საქმე №ას-1006-2018 12 სექტემბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. კ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ქ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. მ. კ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ქ-ის (შემდგომში _ მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, მხარეთა შორის 2012 წლის 8 ოქტომბერს გაფორმებული 234 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ #20.48.05.8--- შემდგომში _ სადავო უძრავი ქონება) ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ქონების მოსარჩელისათვის დაბრუნების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს აქვს 558 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საიდანაც 234 კვ.მ, 2012 წლის 8 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 1 000 აშშ დოლარად მიჰყიდა მოპასუხეს, ხელშეკრულება გაფორმდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. შემძენს არ გადაუხდია ნასყიდობის საფასური, მან ბოროტად გამოიყენა მოსარჩელის თანხმობა იმის თაობაზე, რომ ქონების ღირებულებას გადაიხდიდა ნაწილ-ნაწილ.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მრავალი წლის განმავლობაში მისი ოჯახის მფლობელობაში იმყოფებოდა და სწორედ ამიტომ შეიძინა იგი სიმბოლურ ფასად _ 1 000 აშშ დოლარად. მხარეებმა თანხის გადახდა დაადასტურეს ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით, შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ნასყიდობის საზღაური არ არის გადახდილი, ისევე, როგორც მხარეთა შეთანხმებაზე, თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდის შესახებ.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. მხარეთა შორის სადავო არაა ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი, კერძოდ, მოსარჩელემ მოპასუხეს მიჰყიდა სადავო მიწის ნაკვეთი და საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით ამჟამად უძრავი ნივთის მესაკუთრე არის მოპასუხე;
1.2.2. მხარეთა შორის სადავო არ არის არც გამყიდველის და არც მყიდველის უფლების ნამდვილობა, არამედ, მოსარჩელე ხელშეკრულების ბათილობას მოითხოვს იმ საფძვლით, რომ მოპასუხეს არ გადაუხდია ნასყიდობის საგნის ღირებულება და ამ ფაქტის მტკიცების მიზნით წარმოდგენილი აქვს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები;
1.2.3. საქმეში არსებული 2012 წლის 8 ოქტომბრის მხარეთა შორის დადებული ნასყოდობის ხელშეკრულების თანახმად (რომელიც სადავო არაა მხარეთა შორის), ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 1 000 აშშ დოლარით, რაც მყიდველმა სრულად გადაიხადა.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. ამდენად, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მხარეთა განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები და წერილობით მტკიცებულებას, რომელშიც შემძენის მიერ თანხის გადახდის ვალდებულებაა დადასტურებული, მოწმეთა ჩვენებებთან შედარებით მართებულად მიანიჭა უპირატესობა. საკასაციო პრეტენზიებთან მიმართებით სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ნასყიდობა სინალაგმატურ ვალდებულებათა რიგს მიეკუთვნება, სადაც მხარეებს ურთიერთ მოთხოვნები და ვალდებულებები გააჩნიათ, იმ შემთხვევაში, თუკი ვერ დადგინდებოდა შემძენის მიერ თანხის გადახდის ფაქტი, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი ძალით გამყიდველს შესაძლოა მხოლოდ თანხის დაკისრების მოთხოვნის უფლება წარმოშობოდა და არა გარიგების ბათლად ცნობისა, ვინაიდან ნების ნაკლი არა თუ საქმის მასალებით, თავად მოსარჩელის განმარტებებიდანაც არ დგინდება. გარდა ამისა, იმ პირობებში, როდესაც თავად ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით დგინდება მყიდველის მხრიდან ვალდებულების შესრულება, მოსარჩელის მოთხოვნა ვერც ხელშეკრულებიდან გასვლისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენად იქნება მიჩნეული, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლებისა. საბოლოოდ პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ორმხრივი ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნათა თაობაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა თვლის, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს თ. ნ-იას მიერ 26.06.2018წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის, 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ მ. კ-ეს (პ/#6-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს თ. ნ-იას მიერ 26.06.2018წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური