება იმ მომენტიდან, როცა მათ ძალუძთ შეაფასონ ის ტვირთი, რომელსაც აკისრებთ სასამართლო გადაწყვეტილება. ეროვნული სასამართლოების მიერ პროცედურული წესის განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ არასწორად ჩამოართვა მომჩივნებს თავიანთი საჩივრების განხილვისათვის სასამართლოსადმი წვდომის უფლება (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, par. 33, 2000, ECHR).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით, 257-ე მუხლის პირველი ნაწილით, 421-ე, 423-ე, 430-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს "ს.კ. ჯ.ჰ–ის" განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინება, განახლდეს საქმისწარმოება და სს "ს.კ. ჯ.ჰ–ის" კერძო საჩივრის განხილვა დაინიშნოს 2021 წლის 24 დეკემბერს - ზეპირი მოსმენის გარეშე;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე