Facebook Twitter

საქმე №ას-1027-2018 21 სექტემბერი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ს. შ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ი-ი (მოსარჩელე)

მესამე პირი _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ალიმენტის სახით 200 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ს. ი-მა (შემდგომში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. შ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) მიმართ და მოითხოვა:

i მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა;

ii 2012 წლის 28 მაისს დაბადებული ს. შ-ის საცხოვრებელ ადგილად ს. ი-ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა;

iii ს. შ-ისათვის არასრულწლოვანი შვილის (2012 წლის 28 მაისს დაბადებული ს. შ-ის) სასარგებლოდ სარჩელის აღძვრის მომენტიდან (2017 წლის 13 თებერვლიდან) ბავშვის სრულწლოვანებამდე ალიმენტის სახით ყოველთვიურად 1 000 ლარის დაკისრება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2009 წლის 2 თებერვლიდან მხარეები იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში, 2012 წლის 28 მაისს, შეეძინათ შვილი _ ს. შ. მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობაა. მოპასუხე მოსარჩელეზე ხშირად ძალადობდა ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად და ამჟამად ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი ს. შ-ი ცხოვრობს დედასთან, ს. ი-თან. მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში, მათი უთანხმოება გავლენას ახდენდა ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. არასრულწლოვნის ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებელია, მის საცხოვრებელად განისაზღვროს მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილი. საგულისხმოა, რომ მოსარჩელე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი. მოპასუხე ვალდებულია, ზრუნავდეს და მონაწილეობას ღებულობდეს არასრულწლოვანი შვილის აღზრდა-განვითარებაში. მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება რამდენიმე უძრავი ქონება, როგორც ქ.თბილისში, ისე _ ქ.ბათუმში. იმის გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვანი ბავშვი არის ირანში დაბადებული, იგი საქართველოში ქართულენოვან საჯარო სკოლაში ვერ შეძლებს სათანადო განათლების მიღებას და საჭიროებს კერძო სასწავლებელში სწავლას, რაც ასევე დაკავშირებულია მატერიალურ სახსრებთან. მოპასუხე ვალდებულია და აქვს კიდევაც შესაძლებლობა, სათანადოდ მიიღოს მონაწილეობა შვილის აღზრდა-განვითარებაში.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, ის დაეთანხმა არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებლის განსაზღვრის მოთხოვნას, რაც შეეხება ალიმენტს, მოპასუხემ ეს მოთხოვნა მხოლოდ 150 ლარის დაკისრების ნაწილში ცნო და განმარტა, რომ ამჟამად არ არის დასაქმებული არც საქართველოს და არც ირანის რესპუბლიკაში. მას არ გააჩნია საკმარისი მატერილაური სახსრები. არასრულწლოვან შვილთან აქვს თბილი და მოსიყვარულე დამოკიდებულება, ხშირად ჩამოდის საქართველოში მის სანახავად. მასვე პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი სრულწლოვანი შვილი, სწორედ მის შვილს (პირველი ქორწინებიდან) საკუთრებაში აქვს სილამაზის სალონი, შესაბამისად გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი და ფინანსურად ეხმარება მოპასუხე ს. შ-ს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ნოემბრის ნაწილობრივი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არასრულწლოვანი ს. შ-ის (დაბადებული 2012 წლის 28 მაისს) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის _ ს. ი-ის, საცხოვრებელი ადგილი. ამავე გადაწყვეტილებით ს. შ-ს (პ/#0--..) არასრულწლოვანი შვილის _ ს. შ-ის (დაბადებული 2012 წლის 28 მაისს) სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრიდან _ 2017 წლის 13 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის სახით თვეში 150 ლარის დაკისრება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ალიმენტის სახით 200 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 406-ე მუხლის შესაბამისად, გზრდილი საკასაციო პრეტენზიის ნაწილში (50 ლარი) საკასაციო საჩივარს უარი ეთქვა განსახილველად მიღებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. ს. ი-ს და ს. შ-ს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი - 2012 წლის 28 მაისს დაბადებული ს. შ-ი;

1.2.2. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს დედასთან;

1.2.3. მოსარჩელეს არც სამსახური და არც სტაბილური შემოსავალი არ აქვს;

1.2.4. ერთად ცხოვრების პერიოდში მოპასუხე მუშაობდა, ჰქონდა შემოსავალი. ამჟამად ის არ არის დასაქმებული, არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი;

1.2.5. ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდის მიზნით, შესაბამისი მატერიალური დახმარება არ გაუწევია. მოპასუხემ არასრულწლოვანს რამდენჯერმე გამოუგზავნა სათამაშოები;

1.2.6. მოპასუხის სახელზე ირიცხება ქ.ბათუმში მდებარე საცხოვრებელი ფართი;

1.2.7. რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ მოპასუხის კმაყოფაზე, მხარეთა საერთო არასრულწლოვანი შვილის გარდა, იმყოფებიან სხვა პირები, რომელთა რჩენის ვალდებულებაც გააჩნია მოპასუხეს, საქმეში წარმოდგენილი არ არის (მოპასუხეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი სრულწლოვანი შვილი).

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. ამდენად, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ საოჯახო საქმეთა განხილვის პროცესუალური თავისებურება სასამართლო ინკვიზიციურობაა (იხ. სსსკ-ის 354.1 მუხლი), რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს შეუძლია, თავად განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე, რათა მიღწეულ იქნას საქმეზე ჭეშმარიტება. განსახილველი საკითხი, გარდა იმისა, რომ უკავშირდება მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობის დადგენას, მიმართულია ბავშვის საარსებო წყაროს განსაზღვრაზე. ამ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა ბავშვის ინტერესთა უპირატესობის პრინციპით (იხ. ევროკონვენციის მე-8 მუხლი, ასევე, ევროსასამართლოს პრაქტიკა ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან მიმართებით, მაგ: Maslov v. Austria [GC], საჩ. ნომ. 1638/03, 2008 წლის 23 ივნისი) და მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობა სწორად შეაფასა ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის მე-18 მუხლთან მიმართებაში. გასაჩივრებული განჩინება გონივრულ პროპორციას ადგენს ალიმენტის შინაარსობრივ დატვირთვასა და მშობლის ვალდებულებას შორის, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი. პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო ყოველთვისაა ვალდებული, დაადგინოს გონივრული თანაფარდობა ალიმენტვალდებული პირის (იხ. სკ-ის 1212-ე მუხლი) რეალურ მატერიალურ მდგომარეობასა და ალიმენტის მიღების უფლების მქონე პირის ინტერესებს შორის და ისე განსაზღვროს სარჩოს ოდენობის საკითხი. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩვრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ სწორად მოიძია/განმარტა მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა _ სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლი, სწორად შეაფასა არასრულწლოვნის ინტერესები და მართებულად ჩათვალა, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობიდან და არასრულწლოვანის საჭიროებებიდან გამომდინარე, ალიმენტის ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო 300 ლარით. საბოლოოდ პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), პალატა თვლის, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გ. გ-ის მიერ 28.06.2018წ. #25 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. შ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ს. შ-ს (ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტის #U-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს გ. გ-ის მიერ 28.06.2018წ. #25 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური