საქმე №ას-1069-2018 3 სექტემბერი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ე.ნ., ნ.ხ., თ.ხ. (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ხ., გ.ხ. (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – თანამესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით ე.ნ–ის, თ.ხ–ისა და ნ.ხ–ის სარჩელი (შემდეგში: მოსარჩელეები, აპელანტები, კერძო საჩივრის ავტორები), თ. და გ.ხ–ების (შემდეგში: მოპასუხეები) წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მაისის განჩინებით მოსარჩელეებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ 7 დღის ვადაში წარედგინათ სახელმწიფო ბაჟის - 400 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ტ.2, ს.ფ.3-5). აღნიშნული განჩინება კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა პირადად აპელანტების წარმომადგენელს 2018 წლის 16 მაისს (ტ.2, ს.ფ.7). შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 7- დღიანი ვადის ათვლა დაიწყო იმავე წლის 17 მაისს და ამოიწურა 23 მაისს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დასახელებულ ვადაში აპელანტებს ან მათ წარმომადგენელს ხარვეზის გამოსწორების მიზნით ან სხვა შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავთ.
5. აპელანტების წარმომადგენელმა 2018 წლის 13 ივნისს სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე, ამასთან, განმარტა, რომ ხარვეზის თაობაზე განჩინება არ ჩაბარებია და უკუგზავნილზე არსებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის. იმავე წლის 18 ივნისს, სასამართლოს განცხადებით მიმართეს, აგრეთვე, თავად აპელანტებმა და აღნიშნეს, რომ მათ მიერ გაცემული რწმუნებულება წარმომადგენელს არ ანიჭებდა განჩინების ჩაბარების უფლებამოსილებას, რის გამოც, ხარვეზის თაობაზე განჩინება მათ უნდა გადაეცეთ და გაუგრძელდეთ საპროცესო ვადა აღნიშნულის აღმოფხვრისათვის (ტ.2, ს.ფ.9-35).
6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი აღარ მიიღება - სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს აპელანტებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის იმავე ეტაპიდან გაგრძელება მოითხოვეს.
8. კერძო საჩივრის ავტორთა მტკიცებით მათ წარმომადგენელს არ ჰქონდა უფლებამოსილება, ჩაებარებინა ხარვეზის თაობაზე სასამართლოს განჩინება, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული საპროცესო მოქმედების განხორციელებაზე წარმომადგენელს უფლებამოსილება მინიჭებული აქვს. კერძო საჩივრის პრეტენზიის მიხედვით, ხარვეზის თაობაზე არსებული განჩინების ჩაბარების დამადასტურებელი საფოსტო უკუგზავნილის ხელმოწერა არ ეკუთვნის მხარის წარმომადგენელს, ვინაიდან მას არ ჩაბარებია განჩინება.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2018 წლის 23 ივლისის განჩინებით მოსარჩელეების კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
12. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა ხარვეზი არ შეავსეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.
13. წინამდებარე შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტების წარმომადგენელს, კანონით დადგენილი წესით, 2018 წლის 16 მაისს ჩაჰბარდა ხარვეზის თაობაზე განჩინება, ხოლო მოსარჩელეებს განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ აღმოუფხვრიათ (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 და მე-5 პუნქტები) და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსათვის. ამასთანავე, იმავე წლის 13 ივნისსა და 18 ივნისს აპელანტების წარმომადგენელმა და თავად აპელანტებმა სასამართლოს მიმართეს შუამდგომლობით და მოითხოვეს, საპროცესო ვადის გაგრძელება. აღნიშნულის საფუძვლად მხარის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მას განჩინება არ ჩაბარებია და საფოსტო უკუგზავნილზე ხელმოწერაც მას არ ეკუთვნის, ხოლო თავად აპელანტებმა კი განმარტეს, რომ ხარვეზის თაობაზე არსებული განჩინების ჩაბარებაზე რწმუნებულისათვის უფლებამოსილება არ მიუნიჭებიათ, რის გამოც განჩინება მათ უნდა ჩაჰბარდეთ და, შესაბამისად, გაუგრძელდეთ ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის პრეტენზიების პასუხად განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ განჩინება ხარვეზის თაობაზე გაუგზავნა მხარეთა წარმომადგენელს სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მის მიერვე მითითებულ მისამართზე (იხ. სარჩელი - ტ.1, ს.ფ.3; უკუგზავნილი - ტ.2, ს.ფ.7), რომელიც საქმის წარმოების სხვა ეტაპზე, არაერთ განცხადებასა თუ სხვა დოკუმენტში თავად წარმომადგენელს აქვს მითითებული (ტ.1, ს.ფ.257; 283; 314; ტ.2, ს.ფ. 8; 9).
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის, ალეტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსახვებული წესის მიხედვით. თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია უწყება კანონით დადგენილი წესით ადრესატისათვის ჩაბარებულად, ხოლო საწინააღმდეგოს მტკიცება თავად მხარეს ეკისრება, რაც წინამდებარე შემთხვევაში სათანადო მტკიცებულებებით ვერ შეძლეს აპელანტებმა.
16. სსსკ-ის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.
17. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს კერძო საჩივრის პრეტენზიაზე რწმუნებულის უფლებამოსილებასთან მიმართებით, კერძოდ იმაზე, რომ წარმომადგენელს არსებული რწმუნებულების ფარგლებში ხარვეზის თაობაზე განჩინების ჩაბარების უფლებამოსილება არ გააჩნდა, ვინაიდან ასეთი სპეციალურად არ ჰქონდა მინიჭებული. საქმეში წარმოდგენილი რწმუნებულების საფუძველზე ირკვევა, რომ მოსარჩელეებს წარმომადგენლისათვის მინიჭებული ჰქონდათ რწმუნებულება ყველა სახის საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის, რასაც მოწმობს რწმუნებულებაში არსებული ჩამონათვალი იმ საპროცესო მოქმედებების შესრულებისა, რომლის განხორციელებაც წარმომადგენელს შეეძლო მოსარჩელეების სახელით. რაც შეეხება უშუალოდ განჩინების ჩაბარების უფლებამოსილებას, ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ სპეციალურ ჩამონათვალში არ არის ცალკე აღნიშნული, ასეთი უფლებამოსილების წარმომადგენლისათვის მინიჭების შემთხვევაში რწმუნებულებაში მისი საგანგებოდ და განცალკევებულად აღნიშვნის ვალდებულების თაობაზე, რაც გულისხმობს, რომ რწმუნებულების მინიჭებით, ზემოხსენებული მუხლის ზოგად დანაწესში ექცევა უფლებამოსილება მარწმუნებლის სახელით განჩინების ჩაბარების თაობაზე (უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება).
18. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება და არც აპელანტებს, ან მათ წარმომადგენელს მიუთითებიათ ისეთ მტკიცებულებაზე, რომელიც გამორიცხავდა რწმუნებულის უფლებამოსილებას ზემოხსენებული განჩინების ჩაბარების თაობაზე (იხ. სსსკ-ის 99-ე-100-ე მუხლები).
19. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. სსსკ-ის 64-ე მუხლის მოხმობით, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.
20. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია და არც კერძო საჩივრის ავტორები დავობენ, რომ 2018 წლის 23 მაისის ჩათვლით სააპელაციო სასამართლოსათვის არც ხარვეზის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი წარუდგენიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი).
21. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, ვინაიდან სადავო არ არის სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის დანიშნულ ვადაში შეუვსებლობის ფაქტი, საკასაციო სასამართლოს, სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის ბოლო წინადადების საფუძველზე, კანონიერად მიაჩნია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გასაჩივრებული განჩინება.
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ თბილისის სააპელაციო სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.ნ–ის, ნ.ხ–ის და თ.ხ–ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე