Facebook Twitter

საქმე №ას-1062-2018 21 სექტემბერი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ს-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ჯ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სარჩოს ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. გ. ჯ-ამ (შემდგომში _ მოსარჩელე, მეორე აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, პირველი აპელანტი, კასატორი ან მოვალე) მიმართ და მითხოვა 2013 წლის 1 ნოემბრიდან 2016 წლის აგვისტოს ჩათვლით გადაანგარიშებული სარჩოს სხვაობის _ 10 496,22 ლარისა და 2016 წლის 1 სექტემბრიდან ყოველთვიურად მებუნიკის ხელფასის 90%-ის (საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის გამოქვითვით) მოპასუხისათვის დაკისრება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხე ორგანიზაციაში. 1990 წელს მან მიიღო საწარმოო ტრავმა, რის გამოც დაკარგა პროფესიული შრომის უნარი 100%-ით, საიდანაც დაზარალებულის ბრალი შეადგენს 10%-ს, ხოლო მოპასუხის _ 90%-ს. კრედიტორი მოპასუხე ორგანიზაციისგან იღებს ყოველთვიურ სარჩოს, მაგრამ მოვალე არ ახდენს მოსარჩელიისთვის გასაცემი სარჩოს ოდენობის გადაანგარიშებას, იმავე კატეგორიის მოქმედი მუშაკის - მებუნიკის ხელფასის გაზრდილი ოდენობის გათვალისწინებით, რის გამოც კარგავს იმ შემოსავალს, რაც კანონით ეკუთვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მარტივი შედავებით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ არ არსებობს დანიშნული სარჩოს გადაანგარიშების, ასევე, მიუღებელი სარჩოს სხვაობის ანაზღაურების მომწესრიგებელი სამართლებრივი დანაწესი, გარდა ამისა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სარჩოს მიღება 65 წლის ასაკამდე დაიშვება და არა ამ ასაკის მიღწევის შემდგომ.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის ნოემბრიდან 2016 წლის აგვისტოს ჩათვლით მიუღებელი სარჩოს სხვაობის _ 10 496,22 ლარისა (საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გარეშე) და 2016 წლის 1 სექტემბრიდან საპენსიო ასაკის მიღწევამდე ყოველთვიურად 531,17 ლარის ანაზღაურება.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, პირველმა აპელანტმა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო, მეორე აპელანტმა _ სარჩელის სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით პირველი აპელანტის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მეორე აპელანტის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის 1 ნოემბრიდან 2016 წლის 1 სექტემბრამდე 10 496,22 ლარის (საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით), ხოლო 2016 წლის 1 სექტემბრიდან საპენსიო ასაკის მიღწევამდე ყოველთვიურად 531 (საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით) ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა პირველმა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. კრედიტორი მოპასუხისგან მოითხოვს 2013 წლის 1 ნოემბრიდან 2016 წლის 1 სექტემბრამდე გადაანგარიშებული სარჩოს სხვაობას - 10 496.22 ლარსა და 2016 წლის 1 სექტემბრიდან ყოველთვიურად 531 ლარის გადახდას მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საგადასახადო განაკვეთის გათვალისწინებით;

1.2.2. კრედიტორი წლების განმავლობაში მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციაში სადგურ ს-ის მებუნიკედ. 1990 წლის 20 მარტს მოსარჩელემ მიიღო საწარმოო ტრავმა და დაკარგა პროფესიული შრომის უნარი 100%-ით, საიდანაც მას ბრალად შეერაცხა 10%, ხოლო, მოპასუხის ბრალს წარმოადგენდა 90%;

1.2.3. საწარმოო ტრავმის გამო გ. ჯ-ა ყოველთვიურად იღებდა სარჩოს მოპასუხისაგან 220.17 ლარის ოდენობით;

1.2.4. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე გ. ჯ-ას მოპასუხისგან მიღებულია აქვს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 ნოემბრამდე სარჩოს გადანგარიშებულ და მიღებულ ოდენობებს შორის სხვაობა;

1.2.5. მოპასუხის სადგურ ს-ის მებუნიკის ყოველთვიური ხელფასი 2013 წლის 1 ნოემბრიდან 2014 წლის 1 იანვარმდე შეადგენდა 550 ლარს (დარიცხული), ხოლო, 2014 წლის 1 იანვრიდან დღემდე _ 590 ლარს (დარიცხული); ასევე, უდავოა, რომ მიუხედავად მებუნიკის ხელფასის ზრდისა, მოსარჩელის სარჩოს ოდენობა 2013 წლის 1 ნოემბრიდან 2016 წლის 1 სექტემბრამდე არ გაზრდილა (2013 წლის 1 ნოემბრიდან 2016 წლის 1 სექტემბრამდე მოსარჩელის მიერ სარჩოს სახით მიღებულ და მისაღებ თანხებს შორის სხვაობა შეადგენს 10 496.22 ლარს ((495-220.17)*2+(531-220.17)*32), რაც დარიცხული და არა ხელზე ასაღები ოდენობაა (იხ.: სარჩელი, ხელფასის ცნობა).

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. ამდენად, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მოიძია მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები: შრომის კოდექსის 44-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 408-ე და 411-ე მუხლები, ხოლო კასატორის ძირითადი შედავება, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ აწესრიგებს სარჩოს გადაანგარიშებას, არ ექვემდებარება გაზიარებას. საბოლოოდ პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც დანიშნული სარჩოს გადაანგარიშების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (იხ. სუსგ-ებები: #ას-789-746-2015; #ას-637-608-2016). კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს შეუქმნიდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), პალატა თვლის, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 03.07.2018წ. #13105 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 711,31 ლარის 70% _ 497,917 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს „ს-ას“ (ს/კ #2-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 03.07.2018წ. #13105 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 711,31 ლარის 70% _ 497,917 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური