საქმე №ას-1115-2018 3 სექტემბერი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ბ.ქ. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ''დ.", ა.გ. (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბ.ქ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი შპს „დ.“-სა და ა.გ–ის (შემდეგში: მოპასუხეები) წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული საქმის წარმოება შეჩერდა.
4. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მოხმობით განმარტა, რომ სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
5. მოპასუხეთა მიერ საქმეში წარდგენილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი საქმეზე #2ბ/5747-17 და ცნობა იმის შესახებ, რომ მხარის მიერ შეტანილია საკასაციო საჩივარი.
6. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნულ საქმეზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს განსახილველ საქმეზე, რის გამოც საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს.
7. აპელანტმა 2018 წლის 5 ივლისს კერძო საჩივარი წარადგინა საქართველოს უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება (იხ. მე-3 პუნქტი) და საქმის წარმოების გაგრძელება მოითხოვა.
8. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით შეჩერებულ #2ბ/5836-16 საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა, ხოლო საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლად წარდგენილი #2ბ/5747-17 გადაწყვეტილების ფარგლებში განსახილველი საქმის დავის საგანია პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვა. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ საქმეთა შორის არსებობს იმგვარი კავშირი, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს ერთ-ერთი საქმის შეჩერებას, უნდა შეჩერდეს #2ბ/5747-17 საქმე და არა წინამდებარე #2ბ/5836-16 საქმე.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის ხელახლა განსახილველად შემდეგი მოტივაციით:
10. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
11. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მათ დასაბუთებული საკასაციო შედავება აქვთ წარმოდგენილი.
12. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეჩერების კანონიერების საკითხი.
13. სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
14. მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც, შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში, ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. საქმის წარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია,რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით შეჩერების საფუძვლად გამოყენებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის #2ბ/5747-17 განჩინების დავის საგანია პარტნიორის გარიცხვა საზოგადოებიდან, რომელიც გასაჩივრებულია საკასაციო წესით, ხოლო განსახილველი და უკვე შეჩერებული დავის ფარგლებში მოსარჩელის მოთხოვნას სწორედ იმ კრების ოქმის ბათილობა წარმოადგენს, რომლის საფუძველზეც ის გარიცხეს საზოგადოებიდან. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ საქმეზე, რომელიც შეჩერებულია და წინამდებარე კერძო საჩივრის საგანია, თუკი სასარჩელო მოთხოვნა მხოლოდ კრების ოქმის ბათილად ცნობაა, შესაფასებელი იქნება ამგვარი სასარჩელო მოთხოვნის ნამდვილობის საკითხი საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის საფუძველზე, რომელიც უკავშირდება იმას, რომ თუკი მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრაა შესაძლებელი, მაშინ გამორიცხულია სასარჩელო მოთხოვნის იმგვარად დაყენება, რასაც არ მოჰყვება მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება. ამდენად, წინამდებარე კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შედეგად, სააპელაციო საქმისწარმოების ეტაპზე შესაფასებელი იქნება აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის - შპს „დ.“-ის დირექტორისა და ამავე საწარმოს პარტნიორის ა.გ–ის 2018 წლის 20 მარტის განცხადების საფუძვლებიც იმ კონტექსტში, რომ სააპელაციო სასამართლო იხილავს საქმეს, რომლის დავის საგანია პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა, ხოლო ამგვარი სარჩელის დასაშვებობის შემოწმება სამართლის საკითხია და სასამართლო პრეროგატივას განეკუთვნება. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ - უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა. საკასაციო სასამართლოს დიდმა პალატამ განმარტა: „...გარიგებების ბათილობა ფაქტობრივ წინაპირობად უნდა იქნეს მიჩნეული და არა დამოუკიდებელ მოთხოვნად. შესაბამისად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სწორედ აღსრულებითი სარჩელის განხილვის შედეგი და არა კონკრეტულ გარიგებათა ბათილად ცნობა მიეთითება, რადგან თავისთავად გარიგების ბათილად ცნობა არ იწვევს რაიმე იურიდიულ შედეგს, თუკი წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით აღიარებითი სარჩელი არ იხილება“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების /საქმე # ას-664-635-2016/ დასკვნები 231-233-ე პუნქტებში და დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის /საქმე # ას-121-117-2016/ განჩინების დასკვნები 55-56-ე პუნქტებში; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: #ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; # ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-773-730-2015, 08.09.2015წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-323-308-2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.06.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).
16. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ განსახილველი დავის ფარგლებში სადავოდ ქცეული კრების ოქმის ბათილობა, როგორც სასარჩელო მოთხოვნის დასაშვებობა იურიდიულად შემოწმდება, შესაძლოა აღნიშნულმა საკითხმა გავლენა იქონიოს საქმის წარმოების შეჩერების გადაწყვეტაზე. “საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო ხასიათი მდგომარეობს შემდეგში: სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე შესაძლებელია, პარალელურად მიმდინარეობდეს სხვა საქმის განხილვა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით, რომლის გადაწყვეტამდე შეუძლებელი იყო მოცემული საქმის განხილვა. ნორმატიული დათქმა – საქმის განხილვის შეუძლებლობა სხვა საქმის გადაწყვეტამდე, გამომდინარეობს სასამართლო დავის განხილვის სამართლებრივი ბუნების ლოგიკიდან, კერძოდ, ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების, ანუ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია ისეთ საპროცესო ინსტიტუტთან, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, ასევე, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის – საპროცესო ეკონომიის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა. სხვა სამართალწარმოებით (წარმოებით) საქმის განხილვისას სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა რიგ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას, რამდენადაც ფაქტები, რომლებიც უნდა დადგინდეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით განხილვისას, ვერ იქნება გამორკვეული, შეფასებული და დადგენილი კონკრეტული საქმის წარმოებისას, ამავდროულად, ამ ფაქტების დადგენამდე შეუძლებელი უნდა იყოს საქმის განხილვა (იხ. სუსგ საქმე №ას-212-197-2014 2014 წლის 9 ოქტომბრის განჩინება;). ამდენად, სხვა სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავის განხილვამდე საქმის წარმოების შეჩერება დაკავშირებულია მითითებულ საქმეზე გამოსაკვლევი იდენტური ფაქტობრივი გარემოებების დადგენასა და არა ფაქტების სამართლებრივ შეფასებასთან“ (იხ. სუსგ ას-1062-1002-2015, 2016 წლის 27 აპრილის განჩინება).
17. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ უნდა განიხილოს მოპასუხის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, დეტალურად გამოიკვლიოს, დავის საგნიდან გამომდინარე, თუ რამდენად შეუძლებელია სწორედ განსახილველი საქმის გადაწყვეტის პირობებში სხვა დავის წარმოება და რამდენად მჭიდრო კავშირი არსებობს აღნიშნულ ორ საქმეს შორის.
18. ზემოხსენებული მოტივაციით დაკმაყოფილდა კერძო საჩივრის მოთხოვნა, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის ხელახლა განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ.ქ–ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს საქმის წარმოების შეჩერების საკითხის ხელახლა განსახილველად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე